გადაწყვეტილება №21777/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21777/2/2024
16 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 2.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21777/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3696 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2023 წლის №081-184 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31313 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 920 567.63 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 510 138
დღგ - 197 804
მოგების გადასახადი - 358
საშემოსავლო გადასახადი - 311 143
ქონების გადასახადი - 833
ჯარიმა - 254 943
საურავი - 155 486.63
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ---------- თევზის იმპორტი/რეალიზაცია. საწარმოს იჯარით აქვს აღებული სასაწყობე (საყინულე/სამაცივრე) ფართი (მის.: ----------).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 10.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა რომ:
- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით უფიქსირდება ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი (სადისტრიბუციო). გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების მიხედვით ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს განხორციელებული, არ აწარმოებს საქონლის რაოდენობრივ აღრიცხვას, არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილია სმფ-ების და დებიტორული/კრედიტორული დავალიანების საწყისი და საბოლოო ნაშთები მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდისთვის (და არა წლების მიხედვით).
საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დამუშავდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, იმპორტირებული და ადგილობრივი სმფ-ის შესყიდვების/დოკუმენტური რეალიზაციების შესახებ, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტები, შედეგად, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო 17 ჯგუფად, 2019-2022 წლებში რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამის ჯგუფზე იდენტიფიცირებული დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც ჯამში საშუალოდ შეადგინა 25.52% (შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული შემოსავლის 46%-ს შეადგენს). საწყისს და საბოლოო მარაგებში საქონლის თითოეული ჯგუფის წილი განსაზღვრულია შესაბამის საანგარიშო პერიოდში მისი შეძენის წილის პროპორციულად მთლიანი პერიოდის შეძენაში. აღნიშნული პრინციპით განსაზღვრულ და დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობამ შეადგინა 1 102 413 ლარი, რომელიც პროპორციულად გადანაწილდა მთლიანი საანგარიშო პერიოდის დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ მთლიან ბრუნვაში.
გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი ჰქონდა სარესტორნე მომსახურების დღგ 39 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხით დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, შესაბამისად, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
- შემოწმების შედეგად შესწავლილია ფულადი სახსრების მოძრაობა, რომელშიც გათვალისწინებულია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი. ასევე, გათვალისწინებულია, საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტების საფუძველზე წარდგენილი სალაროში არსებული შესამოწმებელი პერიოდის საწყისი და საბოლოო ფულადი ნაშთები, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთები, საბანკო ამონაწერში არსებული საწყისი და საბოლოო ფულის ნაშთები, შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულადი ნაშთის ოდენობამ შეადგინა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 1 554 730 ლარი, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2022 წლის №28609 ბრძანება და ამავე თარიღის №081-213 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 11.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3696 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს ფასნამატის გაანგარიშების საკითხი, კერძოდ: დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქტზე გაავრცელოს, იმ სასაქონლო ზედნადებებით დადგენილი ფასნამატი, რომელიც გამოწერილია საწარმოს მიერ ბაზრის ტერიტორიაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3696 აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 31.08.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა რომ გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სათანადოდ დასაბუთებული მტკიცებულებები, შესაბამისად, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2023 წლის №22020 ბრძანება და ამავე თარიღის №081-184 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 10.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31313 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
უდავოა, რომ საწარმოს საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენდა თევზის იმპორტი საქართველოში და ქალაქ ---------- მასშტაბით მისი საცალო და საბითუმო რეალიზაცია. დადგენილი ფაქტია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმო სათანადო წესით ვერ აწარმოებდა ელექტრონულ ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც, ფასნამატის გაანგარიშების მიზნით, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ამ მეთოდის გამოყენების დროს, ფასნამატის გაანგარიშებისას, შემმოწმებლები დაეყრდნენ მხოლოდ და მხოლოდ საწარმოს მიერ გამოწერილ ზედნადებებს და საშუალო არითმეტიკული ფასნამატი გამოიანგარიშეს დოკუმენტურად დადასტურებული შეძენისა და რეალიზაციის ფასების მიხედვით. გამომდინარე აქედან ამ გზით გაანგარიშებულმა ფასნამატმა შეადგინა 25%.
