გადაწყვეტილება №22722/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22722/2/2024
06 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- -ს 29.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22722/2/2024).
დავის საგანი:
1. ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისათვის გამოყენებული საბაზრო ღირებულება და ჯარიმის დაკისრების მართლზომიერება;
3. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №084-14 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5395 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 127 226 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 76 624
საშემოსავლო გადასახადი - 72 899
ქონების გადასახადი - 3 725
ჯარიმა - 38 312
საურავი - 12 290
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა სატვირთო ავტომობილით (მარცვლეულის გადამზიდავი) ადგილობრივი და საერთაშორისო (---------) გადაზიდვების განხორციელება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 21.12.2023 წლის №32296 ბრძანება და №084-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5395 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ ახორციელებს ბასს-ის მიხედვით. შესაბამისად, მის მიერ ვერ იქნა მოწოდებული ბუღალტერია. გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ედრება მის მიერ დეკლარირებულ დღგ-ის დეკლარაციაში ასახულ რეალიზაციას. შემოწმების მიერ შედგენილ იქნა ფულის მოძრაობის ცხრილი. სალაროს საწყის ნაშთად აღებულ იქნა მის მიერ წარდგენილ 2020 წლის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული რიცხვი 197 107 ლარი. გადამხდელის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა დებიტორკრედიტორების ცხრილი, რომელსაც დაეყრდნო შემოწმება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა საწარმოს სალაროს ნაშთის ინვენტარიზაცია, გამოვლენილმა ნაშთმა შეადგინა ნულოვანი მაჩვენებელი. შემოწმების მიერ მომზადებული ფულის მოძრაობის ცხრილის მიხედვით, სალაროს ნაშთმა შეადგინა 291 597 ლარი. მიღებული სხვაობა, განკარგვადი თანხა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შესაბამისად, მის მიერ ვერ იქნა შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტერია. შემოწმების მიერ შედგენილ იქნა ფულის მოძრაობის ცხრილი. სალაროს საწყის ნაშთად აღებულ იქნა მის მიერ წარდგენილ 2020 წლის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული თანხა 197 107 ლარი. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის ასევე წარდგენილ იქნა დებიტორ-კრედიტორების ცხრილი, რომელსაც დაეყრდნო შემოწმება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა საწარმოს სალაროს ნაშთის ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც გამოვლენილმა ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმების მიერ მომზადებული ფულის მოძრაობის ცხრილის მიხედვით, სალაროს ნაშთმა შეადგინა 291 597 ლარი. შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა, საჩივარი განიხილა დაუსწრებლად და ფაქტობრივად არ შევიდა მის ღრმა საფუძვლიან და შინაარსობრივ განხილვაში, რითაც პრაქტიკულად გვერდი აუარა მის მიერ საჩივრით დაყენებულ იმ არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივ გარემოებებსა და არგუმენტებს, რომლებიც თავის დროზე არ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებელთა მიერ საგადასახადო შემოწმებისას და მათი იგნორირებით საზოგადოების მიერ შესრულებულ საფინანსო - სამეურნეო ოპერაციებს მიცა არამართლზომიერი და არაკანონზომიერი კვალიფიკაცია - შეფასება, რის საფუძველზეც საგადასახადო შემოწმების აქტით საზოგადოებაზე განახორციელა შესაბამისი არამართლზომიერი და არაკანონზომიერი დარიცხვები, რომლებსაც არ ვეთანხმებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის (სსკ-ისა და სზაკ-ის შესაბამისი მუხლებით) გათვალისწინებული უფლებების შესაბამისად აგრძელებს საგადასახადო დავას.
