გადაწყვეტილება №24947/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24947/2/2025
10 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.04.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 24.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24947/2/2025).
დავის საგანი:
იურიდიული პირების და მცირე მეწარმეების მიერ კომპანიისთვის გაწეულ მომსახურებაზე ნაღდი ანგარიშსწორებით ანაზღაურებული თანხის ხარჯში გაუთვალისწინებლობა და შედეგად საწარმოს მიერ მიღებულ და გაცემულ თანხებს შორის სხვაობის ჩათვლა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2024 წლის №24223 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2024 წლის №127-27 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 5.03.2025 წლის №3818 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 753 990.05 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 429 751
დღგ - 163 351
საშემოსავლო გადასახადი - 266 400
ჯარიმა - 224 357
საურავი - 99 882.05
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულება.
აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2024 წლის №2580 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 13.11.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების ჯამი შეადგენს 107 900 ლარს, ხოლო ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხა 20 725 ლარს. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწილობრივ იქნა წარდგენილი, კერძოდ, წარდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის საფუძველზე, საწარმოში ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი შეადგენს 3 551 435 ლარს, ხოლო ამავე პერიოდში საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები 2 485 833 ლარს. კომპანიაში ჩატარებული ფულის ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შედეგად, სხვაობა საწარმოს მიერ მიღებულ და გაცემულ თანხებს შორის ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 15.11.2024 წელს გამოიცა №24223 ბრძანება და ამავე თარიღის №127-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 10.12.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.12.2024 წლის №27484 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 13.02.2025 წლის №24586/2/2025 (რეგ. 20.02.2025წ. 03/11903) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 27.12.2024 წლის №27484 ბრძანება, საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 5.03.2025 წლის №3818 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი შეადგენს 3 551 435 ლარს, ხოლო ამავე პერიოდში საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები 2 485 833 ლარს. კომპანიაში ჩატარებული ფულის ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შედეგად, სხვაობა საწარმოს მიერ მიღებულ და გაცემულ თანხებს შორის ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საჩივრის დანართად წარდგენილ დოკუმენტაციასთან (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარებები და სხვა.) დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ირკვევა, რომ წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული ფიზიკური პირები წარმოადგენენ მცირე მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებს, ხოლო მათი შემოსავლების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გარკვეულ შემთხვევაში აღნიშნული პირები საერთოდ არ ადეკლარირებენ შემოსავლებს, რიგ შემთხვევებში დადეკლარირებულია მათ მიერ გამოწერილ ელ. დოკუმენტებში (აღნიშნული პირი არ არის შპს „------“) მითითებული შემოსავლები, ხოლო რიგ შემთხვევაში დეკლარირებულია მხოლოდ არაარსებითი შემოსავლის ნაწილი, რომლის წარმომავლობის შესწავლა ვერ ხერხდება. ყველა ხსენებული პირი აღნიშნულ მომსახურებას უწევს ერთიდაიმავე იურიდიულ პირს (აღნიშნული პირი არ არის შპს „------“). გარდა აღნიშნულისა დავების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ ხარჯების ნაწილი, ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდილი უნდა ყოფილიყო იურიდიული პირებისათვის. ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული იურიდიული პირები საქმიანობას აღარ ახორციელებენ 2020 წლის შემდეგ, ყავთ არარეზიდენტი დირექტორ/დამფუძნებლები, რომელთაგან ერთ-ერთი ამ ეტაპისათვის არ იმყოფება საქართველოში, არ არის დეკლარირებული აღნიშნული შემოსავლები, ასევე არ ფიქსირდება რაიმე სახის დანახარჯის გაწევის ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა მომსახურების გაწევის ფაქტის ნამდვილობას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის მტკიცებით, შემოსავლების სამსახური და აუდიტის დეპარტამენტი არასწორად მიიჩნევენ, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში არ არის ასახული სამეურნეო ოპერაციები, რომლებითაც გაწეული ხარჯები დასტურდება. თუმცა უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესრულებული აქვს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, რაც შესაბამისი ხარჯების გაწევის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, შემოწმებას (შემოწმებამ) ნებისმიერ შემთხვევაში - ან წარდგენილი დოკუმენტებით ან არაპირდაპირი მეთოდით - უნდა მოეხდინა (მოახდინოს) ხარჯების გათვალისწინება. აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, რომ კონტრაგენტ მცირე მეწარმეებს და იურიდიულ პირებს დეკლარირებული არ აქვთ შემოსავლები, არ ქარწყლდება მათ მიერ გადასახადის გადამხდელისათვის მომსახურების გაწევის ფაქტები. მოცემული ხარჯის რეალურად არსებობა საბჭოს სხდომაზე შემმოწმებელ აუდიტორს არ უარყვია. მან მიუთითა, რომ 3 551 435 - 2 485 833 = 1 065 602 ლარი არის ხარჯთაღრიცხვებში მითითებული ხელფასის ფონდისა და მოგების მარჟის თანხები. თუმცა არასწორია აუდიტორის მტკიცება, რომ ხელფასის ფონდი არ შეიძლებოდა ათვისებულიყო კონტრაგენტებისათვის სამუშაოების დაკვეთით. მოგებას რაც შეეხება, მოგების მარჟა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში განსაზღვრულია არაუმეტეს 8%-ით (იხ. თანდართული ტექნიკური რეგლამენტი). შესაბამისად, მოგების ნაწილში სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაცია უნდა ყოფილიყო დივიდენდის გაცემა.
საგადასახადო ორგანოს არ გააჩნია კანონიერი (ნამდვილი) ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის უფლებამოსილება. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი „შესაძლებლად მიიჩნევს ოპერაციის კორექტირებას, თუ მისი გამოხატვის ფორმა და მხარეთა რეალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, არამედ ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის, თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს. რაიმე ურთიერთობის ფარგლებში ოპერაციის ფორმიდან გამომდინარე შინაარსს ადგენს არა საგადასახადო ორგანო ან საგადასახადო კოდექსი, არამედ ამ ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. როდესაც ოპერაციის საფუძველი კერძო სამართლებრივი ხელშეკრულებაა, მისი რეგულაცია ხორციელდება სამოქალაქო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით. ამ ნორმატიული აქტების გამოყენებით უნდა მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი კონსტრუქციის ფორმის ნორმატიულად დადგენილი შინაარსისა და მხარეთა ფაქტობრივი ნების შეპირისპირება. სწორედ ეს ნორმატიული აქტები უნდა იქნეს გამოყენებული საგადასახადო ორგანოს მიერ იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა გარიგების ფორმა მხარეთა ნებას. თუ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში, მხოლოდ მაშინ უნდა იქნეს გამოყენებული შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპი“ (იხ. 14.03.2017 წ. სუსგ №ბს-702-695(2კ-16)).
საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ „განსაზღვრული შედე-გის დადგომისთვის პირს კერძო ავტონომიის ფარგლებში თავისი ნების რეალიზებისთვის შეუძლია გამოიყენოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი ფორმა. არჩევანისას ის ითვალისწინებს თავისი ქონების დაცვის ხარისხს, კონტრაჰენტისა და სამართლებრივი კონსტრუქციის ფაქტორს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საგადასახადო ოპტიმიზაციის კანონიერი საშუალებების გამოყენება სავსებით ბუნებრივია, ამის საწინააღმდეგო იქნებოდა გადასახადების მაქსიმალური ოდენობით გადახდის, საუარესო საგადასახადო შედეგებისადმი გადამხდელის მისწრაფება. დაუშვებელია პასუხისმგებლობის დაწესება გადამხდელის ისეთი მოქმედებისათვის, რომლებიც იდება გადამხდელის კანონიერი უფლებების, მიკუთვნებული კანონიერი შეღავათების ფარგლებში, რომელიც კანონიერ საფუძველზე იძლევა გადასახადისაგან გათავისუფლების პირობას. ამდენად, მოცემული სამართლებრივი თავისუფლების ფარგლებში მიზნის მიღწევის ერთ-ერთი კანონიერი გზის არჩევა არ უნდა იწვევდეს მის ავტომატურ მოდიფიცირებას დაბეგვრას დაქვემდებარებული ხელშეკრულების სახეობად, მითუმეტეს კანონსაწინააღმდეგო მიზნისა და ფორმის არარსებობის შემთხვევაში“ (იხ. 18.07.2018 წ. სუსგ №ბს-854-846 (კ-16; 25.11.2021 წ. სუსგ №1275 (კ-18)).
