გადაწყვეტილება №27252/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27252/2/2026
18 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ,,-----" (ს/ნ -----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 29.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-----" 28.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27252/2/2026).
დავის საგანი:
საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 24 თებერვლის N EL309071 სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის N 8903 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 6 000 ლარი.
ფაქტების აღწერა:
2026 წლის 20 თებერვალს მომჩივნის საბაჟო საწყობში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით N ----- (20/02/2026) შეტანილ იქნა საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონელი (მილები), რაც დასტურდება საბაჟო საწყობის მიერ წარდგენილი განცხადებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო საწყობი ვალდებული იყო აღრიცხვის მოწმობის დამოწმების დღის 24 საათამდე „eCustoms“-ში ელექტრონულად დაედასტურებინა გამოცხადება, რაც ზემოხსენებული საბაჟო საწყობის მიერ იქნა უგულებელყოფილი.
საბაჟო საწყობის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისთვის, მომჩივანს, 2026 წლის 24 თებერვლის N EL309071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 22 აპრილის N 8903 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“, და „ქ“ ქვეპუნქტებზე, ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
2026 წლის 15 აპრილს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში სამართალდარღვევის აღნიშნულ ოქმთან დაკავშირებით გამოქვეყნებული საბაჟო დეპარტამენტის N 8459 ბრძანებით გასწორდა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიმართ 2026 წლის 24 თებერვალს შედგენილ N EL309071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში, საბაჟო სამსახურის წარმომადგენლის მიერ დაშვებული შეცდომა, კერძოდ:
1. „ა“ ქვეპუნქტთან მიმართებაში „დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები“. გაირკვა და N 8459 ბრძანებით დადასტურდა, რომ ციტირება: „ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში შპს „-----“ მხრიდან არ დარღვეულა დასახელებული ნორმებით დადგენილი მოთხოვნები, ჩადენილი ქმედება ვერ ჩაითვლება საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობების დაუცველობად“ და „არ იკვეთება შპს „-----“ მხრიდან საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა“.
2. „დ“ ქვეპუნქტთან მიმართებაში „მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები“. გაირკვა და N 8459 ბრძანებით დადასტურდა, რომ: ციტირება: „ N EL309071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება ვერ ჩაითვლება ვერც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „დ” ქვეპუნქტით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევად, რადგან აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს საბაჟო საწყობის მოწყობასთან დაკავშირებულ წესს და საბაჟო საწყობის მიერ ელექტრონულად მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში შესასრულებელი მოქმედების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა ვერ წარმოშობს საბაჟო საწყობის მოწყობის წესის დარღვევად მიჩნევის საფუძველს".
რაც შეეხება მე-8-ე მუხლის „გ“ (ხელი არ შეიშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას) და „ქ“ (უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება - მოვალეობების ჯეროვნად შესრულება) პუნქტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით N 8459 ბრძანებაში განმარტება მოცემულია არა მტკიცებითი ფორმით როგორც ეს „ა“ „დ“ ქვეპუნქტებთან მიმართებაშია გაკეთებული, არამედ ვარაუდის (შესაძლებელია) ფორმით, კერძოდ, ციტირება: „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევის ნაწილში, შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობად“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბაჟო დეპარტამენტმა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მოცემული 4 (ოთხი) დარღვევიდან 2 (ორი) დაუსაბუთებლად ცნო, ხოლო_2 (ორი) მხოლოდ ვარაუდის „შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს“ საფუძველზე ჩათვალა კანონიერად.
აღნიშნულს არ დაეთანხმა და 2026 წლის 21 აპრილის N ----- განცხადებით მეორეჯერ მიმართა სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო"-ს (რეგ. N ----- / 22.04.26) ციტირება:
„კიდევ ერთხელ, გთხოვთ განიხილოთ და გააუქმოთ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება და შპს „-----“ ჩამოაწეროთ მასზე უსაფუძვლოდ დარიცხული 6000.00 ლარი“.
