გადაწყვეტილება №21653/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21653/2/2023
07 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 19.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21653/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №077-25 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30151 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 178 931,92 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 113 580
დღგ - 47 546
საშემოსავლო გადასახადი - 66 034
ჯარიმა - 56 790
საურავი - 8 561,92
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ხე-ტყის და ხის პადონების შეძენა/რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 4.12.2019 წლიდან 1.07.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 4.12.2019 წელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია იმავე დღეს. შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანია დაჯარიმებულია საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, ასევე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადამხდელის წარმოდგენილი არასრულყოფილი (არაერთგზის დააკორექტირა ნაშთები) აღრიცხვის მონაცემებით პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება 433 265 ლარის თვითღირებულების (დღგ-ის გარეშე) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის ბრძანებით საწარმოში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, კომპანიას 20.07.2023 წლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა.
შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილი მასალებით, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით. კომპანიის მარჟა შეუდარდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემებს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ნაშთებს შორის სხვაობა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატით (10%-ით) ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა კუთვნილი დღგ-ით.
შემოწმების შედეგად დადგენილი შემოსავლის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №077-25 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30151 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-9 ნაწილებზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზი. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. ამასთან, არასრულყოფილი აღრიცხვის მონაცემებით, პერიოდის ბოლოსთვის კომპანიას უფიქსირდება 433 265 ლარის თვითღირებულების (დღგ-ის გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, მაშინ როდესაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად 2023 წლის 20 ივლისის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და ნაშთებს შორის სხვაობა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატით (10%-ით) ჩათვალა რეალიზებულად, რის საფუძველზეც მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, ხოლო შემოწმებით დადგენილი შემოსავლის სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
31.03.2023 წლის №6720 ბრძანების საფუძველზე შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 4.12.2019 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. აღნიშნულ ბრძანებაში, შეტანილი ცვლილებით, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 4.12.2019 წლიდან 1.06.2023 წლამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 20.07.2023 წლის ჩათვლით. ანუ კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადსახადო შემოწმების მიზნებისთვის აუდიტორს უნდა ეხელმძღვანელა 1.07.2023 წლამდე გადამხდელთან და აუდიტორთან შეჯერებული ბუღალტრული ჩანაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის მიხედვით. რაც სადავო შემთხვევაში სამწუხაროდ, აუდიტორს არ გაუკეთებია.
კომპანიის საქმიანობას 2021 წლის ნოემბრის თვემდე წარმოადგენდა ხის საძირეების (პადონი) წარმოება, აგრეთვე ახორციელებდა, როგორც მეორადი ხის საძირეების შეძენა-შეკეთებას, ასევე მზა ახალი ხის საძირეების შეძენას და რეალიზაციას. ხის საძირეების წარმოებისთვის კომპანიის მიერ შესყიდული იქნა დაზგა დანადგარები, აგრეთვე მცირე ფასიანი ინვენტარი, დამხმარე მასალები (ლურსმანი და ა.შ), რომლებიც გარდა დაზგა-დანადგარებისა წარმოების პროცესში იქნა გახარჯული და ბუღალტრულად ჩამოწერილი.
კამერალური საგადასახადო შემოწმების დაწყების დღიდან კომპანიის დირექტორს და ბუღალტერს აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ აუდიტორთან. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა საბანკო ამონაწერები, ცნობები და ბუღალტრის მიერ 5 აპრილს და 20 აპრილს გაგზავნილი იქნა შევსებული დანართები და მათ ხელთ არსებული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაცია.
პარალელურად აუდიტორთან კომპანიის დირექტორის თხოვნით კომუნიკაცია ჰქონდა "-------"-ს. კომპანიის ბუღალტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის დამუშავების პროცესში აუდიტორს გაუჩნდა შეკითხვები, რაც ბუნებრივია შემოწმების მიმდინარეობის პროცესში, მაგრამ ვინაიდან კომპანიას ბუღალტრულ პროგრამაში არ ქონდა დამუშავებული მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ვერ გასცემდა ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას, აგრეთვე შემოწმების დასრულების მომენტში, რომ არ ყოფილიყო რაიმე არაგონივრული დარიცხვა აუდიტორთან შეთანხმებით ბუღალტრულ პროგრამა ბალანსში კომპანიის თანამშრომელ "------"-თან ერთად მოხდა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება 2019 წლიდან.
