ბრძანება N 15586
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15586
09 ივლისი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.:„-------“)
2025 წლის 24 მაისისა და 23 ივნისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5, 12 და 26 ივნისის სხდომებზე (ოქმი №46; №48 და №50) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 24 მაისის №95876/1/2025 და 23 ივნისის №96410/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი მაისის №006-104 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე გაანგარიშებული განკარგვადი თანხის ოდენობას, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აცხადებს, რომ შპს „N1–ის წარმომადგენელთან 2025 წლის 15 იანვარს მოხდა ნაღდი ანგარიშსწორება 41 500 აშშ დოლარის ოდენობით (ექვივალენტი ლარში იმ დროისთვის), რომელიც მოიცავდა სპეციფიკური ქიუარ კოდის შექმნასა და სტიკერის ჭრის/მასალის საფასურს და აღნიშნულის მოწოდება ჩინური კომპანიის მხრიდან უნდა განხორციელდეს 2025 წლის ოქტომბერში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მარტის №3905 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 05 აპრილიდან 2025 წლის 01 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 29 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის პირველი მაისის №8328 ბრძანება და ამავე თარიღის №006–104 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 185 765 ლარი, მათ შორის გადასახადი 118 084 ლარი, ჯარიმა 62 337 ლარი და საურავი 5 344 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით. საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არ იყო წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, წარმოებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის: პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი, ასევე, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისის, ბოლოს და თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით, შემოწმებამ შეისწავლა ფულის მოძრაობის ანალიზი, გაითვალისწინა ყველა შესაძლო მიღებული და გახარჯული ფულადი სახსრები, რის საფუძველზეც გაანგარიშდა განკარგვადი თანხა 336 224 ლარი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით. საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არ იყო წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, წარმოებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის: პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი, ასევე, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისის, ბოლოს და თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის. შემოწმებამ შეისწავლა ფულის მოძრაობის ანალიზი, გაითვალისწინა ყველა შესაძლო მიღებული და გახარჯული ფულადი სახსრები, რის საფუძველზეც გაანგარიშდა განკარგვადი თანხა 336 224 ლარი, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია.
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე გაანგარიშებული განკარგვადი თანხის ოდენობას, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აცხადებს, რომ შპს „N1“ – ის წარმომადგენელთან 2025 წლის 15 იანვარს მოხდა ნაღდი ანგარიშსწორება 41 500 აშშ დოლარის ოდენობით (ექვივალენტი ლარში იმ დროისთვის), რომელიც მოიცავდა სპეციფიკური ქიუარ კოდის შექმნასა და სტიკერის ჭრის/მასალის საფასურს და აღნიშნულის მოწოდება ჩინური კომპანიის მხრიდან უნდა განხორციელდეს 2025 წლის ოქტომბერში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2025 წლის 12 ივნისს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა არგუმენტი/მტკიცებულებები ავანსად გადახდილი თანხების შესახებ და საკითხის განხილვა გადაიდო 2 კვირის ვადით. 2025 წლის 23 ივნისს, გადამხდელმა წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, სადაც მიუთითა, რომ თანხა გადასცა „-------“-ს, პასპორტის ნომრით „-------“. ასევე, გადამხდელმა საჩივარს დაურთო არარეზიდენტ საწარმოსთან გაფორმებული შედარების აქტი (Reconciliation Statement).
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ საწარმომ 2025 წლის 15 იანვარს, არარეზიდენტი მომწოდებლის წარმომადგენელს, ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით, ავანსის სახით გადაუხადა 41 500 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში იმ დროისთვის). შესაბამისად, ავანსის თანხის გადახდის თარიღიდან არ გასულა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებით (დანართი 11) განსაზღვრული გონივრული ვადა.
შემოსავლების სამსახური, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გაწაყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილი ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ სრულდება „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებით (დანართი 11) დადგენილი პირობები, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და ავანსად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა არამართლზომიერია. ამდენად, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი განკარგვადი თანხიდან ავანსის სახით არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი თანხა არ განიხილოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას და მის შესაბამისად განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი განკარგვადი თანხიდან ავანსის სახით არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი თანხა არ განიხილოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას და მის შესაბამისად განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე გაანგარიშებული განკარგვადი თანხის ოდენობას, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებამ შეისწავლა ფულის მოძრაობის ანალიზი, გაითვალისწინა ყველა შესაძლო მიღებული და გახარჯული ფულადი სახსრები, რის საფუძველზეც გაანგარიშდა განკარგვადი თანხა 336 224 ლარი, რომელიც სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან სსკ-ის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი განკარგვადი თანხიდან ავანსის სახით არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი თანხა არ განიხილოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას და მის შესაბამისად განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154.