დავების განხილვის საბჭოს ყურადღება თავიდანვე უნდა მიაპყროს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მიუხედავად, იმისა რომ შემოწმების პროცესში აქტიურად თანამშრომლობდა შემოწმებასთან და შესაბამისად აღნიშნულისა მისი მხრიდან შემმოწმებლებზე მათი მოთხოვნის შესაბამისად სრულყოფილად იქნა მიწოდებული საზოგადოების შესამოწმებელ პერიოდზე მთლიანი საბუღალტრო დოკუმენტაცია (რომლებიც დღესაც მათთან ინახება!) და მათ მიერ დამატებით მოთხოვნილი სხვა საჭირო ინფორმაცია. მაშინ როცა შემოწმების მიმდინარეობის პროცესში არაერთი თხოვნის მიუხედავად, რომელიც თითქმის 10 თვეს მიმდინარეობდა და მისი დასრულებისათვის საგადასახადო შემოწმების თაობაზე თავდაპირველი ბრძანების შესაბამისად განსაზღვრული ვადა არაერთხელ გახანგრძლივდა, მათ მიერ გასაცნობად არ მიწოდებია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, ამასთან ყოველი სატელეფონო კომუნიკაციისას შემმოწმებელი მუდმივად განმარტავდა რომ, მნიშვნელოვანი არაფერი იყო და ქონების გადასახადის ნაწილში ქონების საბაზრო ღირებულების გამოყენებით ერიცხებოდა გარკვეული (უმნიშვნელო) თანხა, მას შემდეგ, რაც შემოწმების დასრულების ბოლო დათქმული ვადაც (2023 წლის 19 დეკემბერი) ამოიწურა, შემმოწმებელს კვლავ დაუკავშირდა ტელეფონით და კიდევ ერთხელ ითხოვა მისთვის გადაეგზავნა საგადასახადო შემოწმების პროექტი, რომ, პრაქტიკულად ჰქონოდა შესაბამისი დრო და საშულება მისი გაცნობისა და მოსაზრებების წარსადგენად, რათა მოეხდინა პოზიციების ურთიერთშეჯერება და საგადასახადო შემოწმების საბოლოო აქტში მომხდარიყო ურთიერთშეჯერებული პოზიციების დაფიქსირება, რომელიც შემდგომ სადავო და საკამათო არ გახდებოდა.
აღნიშნული ბოლო მოთხოვნის შემდეგ მიიღო შემმოწმებელთა მიერ გადაგზავნილი საგადასახადო აქტის პროექტი და აღმოაჩინა რომ, აქტის პროექტის შესაბამისად მისთვის გაუგებარი სხვადასხვა ბრალდებებით შემოწმებით დამატებით უნდა დარიცხვოდა საზოგადოებისათვის სოლიდური მოცულობის თანხები, დაიწყო აღნიშნული ბრალდებების საფუძვლიანი შესწავლა - ანალიზი და ისეთ პირობებში როგორც იმ დროისათვის იმყოფებოდა (მხედველობაში გვაქვს ის გარემოება რომ, როგორც საჩივრის შესავალში აღნიშნა, საზოგადოების მთლიანი საბუღალტრო დოკუმენტაცია შემოწმების მოთხოვნის შესაბამისად წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში და პრაქტიკულად დღესაც იქ ინახება!), პრაქტიკულად რამდენიმე დღე დაჭირდა. მას შემდეგ რაც გადმოგზავნილ საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტში დაფიქსირებულ პოზიციებზე მოსაზრებები და არგუმენტები ჩამოაყალიბა, ტელეფონით კვლავ დაუკავშირდა შემმოწმებელს პოზიციების გასაცნობად, რომლიდანაც მიიღო პასუხი, რომ ეს ყველაფერი დაგვიანებული იყო, რამდენადაც საგადასახადო შემოწმების აქტი მათ მიერ უკვე ხელმოწერილი, ჩაბარებული იყო და იგი შესაბამის პროცედურებს გადიოდა, რამდენიმე დღეში კი მიიღებდა შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასაც, რაც პრაქტიკულად ასეც მოხდა!
ყოველი აღნიშნულიდან გამომდინარე (შემოწმების პროცესში ფაქტობრივად ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად), არსებითად დაირღვა სსკ-ის 41-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები. შემმოწმებელთა ზემოაღნიშნულ ქმედების შედეგად პრაქტიკულად არ მიეცა შესაძლებლობა საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის მიხედვით შემმოწმებლების მიერ დაფიქსირებულ პოზიციებზე წარედგინა მოსაზრებები და არგუმენტები, შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში (სარეგ.: ---------) ფაქტობრივ გარემოებად, შეფასებისა და კვალიფიკაციის ნაწილში არასამართლიანად, არაკანონზომიერად, მხოლოდ და მხოლოდ მათ მიერ ცალმხრივად შესწავლილ მონაცემებზე დაყრდნობით მისცა სამართლებრივი შეფასება - კვალიფიკაცია, რის შედეგადაც შემმოწმებელთა მიერ ფაქტობრივად ასევე დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, რამდენადაც ფაქტობრივად შემმოწმებელთა მიერ არ მომხდარა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა გამოკვლევა, შეფასება - ურთიერთ შეჯერება და, მხოლოდ და მხოლოდ შემმოწმებელთა მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილებებით საგადასახადო შემოწმების აქტში (საკითხი N1-ის) მიხედვით, ასევე ცალმხრივი პოზიციით დაფიქსირეს და შესაბამისი არამართლზომიერი და არაკანონზომიერი სამართლებრივი შეფასება - კვალიფიკაცია, რომ (იხ. საგადასახადო შემოწმების აქტის გვ. 9):
როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში შემმოწმებლები აფიქსირებენ - საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობის წარმოება, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო და მუნიციპალური სტრუქტურული ერთეულების მიერ გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვებზე გამოცხადებული ტენდერების შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოების მიერ მიღებული შემოსავლები პრაქტიკულად საბანკო გადარიცხვებით არის მიღებული და ისინი სრულიად გამჭვირვალეს და უტყუარს წარმოადგენენ!