დადგენილი ფაქტია, რომ საწარმო იმპორტირებული თევზის რეალიზაციის დიდი წილი მოდის საბითუმო რეალიზაციაზე (დაახლოებით 70%) და რეალიზაციის ამ ფორმის ძირითად ლოკაციას წარმოადგენს - ---------- თევზის ბაზარი და საკოლმეურნეო ბაზარი. უდავოა, რომ საცალო რეალიზაციის ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ კვების ობიექტები და სასტუმროები. იქედან გამომდინარე, რომ საცალო რეალიზაციის სუბიექტები ახდენდნენ საგადასახადო ადმინისტრირებას სათანადო წესით, მათვის მიწოდებული პროდუქცია სრულად იყო გატარებული და დაბეგრილი კანონის წესის დაცვით.
საცალო რეალიზაციისგან რადიკალურად განსხვავებული სურათია წარმოდგენილი თევზის და საკოლმეურნეო ბაზარზე პროდუქციის საბითუმო რეალიზაციას. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში ბაზარში დასაქმებულ პირთა უმრავლესობა არ აწარმოებს ბუღალტერიას და არ ახდენს საგადასახადო ადმინისტრირებას, რასაც თან ერთვის შემოსავლების სამსახურის მხრიდან არასრულყოფილი ადმინისტრირება. კომპანიის მიერ სასაქონლო ზედნადების გამოწერის მიუხედავად მის დადასტურებას ბაზარში დასაქმებული პირები არ უზრუნველყოფენ. ხოლო თუ საწარმო მოითხოვს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას (ამ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების მიღებას) პროდუქციის მიწოდებისას, მაშინ მყიდველი უარს აცხადებს პროდუქტის კომპანიიდან შესყიდვაზე და ბაზარზე ეძებს ალტერნატიულ მიმწოდებელს. არსებული რეალობის გათვალისწინებით საწარმო იძულებული იყო პროდუქციის მიწოდება მოეხდინა მოუწესრიგებელ საგადასახადო რეჟიმის პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას უარი უნდა ეთქვა საერთოდ სამეწარმეო საქმიანობაზე, რაც თვითლიკვიდაციის ტოლფასი იქნებოდა. ზემოაღნიშნული მოსაზრების დასტურად ისიც საკმარისი იქნება, რომ მოხდეს შემოსავლების სამსახურის ბაზების არსებული მონაცემების შედარება ბაზრის ტერიტორიაზე რამდენი მეწარმე სუბიექტია რეგისტრირებული. ცხადია, ამგვარი არსებული ვითარების შესწავლა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის განმარტების მართებულობაში დაარწმუნებდა.
რაც შეეხება, დავების საბჭოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სათანადოდ დასაბუთებული მტკიცებულებები, რაც საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი გახდებოდა, არის დაუსაბუთებელი, რადგან პროდუქცია, რომლის იმპორტსაც ახდენდა კომპანია გარკვეული დროის განმავლობაში, მისი რეალიზაციის საყოველთაოდ ცნობილ ლოკაციას წარმოადგენდა თევზის ბაზარი და კოლმეურნეობის ბაზარი, სხვა ადგილი, ბაზარი ან სივრცე, სადაც ამ ოდენობის თევზის რეალიზაცი მოახდენდა კომპანია უბრალოდ არ არსებობს. შესაბამისად, ნებისმიერ განმარტებას აქვს გონივრული განსაზღვრულობის და შეფასების მასშტაბი, რომელიც ობიექტურ შემფასებელს დაარწმუნებდა მის ჭეშმარიტებაში. ლოგიკურია, რომ თევზის შემოტანა სამეწარმეო საქმიანობის მიზნით ხდებოდა და მისი რეალიზაცია ბაზრებში რატომ არის არასარწმუნო დავების საბჭოსთვის უცნობია.
