გადაწყვეტილება №24194/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.01.2025
№ დოკუმენტი 24194/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 24194/2/2024

21 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----------- 25.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24194/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;

2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №031-10 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 სექტემბრის №20744 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 143 745,14 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 76 739

დღგ - 10 412

ქონების გადასახადი - 2 744

საშემოსავლო გადასახადი - 63 583

ჯარიმა - 38 159

საურავი - 28 847,14

 

პროცედურული გარემოებები

მეწარმის საქმიანობაა სასოფლო-სამურნეო პროდუქციით ვაჭრობა. ამასთან, რიგ შემთხვევებში თვითონ აწარმოებს სოფლის მეურნეობის პროდუქციას (კარტოფილი) შემდგომი რეალიზაციის მიზნით. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2024 წლის 10 ივლისის №16367 ბრძანება და 11 ივლისის №031-10 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 სექტემბრის №20744 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს არასრულად აქვს დეკლარირებული 2021 წლის ერთობლივი შემოსავალი, კერძოდ, სრულად არ არის ჩართული როგორც ადგილობრივი რეალიზაცია, ასევე, ექსპორტზე გატანილი პროდუქციის ღირებულება. შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული და ასევე შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეძენილი პროდუქცია ჩაითვალა რეალიზაციად შესაბამისი პერიოდების საბაზრო ფასებით. ერთობლივ შემოსავალში ასევე, ჩართულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლები. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია 2022 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია.

მეწარმის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავლები, გარკვეულ ნაწილში გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, რადგან მეწარმეს არ ჰქონდა წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვა. შედეგად, გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი პერიოდების მიხედვით.

2022 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 200 000 ლარს, რის შედეგადაც მას გაუუქმდა საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. ამასთან, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2021 წლის საანგარიშო პერიოდზე შემოწმების მიერ შემოსავლების დადგენის მიზნით რეალიზებული პროდუქციის ფასნამატად გამოყენებულია 59%. აღნიშნული ფასნამატი მიღებულია მის მიერ გამოწერილი ორი ზედნადების საფუძველზე. მიღებული ფასნამატის გამოყენებას არ ეთანხმება, ვინაიდან მხოლოდ რეალიზაციის ორ შემთხვევასთან გვაქვს ადგილი და მოცემული ინფორმაცია სრული სურათის დასანახად საკმარისი არ არის. ახდენდა ადგილობრივ ბაზარზე შესყიდული საქონლის რეალიზაციას და ამ ოდენობის ფასნამატით რეალიზაცია ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან 2021 წელს 4 582 ლარით გაზრდილია ერთობლივი შემოსავალი და აღნიშნული შემოწმების მიერ მოცემულ გაანგარიშებიდან არ იშიფრება. მისი მოთხოვნაა 2021 წელში ნაცვლად შემმოწმებლის მიერ მიღებული ფასნამატისა, გამოყენებულ იქნას მესამე პირის ფასნამატი. დაკორექტირდეს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და 2021 წლის ერთობლივი შემოსავალი.

 

მეორე გარემოება:

2021 წელში შესყიდული 142 800 კგ კარტოფილი ჩაითვალა რეალიზებულად (კილოგრამი ერთ ლარად). აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან მომჩივნის მიერ აღნიშნული კარტოფილი შეძენილია კილოგრამი 0.7 ლარად სახელმწიფო კომპანიისგან. სახელმწიფო კომპანიას კარტოფილის რეალიზაცია შეუძლია საბაზრო ფასად, რომელიც დადგენილია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ, შესაბამისად აღნიშნული ფასი თანხვედრაშია ბაზარზე მოცემულ პირობებთან და მომჩივნის მიერ მოცემული კარტოფილის რეალიზება ამ ოდენობის ფასნამატით შეუძლებელი იქნებოდა. გადამხდელი რეალიზებას ახდენს სოფლად, სათესლე მიზნებისთვის, საბითუმო რეალიზაციის გზით. ფასნამატი კილოგრამზე არ აღემატებოდა 5-10 თეთრს. ითხოვს დაკორექტირდეს შემოწმების მიერ გამოყენებული ფასი.