აღნიშნულ ვითარებაში ცხადია სრულიად გაუგებარი და გაურკვეველი იყო და კვლავაც რჩება საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად საკითხი N1-ის მიხედვით შემმოწმებელთა მიერ დაფიქსირებული ბრალდება:
შემოწმების მიერ მომზადებული ფულის მოძრაობის ცხრილის მიხედვით, სალაროს ნაშთმა შეადგინა 291 597 ლარი.
რამდენადაც საზოგადოებას პრაქტიკულად არ გააჩნია სალარო და ფულის ყველა ხარჯვის (გასავლის) ოპერაცია ხორციელდებოდა მხოლოდ და მხოლოდ საბანკო გადარიცხვებით, გამონაკლისს წარმოადგენდა ერთადერთი შემთხვევა - 2021 წლის 25 სექტემბერს, როცა, 52000 ლარი ბანკიდან იქნა გამოტანილი და იმავე დღეს კონვერტაციის შემდეგ დაბრუნებული იქნა საზოგადოების სავალუტო ანგარიშზე უცხოეთში გადარიცხვის განსახორციელებლად, შემდგომში მისი გადარიცხვა უცხოეთში აღარ განხორციელებულა და აღნიშნული თანხა საზოგადოების მიერ საბანკო კონვერტაციის შემდგომ სხვა ხარჯების დასაფარად იქნა გამოყენებული. (შესაბამისად აღნიშნულისა გაუჩნდა ლეგიტიმური კითხვა იმის თაობაზე რომ, მაშინ როცა ფული ბანკიდან არ გამოუტანია, როგორ დააკლდა სალაროში ნაღდი ფული?!).
სწორედ აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე დაიწყო შემმოწმებელთა მიერ გადმოგზავნილი ფულის მოძრაობის გაანგარიშების ცხრილის საფუძვლიანი შესწავლა - ანალიზი, რის საფუძველზეც დაადგინა, რომ შემმოწმებლებს შესამოწმებელ პერიოდის გადამხდელის სალაროს საწყის ნაშთად დაფიქსირებული აქვთ მის მიერ წარდგენილ 2020 წლის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული თანხა - 197 107 ლარი, რაც პრაქტიკულად აღნიშნული ფინანსური ანგარიშის მიხედვით მოიცავს საზოგადოების ფულის ნაშთს, როგორც სალაროში, ისე ბანკში (ამ შემთხვევაში კი აღნიშნული ფულადი თანხა ირიცხებოდა საზოგადოების საბანკო ანგარიშზე, რამდენადაც როგორც უკვე აღნიშნა საზოგადოებას სალარო პრაქტიკულად არ გააჩნია და სალაროს ანგარიშს (N1110) პრაქტიკულად არ აწარმოებს.
აღნიშნული - „შემოწმების მიერ მომზადებული ფულის მოძრაობის ცხრილის“, შესწავლით აგრეთვე დაადგინა, რომ:
1. შემმოწმებლებს საგადასახადო შემოწმების აქტში საზოგადოების შემოსავლების ნაწილში, საზოგადოების მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების შესაბამისად, დაფიქსირებული აქვთ ფაქტიური რეალიზაცია და მასში ფაქტობრივად არ არის გათვალისწინებული შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების მიერ პრაქტიკულად მიუღებელი შემოსავლები. ---------- მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების ჯგუფის მიერ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაზე შპს „-----------“-ზე დაკისრებული ფინანსური ჯარიმები, რომლის 100%-იან ქვეკონტრაქტორსაც წარმოადგენდა საზოგადოება - შპს ,,-----------“ (ხელშეკრულება ქვეკონტრაქტი N------------ წ. თან ერთვის იხ. დანართი N...) და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიის მიერ აღნიშნული საჯარიმო თანხები ფაქტობრივად არ ანაზღაურებია, რომლებიც შედეგობრივად საზოგადოებისათვის დღემდე აუნაზღაურებელ დებიტორულ დავალიანებას წარმოადგენს, რამდენადაც ---------- მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების ჯგუფის მიერ განხორციელებული საჯარიმო სანქციები და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - შპს „-----------“-ის მიერ ფაქტობრივად მიჩნეულია არამართლზომიერად, არაკანონზომიერად და შესაბამისი სარჩელი წარდგენილია ----------- რაიონულ სასამართლოში 2022 წლის 12 ოქტომბერს (რეგ: N-----------). შესაბამისად აღნიშნულისა უფრო კონკრეტულად კი იმის გათვალისწინებით რომ, პრაქტიკულად წარმოადგენდა რა ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ - „----------მუნიციპალიტეტის სოფ. ----------, სოფ. --------- და სოფ. ------------ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე გამოცხადებულ ----------- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - შპს „----------“-ის (ს/ნ -) ----------ეკონტრაქტორს, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების და დაუძლეველი გარემოებების - ხშირი წვიმების შედეგად სამშენებლო ობიექტზე წარმოშობილი მეწყერული პროცესებისა და აგრეთვე ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციაში დაშვებულმა უზუსტობებმა, რომლის კორექტირებაც ფაქტობრივად განხორციელდა და მათ აღმოფხვრას პრაქტიკულად გარკვეული დრო დასჭირდა, აგრეთვე სამუშაო პროცესში გამოვლენილმა დამატებით შესასრულებელმა სამუშაოებმა რომლებიც პროექტით არ იყო გათვალისწინებული და მათ გასწორება - აღმოფხვრას პრაქტიკულად შესაბამისი დრო და ხარჯებიც კი დასჭირდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულ დაუძლეველ და ხელისშემშლელ გარემოებებზე მის მიერ შესაბამისი ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდებოდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას - შპს „-----------“-ს და ამ უკანასკნელის მიერ კი დამკვეთს -------- მუნიციპალიტეტის მერიას ასევე პერიოდულად მიეწოდებოდა, მერიისგან კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია მუდმივად ღებულობდა შესაბამის თანხმობასა და დაპირებებს პროექტში დაშვებული ხარვეზების გამოსწორებასა და დამატებითი ხარჯების გამოყოფაზე (---------- მუნიციპალიტეტის მერიასთან შესაბამისი მიწერ-მოწერების და წერილობითი პასუხების ასლების თან ურთავს საჩივარს იხ დანართები:. ფურცელზე).
აღნიშნულ გარემოებათა კვალობაზე მის მიერ პრაქტიკულად ვერ მოხერხდა ობიექტების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ობიექტების მიხედვით სამუშაოების დასრულება და ჩაბარება, რის გამოც ------------ მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების ჯგუფის მიერ (მიუხედავად ----------- მუნიციპალიტეტის მერიასთან განხორციელებული ზემოთაღნიშნული მიმოწერებისა და მიღებული შეპირებებისა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს ,,-------------“ (ს/ნ ------------) შესაბამისი დასკვნებით სულ დაჯარიმდა 98623,64 ლარით, (მ. შ.: 18. 04. 2022 წლის დასკვნით - 38930,40 ლარით; 07. 06. 2022 წლის დასკვნით - 30279,18 ლარით და 21. 07. 2022 წლის დასკვნით - 38930,40 ლარით).
