გადაწყვეტილება № 26549/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 26549/2/2026
27 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------31.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26549/2/2026).
დავის საგანი:
შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.10.2025 წლის №064-19 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.12.2025 წლის №28961 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 280 601.02 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 177 808.57
დღგ - 3 923.77
საშემოსავლო გადასახადი - 173 884.8
ჯარიმა - 88 904.4
საურავი - 13 888.05
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.10.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შედეგად არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები. ამასთან, ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, სესხის პროცენტი, ბანკის საკომისიო, დაზღვევის ხარჯები, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.10.2025 წლის №23495 ბრძანება და №064-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.12.2025 წლის №28961 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და აღნიშნა, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 4 დეკემბერს 11:00 საათზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრების განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 19 დეკემბერს 11:00 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრების ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრების განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. აქედან გამომდინარე, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე და მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებზე დაყრდნობით.
დავის წარმოების ეტაპზე წარდგენილი ლიფტების შესყიდვის აქტები წარმოდგენილი იყო ასევე შემოწმების პროცესშიც, რომელთა ხარჯებში გათვალისწინება არ მომხდარა მათი ერთმანეთთან შეუსაბამობის გამო. ასევე ვერ დადგინდა თანხის გადახდის ნამდვილობა და არ იქნა გათვალისწინებული ლიფტის შესყიდვის აქტი ხარჯში.
ამასთან, საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასრულებიდან დღეის მდგომარეობით (19.12.2025) გადამოწმდა გადასახადის გადამხდელის საბაჟო ოპერაციები და აღნიშნულ პერიოდში გადამხდელს საბაჟო ოპერაცია არ უფიქსირდება. აგრეთვე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით არ ფიქსირდება კომპანიის ვალდებულება ლიფტების მიწოდებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახურმა ასევე აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2025 წლის 18 მაისს ერთ-ერთ მომწოდებელს, ----- (----- კომპანიას) გადაუხადა ავანსის სახით 83 000 აშშ დოლარის ოდენობით. ავანსის მიღებით მომწოდებელმა აიღო ვალდებულება მოეწოდებინა 4 ერთეული (2 სამგზავრო, 2 სატვირთო) ლიფტი. აღნიშნული დოკუმენტი საგადასახადო შემოწმების პროცესში წარვუდგინე აუდიტის დეპარტამენტს. აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა აღნიშნული მტკიცებულება და 227 544.5 ლარით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.
წარმოდგენილი დოკუმენტი წარმოადგენს ერთგვარ შეთანხმებას, რომლითაც მხარეები ადასტურებენ შესყიდვის ოპერაციის არსებობას. აღნიშნული დოკუმენტი მომწოდებელს მოთხოვა მას შემდეგ, რაც საგადასახადო შემოწმებისას დაისვა გარკვეული კითხვები. ის რომ ქართულად ნათარგმნ წერილსა და ორიგინალს შორის განსხვავებული თარიღებია მითითებული, ცხადია წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ შეცდომას.
ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მიიღოს წინამდებარე საჩივარში ნახსენები მტკიცებულებები და შეამციროს ბიუჯეტის წინაშე დამატებით დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
ხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებისას დათვლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები. ამასთან, ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, სესხის პროცენტი, ბანკის საკომისიო, დაზღვევის ხარჯები, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2026 წლის №----- წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა დავების ეტაპზე წარმოდგენილი შესყიდვის აქტი, წარადგინა შემოწმების პროცესშიც, რომლის დამატებით ხარჯებში გათვალისწინება არ მომხდარა რიგი მიზეზების გამო, კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა მიაწოდა ინგლისურენოვანი და ქართულად ნათარგმნი შესყიდვის აქტები, ინგლისური თარიღდებოდა 12 ოქტომბრის თარიღით, ქართული 11 ოქტომბრით (ანუ ასლი და დედანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა), ამასთან დოკუმენტაცია მიაწოდა 10 ოქტომბერს და მომდევნო თარიღით, რატომ იყო დათარიღებული შესყიდვის აქტები ამ ფაქტის დასაბუთება გადამხდელის მხრიდან ვერ მოხერხდა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აცხადებდა, რომ აღნიშნული 83 000 დოლარი გადახდილი იქნა არარეზიდენტი კომპანიის წარმომადგენლისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით, ის ჩამოვიდა საქართველოში და წაიღო ეს თანხა, მაშინ, როცა მანამდე ყველა შეძენა აღნიშნული კომპანიისგან ხდებოდა საბანკო გადარიცხვის გზით. რადგან გადამხდელის მტკიცებით თანხა ქეშად გადაიხადა, შემოწმების მხრიდან მოთხოვნილი იქნა იმ პირის პირადი მონაცემები ვისაც ეს თანხა გაატანეს, რათა შეემოწმებინა აღნიშნული პირის საზღვრის კვეთა და თანხის დეკლარირების ფაქტი, აღნიშნული პირადი ნომერი არ მიაწოდა, იმ საფუძვლით, რომ არ იცოდა ვინ წაიღო თანხა და არც მეორე მხარე აწვდიდა ინფორმაციას. ასევე, აღსანიშნავია, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასრულებიდან (მაისის ბოლოდან - თანხის გადახდაც გადასახადის გადამხდელის მტკიცებით მაისში უნდა განხორციელებულიყო) დღემდე (6.02.2026) გადასახადის გადამხდელის მიერ საბაჟოზე შემოტანილი საქონელი არ ფიქსირდება. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით არ ჰქონდა ოპერაციის მართებულობის დადასტურების შესაძლებლობა და მოსთხოვა წარედგინა აპოსტილით დამოწმებული ურთიერთშედარება და შემდეგ გაითვალისწინებდა აღნიშნულ თანხას ხარჯში, რის წარდგენაც გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა, აქედან გამომდინარე, შემოწმებისას ვერ დადგინდა აღნიშნული თანხის გადახდის ნამდვილობა, რის გამოც ის ხარჯებში არ იქნა გათვალისწინებული.
ამასთან, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ არარეზიდენტ პირთან სხვა სასაქონლო ოპერაციების განხორციელებისას თანხის გადარიცხვიდან 2 თვეშია საქონელი მიღებული, ხოლო ამ შემთხვევაში 18.05.2025 წელს შეძენილი საქონელი მომჩივანს ჯერ კიდევ არ მიუღია.
დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს პოზიციაზე და მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს:
ა) მხარეებს შორის სასაქონლო ოპერაციაზე (ლიფტების მიწოდება) არ არის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება;
ბ) იმავე მიმწოდებელთან ყველა სხვა შესყიდვაზე ანგარიშსწორება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით;
გ) მომჩივნის მტკიცებით ავანსის გადახდა მოხდა ნაღდი ანგარიშსწორებით, თუმცა აღნიშნული არ დასტურდება, ვინაიდან მოდავე მხარე (მომჩივანი) არარეზიდენტი პირის მხრიდან თანხის მიმღების ვინაობას (საწარმოს დირექტორი/მინდობილი პირი) ვერ ასახელებს, რითაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული ფაქტის ნამდვილობის დადგენა;
დ) მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი (შესყიდვის აქტი) არ არის ნოტარიულად დამოწმებული;
ე) შეძენიდან (18.05.2025 წელი) საკმაოდ ვრცელი პერიოდის გასვლის მიუხედავად საქონლის მიწოდება არ განხორციელებულა, აღნიშნულს მომჩივანიც ადასტურებს, თუმცა ვერ ხსნის აღნიშნულის გამომწვევ ანგარიშგასაწევ მიზეზს.
მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, მან ვერ შეძლო წარმოედგინა სათანადო, გამაბათილებელი და საპირწონე არგუმენტები ან დამატებითი შესაბამისი მტკიცებულება, რაც შემოწმებისას, ზემოთ დასახელებული დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების/წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ არ ხორციელდება საქმიანობის ბუღალტერული აღრიცხვა, შემოწმების მიერ დათვლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები. ამასთან, ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, სესხის პროცენტი, ბანკის საკომისიო, დაზღვევის ხარჯები, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების/წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5,9);101(1);154(1)