პირველადი დამუშავებული ინფორმაცია ბრუნვითი უწყისი, გატარებების რეესტრის გადაგზავნა მოხდა 5.06.2023 წელს, ხოლო აუდიტორის მოთხოვნით დამატებით 6 ივნისს მოხდა 1110,1460,1610 და 5150 ბარათების გადაგზავნა ასევე გაყიდვების და შესყიდვების ზედნადებების ნომრებით ბარათების და სალაროს უწყისის. 7 ივნისს დამატებით გაეგზავნა 1210,1220,1410,3110 და 7210 ბარათები. ვინაიდან კომპანიის მიერ აუდიტორთან გადაგზავნილი საბუღალტრო ჩანაწერების დეტალური გაშიფვრა სატელეფონო საუბრებით ხდებოდა შეუძლებელი, 25 ივნისს აუდიტის დეპარტამენტში მივიდნენ აუდიტორთან რათა ადგილზე გაერკვია შემოწმების მიმდინარეობა. აუდიტორთან შეთანხმდნენ წლების ჭრილში გადაეგზავნათ ბუღალტრული ჩანაწერები, რომელიც გაუადვილებდა ერთიანობაში მას მუშაობას, რაც 27 და 28 ივნისს გადაგზავნილი იქნა.
გადაგზავნილი მასალები მოიცავდა ინფორმაციას 28.02.2023 წლის ჩათვლით პერიოდს, ანუ აუდიტორთან მიმდინარეობდა მისი მოთხოვნის საფუძველზე აქტიური თანამშრომლობა და ასევე მომჩივნის მხრიდანაც. ვინაიდან როგორც აღნიშნა კომპანიას არ ჰქონდა ბუღალტრულ პროგრამაში დამუშავებული ინფორმაცია პარალელურ რეჟიმში ხდებოდა იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც იყო მომჩივნის მიერ დამუშავებულ პირველად ბუღალტრულ ჩანაწერებში.
როგორც ზემოთ აღინიშნა დაინიშნა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია 20.07.2023 წელს, როგორც ახსნა-განმარტებაში აღნიშნა დამხმარე მასალების და დაზგა დანადგარების ინვენტარიზაცია არ მომხდარა ვინაიდან ბრძანებით არც იყო გათვალისწინებული. სიტყვიერად ეცნობათ საუბარში ინვენტარიზაციის განმახორციელებელ პირებს, რომ ჰქონდა დაზგა-დანადგარები. ბუღალტრული გატარებების დროს პირობითად შეიქმნა დამხმარე მასალების საწყობი, სადაც გაერთიანდა ჯგუფში ყველა ის პროდუქცია რომელიც იქნა შეძენილი წარმოებისთვის და არა სარეალიზაციოდ (იხ.27.06.23 ში გადაგზავნილი ფაილი აუდიტორთან შედარება დამხმარე მასალების) რაც თავისთავში გულისხმობდა და აუდიტორისთვისაც იყო ცნობილი, რომ ამ ფაილში აღრიცხული დაზგა დანადგარები დამხმარე მასალები შეძენილი იყო წარმოებისთვის და აქედან დამხმარე მასალების ბუღალტრული ჩამოწერა უნდა მომხდარიყო, ანუ პირველად აუდიტორთან შედარდა და გაიმიჯნა ის პროდუქცია ჯამურად რომელიც არ განეკუთვნებოდა სარეალიზაციო პროდუქციას.
რაც მოხდა კიდევაც მომჩივნის მხრიდან და 11.09.2023 წელს აუდიტორს წლების მიხედვით გაეგზავნა დამხმარე მასალების ნაშთი რაშიც მოიაზრება და აღრიცხულია დაზგა დანადგარები რომლებიც დღესაც გააჩნია კომპანიას და როგორც აღინიშნა არ მომხდარა მისი ინვენტარიზაცია. რაც შეეხება ბუღალტრული ჩანაწერების შინაარსს ,,დამხმარე მასალები,, აქ აუდიტორს უნდა მიეცა შეფასება 11 სექტემბერს გადმოგზავნილი უწყისების შესაბამისად ნაშთად რიცხული პირობითად ,,დამხმარე მასალები,, განეკუთვნებოდა თუ არა მათი ღირებულებიდან გამომდინარე დამხმარე მასალების კატეგორიას თუ ეს იყო კომპანიის ქონება რომელსაც იყენებდა წარმოების პროცესში და საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად იყო თუ არა დაბეგვრის ობიექტი, რაც სამწუხაროდ არ მოხდა .აუდიტორი დაეყრდნო 28.02.2023 წლის მდგომარეობით არსებულ ბუღალტრულ ნაშთს იმ ვარაუდით, რომ კომპანიას 28 თებერვლის მდგომარეობით არ ექნებოდაო 433 265 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი.