ზემოთ აღწერილი პროცესების შესაბამისად საერთო ჯამში კონტრაქტორ კომპანიაზე - შპს „---------“-ზე (ს/ნ ----------) - ------------მუნიციპალიტეტში - ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით შედგენილი ფორმა N-------ებისა და შესაბამისი დღგ-ის ანგარიშ - ფაქტურის (------ წ. – 252682,18 ლარი;- 13. 06. 2022 წ--------. – 368437,94 ლარი; ---------- – 176062,78 ლარი) მიხედვით (დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების ასლები თან ერთვის), რომლებიც დეკლარირებული საზოგადოების 2022 წლის აპრილის, მაისისა და ივლისის თვეების დღგ-ის დეკლარაციებით, ჯამში 797182,90 ლარიდან, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - შპს „----------“- ის (ს/ნ -------------) მიერ ჩვენს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული იქნა მხოლოდ 693477 ლარი, მთლიანობაში საზოგადოების მიერ აღნიშნულ ობიექტებზე შესრულებული სამუშაოებიდან აუნაზღაურებელი თანხა შეადგენს 103705,64 ლარს (მ. შ.: ---------- მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების ჯგუფის მიერ შპს ,,-----------“ (ს/ნ -------------) შესაბამისი დასკვნებით გავრცელებული საჯარიმო სანქციები, ჯამში 98623,64 ლარი და ასევე დარჩენილი აუნაზღაურებელი დავალიანების თანხა 5082 ლარი), რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მთლიანობაში წარმოადგენს საზოგადოების დებიტორულ დავალიანებას.
როგორც საჩივარში ზემოთ უკვე აღნიშნა, იქედან გამომდინარე, რომ, პრაქტიკულად მისგან დამოუკიდებელი მიზეზების და დაუძლეველი გარემოებების - ხშირი წვიმების შედეგად სამშენებლო ობიექტზე წარმოშობილი მეწყერული პროცესებისა და ობიექტის პროექტირებაში დაშვებული შეცდომების გამო, რომლის კორექტირებაც ფაქტობრივად განხორციელდა, პრაქტიკულად გახდა მიზეზი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება და ობიექტის განსაზღვრულ ვადებში ჩაბარება, ---------- მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების ჯგუფის მიერ განხორციელებულის შესაბამისი ჯარიმები და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - შპს „-----------“-ის (ს/ნ---------) მიერ, მიჩნეულ იქნა არამართლზომიერად და არაკანონზომიერად, რის შესაბამისადაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს „----------“-მა (ს/ნ --------), შესაბამისი სარჩელი 2022 წლის 12 ოქტომბერს წარადგინა ---------- რაიონულ სასამართლოში, რომელიც მიღებულია წარმოებაში, მაგრამ დღემდე არ არის განხილული, რომლიდანაც გამომდინარე, აღნიშნული საჯარიმო თანხები სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ვერ ასახა საზოგადოების დებიტორულ და მითუმეტეს უიმედო დებიტორულ დავალიანებებში. (---------- რაიონულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელი და ------------- რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე თან ერთვის იხ. დანართები N6; N7).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ---------- მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების ჯგუფის მიერ შპს „----------“-ის (ს/ნ -------------) შესაბამისი დასკვნებით დაკისრებული საჯარიმო თანხები - 98623,64 ლარი და ფორმა N2-ის შესაბამისად დარჩენილი აუნაზღაურებელი დებიტორული დავალიანების თანხა 5082 ლარი, ფაქტობრივად მთლიანობაში 103705,64 ლარი წარმოადგენს აუღიარებელ დებიტორულ დავალიანებას და შემოწმების მიერ მისი აღიარებულ დებიტორულ დავალიანებად განხილვა და აღნიშნულის საფუძველზე შემმოწმებელთა კვალიფიკაცია: ,,... შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის N22708 ბრძანების მიხედვით განხილული იქნა ანგარიშვალდებული პირის (დირექტორი) -------------- სარგებლად“, პრაქტიკულად ლოგიკურ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, არამართლზომიერი და არაკანონზომიერია!
2. აღნიშნულთან ერთად მოცემული საჩივრის მომზადების პროცესში აღმოაჩინა რომ, 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით შემმოწმებლებზე გადაგზავნილ დებიტორ - კრედიტორების მონაცემებში დაშვებული აქვს უზუსტობა ((შეცდომა), კერძოდ აღნიშნულ მონაცემებში პირველი სტრიქონის ქვესტრიქონზე კრედიტში ნაცვლად 80000 ლარისა, მითითებული უნდა იყოს 30000 ლარი (ანუ 50000 ლარით ნაკლები), რისთვისაც გულწრფელად იხდის ბოდიშს და ითხოვს მის კორექტირებას! (2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით საზოგადოების დებიტორ-კრედიტორების კორექტირებული (დაზუსტებულ) მონაცემებს თან ურთავს საჩივარს.
2. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისათვის გამოყენებული საბაზრო ღირებულება და ჯარიმის დაკისრების მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბალანსზე აღრიცხულია სპეცტექნიკა (ტრაქტორები, სატვირთო ავტ. მანქანები). ვინაიდან, გადამხდელის მიერ ვერ იქნა მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვა და ტექნიკის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ აღნიშნული ტექნიკა შეფასებულ იქნა საბაზრო ღირებულებით. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულ იქნა ერთი ტრაქტორი, რაზეც გამოწერილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებული ფასი ედრება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საბაზრო ფასს. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად, განისაზღვრა ქონების გადასახადის ოდენობა და გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 202-ე მუხლის 41 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996-ის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ შემოწმების მიერ ქონების საბაზრო ღირებულებით ქონების გადასახადის განსაზღვრა და მასზე დაკისრებული სანქციები მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
რამდენადაც, „ბუღალტრული აღრიცხვისა, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 16 ივნისის N5386 კანონის 28 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება მიეცეს მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია http://www.matsne.gov.ge ---------- აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტის საკითხი N2-ის მიხედვით, დაფიქსირებული ჩანაწერიდან გაურკვეველი რჩება ვის მიერ მოხდა საზოგადოების ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, რამდენად აკმაყოფილებს მისი კვალიფიკაცია „ბუღალტრული აღრიცხვისა, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 16 ივნისის კანონის 28-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რა კრიტერიუმების საფუძველზე განხორციელდა საზოგადოების ბალანსზე რიცხული ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, რამდენადაც პრაქტიკულად არ განხორციელებულა მათი ვიზუალური დათვალიერებაც კი, რომ აღარაფერი თქვას მათ ტექნიკურ მდგომარეობაზე. ეს მაშინ როცა საზოგადოების ბალანსზე რიცხული ერთი ტრაქტორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მთლიანად გამოსულია მწყობრიდან და იგი ფაქტობრივად 10 წელზე მერტია ექსპლოატაციაში არ იმყოფება!
აღნიშნულ ვითარებაში კი კიდევ უფრო გაუგებარი და გაურკვეველი რჩება საგადასახადო შემოწმების აქტის საკითხი N2-ის მიხედვით საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით ჯარიმის - 1863 ლარის დარიცხვა, მაშინ როცა სსკ-ის 202-ე მუხლის 41 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ხაზგასმით მიუთითებს, რომ: აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან, რამდენადაც ისინი სრულყოფილად არ არის დასაბუთებული წარმოდგენილი სამართლებრივი არგუმენტებით.
3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №084-14 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 38 312 ლარი და საურავი - 12 290 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მსჯელობა არ არის გამოკვეთილი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო შემოწმების აქტში და შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5395 ბრძანებაში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ ნორმებს, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს არგუმენტები და დასკვნები დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5395 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისათვის გამოყენებული საბაზრო ღირებულება და ჯარიმის დაკისრების მართლზომიერება;
3. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა სატვირთო ავტომობილით (მარცვლეულის გადამზიდავი) ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება.
1.შემოწმებით დადგენდა რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შესაბამისად, მის მიერ ვერ იქნა შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტერია.შემოწმების მიერ შედგენილ იქნა ფულის მოძრაობის ცხრილი. სალაროს საწყის ნაშთად აღებულ იქნა მის მიერ წარდგენილ 2020 წლის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებული თანხა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა საწარმოს სალაროს ნაშთის ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც გამოვლენილმა ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოწმების მიერ მომზადებული ფულის მოძრაობის ცხრილის მიხედვით, სალაროს ნაშთმა შეადგინა 291 597 ლარი. გამოლენილი სხვაობა, დაკვალიფიცირდა დირექტობზე გაცემულ ხელფასად.
2.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბალანსზე აღრიცხულია სპეცტექნიკა. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის ვერ იქნა მიწოდებული ბუღალტრული აღრიცხვა და ტექნიკის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებულ იქნა ერთი ტრაქტორი, რაზეც გამოწერილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებული ფასი ედრება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საბაზრო ფასს. განსაზღვრულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი სავადო თარიღების მიხედვით დასაბეგრი ქონების (მათ შორის, მოძრავი ქონების – დანადგარის) საბაზრო ღირებულებაზე ქონების გადასახადი.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 302(6);