დადგენილი ფაქტია, რომ საგადასახადო შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელთან და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სად, როგორ და რა ფასში ხდებოდა პროდუქციის რეალიზაცია. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დოკუმენტაციის არსებობა საკმარისი საფუძველი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ მომხდარიყო ფაქტის განზოგადება და მისი ობიექტურად შეფასება. აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ დავების საბჭომ საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა საჩივრის ავტორის განმარტება ბაზრების არასაკმარის ადმინისტრირების შესახებ. ცხადია, აღნიშნული ცალსახად მიუთითებს დავების საბჭოს დაუსაბუთებელ მსჯელობასა და ფაქტების არასათანადოს შეფასებაზე.
არაერთხელ აღნიშნა, რომ პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ჩართული იყო არაერთი პირი, რომელთაც შეუძლიათ მოწმის სახით ჩვენების მიცემა შემოსავლების სამსახურისთვის. ადმინისტრაციულ ორგანოს თავადაც შეეძლო მოეკვლია ბაზრებში დასაქმებული პირები და გამოეკითხა იღებდნენ თუ არა პროდუქციას საჩივრის ავტორიდან და ა.შ. შემოსავლების სამსახურს სრული რესურსი და მექანიზმები გააჩნდა იმისათვის, რომ სათანადო კვლევით განესაზღვრა მიწოდებული ინფორმაციის სისწორე. მაგრამ ვინაიდან ამგვარ ღონისძიებებისთვის არ მიუმართავს, მოწმობს იმას, რომ შემოსავლების სამსახურის და შემდგომ დავების საბჭოს მსჯელობა არის არსებითად დაუსაბუთებელი.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-9 ნაწილის დეფინიციის თანახმად საუბარია უფლებაზე, რომელიც გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ საგადასახადო ორგანომ მსჯელობის და შეფასები გარეშე პირდაპირ დაადგინოს მიწოდებული ინფორმაციის გამოუსადეგობა, ისე რომ არ დაადგინოს ამის მიზეზები და კონტექსტი. ცხადია, რომ საწარმოს მიერ თევზის ფიზიკურ პირებზე მიწოდება დახლით ან/და სხვა საცალო რეალიზაციის არ ხდება. შესაბამისად, რესტორნებსა და სასტუმროებზე საქონლის მიწოდება ითვლება საცალო მიწოდებად, ხოლო თევზის ბაზარზე და საკოლმეურნეო ბაზარზე მიწოდება - საბითუმო მიწოდებად. რეალური ფასნამატიც განსხვავებულია - კერძოდ, თუ საცალო რეალიზაციის შემთხვევაში ფასნამატი შეადგენს 25%-ს, საბითუმოს შემთხვევაში ის არის 10-12%-ის ფარგლებში.
შემოწმების პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საბითუმო მიწოდებისას, 1.04.2018 წლის შემდეგ სასაქონლო ზედნადებები უმეტეს მყიდველზე არ იწერებოდა ან/და იწერებოდა ნაწილობრივ, შესყიდული საქონლის მხოლოდ ნაწილზე. ამის მიზეზი იყო ის, რომ 2018 წლის მარტში ---------- თევზის და საკოლმეურნეო ბაზარში მოხდა შემოსავლების სამსახურის მიერ კანონით დადგენილი ადმინისტრირების ღონისძიებების განხორციელება, რამაც გამოიწვია ბაზარზე მოვაჭრე პირების მიერ თევზის მომწოდებლებისთვის (მათ შორის კომპანიისთვის) ულტიმატუმის წაყენება - ან საქონლის მიწოდება მოხდება პირველადი დოკუმენტაციის გარეშე, მხოლოდ სალაროს ჩეკის მეშვეობით ან საერთოდ უარს განაცხადებდნენ საქონელის შესყიდვაზე. როგორც ცნობილია, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია მიიღოს გამოწერილი სასაქონლო ზედნადები, თუმცა ამ საკითხზე კომპანიის მხრიდან აპელირებას ექნებოდა ერთჯერადი ხასიათი და ბიზნესის სარეალიზაციო ბაზრის მნიშვნელოვანი წილი რისკის ქვეშ დადგებოდა. ამის ნაცვლად გადასახადის გადამხდელმა დაიწყო ყოველდღიური რეესტრების წარმოება, თუ რა ოდენობის საქონელი იყიდებოდა ბაზარში საბითუმოდ, ხოლო ტრანსპორტირებისას იყენებდა შიდა გადაზიდვას საწყობიდან ბაზრამდე.
