გადაწყვეტილება №24384/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24384/2/2024
31 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "--------" (ს/ნ "--------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "--------" -ის 2.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24384/2/2024).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2024 წლის №002-166 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24049 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 83 124,22 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 50 697
დღგ - 41 964
საშემოსავლო გადასახადი - 8 733
ჯარიმა - 24 578
საურავი - 7 849,22
პროცედურული გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა ცხოველთა საკვების ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და რეალიზაცია. გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 20 იანვარს, 2017 წლის 24 აპრილიდან რეგისტრირებულია დამატებული ღირებულების გადამხდელად.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №11559 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 2 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება (სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 21 მაისამდე).
შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 5 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აგვისტოს №18993 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №002-166 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 13 ნოემბრის №24049 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით 2021 წლის შემოსავალი შეადგენს 324 527 ლარს, 2022 წლის - 353 627 ლარს, 2023 წლის - 322 980 ლარს (საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში 2 680 ლარით ნაკლებია მითითებული), წლების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატია 5%, 8% და 12%. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №11546 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, შედეგად გამოვლინდა 168 772 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი. ინვენტარიზაციის შედეგებით ფასნამატმა შეადგინა 12.4%.
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. მისი მხრიდან წარდგენილი იყო მხოლოდ საბანკო ანგარიშთა ამონაწერები, შესაბამისად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სმფ-ის ინვენტარიზაციებზე დაყრდნობით, ფასნამატად გამოყენებულ იქნა 12.4%. აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადამხდელის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯებია 2021 წელს შეძენილი საქონელი 269 301 ლარი, ხელფასის ხარჯი 23 750 ლარი, ელ. ენერგიის ხარჯი 1 468 ლარი, სხვა ხარჯები 6 095 ლარი, 2022 წელს შეძენილი საქონელი 373 290 ლარი, ხელფასის ხარჯი 19 030 ლარი, ელ. ენერგიის ხარჯი 1 556 ლარი, სხვა ხარჯები 7 058 ლარი, 2023 წელს შეძენილი საქონელი 315 069 ლარი, ხელფასის ხარჯი 23 256 ლარი, ელ. ენერგიის ხარჯი 1 337 ლარი, სხვა ხარჯები 11 969 ლარი.
შემოწმების შედეგად 2021 წლის შემოსავალმა შეადგინა 345 751 ლარი, 2022 წლის შემოსავალმა შეადგინა 357 033 ლარი, 2023 წლის შემოსავალმა 318 819 ლარი, ასევე დაკორექტირდა 2021 წელს შეძენილი სმფ, ნაცვლად 269 301 ლარისა 267 784 ლარით, 2022 წელს ნაცვლად 373 290 ლარისა 362 099 ლარით, 2023 წელს ნაცვლად 315 069 ლარისა 312 243 ლარით. ასევე, შემცირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები, გადამხდელს შეძენილი ჰქონდა პირადი (საოჯახო) მოხმარების პროდუქცია, როგორიცაა ჰიგიენურ/კოსმეტიკური საშუალები, ჭურჭლის სარეცხისა და სარეცხის მანქანა და ა.შ. (მათი ტრანსპორტირების დასრულების ადგილიც განსხვავებულია საქმიანობის განხორციელების მისამართისგან). პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, შედეგად გამოვლინდა 168 772 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგებით ფასნამატმა შეადგინა 12.4%. გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება წარმოებული არ აქვს და შემოწმებას წარუდგინა მხოლოდ საბანკო ანგარიშთა ამონაწერები, შემოწმებამ ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სმფ-ის ინვენტარიზაციებზე დაყრდნობით, ფასნამატად გამოყენებულ იქნა 12.4%.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.
ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ არცერთ საკითხს და არგუმენტებს და მტკიცებულებებს წარმოადგენს საკითხის განხილვის დროს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
როგორც შემოწმების აქტიდან ირკვევა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, ხოლო ბუღალტერია ნაწარმოები არ ჰქონდა.
მომჩივანს სადავო საკითხის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული არგუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არამართლზომიერებას, მომჩივანს აღნიშნულის შესაძლებლობა ჰქონდა როგორც შემოწმების პროცესში ასევე საჩივრის განხილვის ეტაპზე.
მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულია მართებულად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
მომჩივანს დამატებული ღირებულების გადასახადის და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმები, ხოლო დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობის გამო დაერიცხა საურავი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო
შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ არცერთ საკითხს.
2.მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1.პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.მომჩივანს დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმები, ხოლო დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობის გამო დაერიცხა საურავი.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულია მართებულად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.საბჭოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),163,164,269(7).