ბრძანება N 14394
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14394
19 ივნისი 2024
ბრძანება
შპს „------- -ის “ (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის.: "------")
2024 წლის 13 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 ივნისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") 2024 წლის 13 ივნისის №98334/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №081-129 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, განმარტავს, რომ აქტში მითთებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის დადასტურებული. კომპანია რომელმაც ეს ფაქტურები გამოწერა ვერ დაადასტურებს რომმომჩივანის მიერ სამუშაოები შესრულებულია. გარდა ამისა, სასაქონლო ზედნადებებში ავტომანქანების სახ. ნომრების გაწერა არ ნიშნავს რომ კომპანიის მანქანებმა შეასრულეს გადაზიდვები. აღნიშნული სასაქონლო ზედნადებები არ ასახავს სინამდვილეს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაანგარიშებულ ხარჯებს, მიუთითებს, რომ სრულად არ არის გამოკლებული ხარჯები, რაც კომპანიას გააჩნდა, თანამშრომლობის შემთხვევაში შეძლებდა წარმოედგინა მტკიცებულებები რაც დაადასტურებდა ხარჯების არსებობის ფაქტს. ასევე, მიაწოდებდა სალაროს ნაშთს რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აპრილის №7263 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანი (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 31 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 4 ივნისის №13239 ბრძანება და 5 ივნისის №081-129 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 51 846 ლარი, მათ შორის, გადასახადი 30 363 ლარი, ჯარიმა 14 954 ლარი, საურავი 6 529 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით მომჩივანის საქმიანობის სახეა შპს „------ -სგან“ იჯარით აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გაწევა, საწარმოს წარმომადგენელმა არ ითანამშრომლა შემმოწმებლებთან, აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით (საბანკო ამონაწერები) და მესამე მხარეების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის (მიღებული სპეც და გამოწერილი ელ. ანგარიშ ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები) ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელი რეგულარულად ასრულებს გადაზიდვის მომსახურებას იჯარით აღებული სატრანსპორტო საშუალებებით. გადამხდელს მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე სრულად არ აქვს გამოწერილი ელექტრონული ანაგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად სრულად არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით, აღნიშნული ასევე დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით (საქონლის გადაზიდვისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემების (ავტომობილების ნომრები) მიხედვით).
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, საქონლის გადაზიდვისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემების (ავტომობილების ნომრები) მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელს შესრულებული აქვს სულ 716 რეისი, ხოლო გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მხოლოდ 468 რეისზე, შემოწმებით, გადამხდელის მიერ გაწეულ დანარჩენ 248 რეისზე გავრცელდა 468 რეისის მიხედვით მიღებული შემოსავლის შესაბამისი საშუალო ფასი და გაიზარდა გადამხდელის შემოსავალი 49 420 ლარით (დღგ-ის გარეშე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი სატრანსპორტო მომსახურების თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. შემოწმების შედეგად საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით და დღგ-ის საკითხი №1-ის გათვალისიწინებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 84 144 ლარის ოდენობით (გადასახადის გარეშე).
საწარმოს წარმომადგენელმა არ ითანამშრომლა შემმოწმებლებთან, შესაბამისად დამატებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, შესაბამისად შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით შემოწმებით დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი 84 144 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ასევე, გადამხდელი დაჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. გადამხდელი რეგულარულად ასრულებს გადაზიდვის მომსახურებას იჯარით აღებული სატრანსპორტო საშუალებებით. გადამხდელს მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე სრულად არ აქვს გამოწერილი ელექტრონული ანაგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად სრულად არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით, აღნიშნული ასევე დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით (საქონლის გადაზიდვისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემების (ავტომობილების ნომრები) მიხედვით). შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, საქონლის გადაზიდვისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემების (ავტომობილების ნომრები) მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელს შესრულებული აქვს სულ 716 რეისი, ხოლო გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მხოლოდ 468 რეისზე, შემოწმებით, გადამხდელის მიერ გაწეულ დანარჩენ 248 რეისზე გავრცელდა 468 რეისის მიხედვით მიღებული შემოსავლის შესაბამისი საშუალო ფასი. შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 84 144 ლარის ოდენობით (გადასახადის გარეშე). საწარმოს წარმომადგენელმა არ ითანამშრომლა შემმოწმებლებთან, შესაბამისად დამატებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, შესაბამისად შემოწმებით დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით.
2. გადამხდელი არ ეთანხმება გაანგარიშებულ ხარჯებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელი რეგულარულად ასრულებს გადაზიდვის მომსახურებას იჯარით აღებული სატრანსპორტო საშუალებებით. გადამხდელს მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე სრულად არ აქვს გამოწერილი ელექტრონული ანაგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად სრულად არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით,საქონლის გადაზიდვისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელს შესრულებული აქვს სულ 716 რეისი, ხოლო გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მხოლოდ 468 რეისზე, შემოწმებით, გადამხდელის მიერ გაწეულ დანარჩენ 248 რეისზე გავრცელდა 468 რეისის მიხედვით მიღებული შემოსავლის შესაბამისი საშუალო ფასი და გაიზარდა გადამხდელის შემოსავალი.შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი სატრანსპორტო მომსახურების თანხა სსკ-ის 159-ე და 1601 მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
2. შემოწმების შედეგად საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით და დღგ-ის საკითხი №1-ის გათვალისიწინებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი.
შემოწმებით დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. ასევე, გადამხდელი დაჯარიმა სსკ-ის 291-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),101,154,158,159,1601,163,164,279.