საწარმოს დაფუძნებიდან - 1.04.2018 წლამდე ---------- თევზის და საკოლმეურნეო ბაზარში სულ რეალიზებულია 525 000 ლარის საქონელი, რომლის საგადასახადო ადმინისტრირება სრულად არის განხორცილებული. აღნიშნული მოცულობა ამავე პერიოდის მთლიანი რეალიზაციის 52%-ს შეადგენს, ხოლო რაოდენობრივ გამოხატულებაში - 70%-ს. მაგრამ, 1.04.2018 წლის შემდეგ საწარმოს მიერ ვეღარ ხდებოდა სასაქონლო ზედნადებების გამოწერა ან ხდებოდა ნაწილობრივ, რადგან ბაზარში დასაქმებული მყიდველები გარკვეული მიზეზების გამო უარს აცხადებდნენ დოკუმენტურად პროდუქციის მიღებაზე. ვინაიდან კომპანიისთვის პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრის წილის სწორედ თევზის და საკოლმეურნეო ბაზარზე მოდიოდა, იძულებული გახდა დათანხმებულიყო მყიდველთა მითითებას და პროდუქციის მიწოდება დოკუმენტის გარეშე მოეხდინა. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბაზარზე დოკუმენტურად რეალიზებული საქონელის მოცულობამ შეადგინა 520 000 ლარი ანუ ამავე პერიოდის მთლიანი რეალიზაციის 12%. ამავდროულად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საწყობიდან ბაზრის მისამართზე შიდა გადაზიდვით ტრანსპორტირებულია 52 ტონა საქონელი, რაც მთლიანად დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის 30%-ს შეადგენს.
ზედნადებების ანალიზის შედეგად ასევე დგინდება, რომ ბაზრის ტერიტორიაზე არსებული საწარმოს 16 მყიდველიდან 1.04.2018 წლის შემდგომ 13 მათგანზე საერთოდ არაა გაწერილი ზედნადები, ხოლო დარჩენილ 3 მყიდველზე გაცილებით ნაკლები ოდენობის ზედნადებებია გამოწერილი არასრულ 4 წელიწადზე (შემოწმების პერიოდში), ვიდრე მანამდე, არასრულ 2 წელიწადზე.
ის გარემოება, რომ შემმოწმებლის მიერ საკითხის თავიდან შესწავლისას „აღმოჩნდა“ ბაზარზე არაარსებითი დოკუმენტური მიწოდება, რა თქმა უნდა, უცხო არაა. სწორედ ამ საკითხზე აპელირებს კომპანია. შესაბამისად, საჩივრის ავტორის მოლოდინი იყო, რომ სწორედ ამ „არაარსებითი დოკუმენტური“ მიწოდების საფუძველზე მოხდება ფასნამატის გადაანგარიშება და შემმოწმებელს დაეხმარებოდა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებაში, როგორც საწყისი ინფორმაციული წყარო გადასახადის პოზიციის მართებულობისა. შედეგობრივად კი შემმოწმებელსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის კომუნიკაცია შედგა მხოლოდ ზედნადებების მიწოდებასთან დაკავშირებით და შემდგომში, შემმოწმებლის მხრიდან არანაირი საკითხის განხილვას ადგილი არ ჰქონია.