თანაც იმ პირობებში როდესაც ინვენტარიზაცია მოხდა 20.07.2023 წელს და კამერალური საგადსახადო შემოწმების პერიოდი გაიზარდა 1.07.2023 წლამდე. შესაბამისად ჩნდება კითხვა რა შუაშია 28.02.2023 წლის მდგომარეობით არსებული ბუღალტრული ნაშთი თანაც როგორც აღნიშნა პირველადი სამუშაო ვერსია ან როგორ უნდა დაედგინა ინვენტარიზაციას კომპანიას 28.02.2023 წელს რა სახის სასაქონლო მატერიალური ფასეულობა გააჩნდა.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადსახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. ინვენტარიზაციის მომენტში სასაქონლო მატერიალური ფასეულობის (ხის საძირეების) ნაშთი იყო ნული.
სრულიად გაუგებარია და მოულოდნელი იყო იმ ხარისხის თანამშრომლობის საფუძველზე აუდიტორის ქმედება და შედეგი, რაც ასახულია შემოწმების აქტში ვინაიდან ზემოთ აღნიშნული ბუღალტრული ჩანაწერების მიწოდების შემდგომ აგვისტოს თვეში დაუკავშირდა აუდიტორი და აცნობა, რომ რიგ თვეებში დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვები განსხვავდებოდა შემოწმების შედეგებიდან, რაც გამოიწვევდა დაახლოებით 33 000 ათასი ლარის დარიცხვას და ასევე დანაკლისის შედეგად დაახლოებით 80 000 ათასის დარიცხვას.
დღგ-ის დეკლარირებული მონაცემები გაიარა კომპანიის ბუღალტერთან ერთად და აღმოჩნდა, რომ არანაირი სხვაობა არ ფიქსირდებოდა რაშიც დაეთანხმა აუდიტორიც და შესაბამისად არ ასახულა აქტში. რაც შეეხება დანაკლისის საკითხს მომჩივნის მხრიდან არაერთგზის სატელეფონო საუბრებით მოთხოვნილი იქნა დირექტორის თანდასწრებით კომპანიისთვის მოეწოდებინა სასაქონლო მატერილური ფასეულობების ცხრილი თუ რას თვლიდა ან მიიჩნევდა დანაკლისად, უფრო მეტიც 25 სექტემბერს დაუკავშირდი აუდიტორს ვინაიდან არ აწვდიდა ინფორმაციას დანაკლისის შესახებ და მოითხოვა მასთან შეხვედრა და ხელმძღვანელობასთან ერთად გაერკვია დანაკლისის საკითხი. აუდიტორმა განუმარტა, რომ იყო კვარტლის ბოლო და ბევრი სამუშაოების გამო ვერ მოხდებოდა მომჩივნის ვიზიტი და შეხვედრა მომდევნო თვის დასაწყისამდე. ოქტომბრის თვის პირველი კვირის დასაწყისში დაუკავშირდა და განუმარტა, რომ ბიულეტინზე იმყოფებოდა, მეორე კვირის ორშაბათს და სამშაბათს არ უპასუხა ტელეფონზე, ოთხშაბათსაც არ გამოდიოდა კონტაქტზე და მიწერა შეტყობინების სახით, მანამ არ დაუკავშირდა სანამ მის ხელმძღვანელთან არ გავიდა კავშირზე.
მომჩივანი იყო მოლოდინის რეჟიმში, რომ შეხვდებოდა აუდიტორს ხელმძღვანელთან ერთად და გებულობს, რომ უკვე შემოწმება დასრულებული ქონდათ და ატვირთული იყო შემოწმების აქტი. ხოლო მომჩივნისთვის არა სასურველი შედეგი გაესაჩივრებინა დავების განხილვის საბჭოში. ამის შემდგომ უგზავნის ექსელში მის მიერ გაკეთებულ თანხობრივ გაანგარიშებას, საიდანაც შეუძლებელია რაიმე სახის დასკვნის გაკეთება და სათანადოდ კიდევ საჩივრის შედგენა.
