გადაწყვეტილება №25618/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.10.2025
№ დოკუმენტი 25618/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25618/2/2025

02 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----------- (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,--------“-ის 9.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25618/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;

2. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის, დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივნისის №054-12 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის 16510 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 366 671,43 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 206 147,66

დღგ - 88 595,66

საშემოსავლო გადასახადი - 117 552

ჯარიმა - 103 063,70

საურავი - 54 460,07

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 9 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 11 ივნისის №12141 ბრძანება და ამავე თარიღის №054- 12 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის 16510 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საქონლის (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი) იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 600 215 ლარს (დღგ-ის გარეშე). საწარმოს 2023 წლის ივლისიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული აქვს საქონლის იმპორტი, ამავე პერიოდში აქვს დეკლარირებული შემოსავალი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს წარმოდგენილი აქვს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის რამდენიმე ნულოვანი დეკლარაცია, არ აქვს წარმოდგენილი 2024 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაცია, სადაც ფიქსირდება წინა წლის (2023 წლის) ბოლოსთვის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ღირებულება, ასევე შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ აქვს შევსებული ობიექტის ბარათის შესახებ ინფორმაცია, რითაც დასტურდება ობიექტის (საწყობის, მაღაზიის) ფლობის ფორმა (საკუთრება, იჯარა), აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად შეძენილი საქონელი ჩაითვალა სრულად რეალიზებულად 2023 წელს.

შემოწმების მიმდინარეობისას არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რის გამოც შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ უფიქსირდება სარეალიზაციო საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შეძენილი საქონელი დაიყო ჯგუფებად/კატეგორიებად (6 ჯგუფი), თითოეული ჯგუფის/კატეგორიის საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულის შედეგად დადგინდა რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი 1 092 420 ლარის (დღგ-ის გარეშე) ოდენობით.

გამოვლენილი სხვაობა, 492 205 ლარის ოდენობით, დაიბეგრა დღგ-ით, მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2025 წლის 17 ივლისს --:-- სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის.

შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადები, კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. მისთვის დღემდე არის უცნობი რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მისი იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და აშშ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მომჩივნისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია. ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მისი დოკუმენტალური ფასნამატი.

ასევე აღნიშნავს, რომ არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს ,,--------„-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასანამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი არ არის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რის გამოც შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ საქონლის თვითღირებულება განსაზღვრულია საინვოისო ღირებულებაზე დაყრდნობით და არა საბაჟოზე აფასებული ღირებულებიდან. ამასთან, შპს --------“-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფეხსაცმელებით (საშინაო, რეზინის, სპორტული), ჩანთებით და ქუდებით ბითუმად ვაჭრობა. იმპორტს ახორციელებს -----დან და ----დან. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და საბუღალტრო პროგრამა ფინა. შემოწმების შედეგად გამოყენებულ იქნა მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატი 26%.

შპს „--------“ და შპს „--------“ ვაჭრობას ახორციელებენ ერთმანეთისგან განსხვავებული საქონლით, კერძოდ შპს „----------“ ვაჭრობს ქალის, მამაკაცის ბავშვის ტანსაცმელით და ფეხსაცმელით, შპს „-------“-ის მიერ შეძენილი ფეხსაცმლის ერთეულის საინვოისო ღირებულებაა 3,3$ (ინვოისში არ არის დასახელებული ფეხსაცმლის ტიპი), ხოლო იმავე პერიოდში შპს „--------“ ფეხსაცმლის შეძენის საინვოისო ღირებულებაა 0,8$ (საშინაო, რეზინის, სპორტული) აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ რომ მეწარმეები სხვადასხვა დასახელების ფეხსაცმლით ვაჭრობდნენ. ეს ორი პირი ახორციელებს სხავადასხვა საქონლის რეალიზაციას, გამომდინარე აქედან ორივე პირზე განხორციელდა განსხვავებული ინდივიდუალური აუდირებული ფასნამატის გავრცელება.

ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელს მონაწილეობა არ მიუღია საჩივრის განხილვაში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის, დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული და დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, შედეგად, დადგინდა საწარმოს ფულადი სახსრების ნაშთი 470 208 ლარის ოდენობით. შემოწმებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, შესაბამისად, ფულის ნაშთი, 470 208 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს, ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

როგორც ზემოთ აღნიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთი დადგენა. ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ „ გროსვა" და არარსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;

2. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის, დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა №12141 ბრძანება და №054- 12 საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდბა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 600 215 ლარს (დღგ-ის გარეშე). საწარმოს 2023 წლის ივლისიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული აქვს საქონლის იმპორტი, ამავე პერიოდში აქვს დეკლარირებული შემოსავალი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს წარმოდგენილი აქვს რამდენიმე ნულოვანი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, არ აქვს წარმოდგენილი 2024 წლის მარტის თვის მოგების გადასახდის დეკლარაცია, სადაც ფიქსირდება წინა წლის (2023 წლის) ბოლოსთვის სასაქონლომატერილაური ფასეულობების ნაშთის ღირებულება, ასევე შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ აქვს შევსებული ობიექტის ბარათის შესახებ ინფორმაცია რითაც დასტურდება ობიექტის ფლობის ფორმა , აღნიშნულიდან გამოდმონარე შემოწმების შედეგად შეძენილი საქონელი სრულად ჩაითვალა 2023 წელს რეალიზებულად. შემოწმების მიმდინარეობისას არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რის გამოც შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ უფიქსირდება სარეალიზაციო საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოწმების შედეგად, შეძენილი საქონელი დაიყო ჯგუფება/კატეგორიებად (6 ჯგუფი), თითოეული ჯუფის/კატეგორიის საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატი აღნიშნულის შედეგად დადგინდა რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი . შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დამატებით დაიბეგრა დღგ-ით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული და დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, შედეგად, დადგინდა საწარმოს ფულადი სახსრების ნაშთი . შემოწმებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, შესაბამისად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 73-ე მუხლებისა და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით, ფულის ნაშთი(საშემოსავლო გადასახადის გარეშე), ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახაო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის 16510 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 101(1); 154(1 „ა“.2„ა“ და „ბ“); 158(1);