გადაწყვეტილება №20279/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.09.2023
№ დოკუმენტი 20279/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20279/2/2023

21 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ------- 14.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20279/2/2023).

 

დავის საგანი:

დებიტორული მოთხოვნის უპროცენტო სესხად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №094-123 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15075 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 696 523,33 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 461 208

დღგ - 14 293

მოგების გადასახადი - 1 446 915

ჯარიმა - 730 604

საურავი - 504 711,33

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია ამავე დეპარტამენტის 16.01.2019 წლის №507 ბრძანებით დანიშნული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ 13.10.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული საკითხებიდან/რეკომენდაციებიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის საკითხები 1.04.2019 წლიდან 1.10.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდებში.

28.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია შემდეგი:

აუდიტის დეპარტამენტის 16.01.2019 წლის №507 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.04.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 13.10.2020 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა გადასახადების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 16.10.2020 წლის №31204 ბრძანება და №094-136 საგადასახადო მოთხოვნა. საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად დგინდება, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, მომჩივნის დებიტორული მოთხოვნა -------ის მიმართ, შემოწმებით დაკვალიფიცირდა, როგორც ფინანსური მომსახურების გაწევა (უპროცენტო სესხი) და 2017-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით, ყოველთვიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთით დათვლილი საპროცენტო სარგებელი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე საწარმოს მიეცა რეკომენდაცია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდებში საპროცენტო სარგებლის დეკლარირებაზე, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, საწარმოს შესაბამისი დეკლარირება არ უფიქსირდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 1.04.2019 წლიდან 1.10.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით, ყოველთვიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთით დათვლილი საპროცენტო სარგებელი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №094-123 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15075 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 983 მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ იმ არგუმენტთან მიმართებაში, რომ 13.10.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი გასაჩივრებულია სასამართლოში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, 16.10.2020 წლის №31204 ბრძანება და №094-136 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც საფუძვლად დაედო 1.04.2019-1.10.2022 წლების პერიოდზე ყოველთვიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთით დათვლილი საპროცენტო სარგებლის მოგების გადასახადით დაბეგვრას, გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში, სარჩელი თან ერთვის საჩივარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელში დაფიქსირებულია არგუმენტები მასზედ, რომ დებიტორული მოთხოვნების ფინანსური მომსახურების გაწევად (უპროცენტო სესხად) განხილვა და ყოველთვიური მოგების გადასახადით დაბეგვრა 2017-2019 წლებში საანგარიშო პერიოდებზე არასწორია. ორგანიზაცია როგორც წესი სხვადასხვა სავაჭრო თუ მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმებისას გამოდის საკუთარი კომერციული ინტერესებიდან კონკრეტულ მომენტში და წინასწარ ვერ განსაზღვრავს მომავალ წლებში როგორი სახე შეიძლება მიიღოს სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობამ. აღნიშნული წარმოადგენს საწარმოს სამეურნეო პროცესს, დებიტორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა სამეწარმეო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და მცდარია შეხედულება, რომ გაცემული ავანსი თუ მიუღებელი თანხები უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც უსარგებლოდ გაცემული სესხი.

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დებიტორული დავალიანების მქონე კომპანიის - -------ის დავალიანების ამოღების მიზნით კომპანიამ 12.07.2016 წელს საქართველოს სასამართლოში წარადგინა სარჩელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 6.01.2017 წელს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და -------ს დაეკისრა დავალიანების გადახდა 7 945 089,4 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი დავალიანება შეადგენს - 7 481 719,03 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 463 370,37 აშშ დოლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში დაფიქსირებული ამ და სხვა არგუმენტების საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული იქნება კომპანიის სასარგებლოდ, კერძოდ: კომპანიის დებიტორული მოთხოვნები არ იქნება განხილული როგორც ფინანსური მომსახურების გაწევა (უპროცენტო სესხი), რაც გამოიწვევს როგორც 2017-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე დამატებით დარიცხული ძირითადი თანხების შემცირებას, ასევე 1.04.2019-1.10.2022 წლების პერიოდზე საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით, ყოველთვიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთით დათვლილი საპროცენტო სარგებლის მოგების გადასახადით დაბეგვრის გაუქმებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საკითხის განხილვამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებული უნდა იქნას 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით, 29.12.2022 წლის №33661 ბრძანებით და 29.12.2022 წლის №094-123 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე კომპანიისთვის 1.04.2019-1.10.2022 წლების პერიოდზე დამატებითი თანხების დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

სს ------- მიერ 2014 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა ------- პირგასამტეხლოს დარიცხვა 619 219 აშშ დოლარის ოდენობით. იგორ ტუგბაევის მითითების შესაბამისად სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს დარიცხვა შეჩერებული იქნა.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 13.10.2020 წლის აქტზე, 16.10.2020 წლის №094-136 საგადასახადო მოთხოვნაზე და შემოსავლების სამსახურის 19.02.2021 წლის №4237 ბრძანებაზე წარმოდგენილი საჩივრით (რეგისტრაციის №12501/2/2021) მომჩივანმა სადავოდ გახადა აღნიშნული საკითხი. საბჭოს მიერ მიღებული 21.10.2021 წლის №12501/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს არგუმენტაციას ------- მიმართ არსებული მოთხოვნის უპროცენტო სესხად კვალიფიკაციის თაობაზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს დებიტორული მოთხოვნის უპროცენტო სესხად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად დგინდება, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, მომჩივნის დებიტორული მოთხოვნა, შემოწმებით დაკვალიფიცირდა, როგორც ფინანსური მომსახურების გაწევა (უპროცენტო სესხი) და 2017-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით, ყოველთვიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთით დათვლილი საპროცენტო სარგებელი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე საწარმოს მიეცა რეკომენდაცია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდებში საპროცენტო სარგებლის დეკლარირებაზე, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, საწარმოს შესაბამისი დეკლარირება არ უფიქსირდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველთვიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთით დათვლილი საპროცენტო სარგებელი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №094-123 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15075 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს არგუმენტაციას არსებული მოთხოვნის უპროცენტო სესხად კვალიფიკაციის თაობაზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 983;