ბრძანება N 5425

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.03.2024
№ დოკუმენტი 5425
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5425

13 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 5 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 მარტის (ოქმი №26) სხდომაზე განიხილა ფ/პ --------- (პ/ნ --------) №37537/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 თებერვლის №048-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

პირი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმებით გაანგარიშებული ყოველწლიური გადასახდელი თანხა წარმოადგენს სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთის წლიურ გადასახადს, მაშინ როცა საიჯარო ხელშეკრულებითა და მისი განუყოფელი შემადგენელი ნაწილის, იჯარის ობიექტის აღწერილობით ირკვევა და დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს -------- იჯარით აღებული ჰქონდა 40 ჰა. სათიბი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ამ კატეგორიის მიწაზე გადასახადის განაკვეთი კი გაცილებით ნაკლებია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხის გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №1105 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ -------- (პ/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 31 იანვარს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 8 თებერვლის №2372 ბრძანება და ამავე თარიღის №048-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 18 250 ლარი, მათ შორის გადასახადი 10 800 ლარი, ჯარიმა

5 400 ლარი და საურავი 2 050 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო პორტალის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ---------- (პ/ნ ------------) იჯარის წესით აღებული აქვს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 400 000 მ 2 მიწის ნაკვეთი, შემდეგ მისასამართზე: ქალაქი ----------- (ს/კ --------).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირს 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (მიწის) გადასახადი დეკლარირებული/გადახდილი არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით განხორციელდა მიწის გადასახადის გაანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების შესაბამისად. შედეგად. შემოწმებით, ფიზიკურ პირს დაერიცხა ქონების (მიწის) გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლოსამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.

ამავე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ნაწილით დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ----------- იჯარით აღებული აქვს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 400 000 მ 2 მიწის ნაკვეთი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირს 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (მიწის) გადასახადი დეკლარირებული/გადახდილი არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით განხორციელდა მიწის გადასახადის გაანგარიშება და გადასახადის დარიცხვა.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ქალაქ ---------- ფლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფართობით 400 000 მ2 .

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ ქონების (მიწის) გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ----------- (პ/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

პირი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო პორტალის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ იჯარის წესით აღებული აქვს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 400 000 მ2 მიწის ნაკვეთი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირს 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (მიწის) გადასახადი დეკლარირებული/გადახდილი არ აქვს. შედეგად. შემოწმებით, ფიზიკურ პირს დაერიცხა ქონების (მიწის) გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:203(ბ);204(1,4);205(12,14);