ბრძანება N 2920
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2920
17.02.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის: ----------;
იურ. მის.: ----------)
2023 წლის 16 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №5983/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №EL194456 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2022 წლის 13 დეკემბერს დარეგისტრირდა აღრიცხვის მოწმობა №----------, შესაბამისად იდენტიფიკაციის საშუალებად მითითებულ იქნა საბაჟო ლუქი №----------. პროცედურის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ლუქი იყო დაზიანებული, თუმცა კონტეინერზე არსებული მეორე ლუქი არ იყო დაფიქსირებული სპეციალურ ელექტრო კონტროლის საშუალებაში. ამასთან, მანიფესტში მითითებული ლუქი იყო არასაიმედო და მარტივად დაზიანებადი. საბაჟო კონტროლის დატოვებამდე გაურკვეველ ვითარებაში მოხდა ლუქის დაზიანება, რაც ეცნობა საბაჟო დეპარტამენტს. დანაკლისის ვერ აღმოჩენის გამო, კონტეინერი გადაილუქა და 14 დეკემბერს გავიდა ტერმინალიდან.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმისგან გათავისულებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 8 დეკემბერს, შპს „----------“ (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით (ფორმა 111 – №----------) მიღებულ იქნა №---------- კონტეინერი. აღნიშნული „ფორმა 111“-ის შესაბამის გრაფაში, შპს „----------“ მიერ იდენტიფიკაციის საშუალებად მითითებულ იქნა საბაჟო ლუქი №----------.
2022 წლის 13 დეკემბერს, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მომართვის საფუძველზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ ზემოაღნიშნულ კონტეინერზე და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №---------- აღრიცხვის მოწმობა, რომლის „D“ გრაფაში იდენტიფიკაციის საშუალების ნომერი გადატანილ იქნა „ფორმა 111“-დან.
მითითებული საბაჟო ფორმალობების დასრულების შემდეგ, საბაჟო საწყობის წარმომადგენლის მიერ საბაჟო ორგანოსთვის მოწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ №---------- კონტეინერზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალება (№----------) იყო დაზიანებული და გადაილუქა ახალი იდენტიფიკაციის საშუალებით – №----------, თუმცა გადალუქვის შესახებ ინფორმაცია საბაჟო საწყობის მიერ არ იყო შეტანილი სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში (ფორმა 111 – №----------).
2022 წლის 14 დეკემბერს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის შემოწმების მიზნით დათვალიერდა №---------- კონტეინერი, რის შედეგად კონტეინერში განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას (დათვალიერების აქტი: ნ.გ ----------; გადალუქვის აქტი: ნ.გ ----------).
ვინაიდან შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ სპეციალურ ელექტრონული კონტროლის საშუალებაში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია ახალი საბაჟო ლუქის შესახებ, აღნიშნული მონაცემი კი აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, ამასთან საბაჟო საწყობმა არ შეასრულა ზემოაღნიშნული ვალდებულება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში (ფორმა 111) მითითებულ მონაცემთან შეუსაბამობის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 15 დეკემბერს შედგენილ იქნა №---------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე20 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში შეიტანება ინფორმაცია: კონტეინერის ტიპისა და ნომრის, გადამზიდი გემის, სატრანსპორტო დოკუმენტის ნომრ(ებ)ის, საქონლის დასახელების, რაოდენობის, გამგზავნისა და მიმღების შესახებ, გადამზიდავის, საბაჟო საწყობის/ნავსადგურის, საქონლის გაშვების/გამოცხადების თაობაზე და სხვა მონაცემები, რაც აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქცია შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრავს საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებს, ნებართვების ფორმებსა და სანებართვო პირობებს.
მითითებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“ და „უ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას და იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილია/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ სპეციალურ ელექტრონული კონტროლის საშუალებაში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია (მონაცემი) ახალი საბაჟო ლუქის შესახებ, რაც აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის. ამასთან, საბაჟო საწყობმა არ შეასრულა ზემოაღნიშნული ვალდებულება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში (ფორმა 111) მითითებულ მონაცემთან შეუსაბამობის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს. აღნიშნულით დარღვეულია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობა, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.