დარღვეულია შემოსავლების სამსახურის უფროსის 2.04.2012 წლის №5568 ბრძანებით დამტკიცებული საგადასახადო აუდიტის სახელმძღვანელოს მე-14 თავი მთლიანად და მათ შორის 14.3. მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც შემმოწმებელს ავალებს „...რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს მას თვითნებური შეფასებების უფლებამოსილება გააჩნდეს. აუდიტორის გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე. თუ გადამხდელს ეფექტური სააღრიცხვო სისტემა გააჩნია, თანმხლები დოკუმენტაციით, თუმცა დოკუმენტები სრულად არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, ეს არ უნდა იყოს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენების საფუძველი...“. ეს ჩანაწერი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ გარემოებას, რომ ზედნადებების რაოდენობა არ არის არსებითი, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც სახეზეა სულ ცოტა 3 ზედნადები, როგორც მომხდარი ფაქტი, რომლითაც საწარმო აპელირებს ფასნამატის ოდენობაზე, მიუხედავად ამისა, შემმოწმებელი არაარსებითად მიიჩნევს აღნიშნულ დოკუმენტაციას, რითაც არსებითად არღვევს აუდიტის სახელმძღვანელოს მე-14.3 მუხლის მე-5 ნაწილს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული ორგანოში საქმის სამართლიანად განხილვის უფლება მოიცავს გადაწყვეტილების დასაბუთებულობას და კანონიერებას, ანუ გადაწყვეტილება უნდა იყოს კანონთან თავსებადი და ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად შესწავლილი. ამ პრინციპის დაცვის ვალდებულება იმპერატიულად არის განსაზღვრული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო იმას თუ რამდენად ობიექტურად იკვლია ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივი გარემოებები ასახული უნდა იყოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში (სზაკ-ის 53-ე მუხლი).
პირველ რიგში აღსანიშნია, რომ თავდაპირველ საჩივარში, რომელიც წარედგინა დავების საბჭოს, საბჭომ გაიზიარა გადასახადის გადამხდელი მოსაზრებები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს ფასნამატის გაანგარიშების საკითხი, კერძოდ: დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქტზე გაავრცელოს, იმ სასაქონლო ზედნადებებით დადგენილი ფასნამატი, რომელიც გამოწერილია საწარმოს მიერ ბაზრის ტერიტორიაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მიუხედავად იმისა, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ აუდიტის დეპარტამენტს პირდაპირ განუსაზღვრა გარემოების შესწავლის არეალი და მიზანშეწონილობა, შემმოწმებელმა, ისე, რომ არ განუმარტავს, თუ რის გამო დარჩა თავდაპირველ მოსაზრებებზე, სადავო აქტი, უცვლელი ფორმით დაამტკიცა. არაერთხელ განმარტა, რომ ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევისა, აღნიშნული არ გამორიცხავს უფლებას სამართლიან ადმინისტრაციულ განხილვაზე. აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი. ნორმის დეფინიციით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს ყველა იმ შესაძლებლობით, რაც ობიექტური გარემოების დადგენაში დაეხმარება. პირველ რიგში აღსანიშნია, რომ შემოწმების პროცესშიც და შემდგომაც გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა აუდიტორებთან და მის ხელთ არსებული ინფორმაცია სრულად იქნა მიწოდებული. აუდიტის სამსახურმა გადასახადი გადამხდელის განმარტება არ გაიზიარა, მაგრამ ალტერნატიული დასაბუთება მას არ წარუდგენია. უფრო მეტიც, შემმოწმებლებმა ასევე უგულებელყო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მტკიცებულების არსებული დოკუმენტაციის შესწავლისა და პოზიციის გაზიარებაზე. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ აუდიტის სამსახურმა იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფორმაციით რომელიც საწარმოს მიმართ არსებობდა, მაგრამ საწყის ეტაპზევე განმარტა საწარმომ რომ აღნიშნული ინფორმაცია ვერ იქნებოდა სანდო შეფასებისას, იმ ვითარებაში რომ საუბარი იყო საცალო და საბითუმო რეალიზაციაზე. იქედან გამომდინარე, რომ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო კონკრეტული მითითებით უბრუნებს სადავო აქტს აუდიტის სამსახურს, იგი ვალდებულია თუ არ იზიარებს ამ მითითებას, მაშინ მან განსხვავებული პოზიცია არგუმენტირებულად და დასაბუთებულად წარმოადგინოს. აღნიშნულ შემთხვევაში, აუდიტის სამსახური იზიარებს მის თავდაპირველ პოზიციას, მაგრამ რატომ არ ეთანხმება საჩივრის ავტორს და დავების საბჭომ ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა, რაც კიდევ ერთხელ აფიქრებინებს სადავო აქტის დაუსაბუთებლობაზე.
