ბრძანება N 4792

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 18.03.2025
№ დოკუმენტი 4792
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4792

18 მარტი 2025

ბრძანება

შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“)

(მის.: „--------“)

2025 წლის 10 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „--------“) 2025 წლის 10 თებერვლის №24730/2/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №065-29 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 ივნისის №15194 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 ივნისის №15194 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 24 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 94 630 ლარით, მათ შორის,გადასახადი 63 086 ლარით, ჯარიმა 31 544 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 27 დეკემბრის №065-29 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებები და გაანგარიშებები, რომელიც შემოწმების ეტაპზე არ იყო წარმოდგენილი. აღნიშნული ხელშეკრულებების შესწავლით დადგინდა, რომ შპს ,,--------“-ს უფრო მეტი არმატურა და ცემენტი აქვს გახარჯული ვიდრე შემოწმებით იყო დადგენილი, შესაბამისად, მოხდა აღნიშნული მასალის ხარჯში გათვალისწინება, რითაც დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, კერძოდ:

 არ ეთანხმება შეძენილი არმატურის რეალიზებულად განხილვას და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მტკიცებით, სახელმწიფო შესყიდვის "---------" ხელშეკრულებით №38, რომელიც არის გარდამავალი კონტრაქტი, ძირითადი სამუშაოები შესრულდა 2021 წელს და ნაწილი სამუშაოები გადავიდა 2022 წელს. გამომდინარე იქიდან, რომ კონტრაქტი იყო გარდამავალი, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაიყო გამოსაყენებელი არმატურის რაოდენობა და 4,5 ტონა ჩაითვალა რეალიზებულად, თუმცა დოკუმენტურად მტკიცდება, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული არმატურა სრულად გაიხარჯა 2021 წელს. გადამხდელი დამატებით წარმოადგენს მიღება-ჩაბარების აქტებს და განმარტავს, რომ აღნიშნული სრულად აბალანსებს ხელშეკრულების პირობებს არმატურის შემთხვევაში, ხოლო 2022 წელს არმატურასთან დაკავშირებული სამუშაოები შესრულებული არ არის. ამასთან, ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით 1 ტონა არმატურის ფასი საშუალოდ შეადგენს 1750 ლარს, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებისგან (11 932 ლარი).

 არ ეთანხმება შეძენილი ცემენტის რეალიზებულად განხილვას და აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში ბეტონის ქარხნიდან ვერ ხდებოდა კონტრაქტის მოთხოვნის შესაბამისი მარკის ბეტონის მოწოდება. იმისთვის, რომ ბეტონს გაევლო ხარისხობრივი ექსპერტიზის მინიმალური მოთხოვნები, საჭირო გახდა მარკის ასამაღლებლად მომხდარიყო ცემენტის ხელოვნურად დამატება ბეტონის მზიდ მანქანაში, რაშიც გამოიყენებოდა ბეტონის ადგილზე ხელით მოზელვის ფორმულა (420 კგ ცემენტი ერთი კუბი 350 მარკიანი ბეტონის მისაღებად) დანაკლისის შესაბამისად, ამასთან, შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად წარდგენილია ექსპერტის დასკვნა, რომელიც ასევე ადასტურებს შესრულებული სამუშაოების როგორც მოცულობას, ასევე ხარისხს და რაც დროულად არის ატვირთული შესყიდვების სააგენტოს საიტზე.

აღნიშნავს, რომ 2022 წლის განმავლობაში ფორმა №2-ის მიხედვით, ჯეროვნად შესასრულებელი სამუშაოებისათვის მოთხოვნილი იყო 362,73 კუბი ბეტონი, ხოლო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით შეძენილია 202,8 კუბი, სხვაობამ შეადგინა 159,2 კუბი, შესაბამისად 159,2 კუბი ბეტონი მოიზილა ადგილზე (აღნიშნული ადგილები არის ვიწრო ჩიხები, სადაც ბეტონის მზიდი მანქანები ვერ ახერხებს შესვლას, შესაბამისად, ბეტონის ქარხნიდან შეძენა არ არის რენტაბელური და წარმოება ხდება ადგილზე, სადაც გამოყენებულ იქნა ცემენტი ზემოაღნიშნული ფორმულით), შესაბამისად, სამუშაოების შესასრულებლად 350 მარკიან ბეტონზე ცემენტის ხარჯმა შეადგინა 420*159,2/(1000)=66,86 ტონა ღირებულებით 17 160 ლარი. სამუშაოების ჯეროვნად შესრულება დასტურდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით და ექსპერტის დასკვნებით, რომლებიც კანონის შესაბამისად დროულად არის ატვირთული შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე.

 გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ 2022 წლის ბოლოს ფინანსურ ანგარიშგებაში გამორჩენილია ცემენტის ნაშთი, რომელზეც აუდიტის დეპარტამენტისთვის ვერ იქნა მიწოდებული ინფორმაცია რეალურად არსებული ნაშთის რაოდენობის შესახებ, შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა საგადასახადო ტვირთის დაკისრება იმ პროდუქტზე, რომელიც განთავსებული იყო საწყობში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის ბრძანებები. ამდენად, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (ინფორმაცია ცემენტთან, არმატურასთან და სმფ-ების ნაშთებთან დაკავშირებით, მათ შორის, 350 მარკიანი ბეტონის მისაღებად საჭირო ცემენტის რაოდენობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა), თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------" -ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (ინფორმაცია ცემენტთან, არმატურასთან და სმფების ნაშთებთან დაკავშირებით, მათ შორის, 350 მარკიანი ბეტონის მისაღებად საჭირო ცემენტის რაოდენობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებები და გაანგარიშებები, რომელიც შემოწმების ეტაპზე არ იყო წარმოდგენილი. აღნიშნული ხელშეკრულებების შესწავლით დადგინდა, რომ მომჩივანს უფრო მეტი არმატურა და ცემენტი აქვს გახარჯული ვიდრე შემოწმებით იყო დადგენილი, შესაბამისად, მოხდა აღნიშნული მასალის ხარჯში გათვალისწინება, რითაც დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის ბრძანებები. ამდენად, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები,თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154,160,161.