ბრძანება N 17543
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17543
31 ივლისი 2026
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
(მის.: „--------“)
2026 წლის 2 მარტის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 და 23 ივლისს გამართულ სხდომებზე (ოქმები №58 და №66) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 ივნისის №27201/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------ის“ (ს/ნ „--------“) №101092/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №063-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ კომპანიას შესყიდვის აქტებით ფიზიკური პირებისგან აქვს შეძენილი საქონელი და წარდგენილია საქონლის შეძენის დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული 98 ცალი შესყიდვის აქტი. გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებაც იყო ზოგადი ხასიათის და მათთვის ბუნდოვანი იყო. მიიჩნევს, რომ ვინაიდან დავალება ზოგადი ხასიათის იყო, აუდიტის დეპარტამენტმა არასათანადოდ გამოიკვლია სადავო საკითხთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის შეფასებას და გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, აცხადებს, რომ საქონლის შესყიდვის ფაქტი უდავოა და უტყუარია. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს დოკუმენტებში დაფიქსირებული შესყიდვის ფასებით, დადგინდეს ზოგადი ფასნამატი მთლიანად სადავო ნაწილზე და განხორციელდეს დარიცხული თანხების კორექტირება. უკიდურეს შემთხვევაში კი შედარდეს სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაცია და აგრეთვე განხორციელდეს სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული არაგონივრული ნაშთის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტზე და თვლის, რომ უსამართლოდ არის განხორციელებული დარიცხვები. ვინაიდან სალაროს ნაშთის ქონა არ შეიძლება განხილული იქნეს არაგონივრულ ან/და ფიქტიურ ნაშთად. თვლის, რომ უნდა გაუქმდეს დარიცხული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 აპრილის №7805 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“ (ს/ნ„--------“) 2026 წლის 2 მარტის საჩივარი 2026 წლის 2 თებერვლის №063-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------- - ის“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტების ის ნაწილი, რომელთა ავთენტურობა/სიყალბე საგამოძიებო ორგანოს მიერ არ დადგენილა/დადგინდება, გაითვალისწინოს ფულის მოძრაობის ანალიზის ხარჯის ნაწილში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;”
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 22 ივნისის №27201/2/2026 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 აპრილის №7805 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 ივნისის №27201/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/პოზიციები. კერძოდ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად წარადგინეს დოკუმენტები, რომელიც აუდიტორის მიერ გადაეგზავნა საგამოძიებო სამსახურს, წარდგენილიდან ნაწილზე განხორციელდა მოკვლევა და მხოლოდ ნაწილი იქნა გათვალისწინებული აუდიტორის მიერ. სადავო გადაწყვეტილებაში წერია და მათი პოზიციით, რომლის ავთენტურობაც თუ სიყალბე არ დგინდება იმის გათვალისწინებასაც გულისხმობს, საქონლის მომწოდებელი პირი ბევრია (დაახლოებით 300-მდეა), მაგრამ ნოტარიულად დამოწმებული მხოლოდ 98 ცალი შესყიდვის აქტის წარდგენა შეძლეს. ითხოვს დოკუმენტში დაფიქსირებული მინიმალური ფასის გავრცელებას. ამასთან განმარტა, რომ წარმოდგენილ საჩივარზე თანდართულია და საჩივარშიც მითითებულია შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ანალოგიურ საკითხებზე.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შემოწმების მიერ შემდგომი შესწავლის მიზნით გადაგზავნილ იქნა საგამოძიებო ორგანოში, რომელთა მიერ დადგინდა დოკუმენტების ნაწილის ავთენტურობა. შემოწმების მიერ ფულის მოძრაობის ანალიზში, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ დირექტორის სარგებლად განხილული თანხის გაანგარიშებაში დამატებით იქნა გათვალისწინებული წარმოდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების ის ნაწილი, რომლის ავთენტურობაც დადასტურდა საგამოძიებო ორგანოს მიერ. ხოლო იმ ნაწილში სადაც ნამდვილობა ვერ დადასტურდა, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე და საქმის ზეპირი განხილვისას გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ კომპანიას შესყიდვის აქტებით ფიზიკური პირებისგან აქვს შეძენილი საქონელი, საქონლის შესყიდვის ფაქტი უდავოა და უტყუარია. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს დოკუმენტებში დაფიქსირებული შესყიდვის ფასებით. ვინაიდან პირუტყვის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ხარვეზს გავლენა არ უნდა მოეხდინა კომპანიის რენტაბელობაზე და მიიჩნევს, რომ საქმის საფუძვლიანი შესწავლის შემთხვევაში დადგინდებოდა, რომ მათ 3-4%-იანი რენტაბელობა ჰქონდათ. გადამხდელი ითხოვს, ხარჯების განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელოს დოკუმენტში დაფიქსირებული შესყიდვის ფასით და განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება. მიუთითებს, რომ მას წარმოდგენილი აქვს ნოტარიულად დამოწმებული 98 ცალი შესყიდვის აქტი, თუმცა საქონლის მომწოდებელი პირი ბევრია (დაახლოებით 300-მდე) და შემოწმების პროცესში წარდგენილია შესყიდვის აქტები.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფულის მოძრაობის ანალიზის ხარჯის ნაწილის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნოტარიულად დადასტურებული საქონლის შესყიდვის აქტები (გარდა დავის წარმოების პროცესში უკვე წარდგენილისა). ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს დოკუმენტების ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------- -ის“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის მოძრაობის ანალიზის ხარჯის ნაწილის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნოტარიულად დადასტურებული საქონლის შესყიდვის აქტები (გარდა დავის წარმოების პროცესში უკვე წარდგენილისა);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს დოკუმენტების ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შემოწმების მიერ შემდგომი შესწავლის მიზნით გადაგზავნილ იქნა საგამოძიებო ორგანოში, რომელთა მიერ დადგინდა დოკუმენტების ნაწილის ავთენტურობა. შემოწმების მიერ ფულის მოძრაობის ანალიზში, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ დირექტორის სარგებლად განხილული თანხის გაანგარიშებაში დამატებით იქნა გათვალისწინებული წარმოდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების ის ნაწილი, რომლის ავთენტურობაც დადასტურდა საგამოძიებო ორგანოს მიერ. ხოლო იმ ნაწილში სადაც ნამდვილობა ვერ დადასტურდა, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფულის მოძრაობის ანალიზის ხარჯის ნაწილის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნოტარიულად დადასტურებული საქონლის შესყიდვის აქტები.ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს დოკუმენტების ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება .
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),101,154.