ბრძანება N 14358
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14358
21.06.2023
შპს „--------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: --------------)
2023 წლის 10 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ --------) №80908/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №006-146 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების მიღებულად და საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვას, ასევე არ ეთანხმება მის ოდენობას. ითხოვს გადაანგარიშებას და აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ვალუტის კურსი (1აშშ დოლარი=2,9289 ლარი), რომლის მიხედვით დებიტორული დავალიანება ნაცვლად შემოწმებით განსაზღვრული 377 912 ლარისა, შეადგენს 318 290 ლარს. ამასთან აცხადებს, რომ 2022 წლის 31 აგვისტოს არარეზიდენტი კომპანიის მიერ დაბრუნებულ იქნა 7 500 აშშ დოლარი, რითიც შემცირდა დებიტორული დავალიანება და შეადგინა 296 323.90 ლარი. განმარტავს, რომ 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საწარმოს უფიქსირდება დირექტორის მიმართ სასესხო დავალიანება 4 599 აშშ დოლარი, რომელიც ასახულია ფინანსურ ანგარიშგებაში და რომელიც წარმოშობილია 2018 წლის 17 იანვრიდან. შესაბამისად, თუ დირექტორი გადაწყვეტდა კომპანიიდან თანხის აღებას, პირველ რიგში სესხს დაიბრუნებდა უკან. გადამხდელი ითხოვს, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული დებიტორული დავალიანების კვალიფიკაციის შეცვლას და მის დივიდენდად განხილვას. აცხადებს, რომ დირექტორი იმავდროულად იყო საწარმოს დამფუძნებელიც. ამასთან, 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიას გაუნაწილებელი მოგება უფიქსირდება 732 419 ლარი (იმაზე მეტი რაც შემოწმებით ხელფასად არის დაკვალიფიცირებული), ასევე, 01.01.2022-01.07.2022 პერიოდზე დათვლილი გაუნაწილებელი მოგების ნაშთი აჭარბებს 600 000 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს ხელფასის სახით განხილული დებიტორული დავალიანების საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად, 282 852.54 ლარის ოდენობით, განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №19128 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 24 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 12 აპრილის №8229 ბრძანება და 13 აპრილის №006-146 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 155 241 ლარი, მათ შორის, გადასახადი 94 478 ლარი, ჯარიმა 47 239 ლარი, საურავი 13 524 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს მიერ წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციების მიხედვით განაცემები ჯამურად შეადგენს 154 586 ლარს. პირის მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ინვოისები, ხელშეკრულებები და ტვირთის (კონტინერების) გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელი გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უწევს ერთ-ერთ არარეზიდენტ კომპანიას „---------“-ს. პირს არ უფიქსირდება საშუალებები, საიდანაც შეძლებდა დამკვეთების მოძიებას. გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა დამკვეთების/კლიენტების მოძიება. აღნიშნულთან დაკავშირებით პირმა წარმოადგინდა წერილობითი განმარტება, სადაც აღნიშნავს, რომ კლიენტები მოძიებულია საწარმოს დამფუძნებლისა და დირექტორის მიერ პირადი და ბიზნეს ურთიერთობების საშუალებით. გადამხდელის მიერ ხელშეკრულებებში და საგადასახადო ორგანოში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტის მისამართია --------, ხოლო აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიის ვებგვერდზე საქართველოს მისამართად დაფიქსირებულია გადამხდელის ოფისი და საკონტაქტო მონაცემები. ბუღალტრული მონაცემების შესაბამისად, მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში იზრდება არარეზიდენტი კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ნაშთი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით ,,სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითებების შესაბამისად, განხორციელდა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. შედეგად, გადამხდელსა და არარეზიდენტ კომპანიას შორის არსებული კავშირების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანების თანხები განხილულ იქნა საწარმოს მიერ მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებზე გადამხდელთან ჩატარდა საგადასახადო შემოწმება და 2021 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმები აქტში დაფიქსირებულია იგივე ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტ კომპანიას უწევს გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას. ბუღალტრული მონაცემების შესაბამისად, მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში იზრდება არარეზიდენტი კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ნაშთი. გადამხდელის მიერ ხელშეკრულებებში და საგადასახადო ორგანოში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტის მისამართია ---------, ხოლო აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიის ვებგვერდზე საქართველოს მისამართად დაფიქსირებულია გადამხდელის ოფისი და საკონტაქტო მონაცემები. გადამხდელსა და არარეზიდენტ კომპანიას შორის არსებული კავშირების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანების თანხები განხილულ იქნა საწარმოს მიერ მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, ასევე „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით ,,სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითებების შესაბამისად, შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანების თანხების საწარმოს მიერ მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“-ის (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების მიღებულად და საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვას, ასევე არ ეთანხმება მის ოდენობას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უწევს ერთ-ერთ არარეზიდენტ კომპანიას. პირს არ უფიქსირდება საშუალებები, საიდანაც შეძლებდა დამკვეთების მოძიებას. გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა დამკვეთების/კლიენტების მოძიება. აღნიშნულთან დაკავშირებით პირმა წარმოადგინდა წერილობითი განმარტება, სადაც აღნიშნავს, რომ კლიენტები მოძიებულია საწარმოს დამფუძნებლისა და დირექტორის მიერ პირადი და ბიზნეს ურთიერთობების საშუალებით. ბუღალტრული მონაცემების შესაბამისად, მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში იზრდება არარეზიდენტი კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ნაშთი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით ,,სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითებების შესაბამისად, განხორციელდა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. შედეგად, გადამხდელსა და არარეზიდენტ კომპანიას შორის არსებული კავშირების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანების თანხები განხილულ იქნა საწარმოს მიერ მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 61(3), 73(9"ბ"), 101(1), 154(1), 43(4), 270, 275(2), 269(7).