ბრძანება N 18017
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18017
25 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
---------- (პ/ნ -------)
(მის.: ----------)
2023 წლის 28 ივნისის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 ივლისის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა -------- (პ/ნ -------) №110327/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივნისის №EL213247 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, საქონლის საბაჟო ღირებულებას, იმპორტის გადასახდელს და მომსახურების საფასურს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, ჩამოვიდა ძირითადი ნივთი და ამასთან ნივთი, რომელიც საჩუქარია. ორი თვის წინ მისი ამანათი №74100308271822, რომელიც საიტზე იყიდება 233 დოლარად, დააკავეს საბაჟოზე. ყველა დოკუმენტაცია, საიტის ბმულის ჩათვლით გადაუგზავნა საბაჟოს წარმომადგენელს. თუ ინფორმაცია დროულად არ მიეწოდა საბაჟოს, ეს ფოსტის ბრალია და არა მისი. რამდენიმე დღის შემდეგ აიძულეს გადაეხადა 50 ლარი. ასევე დაურეკეს და განუმარტეს, რომ უნდა გადაეხადა ჯარიმა. საბაჟოს ექსპერტების შეფასებაც არასწორად მიაჩნია.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისა და იმპორტის გადასახდელის გაუქმებას, მომსახურების საფასურების დაბრუნებას, მორალური და მატერიალური ზიანის სახით 3000 ლარის ანაზღაურებას და ამანათის საფოსტო სერვისში დაბრუნებას მიწოდებისთვის.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა, რომ 2023 წლის 3 აპრილს შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ------- სახელზე დამისამართებული, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №74100308271822, №73198857338624, №78668059764376 საფოსტო გზავნილების ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით 7,26 აშშ დოლარი, 69 აშშ დოლარი და 6 აშშ დოლარი.
გამომდინარე იქიდან, რომ ------- კუთვნილი საფოსტო გზავნილები დეკლარირებული იყო 82,26 აშშ დოლარად, ზოგადი დეკლარირებისას აღნიშნული გზავნილები მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში და უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ შეჩერდა ღირებულების გადამოწმების მიზნით.
№73198857338624 და №78668059764376 საფოსტო გზავნილებზე მიმღების მიერ წარდგენილი იქნა შესყიდვის დოკუმენტები, ღირებულებით 480 და 46 ჩინურ იუანი (ჯამურად 195.55 ეკვივალენტი ლარში), ხოლო №74100308271822 (დეკლარირებული 7,26 აშშ დოლარად) საფოსტო გზავნილში მოთავსებულ საქონელზე, -------- 2023 წლის 8 მაისის №79074/21-11 წერილით განაცხადა, რომ მისი ღირებულება შეადგენდა 1 650 ჩინურ იუანს (238 აშშ დოლარი), თუმცა არ წარმოუდგენია შესაბამისის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი. №74100308271822 საფოსტო გზავნილში მოთავსებულ საქონელზე, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით -------- 2023 წლის 19 მაისის №85447/21-11 განცხადებით მოითხოვა ექსპერტიზა.
საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 23 მაისის №004658/2023 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, №74100308271822 საფოსტო გზავნილში მოთავსებული საქონლის - Delta Electronic Inverter A600 ღირებულება განისაზღვრა 660.43 აშშ დოლარით.
ვინაიდან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ------- მიერ არ მომხდარა საქონლის დეკლარირება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 15 ივნისს შედგენილი №EL213247 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ------- სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
№74100308271822, №73198857338624, №78668059764376 საფოსტო გზავნილებზე დეკლარაცია დარეგისტრირებული არ არის და ისინი განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს.
ვინაიდან ზიანის ანაზღაურების ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს, სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის (განცხადების) განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.
ამდენად საჩივარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის საფუძველზე დატოვებული უნდა იქნას განუხილველად.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დანარჩენ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
საბაჟო ფორმალობა არის დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ პირს შეიძლება დაეკისროს მომსახურების საფასურის გადახდის ან გაწეული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევისას, კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც:
გ) ხორციელდება საქონლის გამოკვლევა/ექსპერტიზა საბაჟო დეკლარაციის შემოწმების მიზნით ან საქონლის განადგურება, თუ გაწეულია სხვა დანახარჯები, გარდა საბაჟო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯებისა;
ე) საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გაიწევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა სახის მომსახურება.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მომსახურების საფასურის განაკვეთი და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მიხედვით, სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი კი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილ საქონელზე დეკლარირება ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით კი, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ 2023 წლის 3 აპრილს განხორციელდა მომჩივნის სახელზე დამისამართებული, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №74100308271822, №73198857338624, №78668059764376 საფოსტო გზავნილების ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით 7,26 აშშ დოლარი, 69 აშშ დოლარი და 6 აშშ დოლარი. შესაბამისად, აღნიშნული გზავნილები მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში.
დადგენილია ასევე, რომ ღირებულების გადამოწმების მიზნით შეჩერებულ №73198857338624 და №78668059764376 საფოსტო გზავნილებზე მომჩივნის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტებით, საქონლის საბაჟო ღირებულება იყო 480 და 46 ჩინურ იუანი (ჯამურად 195.55 ექვივალენტი ლარში), ხოლო №74100308271822 (დეკლარირებული 7,26 აშშ დოლარად) საფოსტო გზავნილში მოთავსებულ საქონელზე, მომჩივნის განმარტებით, საქონლის ღირებულება შეადგენდა 1 650 ჩინურ იუანს (238 აშშ დოლარი), თუმცა არ წარმოუდგენია ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით №85447/21-11 19.05.2023 განცხადებით მოითხოვა ექსპერტიზა. №004658/2023 ექსპერტიზის დასკვნით №74100308271822 საფოსტო გზავნილში მოთავსებული საქონლის - Delta Electronic Inverter A600 ღირებულება განისაზღვრა 660.43 აშშ დოლარით.
დადგენილია ასევე, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მომჩივნის მიერ არ მომხდარა საქონლის დეკლარირება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და განხორციელებული საბაჟო ფორმალობები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. -------- (პ/ნ --------) საჩივარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივნისის №EL213247 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, საქონლის საბაჟო ღირებულება, იმპორტის გადასახდელი და მომსახურების საფასური.
მომჩივანი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისა და იმპორტის გადასახდელის გაუქმებას, მომსახურების საფასურების დაბრუნებას, მორალური და მატერიალური ზიანის სახით 3000 ლარის ანაზღაურებას და ამანათის საფოსტო სერვისში დაბრუნებას მიწოდებისთვის.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ განხორციელდა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილების ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით 7,26 აშშ დოლარი, 69 აშშ დოლარი და 6 აშშ დოლარი. გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილები დეკლარირებული იყო 82,26 აშშ დოლარად, ზოგადი დეკლარირებისას აღნიშნული გზავნილები მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში და უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ შეჩერდა ღირებულების გადამოწმების მიზნით.
საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, №74100308271822 საფოსტო გზავნილში მოთავსებული საქონლის - Delta Electronic Inverter A600 ღირებულება განისაზღვრა 660.43 აშშ დოლარით.
ვინაიდან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მომჩივნის მიერ არ მომხდარა საქონლის დეკლარირება, უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 15 ივნისს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საჩივარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის საფუძველზე დატოვებული უნდა იქნას განუხილველად.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და განხორციელებული საბაჟო ფორმალობები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 5, 32(2)(3), 37(2), 43, 163(1), 165.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 301"ბ".
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.