განმეორებით განცხადების ჩაბარების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში 2026 წლის 22 აპრილს გამოქვეყნდა სსიპ ,,შემოსავლების სამსახური"-ს N 8903 ბრძანება, რომლის თანახმადაც დავების განხილვის საბჭომ მართლზომიერად ჩათვალა და პრაქტიკულად დაეთანხმა საბაჟო დეპარტამენტის ბრძანებაში ჩანაწერს ციტირება:
„საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაშვებული შეცდომა შეიცვალა ჩანაწერით „დარღვეულ იქნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8-ე მუხლის „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით დადგენილი სანებართვო პირობები“ და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----" 2026 წლის 24 მარტის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“
შემოსავლების სამსახურის N 8903 ბრძანების თანახმად სანებართვო პირობების დარღვევა განმარტებულია მე-17 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ციტირება:
„დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის მიერ მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა „eCustoms"-ში ელექტრონულად გამოცხადება არ განხორციელებულა აღრიცხვის მოწმობის დამოწმების დღის 2026 წლის 20 თებერვლის 24 საათამდე. შესაბამისად, მისი მხრიდან დარღვეული იყო საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისათვის დადგენილი ვალდებულებები/სანებართვო პირობები და მისი ქმედებით ასევე ხელი შეეშალა საბაჟო კონტროლის განხორციელებას.“
აღნიშნულ განმარტებას არ ეთანხმება, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში დოკუმენტურად დაუდასტურებელი ვალდებულება/სანებართვო პირობების ზოგადი მცნების „გ“ ქვეპუნქტთან პირდაპირი დაკავშირება, რომელშიც არაორაზროვნად და მკაფიოდაა განმარტებული დასჯადი ქმედების შინაარსი „ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას“, ბრძანებაში მოცემული ციტირება: „მისი ქმედებით ასევე ხელი შეეშალა საბაჟო კონტროლის განხორციელებას“ სინამდვილეს არ შეესაბამება, მით უმეტეს იმ ფაქტობრივი მოცემულობის არსებობის პირობებში, როდესაც საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელს ფიზიკურად ობიექტზე შემოწმება არ ჩაუტარებია, ხოლო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მომჩივნის მიერ საბაჟო დეპარტამენტში ჩაბარებულ განცხადებაში (რეგ.N -----/-----2/2026 წ) მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ანუ შპს „-----“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისადმი ხელშეშლის ფაქტს.
რაც შეეხება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში მოცემულ „ქ“ ქვეპუნქტს, რომელიც თავისი შინაარსით ასევე ზოგადია ციტირება:
„უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება - მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ დადგენილი და დასაბუთებული დარღვევის გამეორების შემთხვევაში, ამიტომ „გ“ ქვეპუნქტის დაუსაბუთებლობის გამო მისი გამოყენების საფუძველი არ არსებობს. საბაჟო დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ:
2026 წლის 20 თებერვალს 14:48 საათზე საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვის ზედდებული (CMR) N ----- -ით ----- საბაჟო საწყობში შეტანილი 20851 კგ წონის 1.4 მეტრი დიამეტრის მქონე 12 მეტრამდე სიგრძის რკინის 2 (ორი) მილის მიღება დამოწმებულია ასიკუდას თანამშრომლის მიერ ზედდებულის უკანა გვერდზე დასმული საბაჟო საწყობის მართკუთხა შტამპითა და ხელმოწერით, რომელში ჩაწერილია მიღების დრო და თარიღი ანუ ტვირთის მიღება დადასტურებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის N 3 დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მუხლი 10-ის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, ასიკუდას თანამშრომლის სამსახურებრივმა გადაღლილობამ, რომლის ალბათობა იშვიათად მაგრამ, მაინც არსებობს 24 საათიანი გრაფიკით მომუშავე ადამიანებში, განაპირობა აღრიცხვის მოწმობის დამოწმების დღის 2026 წლის 20 თებერვლის 24 საათამდე მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა „eCustoms"-ში დადასტურების ელექტრონულად გამოუცხადებლობის ფაქტი. აღნიშნული გაანალიზების გარეშე არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ეს ბრძანებაშია ჩაწერილი, საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ციტირება: „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისათვის დადგენილი ვალდებულებების/სანებართვო პირობების დარღვევად.