განსახილველ შემთხვევაში, შემმოწმებელმა იმ მოტივით, რომ კონტრაგენტებს (იურიდიულ პირებს და ინდ. მეწარმეებს) სამუშაოები არ შეუსრულებიათ, სახელფასო ფონდისა და მოგების თანხის გაცემა დააკვალიფიცირა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. თუმცა აშკარაა, რომ დირექტორს უშუალოდ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები არ შეუსრულებია. ამის გარდა, შემოწმებისათვის არც კომპანიის თანამშრომლებია ცნობილი, რომლებიც დაკავებული იყვნენ ამ სამუშაოებზე. აღნიშნულით კი გამოირიცხება წარდგენილი ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ხელაღებით უარყოფის შესაძლებლობა.
ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში მითითებული არგუმენტაციისა და დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით დაევალოს საანგარიშო პერიოდების გადასახადებისა და სანქციების გაუქმება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
მომჩივნის მტკიცებით, შემოსავლების სამსახური და აუდიტის დეპარტამენტი არასწორად მიიჩნევენ, რომ მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში არ არის ასახული სამეურნეო ოპერაციები, რომლებითაც გაწეული ხარჯები დასტურდება. თუმცა უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესრულებული აქვს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, რაც შესაბამისი ხარჯების გაწევის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, შემოწმებას (შემოწმებამ) ნებისმიერ შემთხვევაში - ან წარდგენილი დოკუმენტებით ან არაპირდაპირი მეთოდით - უნდა მოეხდინა (მოახდინოს) ხარჯების გათვალისწინება. აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, რომ კონტრაგენტ მცირე მეწარმეებს და იურიდიულ პირებს დეკლარირებული არ აქვთ შემოსავლები, არ ქარწყლდება მათ მიერ გადასახადის გადამხდელისათვის მომსახურების გაწევის ფაქტები. მოცემული ხარჯის რეალურად არსებობა საბჭოს სხდომაზე შემმოწმებელ აუდიტორს არ უარყვია. მან მიუთითა, რომ 3 551 435 - 2 485 833 = 1 065 602 ლარი არის ხარჯთაღრიცხვებში მითითებული ხელფასის ფონდისა და მოგების მარჟის თანხები. თუმცა არასწორია აუდიტორის მტკიცება, რომ ხელფასის ფონდი არ შეიძლებოდა ათვისებულიყო კონტრაგენტებისათვის სამუშაოების დაკვეთით. მოგებას რაც შეეხება, მოგების მარჟა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში განსაზღვრულია არაუმეტეს 8%-ით. შესაბამისად, მოგების ნაწილში სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაცია უნდა ყოფილიყო დივიდენდის გაცემა.
საჩივარს ახლავს ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, სალაროს გასავლის ორდერები და დავის განმხილველი ორგანოს ბრძანებები და გადაწყვეტილებები, მომჩივნის განმარტებით, ანალოგიურ საკითხზე.
მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ანალოგიური არგუმენტები და საჩივრისთვის დართული დოკუმენტები, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეაფასა შემოსავლების სამსახურმა დაბრუნებული საჩივრების ხელახლა განხილვისას, რომელიც მიუთითებს რომ:
დოკუმენტებში მითითებული ფიზიკური პირები წარმოადგენენ მცირე მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებს, ხოლო მათი შემოსავლების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გარკვეულ შემთხვევაში აღნიშნული პირები საერთოდ არ ადეკლარირებენ შემოსავლებს, რიგ შემთხვევებში დადეკლარირებულია მათ მიერ გამოწერილ ელ. დოკუმენტებში (აღნიშნული პირი არ არის შპს „------“) მითითებული შემოსავლები, ხოლო რიგ შემთხვევაში დეკლარირებულია მხოლოდ არაარსებითი შემოსავლის ნაწილი, რომლის წარმომავლობის შესწავლა ვერ ხერხდება. ყველა ხსენებული პირი აღნიშნულ მომსახურებას უწევს ერთიდაიმავე იურიდიულ პირს (აღნიშნული პირი არ არის შპს „-----“). გარდა აღნიშნულისა დავების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ ხარჯების ნაწილი, ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდილი უნდა ყოფილიყო იურიდიული პირებისათვის. ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული იურიდიული პირები საქმიანობას აღარ ახორციელებენ 2020 წლის შემდეგ, ჰყავთ არარეზიდენტი დირექტორ/დამფუძნებლები, რომელთაგან ერთ-ერთი ამ ეტაპისათვის არ იმყოფება საქართველოში, არ არის დეკლარირებული აღნიშნული შემოსავლები, ასევე არ ფიქსირდება რაიმე სახის დანახარჯის გაწევის ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა მომსახურების გაწევის ფაქტის ნამდვილობას.
ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
მომჩივნის არგუმენტზე, საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ხელფასის გაცემა არ ჰქონდა დეკლარირებული. შემოწმების შედეგად განსაზღვრულ შემოსავალში გათვალისწინებულია ყველა ხარჯი, რაც დოკუმენტურად დასტურდებოდა. რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილ არგუმენტაცია/დოკუმენტაციას, აღნიშნული არგუმენტაცია შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი იყო ზეპირსიტყვიერად, ხოლო საჩივართან ერთად წარმოდგენილია დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარებები და სხვა. აღნიშნული დოკუმენტების შესწავლით გამოვლინდა, რომ მითითებული ყველა ფიზიკური პირი მუშაობდა ერთიდაიგივე საწარმოში და მათ მიერ დეკლარირებული თანხები ემთხვევა ამ კომპანიის მიმართ გამოწერილ ელ. დოკუმენტებში მითითებულ თანხებს. აღნიშნული ფიზიკური პირებიდან ყველა არ იყო მცირე მეწარმე, მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებულია 2021 წელს და უმეტესობას მცირე მეწარმის სტატუსი მინიჭებული აქვს 2022 წლიდან. ასევე, წარმოდგენილ ხელშეკრულებებში არის უზუსტობები, კერძოდ ფიზიკური პირის პირადი ნომრები, კომპანიის დასახელებები, მაგალითად, გარდა ფიზიკური პირებისა, მითითებულია ორი კომპანია: შპს ----ი (ს/ნ ------) და შპს ---- (ს/ნ ------), რომლის სახელიც შეცდომით წერია, ვინაიდან, აღნიშნული საიდენტიფიკაციო კოდი არის შპს ----რის. ორივე კომპანიას ჰყავს არარეზიდენტი დირექტორ/დამფუძნებლები, რომელთაგან ერთ-ერთი ამ ეტაპისათვის არ იმყოფება საქართველოში და არ არის დეკლარირებული აღნიშნული შემოსავლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ იძლევა შესაძლებლობას დადასტურდეს, რომ ნამდვილად ამ მცირე მეწარმეებმა ან იურიდიულმა პირებმა გაუწიეს მომსახურება კომპანიას.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
იურიდიული პირების და მცირე მეწარმეების მიერ კომპანიისთვის გაწეულ მომსახურებაზე ნაღდი ანგარიშსწორებით ანაზღაურებული თანხის ხარჯში გაუთვალისწინებლობა და შედეგად საწარმოს მიერ მიღებულ და გაცემულ თანხებს შორის სხვაობის ჩათვლა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №2580 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ,შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების ჯამი შეადგენს 107 900 ლარს, ხოლო ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხა 20 725 ლარს. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწილობრივ იქნა წარდგენილი, კერძოდ, წარდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის საფუძველზე, საწარმოში ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი შეადგენს 3 551 435 ლარს, ხოლო ამავე პერიოდში საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები 2 485 833 ლარს. კომპანიაში ჩატარებული ფულის ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შედეგად, სხვაობა საწარმოს მიერ მიღებულ და გაცემულ თანხებს შორის ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №24223 ბრძანება და №127-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №27484 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.საბჭოს №24586/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №27484 ბრძანება, საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის №3818 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“);