ბრძანება N 33871
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33871
29 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 2 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №84612/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №021-80 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას. გადამხდელი აცხადებს, რომ ეს იყო დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი აქტივის გადაცემა, ვინაიდან ხელშეკრულების საფუძველზე ფაქტობრივად მოხდა მთლიანი საწარმოს გადაცემა შემადგენელი უძრავი და მოძრავი ქონებით. მიუთითებს, რომ შესაბამისი ხელშეკრულება წარმოდგენილი აქვთ აუდიტორთან შემოწმების პროცესში. აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოძრავ და უძრავ ქონებას სხვადასხვა მარეგისტრირებელი ორგანოები არეგისტრირებენ, ქონებების გადაფორმება მოხდა სხვადასხვა დღეს. თუმცა რეალურად საწარმოს გადაცემა ერთი ოპერაციით განხორციელდა.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ხარჯების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (N0256 მანუალის შესაბამისად) დადგენილი სმფ-ის თვითღირებულებასა და სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევას. აცხადებს, რომ შესყიდვის აქტი არსებობს ყველა კილოგრამ ჯართზე, უბრალოდ გამორჩენილია ჟურნალის წარმოების დროს. აცხადებს, რომ მიღებული ჯართი დაბეგრილია 3%-იანი განაკვეთით, ასევე, სრულად არის რეალიზებული ზედნადებით და ფულიც სრულად მიღებულია სალაროში. მიუთითებს, რომ შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენენ. ასევე, მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული მეთოდის გამოყენებით ფასნამატი გამოდის 25%, რასაც არ ეთანხმება, რადგან ამ ბიზნესში კონკურენციის გამო ფასნამატი არ ცდება 7- 10%-ს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის №16767 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 ოქტომბრის №24475 ბრძანება და ამავე თარიღის №021-80 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 401 859 ლარი, მათ შორის, გადასახადი 229 101 ლარი, ჯარიმა 113 903 ლარი, საურავი 58 855 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის 7 ივლისს ფ/პ ------- შეძენილია 2922 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა მასზე დამაგრებული 104 კვ.მ. შენობა-ნაგებობით, მდებარე -------, ------- 272 360 ლარად დღგ-ის ჩათვლით (ა/ფ. ეა-------) და აღნიშნულზე საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა.
საწარმოს 2022 წლის ოქტომბერში აღნიშნული მიწა მასზე დამაგრებული შენობა ნაგებობით რეალიზებული აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირზე, შპს „-------“ 230 813 ლარად (შესყიდვის ღირებულებაზე დაბალ ფასად). ბუღალტრული ჩანაწერებით შპს „-------“ (ს/ნ -------) ეს თანხა დღემდე არ მიუღია, ერიცხება დავალიანება. შპს „-------“ დირექტორი ------- ამავდროულად არის შპს „-------“ დაქირავებული თანამშრომელი. შემოწმების მიერ შპს „-------“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია დებიტორული/კრედიტორული დავალიანების შესახებ შპს „-------“ (შპს „-------“ 2023 წლის 18 სექტემბერს დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ინფორმაციის წარმოუდგენლობაზე). შპს „-------“ წარმომადგენლის განმარტებით, ზემოაღნიშნული იყო დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი აქტივის სხვა დასაბეგრი პირისათვის მიწოდება, კერძოდ, ბლოკის საწარმოს მიწოდება შპს „-------“.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ განხორციელებული აქტივის რეალიზაცია, არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160- ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნებს. ამდენად, აღნიშნულ ოპერაციაზე არ გავრცელდება ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდებისათვის დადგენილი წესი, ვინაიდან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულება. არ არის მითითებული აქტივების ჩამონათვალი, რომლის გადაცემაც ხორციელდებოდა. ასევე, დღგ-ის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში აქტივის მიწოდება არც მიმწოდებელ და არც შემძენ მხარეს არ აქვს დაფიქსირებული. შედეგად, შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რეალიზაცია მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით განხილულ იქნა საქონლის მიწოდებად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
2. შპს „-------“ საქმიანობას წარმოადგენს შავი ლითონის ჯართით ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და ბუღალტრული პროგრამა ორისის მონაცემების მიხედვით, 2020-2023 წლებში გადასახადის გადამხდელს სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით შპს „-------“ და შპს „-------“ მიწოდებული აქვს 3 149 509 ლარის ღირებულების ჯართი თვითღირებულებით, რომელიც დაბეგრილი აქვს წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით (მიღებული თანხა და არა დარიცხული (აგროსილი)). გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით რეალიზებული საქონლის ღირებულება სრულად აქვს მიღებული, ხოლო ფულის ნაშთი შეადგენს 0 (ნულ) ლარს. საწარმოს, რეალიზებული საქონლის 1 649.752 ტონა, 1 608 650 ლარის ჯართის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნია. გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნა. შესაბამისად, შემოწმებით სმფ-ების ხარჯად განხილულ იქნა საქონლის სარეალიზაციო ფასის 75% და საქონლის სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობა ჩათვლილ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ხოლო, მეშვიდე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებად არ განიხილება დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 501 მუხლის თანახმად:
1. საქონლის მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად არ განიხილება დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება.
2. ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
გ) ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება – ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე იმ აქტივთა ერთობლიობის მიწოდება, რომლებიც წარმოადგენენ მიმწოდებლის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ და საკმარის აქტივებს;
დ) დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფი − დასაბეგრი პირის აქტივების ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობას და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე.
3. ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდების ფარგლებში, გადასაცემ აქტივებს შესაძლებელია წარმოადგენდეს ნებისმიერი აქტივი, რომელსაც მიმწოდებელი იყენებს ან განკუთვნილია გამოსაყენებლად იმ ეკონომიკურ საქმიანობაში, რომელთან დაკავშირებითაც ხორციელდება ყველა აქტივის ან მისი ნაწილის მიწოდება, მათ შორის:
ა) ძირითადი საშუალებები;
ბ) სასაქონლო მატერიალური ფასეულობები;
გ) არამატერიალური ქონება (მათ შორის, გუდვილი, ინტელექტუალური საკუთრება, მოთხოვნები, ხელშეკრულებებში ჩანაცვლების უფლება).
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული აქტივების მიწოდებაზე ამავე მუხლის პირველი პუნქტი გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა:
ა) აქტივები გადაეცემა როგორც აქტივთა ერთობლიობა, რომელიც მიმწოდებლის იმ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების საშუალებას იძლევა, რომელთან დაკავშირებითაც მის მიერ ხორციელდება ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება;
ბ) აქტივების მიწოდება ხორციელდება წერილობითი ფორმით დადებული ერთიანი გარიგების საფუძველზე, რა დროსაც, შესაბამისი დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს იმ აქტივების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა გადაცემაც ხორციელდება ამ ოპერაციის ფარგლებში;
გ) მიმწოდებელს და შემძენს მიწოდება ასახული აქვთ შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.
5. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ:
ა) ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდების მომენტისათვის, მიმწოდებლის მიერ ამ აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება შეჩერებულია;
ბ) გადასაცემ აქტივთა ჩამონათვალში შედის ისეთი აქტივი, რომელიც შესაძლოა არ იყოს აუცილებელი შესაბამისი სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის, მაგრამ უკავშირდება მას და შემძენს ხელს შეუწყობს ამ საქმიანობის გაგრძელებაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს 2022 წლის ოქტომბრის თვეში ურთიერთდამოკიდებულ პირზე, შპს „-------“ 230 813 ლარად (შესყიდვის ღირებულებაზე დაბალ ფასად) რეალიზებული აქვს მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული შენობა ნაგებობით. ამ ოპერაციასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულება და მასში არ არის მითითებული აქტივების ჩამონათვალი, რომლის გადაცემაც ხორციელდებოდა. ასევე, დღგ-ის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში აქტივის მიწოდება არც მიმწოდებელ და არც შემძენ მხარეს არ აქვს დაფიქსირებული.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა ნაგებობის რეალიზაციის მიწოდებად განხილვა და შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით რეალიზებული საქონლის ღირებულება სრულად აქვს მიღებული, ხოლო ფულის ნაშთი შეადგენს 0 (ნულ) ლარს. შემოწმებით გამოვლინდა, რომ საწარმოს რეალიზებული აქვს 1 649, 752 ტონა ჯართი, რომელზეც არ გააჩნია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შემოსავლების სამსახურის N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით სმფ-ების ხარჯად განხილულ იქნა საქონლის სარეალიზაციო ფასის 75%, ხოლო 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით სმფ-ის თვითღირებულებასა და საქონლის სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობა ჩათვლილ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, გადამხდელს განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას; ხარჯების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი სმფ-ის თვითღირებულებასა და სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წელს შეძენილია არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით და აღნიშნულზე საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა.
საწარმოს 2022 წელს აღნიშნული მიწა მასზე დამაგრებული შენობა ნაგებობით რეალიზებული აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირზე. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ განხორციელებული აქტივის რეალიზაცია, არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160- ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნებს. ამდენად, აღნიშნულ ოპერაციაზე არ გავრცელდება ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდებისათვის დადგენილი წესი, ვინაიდან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულება. შედეგად, შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რეალიზაცია მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით განხილულ იქნა საქონლის მიწოდებად.
2. ორგანიზაციის საქმიანობას წარმოადგენს შავი ლითონის ჯართით ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და ბუღალტრული პროგრამა ორისის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით ჯართი თვითღირებულებით, რომელიც დაბეგრილი აქვს წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით (მიღებული თანხა და არა დარიცხული (აგროსილი)). გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით რეალიზებული საქონლის ღირებულება სრულად აქვს მიღებული, ხოლო ფულის ნაშთი შეადგენს 0 (ნულ) ლარს. შესაბამისად, შემოწმებით სმფ-ების ხარჯად განხილულ იქნა საქონლის სარეალიზაციო ფასის 75% და საქონლის სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობა ჩათვლილ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 160(7);