გადაწყვეტილება №24747/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24747/2/2025
11 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --------- 13.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24747/2/2025).
დავის საგანი:
1. სამივლინებო თანხების ხარჯებში გაუთვალისწინებლობა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №007-322 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.02.2025 წლის №1772 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 106 633.11 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 67 921
დღგ - 34 992
საშემოსავლო გადასახადი - 32 929
ჯარიმა - 30 817
საურავი - 7 895.11
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 2.04.2024 წლამდე პერიოდის, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №27601 ბრძანება და №007-322 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.02.2025 წლის №1772 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სამივლინებო თანხების ხარჯებში გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან (15-ჯერ) იმპორტირებული აქვს საბავშვო ტანსაცმელი, რომლის რეალიზაციას ახორციელებს ლილოს ბაზრობაზე, ძირითადად საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის გარეშე. 1.01.2021 წლიდან სულ გამოწერილია 12 ცალი სასაქონლო ზედნადები 9 ფიზიკურ პირზე, რომლითაც მიწოდებულია ჯამურად 22 400 ლარის, 1 910 ცალი საბავშვო ტანსაცმელი. გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები, შესაბამისად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტი დადგენა. გადასახადის გადამხდელის მიერ, სწორად და დროულად არ არის აღრიცხული შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, არ არის აღრიცხული ყველა ოპერაცია, რის გამოც შეუძლებელია კონტროლის განხორციელება მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, შესაბამისად, დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და დადგენილი იქნა, 2024 წლის 22 მაისის მდგომარეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი საბაზრო ღირებულებით 233 545 ლარის ოდენობით, რომლის თვითღირებულება განისაზღვრა აუდირებული ფასნამატის (30%-ის) მიხედვით, რადგან შეძენილ და რეალიზებულ საქონელს შორის დაკავშირება ვერ ხდებოდა. აღნიშნული 30%-იანი ფასნამატი გავრცელდა შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის (30%-ის) შესაბამისად, კორექტირებას დაექვემდებარა 2023 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლების საფუძველზე, დაექვემდებარა დღგ-ით, ხოლო საგადასახადო კოდექსის მე-100, 102-ე, 105-ე, 145-ე და 153-ე მუხლების საფუძველზე, დეკლარირებულ და შემოწმებით განსაზღვრულ ერთობლივ შემოსავალს შორის სხვაობა, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე. 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ მომჩივნის პოზიცია გამოსაქვით ხარჯებთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების მასალებში გადასახადების გამოანგარიშებისას, არ არის გათვალისწინებული მისი, როგორც ფიზიკური პირის სამივლინებო ანაზღაურება, რომლის გარეშეც ვერ მოახდენდა -------- საქონლის შესყიდვას, აღნიშნული ექვემდებარება ხარჯებში გამოქვითვას, რაც არ განხორციელებულა აუდიტორის მხრიდან. პასპორტის მონაცემებს ქვეყნების კვეთის შესახებ წარუდგენს აუდიტის დეპარტამენტს.
არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნორმების საფუძველზე, ითხოვს შემოსავლების სამსახურს დაევალოს ხსენებული გარემოების გათვალისწინება, შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის შემცირება.
აღნიშნავს, რომ დავა ჩატარდა მისი თანდასწრების გარეშე და ითხოვს სადაო საკითხთან დაკავშირებით მათი თანდასწრებით დავის განხილვას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად: ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს საბავშვო ტანსაცმელი, რომლის რეალიზაციას ახორციელებს ძირითადად საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის გარეშე. არ ახორციელებს ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას. ვინაიდან, შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი 30%-ის ოდენობით. შემოწმებით, დეკლარირებულ და დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის, ასევე ერთობლივ შემოსავალს შორის სხვაობა, დაექვემდებარა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
მომჩივანი სადავო არ ხდის შემოწმებით დღგ-ის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას, მაგრამ აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გადასახადების გამოანგარიშებისას, არ არის გათვალისწინებული მისი, როგორც ფიზიკური პირის სამივლინებო ანაზღაურება, რომლის გარეშე ვერ მოახდენდა -------- საქონლის შესყიდვას, აღნიშნული ექვემდებარება ხარჯებში გამოქვითვას, რაც არ განხორციელებულა აუდიტორის მხრიდან. ითხოვს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა მომჩივნის მონაწილეობით, რომელმაც აღნიშნა რომ ითხოვს დარიცხული გადასახადის და დაკისრებული ჯარიმა-საურავების მოხსნას, მაგრამ არ წარმოუდგენია ისეთი არგუმენტი ან/და დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა ჯარიმა 30 817 ლარი და განესაზღვრა საურავი 7 895.11 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა აღნიშნა, რომ ითხოვს დაკისრებული ჯარიმა-საურავების მოხსნას.
საბჭო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.
მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სამივლინებო თანხების ხარჯებში გაუთვალისწინებლობა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირს, 15-ჯერ იმპორტირებული აქვს საბავშვო ტანსაცმელი, რომლის რეალიზაციას ახორციელებს ბაზრობაზე ძირითადად საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის გარეშე. გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები, შესაბამისად შეუძლებელია დადგინდეს დაბეგვრის ობიექტები.მეწარმის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმებით განსაზღვრულ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის 30%-ის შესაბამისად კორექტირებას დაექვემდებარა 2023 წლის საბოლოო სმფ-ის ნაშთები. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, ხოლო დეკლარირებულ და შემოწმებით განსაზღვრულ ერთობლივ შემოსავალს შორის სხვაობა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე პირს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა მომჩივნის მონაწილეობით, რომელმაც აღნიშნა რომ ითხოვს დარიცხული გადასახადის და დაკისრებული ჯარიმა-საურავების მოხსნას, მაგრამ არ წარმოუდგენია ისეთი არგუმენტი ან/და დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 269(7);