ყურადღება გასამახვილებელია ასევე იმ ფაქტზე, რომ შემოსავლების სამსახურს, რომელსაც სრული ინფორმაცია აქვს ანალოგიურ საქმიანობაში მყოფი პირების შესახებ, კონფიდენციალურობის დაცვით, შესაძლებლობა ჰქონდა მოეხდინა ინფორმაციის შედარება, ლოკალური და რეგიონების მიხედვით, რაც შესაძლებლობას მისცემდა აუდიტის სამსახურს სრული წარმოდგენა ჰქონოდა საქმის ირგვლივ. გამომდინარე იქედანაც, რომ საქართველოში ბაზრების ადმინისტრირების ნაკლოვანებით ან საერთოდ ვერ ხდება, რაც საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს მძიმე საგადასახადო სამართალდარღვევის პასუხისმგებლობის საფუძველი კეთილსინდისიერი გადამხდელებისთვის. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად პირს ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად. დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე. არსებული გარემოება, რომელიც ეხება ბაზრების საგადასახადო ადმინისტრირებას სავსებით საკმარისი გარემოებაა პასუხისმგებლობის განსაზღვრისას. ამასთან, შემოსავლების სამსახურს აქვს ვალდებულება, წამოყენებული განმარტებები უარყოს ან გააბათილოს შემხვედრის დასაბუთებული პოზიციით, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და ზემოთქმულის გათვალისწინებით მოხდეს გადასახადის თანხისა და მასზე გაანგარიშებული სანქციის თანხის გადაანგარიშება (შემცირება) საცალო და საბითუმო ფასნამატების გათვალისწინებით, ფაქტობრივი დოკუმენტაციის მიხედვით, მათი რაოდენობის მიუხედავად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3696 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს ფასნამატის გაანგარიშების საკითხი, კერძოდ: დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქტზე გაავრცელოს, იმ სასაქონლო ზედნადებებით დადგენილი ფასნამატი, რომელიც გამოწერილია საწარმოს მიერ ბაზრის ტერიტორიაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3696 აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 31.08.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ:
გადაანგარიშების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ იდენტიფიცირებულია ის სასაქონლო ზედნადებები, რომელიც გამოწერილია საწარმოს მიერ ბაზრის ტერიტორიაზე, ჯამში სულ სამ პირზე: ---------- (პ/ნ ----------), ---------- (პ/ნ ----------) და ---------- (პ/ნ ----------). შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნულ პირებზე რეალიზებულია სულ 82 452 ლარის ღირებულების საქონელი, რაც მთლიანი დოკუმენტური რეალიზაციის 1.90%-მდეა. აღნიშნული შემოწმების შედეგად მიჩნეულია არაარსებით ოდენობად და შესაბამისად არასარწმუნოდ, იმისათვის რომ მომხდარიყო აქტით დარიცხული თანხების შემცირება გადაანგარიშების ეტაპზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის ვერ იქნა წარდგენილი დამამტკიცებელი დოკუმენტი იმისა, რომ დოკუმენტის გარეშე საქონლის რეალიზაციას სრულად ან ნაწილობრივ ახდენდა ბაზრის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ვერ მოხერხდა სრულყოფილი ანალიზის ჩატარება, რადგან გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სათანადოდ დასაბუთებული მტკიცებულებები, რაც საფუძველი გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით, დადგენილი ფაქტია, რომ საწარმოს მიერ იმპორტირებული თევზის დიდი ნაწილი რეალიზებულია საბითუმოდ (დაახლოებით 70%) და რეალიზაციის ამ ფორმის ძირითად ლოკაციას წარმოადგენს - ---------- თევზის ბაზარი და საკოლმეურნეო ბაზარი. უდავოა, რომ საცალო რეალიზაციის ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ კვების ობიექტები და სასტუმროები. აღსანიშნია, რომ საქართველოში ბაზარში დასაქმებულ პირთა უმრავლესობა არ აწარმოებს ბუღალტერიას და არ ახდენს საგადასახადო ადმინისტრირებას. კომპანიის მიერ სასაქონლო ზედნადების გამოწერის მიუხედავად მის დადასტურებას ბაზარში დასაქმებული პირები არ უზრუნველყოფენ. ხოლო თუ საწარმო მოითხოვს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას (ამ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების მიღებას) პროდუქციის მიწოდებისას, მაშინ მყიდველი უარს აცხადებს პროდუქტის კომპანიიდან შესყიდვაზე და ბაზარზე ეძებს ალტერნატიულ მიმწოდებელს. შემოწმების პროცესშიც და შემდგომაც გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა აუდიტორებთან და მის ხელთ არსებული ინფორმაცია სრულად იქნა მიწოდებული. აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის განმარტება არ გაიზიარა, მაგრამ ალტერნატიული დასაბუთება მას არ წარუდგენია. უფრო მეტიც, შემმოწმებელმა უგულებელყო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მტკიცებულების სახით არსებული დოკუმენტაციის შესწავლისა და პოზიციის გაზიარებაზე.
მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტრულ და საქონლის რაოდენობრივ აღრიცხვას, არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერა, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. 2019- 2022 წლებში რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამის ჯგუფზე იდენტიფიცირებული დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც ჯამში საშუალოდ შეადგინა 25.52% (შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული შემოსავლის 46%-ს შეადგენს). ამასთან, მომჩივანი შემოწმების მიმდინარეობისასაც ითხოვდა, რომ არადოკუმენტურ რეალიზაციაზე არ გავრცელებულიყო დოკუმენტური ფასნამატი, რადგან არადოკუმენტური რეალიზაცია სრულად ხორციელდებოდა მხოლოდ ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ზემოთ მითითებული გარემოებების გამო ვერ ახდენს დოკუმენტით რეალიზაციას. გადაანგარიშების ეტაპზეც მომჩივანმა მიუთითა მხოლოდ სამ პირზე, რომელთა მიმართაც გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში დასრულების ადგილად მითითებული იყო ბაზრის ტერიტორია, მაგრამ კიდევ 12 პირი იყო ანალოგიურად, თუმცა მომჩივანი არ მიიჩნევს, რომ უნდა განხორციელდეს მათი გათვალისწინებაც, რადგან წარმოადგენენ თევზის რესტორნებს და არა ბაზარში დასაქმებულ პირებს. ამდენად, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა აღნიშნული სამი პირის ანალიზი, შედეგად დადგინდა რომ შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნულ პირებზე რეალიზებულია სულ 82 452 ლარის ღირებულების საქონელი, რაც მთლიანი დოკუმენტური რეალიზაციის 1.90%-მდეა (შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული შემოსავლის 46%-ს შეადგენს). აღნიშნული შემოწმების შედეგად მიჩნეულია არაარსებით ოდენობად და შესაბამისად არასარწმუნოდ, იმისათვის რომ მომხდარიყო აქტით დარიცხული თანხების შემცირება გადაანგარიშების ეტაპზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის ვერ იქნა წარდგენილი დამამტკიცებელი დოკუმენტი იმისა, რომ დოკუმენტის გარეშე საქონლის რეალიზაციას სრულად ან ნაწილობრივ ახდენდა ბაზრის ტერიტორიაზე.