ბრძანება N 3910
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3910
06 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 30 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 და 20 თებერვალს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №14, №15) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №216353/21-14 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ოქტომბრის №041-53 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და ფასნამატის ოდენობას. განმარტავს, რომ შემოწმებას არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები. მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით უფიქსირდებოდა შემოწმებით დადგენილზე ნაკლები შემოსავალი. აცხადებს, რომ უარყოფით ფასნამატს იწვევდა სარეალიზაციო საქონლის მოდიდან გასვლა, აგრეთვე, კომპანიას შემოჰქონდა დაბალფასიანი საქონელი, რომელიც გათვლილი იყო დაბალი ბიუჯეტის მქონე მოსახლეობაზე და საქონელს ყიდდა კონტეინერიდან საბითუმოდ და მას ყიდულობენ ე.წ. „ციგნები“, რომლებზეც საბუთის გამოწერა ვერ ხერხდებოდა. აგრეთვე მიუთითებს, რომ განბაჟების დროს საინვოისო ღირებულება ისედაც გაზრდილია და შემოწმების მიერ კიდევ ხდება არარეალური პროცენტის გავრცელებაც.
2. მომჩივანი არ ეთანხმება მიღებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ მიღებული/მისაღები შემოსავლებით და გაწეული ხარჯებით გაანგარიშდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომლის ნაწილიც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო ნაწილი მოგებით. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, ითხოვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აგვისტოს №18562 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 5 თებერვლიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 24 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის პირველი ოქტომბრის №21438 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №041-53 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 590 727 ლარი, მათ შორის გადასახადი 764 149 ლარი, ჯარიმა 400 629 ლარი და საურავი 425 949 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ჩანთების, საფულეების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სხვა შერეული საქონლის იმპორტი/რეალიზაცია. შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ინვოისები და საბანკო ანგარიშის ამონაწერები, ხოლო ბუღალტრული პროგრამა არ წარმოდგენილა. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმებამ საწარმოს საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ საქონელზე გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიის აუდირებული ფასნამატი (129%), რის შედეგადაც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავლისა და კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი და შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი. ასევე აღსანიშნავია, რომ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერის მიხედვით, საქონლის მომწოდებელთან გადარიცხული იყო იმაზე მეტი თანხა, ვიდრე საინვოისო ღირებულება ითვალისწინებდა. თანხის გადარიცხვები ფიქსირდებოდა საქმიანობის შეწყვეტის შემდეგაც. ამდენად, შემოწმების მიერ, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. სხვაობის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 14 თებერვალს 16:00 სთ-ზე მომჩივნის მონაწილეობით ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 20 თებერვალს 12:20 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ჩანთების, საფულეების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სხვა შერეული საქონლის იმპორტი/რეალიზაცია. შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ინვოისები და საბანკო ანგარიშის ამონაწერები, ხოლო ბუღალტრული პროგრამა არ წარმოდგენილა. ამდენად, შემოწმებამ საწარმოს საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ საქონელზე გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიის აუდირებული ფასნამატი (129%), რის შედეგადაც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს ძალიან მცირე რაოდენობით უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია, თუმცა შეუძლებელი იყო სასაქონლო ზედნადებებში მითითებული დასახელებების შეძენილ საქონელთან დაკავშირება. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს საქმიანობა შეწყვეტილი ჰქონდა, კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ საქონელზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიის აუდირებული ფასნამატი შესაბამისი სახეობების გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია კანონმდებლობით დადგენილი წესით ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის შეძენილ საქონელზე მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიის აუდირებული ფასნამატის გამოყენება.
ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავლისა და კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი და შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის მომწოდებელთან გადარიცხული იყო იმაზე მეტი თანხა, ვიდრე საინვოისო ღირებულება ითვალისწინებდა და თანხის გადარიცხვები ფიქსირდებოდა საქმიანობის შეწყვეტის შემდეგაც. ამდენად, შემოწმების მიერ, სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ შემოწმებით გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი დაიბეგრა მოგების გადასახადით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, პირს მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არ აქვს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ, დამატებით მიღებული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და ფასნამატის ოდენობა.
2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ჩანთების, საფულეების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სხვა შერეული საქონლის იმპორტი/რეალიზაცია. შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ინვოისები და საბანკო ანგარიშის ამონაწერები, ხოლო ბუღალტრული პროგრამა არ წარმოდგენილა. შემოწმებამ საწარმოს საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ საქონელზე გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიის აუდირებული ფასნამატი (129%), რის შედეგადაც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
2. შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავლისა და კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინებით მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი და შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი. ასევე აღსანიშნავია, რომ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერის მიხედვით, საქონლის მომწოდებელთან გადარიცხული იყო იმაზე მეტი თანხა, ვიდრე საინვოისო ღირებულება ითვალისწინებდა. თანხის გადარიცხვები ფიქსირდებოდა საქმიანობის შეწყვეტის შემდეგაც. ამდენად, შემოწმების მიერ, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159