 

მესამე გარემოება:

2022 წელში, მის მიერ მოყვანილია კარტოფილი, რის შედეგადაც მიღებულმა მოსავალმა შეადგინა 428 400 კგ. მიღებული მოსავლის რეალიზაცია მოხდა მისი აღების მომენტშივე, მინდვრიდან, ყოველგვარი დახარისხების და გადარჩევის გარეშე. რეალიზაციის საშუალო ფასმა შეადგინა 0.40 ლარი. შემმოწმებელი არ დაეთანხმა აღნიშნულ ფასს და სარეალიზაციო ფასად მიიჩნია შპს -------- (ს.ნ. --------) მიერ მიწოდებული კარტოფილის გასაყიდი ფასების საშუალო ფასი. აღნიშნული კომპანია არის სახელმწიფო კომპანია, რომელიც ეწევა საცდელ სადემონსტრაციო საქმიანობას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. იგი იცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს, რაც გულისხმობს ნორმით განსაზღვრული სასუქების შეტანას და ასევე მათ გააჩნიათ წვეთოვანი სარწყავი სისტემა, რაც უზრუნველყოფს ხარისხიანი მოსავლის მიღებას. აღნიშნული საშუალებები მას არ გააჩნია. მის მიერ ვერ მოხდა სასუქის შეტანა, რაც დასტურდება იქიდანაც რომ მომჩივნის მიერ არ მომხდარა სასუქის შესყიდვა. ასევე მათი ნაკვეთი ურწყავია, არ ხდება ნათესების მორწყვა. ყოველივე აღნიშნულმა გამოიწვია ის რომ მოსავლის უმეტესობა, იყო არასტანდარტული და არ ჰქონდა სასაქონლო სახე. შესაბამისად, მოსავლის რეალიზაცია ვერ მოხდებოდა იგივე ფასად, როგორც სახელმწიფო კომპანიის მიერ განხორციელდა. ითხოვს, მის მიერ რეალიზებული მოსავლის ფასად გამოყენებულ იქნას 0.4 ლარი.

 

მეოთხე გარემოება:

2023 წლის აგვისტოს თვეში დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა დადგენილია 9 873 ლარის ოდენობით. მოწოდებული გაანგარიშებით აღნიშნული თანხის რეალიზაცია არ ფიქსირდება. შესაბამისად გაურკვეველია როგორ მოხდა აღნიშნული თანხის მიღება, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში რეალიზაციისთვის დარჩენილი დღგ-ით დასაბეგრი პროდუქცია არ გააჩნდა. მისი მოთხოვნაა შემცირდეს 2023 აგვისტოს თვის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა.

 

2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და შემოწმებით დადგენილი მონაცემების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა 2022-2023 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 205-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებით განსაზღვრული მონაცემების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა 2022-2023 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის და გადასახადის გადახდის ვალდებულება.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ სარეალიზაციო ფასების და ფასნამატის კოეფიციენტის კორექტირების შემდგომ შემოსავალი აღარ გადააჭარბებს 40 000 ლარს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს დარიცხული ქონების გადასახადი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მას შემდეგ რაც დაკორექტირდება 2022 და 2023 წლის ერთობლივი შემოსავლები, დასაბეგრი ბრუნვები შემცირდება 40 000 ლარამდე, შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარება ქონების გადასახადი.

 

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №031-10 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 38 159 ლარის ოდენობით და დაეკისრა საურავი - 28 847,14 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქმიანობას ეწევა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რამდენადაც მისთვის იყო ცნობილი, სოფლის მეურნეობა სარგებლობს შეღავათებით, შესაბამისად მომჩივნის მიერ არ ხდებოდა ბუღალტერიის წარმოება. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის საფუძველზე, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, განთავისუფლდეს ჯარიმისგან და საურავისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 სექტემბრის №20744 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;

2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.ი/მ საქმიანობას ეწევა სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

მეწარმის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავლები, გარკვეულ ნაწილში გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, რადგან მეწარმეს არ ჰქონდა წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვა. შედეგად, გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი პერიოდების მიხედვით. 2022 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 200 000 ლარს, რის შედეგადაც მას გაუუქმდა საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. ამასთან, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადი.

2. შემოწმებით დადგენილი მონაცემების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა 2022-2023 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 302(6)