სატელეფონო საუბარში დირექტორთან აღნიშნავს, რომ იხელმძღვანელა 28.02.2023 წლის ბუღალტრული ნაშთით და კომპანიას ვერ ექნებოდა იმ ოდენობის ნაშთი, რაც ბუღალტრულ ჩანაწერებშია. თუ აუდიტორს დარიცხვა უნდა განეხორციელებინა მისი ვარაუდის საფუძველზე მაშინ რატომ იყო საჭირო ინვენტარიზაციის ჩატარება და შესამოწმებელი პერიოდის გაზრდა.
აუდიტორთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს დირექტორის თანდასწრებით ჰქონდა შემდეგი სახის პოზიცია დაფიქსირებული, რომ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მომჩივნის მიერ მიწოდებული საბუღალტრო ჩანაწერებისთვის გადაეხედა და თუ რაიმე შეუსაბამობა იქნებოდა ეცნობებინა კომპანიისთვის. აუდიტორის მიერ მომჩივნის მიერ მიწოდებული ბუღალტრული ჩანაწერების დამუშავების შედეგად ბუღალტრულ ჩანაწერებსა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს შორის იყო მცირედი სხვაობა (ბუღალტრულ გატარებებში), რაც შედარების შედეგად გასწორდა და გადაეგზავნა აუდიტორს. მომავალშიც გაზრდილი შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისად უნდა გადაეგზავნა, რაც არ მოუთხოვია ვინაიდან იყო სამუშაო პროცესში. აქტში აუდიტორი აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საწარმო დაჯარიმებულია სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, ასევე არა აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. გადამხდელის წარმოდგენილი არასრულყოფილი აღრიცხვის მონაცემებით პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება 433 365 ლარის თვითღირებულების სმფ-ების ნაშთი.
20.07.2023 წლის მდგომარეობით სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე ნაშთებს შორის სხვაობა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატით (10%) ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა. შემოწმების აქტში მოყვანილ დარიცხვის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კომპანია 3.07.2021 წელს "-------"-ის მუნიციპალიტეტიდან ხაშურის მიმართულებით ავთანდილ ნადირაშვილის მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებით ახდენდა 300 ცალი ხის საძირის (ს.ზ „------“) და 1 550 ცალი ხის საძირის ასაწყობი პროდუქციის ტრანსპორტირებას. (ს.ზ „------“), რადგანაც არ იყო აწყობილი მიჩნეული იქნა შავად ნამზად დეტალად და ამ გარემოების გათვალისწინებით დაჯარიმდა.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი, რადგანაც კომპანიის მიერ წარდგენილი იყო ბუღალტრულად დამუშავებული პირველადი ინფორმაცია. თუ აუდიტორი ამ ტიპის ინფორმაციას არ მიიჩნევს ბუღალტერიის წარმოებად მაშინ დაბეგვრის დროს რატომ გამოიყენა კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. შესამოწმებელ პერიოდში არ ყოფილა გამოვლენილი ერთზე მეტი საგადასახადო სამართალდარღვევა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის შემოწმების შედეგად სხვაობა არ გამოვლენილა. კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე ყველა შეძენა და რეალიზაცია არის დოკუმენტურად დადასტურებული 10%-ინი ფასნამატის გამოყენება არ არის მართებული.
ყველა შესყიდვა განხორციელებულია "-------"-ის მუნიციპალიტეტში და ტრანსპორტირება განხორციელებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, რა დროსაც "-----"-ის მუნიციპალიტეტში ე.წ "-------"-ს უბანზე განთავსებულ ბლოკ პოსტზე ყველა ტრანსპორტირებული ტვირთი როგორც ვიზუალურად ასევე დოკუმენტალურად გადამოწმებულია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის, შემოსავლების სამსახურის და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
ზამოთ აღნიშნულიდან გამომდინარე აუდიტორს სრულად და ჯეროვნად არ შეუსწავლია/გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელობის ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ვარაუდის საფუძველზე.
მომჩივანი ასევე მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე და ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს საჩივარში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს დარიცხული თანხების გადაანგარიშება/შემცირება.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგნებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30151 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საჩივარში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს დარიცხული თანხების გადაანგარიშება/შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანია დაჯარიმებულია საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, ასევე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნაშთებს შორის სხვაობა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატით ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა კუთვნილი დღგ-ით. შემოწმების შედეგად დადგენილი შემოსავლის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
302(6).