განცხადების განხილვისას სასურველია გათვალისწინებულ იქნას ქვემოთ მოცემული დოკუმენტურად დასაბუთებული ინფორმაცია:
1) შესრულებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის N 3 დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მუხლი 10- ით გათვალისწინებული ძირითადი ნაწილი, ანუ ტვირთის საბაჟო საწყობში მიღება და გაფორმება დოკუმენტურად დადასტურებულია არსებული წესის სრული დაცვით.
2) საბაჟო საწყობში საქონლის მიღების სრულყოფილად გაფორმებული და დადასტურებული დოკუმენტი თავის მხრივ გამორიცხავს ასიკუდას თანამშრომლის მხრიდან წინასწარ განზრახულ ქმედებას და ადასტურებს სადღეღამისო რეჟიმით (24 საათი) მომუშავე ადამიანის გადაღლილობის ფაქტს, რომლისგანაც დიდი ალბათობით არავინაა დაზღვეული.
3) მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა „eCustoms"-ში აღრიცხვის მოწმობის ელექტრონულად გამოუცხადებლობით არავინ დაზარალებულა და არც საბაჟო სამსახურში გამოუწვევია რაიმე სახის შეფერხება აღრიცხვასთან მიმართებაში და რაც მთავარია
4) დაშვებული შეცდომა გასწორდა არა საბაჟო სამსახურის მიერ საბაჟო საწყობში ჩატარებული შემოწმების შედეგად არამედ, შპს „-----“ მიერ საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილი განცხადებით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
გთხოვთ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის საფუძველზე გააუქმოთ N EL309071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით და კომპანიას ჩამოეწეროს გადასახდელად დაკისრებული 6000.00 (ექვსი ათასი) ლარი.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8-ე მუხლის „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას და უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) მე-10-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება:
საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის“ მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მოწმობის დამოწმების დღის 24 საათამდე, „eCustoms“-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება;
საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საბაჟო საწყობის საქმიანობისან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 25 მაისის N ----- წერილის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტის „-----“ გავლით შემოტანილ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი N ----- ) რეგისტრირებულ იქნა N ----- (20/02/2026) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა და საქონელი გაშვებულ იქნა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საბაჟო საწყობის დანიშნულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული საქონლის შპს „-----“ საბაჟო საწყობში წარდგენა განხორციელდა 2026 წლის 20 თებერვალს, რაც დასტურდება საბაჟო საწყობის მიერ აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით.
საბაჟო საწყობის მიერ მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში ელექტრონულად გამოცხადება უნდა განხორციელებულიყო აღრიცხვის მოწმობის დამოწმების დღის – 2026 წლის 20 თებერვლის 24 საათამდე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ შესრულდა.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირ განხილვაზე განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისათვის დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობამ განაპირობა ის, რომ საბაჟო ორგანო არ ფლობდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო საწყობში ფაქტობრივად განთავსების შესახებ ინფორმაციას, რაც, თავის მხრივ, ავტომატურად აფერხებს და ხელს უშლის საბაჟო ორგანოს, განახორციელოს ეფექტური, უწყვეტი და დროული საბაჟო კონტროლი/ზედამხედველობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ საბაჟო საწყობმა ვერ შესრულა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობა - სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის დამოწმების დღის (20.02.2026) 24 საათამდე გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება, შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს ქმედება, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ საბაჟო საწყობში შეტანილი საქონლის შესახებ აუცილებელი ელექტრონული დადასტურება მოცემულ ვადაში არ განხორციელდა, რის გამოც საწყობს დაეკისრა ჯარიმა. მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ჯერ შემოსავლების სამსახურში, შემდეგ კი დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს ქმედება, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 127(3); 163 (1); 176 (1 ; 2)
2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანება; 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილება;