გადაწყვეტილება №20034/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20034/2/2023
26 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 21.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20034/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისთვის გამოყენებული ფასნამტის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №056-60 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12368 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 225 864 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 123 406
დღგ - 56 110
საშემოსავლო გადასახადი - 67 296
ჯარიმა - 55 946
საურავი - 46 512
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო მასალების, საღებავების, რკინა-კავეულის და მისთანების საცალო რეალიზაცია. მომჩივანი აღნიშნულ საქმიანობას ეწევა ქალაქ ------- იჯარით აღებულ ფართში.
აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2019 წელს 8,1%-ს, 2020 წელს - 6,8%-ს, ხოლო 2021 წელს - 7,5%-ს. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დასაბეგრი ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ:
გადასახადის გადამხდელთან 19.05.2022 წელს და 13.10.2022 წელს ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, რომლის მიხედვითაც საქონლის გარკვეულ ჯგუფებზე გამოითვალა ფასნამატები და 2021-2022 წლების შესამოწმებელ პერიოდებში გავრცელდა ამ ჯგუფში არსებულ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე. ხოლო ისეთ საქონელზე, რომლის კატეგორიაზეც ფასნამატი არ იქნა დაფიქსირებული, გავრცელდა სასაქონლო ჯგუფებზე მიღებული საშუალო შეწონილი ფასნამატი - 6%.
რაც შეეხება 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდს, გადასახადის გადამხდელს შემოწმებით გაუვრცელდა აუდირებული ფასნამატი 16.46%. გადასახადის გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლებში გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი. აგრეთვე, შესამოწმებელ პერიოდში გაეზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, რაც გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის მიერ კრედიტისთვის გადახდილის პროცენტის არასწორად დეკლარირებით. საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე80 და 159-ე მუხლების გათვალისწინებით და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლებში გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ, ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №056-60 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12368 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49- ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, სადაც ცემენტისა და ფილების სასაქონლო ჯგუფების ფასნამატთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ პოზიციასთან მიმართებაში განმარტებულია, რომ ცემენტის კატეგორიის საქონელი შესყიდული იქნა ორჯერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის დროს. პირველი საკონტროლო შესყიდვა ჩატარდა 19.05.2022 წელს. 4 ლარად იქნა შეძენილი „-------“ დასახელების საქონელი, რომლის თვითღირებულებაც 3,5 ლარს შეადგენს. მეორე საკონტროლო შესყიდვა ჩატარდა 13.10.2022 წელს 10,5 ლარად შესყიდულ იქნა „წებოცემენტი LF 100 (25 კგ)“ დასახელების საქონელი, რომლის თვითღირებულებაც 9 ლარს შეადგენდა. ცემენტის კატეგორიის საქონლის შესყიდვის ღირებულებამ ჯამში შეადგინა 14,5 ლარი, ხოლო მათმა თვითღირებულებამ 12,5 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ კატეგორიაზე ფასნამატი გამოდის 16%. რაც შეეხება კერამიკულ ფილას, იგი შეძენილ იქნა 13 ლარად 19.05.2022 წელს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის დროს, ხოლო მისი თვითღირებულება 11 ლარს შეადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ფილის ფასნამატმა შეადგინა 18%.
დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გამოყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის წილი მთლიანი რეალიზაციის 4%-საც კი არ შეადგენდა, რაც ძალიან ცოტაა და მთლიან რეალიზაციაზე გავლენას ვერ მოახდენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ არაგონივრულად მიიჩნია დოკუმენტური ფასნამატის მთლიან რეალიზაციაზე გავრცელება. რაც შეეხება 2019-2020 წლებზე გამოყენებული ფასნამატის ოდენობას, შემოწმებისას გამოყენებულ იქნა იმ პირის აუდირებული ფასნამატი, რომელიც მომჩივნის მსგავს საქმიანობას ეწევა იმავე ქალაქში, იმავე ქუჩაზე. ეს ორი პირი, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული აუდირებული პირებისგან განსხვავებით, მსგავს პირობებში იყვნენ.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების მიხედვით საქონლის გარკვეულ ჯგუფებზე გაანგარიშებული ფასნამატების 2021-2022 წლების შესამოწმებელ პერიოდებში ამ ჯგუფში არსებულ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელება, ხოლო ისეთ საქონელზე, რომლის კატეგორიაზეც არ იქნა დაფიქსირებული ფასნამატი, საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება მართლზომიერია. ასევე, მართლზომიერია 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმებით გამოყენებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატის გავრცელება. ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის პრინციპების დარღვევით საჩივარი განიხილა მომჩივნის დასწრების გარეშე, მხედველობაში მიღებულ იქნა მხოლოდ აუდიტორის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რაც არ ასახავს სინამდვილეს (ცემენტის ჯგუფის გაანგარიშებისას აუდიტორმა წარმოადგინა ე.წ. „ფუგის“ ფასნამატი) და შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საკითხის სრულყოფილი შესწავლის გარეშე.
2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე, შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების ფასნამატი. საქონლის გარკვეულ ჯგუფებზე, შემმოწმებელმა გამოთვალა ფასნამატები და გაავრცელა ამ ჯგუფებში არსებულ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე, ხოლო ისეთ საქონელზე, რომლის კატეგორიაზეც არ ჰქონდათ ფასნამატი, გავრცელდა სასაქონლო ჯგუფებით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 6%.
შემოწმების მიერ საკონტროლო შესყიდვის შედეგად გაანგარიშებულ ფასნამატში არ ეთანხმება ორ სასაქონლო ჯგუფზე მიღებულ ფასნამატს - ცემენტის სასაქონლო ჯგუფზე მიღებულ ფასნამატს, რომელმაც შეადგინა 16% და ფილის (კერამიკული ფილა და სხვა) სასაქონლო ჯგუფზე მიღებულ ფასნამატს 18%-ს.
ცემენტის სასაქონლო ჯგუფი: 13.10.2022 წელს (ოქმი №781025) ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას, შესყიდულია:
- წებო ცემენტი ლფ100 (25 კგ) -1 ცალი - 10,5 ლარი;
- წებო ცემენტი პირველი (25 კგ) - 1 ცალი - 8,5 ლარი.
სასაქონლო ზედნადებებით (ს/ზ №-------) შესყიდვის საფუძველზე, წებო ცემენტი ლფ100 25კგის შესყიდვის ფასმა შეადგინა 9 ლარი, ხოლო (ს/ზ №-------) წებო ცემენტი პირველი 25 კგ-ის შესყიდვის ფასმა შეადგინა 8,5 ლარი. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ცემენტის ჯგუფზე არსებულმა საშუალო ფასნამატმა შეადგინა 8%, ნაცვლად შემოწმების მიერ გამოყენებული 16%-ისა
ფილის (კერამიკული ფილა და სხვა) სასაქონლო ჯგუფი: 13.10.2022 წელს (ოქმი №781033) ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას, შესყიდულია:
- კერამიკული ფილა 60×60/ 1 კვ.მ/ 13 ლარი;
- კერამიკული ფილა 50×50/ 1 კვ.მ/ 10,5 ლარი.
სასაქონლო ზედნადებებით (ს/ზ №-------) შესყიდვის საფუძველზე კერამიკული ფილა 50×50- ის შესყიდვის ფასმა შეადგინა 10 ლარი, ხოლო (ს/ზ №-------) 60*60 (sadra A3) კერამიკული ფილის შესყიდვის ფასმა შეადგინა 12,5 ლარი.
ასევე, 19.05.2022 წელს (ოქმი №759296) ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას, შესყიდულია - კერამიკული ფილა 50*50/ 1 კვ.მ / 13 ლარი
სასაქონლო ზედნადებებით (ს/ზ №-------) შესყიდვის საფუძველზე კერამიკული ფილა 50*50 (HANIS) შესყიდვის ფასმა შეადგინა 12 ლარი. საერთო ჯამში, აღნიშნული პოზიციების საშუალო ფასნამატმა შეადგინა 5,8%. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაკორექტირებელია შემოწმების მიერ საკონტროლო შესყიდვის შედეგად მიღებული ფასნამატი და შესაბამისად, უნდა შემცირდეს 2021-2022 წლებში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი.
შემმოწმებელი, შემოწმების აქტში აღნიშნავს რომ შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისას 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდზე, გადასახადის გადამხდელს გაუვრცელდა აუდირებული ფასნამატი 16,42%. შემოწმების აქტში არ არის ახსნილი, თუ რატომ მოხდა შემოსავლების გაანგარიშება აღნიშნული მეთოდით, მაშინ როცა შემოწმების მიმდინარეობისას შემმოწმებლებს წარუდგინა შესამოწმებელ პერიოდზე დოკუმენტური რეალიზებული საქონლის ფასნამატების გაანგარიშება (პოზიციების და წლების მიხედვით). აღნიშნული ფასნამატის გაანგარიშება შემმოწმებელს სრულ შესაძლებლობას აძლევდა თვალნათლივ დაენახა სასაქონლო ჯგუფების უმრავლესობის ფასნამატი და გამოეყენებინა იგი არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების დათვლისთვის.
2019 წლის პერიოდზე მის მიერ გაშიფრულ იქნა სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაციის 95 შემთხვევა, საერთო თანხით 18 441 ლარი (ფასნამატი 4,1%), ხოლო 2020 წელში გაშიფრულია 182 შემთხვევა, საერთო თანხით 43 713 ლარი (ფასნამატი 4%). რაც შეეხება 2021 წელს, გაშიფრულია 306 შემთხვევა, საერთო თანხით 107 446 ლარი (ფასნამატი 4,1%). აღნიშნული ფასნამატები, განსხვავებით შემმოწმებლის მიერ აღებული მესამე პირის ფასნამატისა, თითქმის იდენტურია შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარებულ საკონტროლო შესყიდვების ფასნამატთან (ჩატარებულია 3 საკონტროლო შესყიდვა, რამდენიმე ათეულ საქონელზე). საკონტროლო შესყიდვების საშუალო ფასნამატმა შეადგინა 6%, შესაბამისად, გაურკვეველია თუ რატომ არ დაეყრდნო შემმოწმებელი მომჩივნის მიერ მიწოდებულ გაანგარიშებას. წარმოდგენილი აქვს გაანგარიშება.
მიუხედავად წარდგენილი ინფორმაციისა და ჩატარებული საკონტროლო შესყიდვებისა, შემოწმებამ არ იხელმძღვანელა რეალიზაციის დოკუმენტური ფასნამატით ან საკონტროლო შესყიდვების შედეგად დადგენილი ფასნამატით და გადასახადის გადამხდელის შემოსავლების დადგენისთვის გამოიყენა მესამე პირის ფასნამატი. გაურკვეველია რა პრინციპით მოხდა აღნიშნული ფასნამატის მოძიება, ვინაიდან მომჩივნისთვის ცნობილია ------- რაიონში ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირების არაერთი ჩატარებული შემოწმების შედეგი (შედგენილია შემოწმების აქტები, ან გაუქმებულია შემოწმების ბრძანება), სადაც შემოწმების მიერ დადგენილმა ფასნამატმა შეადგინა უფრო ნაკლები, ვიდრე მის მიერ არის დეკლარირებული შესამოწმებელ პერიოდში. აღნიშნული პირებია - ი/მ ------- (ს/ნ -------), ი/მ ------- (პ/ნ -------), ი/მ ------- (ს/ნ -------). აღნიშნული პირების აუდირებული ფასნამატი დაახლოებით თანხვედრაშია მომჩივანთან ჩატარებულ საკონტროლო შესყიდვების ფასნამატთან. აღნიშნული შემოწმებული პირების შესახებ აცნობა შემმოწმებელს საგადასახადო აუდიტის პროცესში, თუმცა, მიუხედავად ამისა, შემოწმებამ არც აღნიშნული არგუმენტები გაითვალისწინა და მესამე პირის ფასნამატად აღებულ იქნა უცნობი პირის ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 16,4%. შემმოწმებელს, მესამე პირის ფასნამატად უნდა აეღო იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ფასნამატი. ჩატარებული საკონტროლო შესყიდვებით ფასნამატი შეადგენდა საშუალოდ 6%-ს და აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა შემოწმების მიერ 2021-2022 წლების პერიოდებზე. შესამოწმებელ პერიოდში (2019 წლიდან 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით) კომპანიის პროფილი და საქმიანობის სტრუქტურა არ შეცვლილა. შესაბამისად, 2021-2022 წლების ფასნამატი არ განსხვავდება 2019-2020 წლების ფასნამატისგან, ამიტომ შემოწმების მიერ არ უნდა გავრცელებულიყო მესამე პირის ფასნამატი, რომელიც ასე არსებითად განსხვავდება საკონტროლო შესყიდვით მიღებული ფასნამატისგან. ითხოვს, შემოწმების მიერ 2019-2020 წლების პერიოდზე გამოყენებულ იქნას დოკუმენტებით რეალიზებული საქონლის ფასნამატი, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში შემოწმების მიმდინარეობისას მომჩივანთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების საშუალო ფასნამატი.
ითხოვს, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12368 ბრძანება, 23.12.2022 წლის №056-60 საგადასახადო მოთხოვნა და დაკორექტირდეს 15.12.2022 წლის შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი, ჯარიმა და საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე,მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2019 წელს 8,1%-ს, 2020 წელს - 6,8%-ს, ხოლო 2021 წელს - 7,5%-ს. მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დასაბეგრი ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: გადასახადის გადამხდელთან 19.05.2022 წელს და 13.10.2022 წელს ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, რომლის მიხედვითაც საქონლის გარკვეულ ჯგუფებზე გამოთვლილი იქნა ფასნამატები და 2021-2022 წლების შესამოწმებელ პერიოდებში გავრცელდა ამ ჯგუფში არსებულ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე. ხოლო ისეთ საქონელზე, რომლის კატეგორიაზეც ფასნამატი არ იქნა დაფიქსირებული, გავრცელდა სასაქონლო ჯგუფებზე მიღებული საშუალო შეწონილი ფასნამატი - 6%. რაც შეეხება 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდს, გადასახადის გადამხდელს შემოწმებით გაუვრცელდა აუდირებული ფასნამატი 16,46%. გადასახადის გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლებში გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი. აგრეთვე, შესამოწმებელ პერიოდში გაეზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, რაც გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის მიერ კრედიტისთვის გადახდილის პროცენტის არასწორად დეკლარირებით. აგრეთვე, გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12368 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისთვის გამოყენებული ფასნამტის ოდენობა
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დასაბეგრი ობიექტის დადგენა. შემოწმებამ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12368 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102(1-ა); 159(1); 275; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 161(1)