გადაწყვეტილება №19651/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.08.2023
№ დოკუმენტი 19651/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19651/2/2023

03 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "------" (პ/ნ "------")

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" -ის 10.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19651/2/2023).

 

დავის საგანი:

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №ELC20868, №ELC20869, №ELC20870, №ELC20871, №ELC20872, №ELC20873, №ELC20874, №ELC20875, №ELC20876, №ELC20877, №ELC20878, №ELC20879, №ELC20880, №ELC20881, №ELC20882, №ELC20883, №ELC20884, №ELC20885, №ELC20886, №ELC20887, №ELC20888, №ELC20889, №ELC20890, №ELC20891, №ELC20892, №ELC20893, №ELC20894, №ELC20895, №ELC20896, №ELC20897, №ELC20898, №ELC20899, №ELC20900, №ELC20901, №ELC20902, №ELC20903, №ELC20904, №ELC20905, №ELC20906, №ELC20907, №ELC20908, №ELC20909, №ELC20910, №ELC20911, №ELC20912, №ELC20913, №ELC20914, №ELC20915, №ELC20916, №ELC20917, №ELC20918, №ELC20919, №ELC20920, №ELC20921, №ELC20922, №ELC20923, №ELC20924, №ELC20925, №ELC20926, №ELC20927, №ELC20928, №ELC20929, №ELC20930, №ELC20931, №ELC20932, №ELC20933, №ELC20934, №ELC20935, №ELC20936, №ELC20937, №ELC20938, №ELC20939, №ELC20940, №ELC20941, №ELC20942, №ELC20943, №ELC20944, №ELC20945, №ELC20946, №ELC20947, №ELC20948, №ELC20949, №ELC20950, №ELC20951, №ELC20952, №ELC20953, №ELC20954, №ELC20955, №ELC20956, №ELC20957, №ELC20958, №ELC20959, №ELC20960, №ELC20961, №ELC20962, №ELC20963 და №ELC20964 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №2442 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 97 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის სხვადასხვა პერიოდში "------"-ის (პ/ნ "------") (რომელიც წარმოადგენდა "------" - ის რესპუბლიკის მოქალაქეების ("------", პასპორტის №"------" ; "------", პასპორტის №"------") წარმომადგენელს) მიერ შემოყვანილია ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელზეც მითითებულ ვადებში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანა ან/და საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით თითოეული ოქმით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №2442 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, მე-14 მუხლზე, ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივარი ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ არ იყო ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, არამედ მხოლოდ მინდობილი პირი. აღნიშნულის საფუძველზე ევალებოდა ტერმინალებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, შემოსავლების სამსახურში წარმომადგენლობა, რათა მიეღო მარწმუნებლის სახელით სატრანსპორტო საშუალება და ნებისმიერი სახის ტვირთი, აეღო სატრანზიტო ნომრები, მოეხდინა ტვირთის განბაჟება და ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრესთან (შემძენთან) მიყვანა. რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალების დეკლარირებას, მას ასეთი დავალება მინდობილობით არ გააჩნდა და შესაბამისად, არ უნდა აგოს პასუხი საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.

საქართველოს კანონმდებლობა ადგენს და ერთმანეთისგან განასხვავებს კანონიერი და უფლებამოსილი წარმომადგენლების უფლებამოსილების ფარგლებს. მათ შორის უმთავრესი სწორად იმაში მდგომარეობს, რომ პირის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება მისი ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა, ხოლო უფლებამოსილი წარმომადგენელი პასუხს აგებს მხოლოდ მინდობილობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. იგი იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა უფლებამოსილი წარმომადგენელი, შესაბამისად მისი უფლებამოსილების ფარგლები შეზღუდული იყო მინდობილობებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირების ვადის დარღვევის გამო მისთვის საბაჟო პასუხისმგებლობის დაკისრება არის არამართლზომიერი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად:

1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.

4. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე.

5. საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-6-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე წარდგენის ვალდებულება აქვს, პირს, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

ამგვარად, მომჩივანი, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებები მომჩივანს, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, არ წარუდგენია დანიშნულების საბაჟო ორგანოში, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის და დეკლარირების ვადების დარღვევაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მოჩივანი არ ეთანხმება საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის შეფარდებულ სანქციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის მიერ შემოყვანილია ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელზეც მითითებულ ვადებში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანა ან/და საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება.მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

14(4,5),73,163(4),165