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3696 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3696 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით, დადგენილი ფაქტია, რომ საწარმოს მიერ იმპორტირებული თევზის დიდი ნაწილი რეალიზებულია საბითუმოდ (დაახლოებით 70%) და რეალიზაციის ამ ფორმის ძირითად ლოკაციას წარმოადგენს - თევზის ბაზარი და საკოლმეურნეო ბაზარი. უდავოა, რომ საცალო რეალიზაციის ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ კვების ობიექტები და სასტუმროები. აღსანიშნია, რომ საქართველოში ბაზარში დასაქმებულ პირთა უმრავლესობა არ აწარმოებს ბუღალტერიას და არ ახდენს საგადასახადო ადმინისტრირებას. კომპანიის მიერ სასაქონლო ზედნადების გამოწერის მიუხედავად მის დადასტურებას ბაზარში დასაქმებული პირები არ უზრუნველყოფენ. ხოლო თუ საწარმო მოითხოვს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას (ამ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების მიღებას) პროდუქციის მიწოდებისას, მაშინ მყიდველი უარს აცხადებს პროდუქტის კომპანიიდან შესყიდვაზე და ბაზარზე ეძებს ალტერნატიულ მიმწოდებელს. შემოწმების პროცესშიც და შემდგომაც გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა აუდიტორებთან და მის ხელთ არსებული ინფორმაცია სრულად იქნა მიწოდებული. აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის განმარტება არ გაიზიარა, მაგრამ ალტერნატიული დასაბუთება მას არ წარუდგენია. უფრო მეტიც, შემმოწმებელმა უგულებელყო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მტკიცებულების სახით არსებული დოკუმენტაციის შესწავლისა და პოზიციის გაზიარებაზე. მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტრულ და საქონლის რაოდენობრივ აღრიცხვას, არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერა, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. 2019- 2022 წლებში რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამის ჯგუფზე იდენტიფიცირებული დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც ჯამში საშუალოდ შეადგინა 25.52% (შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული შემოსავლის 46%-ს შეადგენს). ამასთან, მომჩივანი შემოწმების მიმდინარეობისასაც ითხოვდა, რომ არადოკუმენტურ რეალიზაციაზე არ გავრცელებულიყო დოკუმენტური ფასნამატი, რადგან არადოკუმენტური რეალიზაცია სრულად ხორციელდებოდა მხოლოდ ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ზემოთ მითითებული გარემოებების გამო ვერ ახდენს დოკუმენტით რეალიზაციას. გადაანგარიშების ეტაპზეც მომჩივანმა მიუთითა მხოლოდ სამ პირზე, რომელთა მიმართაც გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში დასრულების ადგილად მითითებული იყო ბაზრის ტერიტორია, მაგრამ კიდევ 12 პირი იყო ანალოგიურად, თუმცა მომჩივანი არ მიიჩნევს, რომ უნდა განხორციელდეს მათი გათვალისწინებაც, რადგან წარმოადგენენ თევზის რესტორნებს და არა ბაზარში დასაქმებულ პირებს. ამდენად, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა აღნიშნული სამი პირის ანალიზი, შედეგად დადგინდა რომ შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნულ პირებზე რეალიზებულია სულ 82 452 ლარის ღირებულების საქონელი, რაც მთლიანი დოკუმენტური რეალიზაციის 1.90%-მდეა (შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული შემოსავლის 46%-ს შეადგენს). აღნიშნული შემოწმების შედეგად მიჩნეულია არაარსებით ოდენობად და შესაბამისად არასარწმუნოდ, იმისათვის რომ მომხდარიყო აქტით დარიცხული თანხების შემცირება გადაანგარიშების ეტაპზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის ვერ იქნა წარდგენილი დამამტკიცებელი დოკუმენტი იმისა, რომ დოკუმენტის გარეშე საქონლის რეალიზაციას სრულად ან ნაწილობრივ ახდენდა ბაზრის ტერიტორიაზე.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275.