გადაწყვეტილება №20294/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20294/2/2023
26 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 და 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 18.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20294/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2023 წლის №067-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14581 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 58 484 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 38 066
დღგ - 37 842
საშემოსავლო გადასახადი - 224
ჯარიმა - 18 881
საურავი - 1 537
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, ძირითადად საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი: .
გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენა/რეალიზაციას ახდენს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელს შემოწმების პროცესში ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით 2020 წელს დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 0 ლარი, 2021 წელს 23 726 ლარი, ხოლო 2022 წელს 35 906 ლარი. გადამხდელის მიერ 2021 წელს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 10%-ს. შესამოწმებელ პერიოდში, მეწარმე დაჯარიმებულია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლზე მითითებით და გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, პერიოდების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი მიჩნეულ იქნა არასაიმედოდ და გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. რადგან მეწარმის დოკუმენტური რეალიზაცია არაარსებითია, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშდა საცალოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება პერიოდების მიხედვით, აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელდა იგივე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის საცალო რეალიზაციის ფასნამატი შესაბამისი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით (საშუალოდ 16,6%). აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა ერთობლივი შემოსავალი, რომლის შესაბამისად მეწარმის 2021 წლის შემოსავალი გაიზარდა 24 857 ლარით, ხოლო 2022 წელს 185 483 ლარით. შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა. საგადასახადო კოდექსის 100-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების და საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით დაკორექტირდა (გაიზარდა) მომჩივნის მიერ დეკლარირებული ბრუნვები, როგორც წლიურ საშემოსავლო, ასევე დღგ-ის ნაწილში. შედეგად მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2023 წლის №8294 ბრძანება და ამავე თარიღის №067-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 19.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.06.2023 წლის №14581 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღწერს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, რის გამოც ვერ ახერხებს თანამშრომლობას საგადასახადო ორგანოსთან და გარკვევას დარიცხვის საფუძვლებში. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით შეუმცირდეს დარიცხული თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭო, სადავო შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14581 ბრძანების გასაჩივრების ვადაზე მიუთითებს, რომ ვინაიდან აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 26.06.2023 წელს, მისი გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 17.07.2023 წელი, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია ელექტრონულად 18.07.2023 წელს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭო ითვალისწინებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტს/მტკიცებულებას (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 31.07.2023 წლის №2153 ცნობა) და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14581 ბრძანების გასაჩივრების ვადა უნდა აღდგეს და საჩივარი განხილულ იქნას.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
შემოწმების შედეგებით დგინდება, რომ გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებულია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე, 2020 წელს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 0 ლარს, 2021 წელს 23 726 ლარს (2021 წელს დეკლარირებული ფასნამატია 10%), ხოლო 2022 წელს 35 906 ლარს, პერიოდების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი საგადასახადო ორგანოს მიერ მიჩნეულია არასაიმედოდ და გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განსაზღვრულია არაპირდაპირი მეთოდით. ვინაიდან, მეწარმის დოკუმენტური რეალიზაცია არაარსებითია, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშდა საცალოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება პერიოდების მიხედვით და აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელდა იმავე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის საცალო რეალიზაციის ფასნამატი შესაბამისი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით (საშუალოდ 16,6%).
მომჩივანი არგუმენტს დარიცხვის შინაარსზე და საფუძვლებზე არ წარმოადგენს.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით მომჩივნის მიერ დეკლარირებული მონაცემების დაკორექტირება, როგორც წლიურ საშემოსავლო გადასახადში, ასევე დღგ-ში მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებულია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე, 2020 წელს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 0 ლარს, 2021 წელს 23 726 ლარს (2021 წელს დეკლარირებული ფასნამატია 10%), ხოლო 2022 წელს 35 906 ლარს, პერიოდების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი საგადასახადო ორგანოს მიერ მიჩნეულია არასაიმედოდ და გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განსაზღვრულია არაპირდაპირი მეთოდით. ვინაიდან, მეწარმის დოკუმენტური რეალიზაცია არაარსებითია, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშდა საცალოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება პერიოდების მიხედვით და აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელდა იმავე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის საცალო რეალიზაციის ფასნამატი შესაბამისი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით (საშუალოდ 16,6%). მომჩივანი არგუმენტს დარიცხვის შინაარსზე და საფუძვლებზე არ წარმოადგენს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმებით მომჩივნის მიერ დეკლარირებული მონაცემების დაკორექტირება, როგორც წლიურ საშემოსავლო გადასახადში, ასევე დღგ-ში მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 275.