გადაწყვეტილება №28114/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.11.2026
№ დოკუმენტი 28114/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28114/2/2026

11 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,15.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 14.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28114/2/2026).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.05.2026 წლის №26952/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 13.08.2026 წლის №081-169 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 5 323 761,77 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 2 925 581,51

დღგ - 1 108 653,71

საშემოსავლო გადასახადი - 1 816 930,8

ჯარიმა - 1 711 075,5

საურავი - 687 101,76

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის კამერალური საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. დადგინდა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება.

საგადასახადო კოდექსის მე-18, 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ამასთან, დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილს შორის სხვაობის თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №081-379 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.03.2026 წლის №4723 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 14.05.2026 წლის №26952/2/2026 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უძრავი ქონების რეალიზაციის საბაზრო ფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული აუდირებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 14.05.2026 წლის №26952/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 11.08.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების პროცესში შესწავლილ იქნა საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები, ასევე დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული აუდირებული მონაცემების ანალიზი. შესწავლისა და ანალიზის შედეგად სათანადო საფუძვლები არ გამოვლენილა, რათა მომხდარიყო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 11.08.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 13.08.2026 წლის №081-169 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმება ჩატარებული იქნა პრაქტიკულად გადასახადის გადამხდელთან აქტიური კომუნიკაციის გარეშე. აუდიტორების მიერ სათანადოდ არ იქნა შესწავლილი წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია: საბუღალტრო პროგრამა ინფო ბუღალტერია, ხელშეკრულებები და არ იქნა შედარებული ფართების რეალიზაციის რეესტრთან. საკითხის შესწავლის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მსგავსი მიდგომის გამოყენება საბაზრო ფასის ოდენობის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან, მიღებულ ავანსებთან და გამომდინარე აქედან დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით.

საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხების გაანგარიშების ცხრილი მოწოდებული იქნა მხოლოდ სექტემბრის თვის დასაწყისში. აღნიშნული გაანგარიშების ანალიზით ირკვევა შემდეგი:

შემმოწმებლების მიერ არ იქნა გაანალიზებული და შესწავლილი მშენებლობის დაწყების პერიოდში ბაზარზე არსებული ერთი კვადრატული მეტრი სამშენებლო ფართის აშენების ღირებულება (ნარდობის ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც ერთი კვადრატული მეტრი სამშენებლო ფართის თვითღირებულება (170 აშშ დოლარი) გაცილებით ნაკლებია შესაბამის პერიოდში გაფორმებულ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ფასებზე (ხელშეკრულებების უმეტესი ნაწილი გაფორმებულია 2019-2021 წლებში და გადახდები ძირითადად ხორციელდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით).

შემმოწმებლების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ კომპანიას მშენებლობის განსახორციელებლად ესაჭიროებოდა სახსრების სწრაფად მოზიდვა და პრაქტიკულად იყიდებოდა ჰაერი, რაც წარმოადგენს ფასწარმოქმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს.

აღნიშნული კორპუსის მშენებლობა არ არის დასრულებული და დღესაც გრძელდება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გასაყიდი ფართების ღირებულებას.

როგორც საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხების გაანგარიშების ცხრილიდან ირკვევა, შემოწმების დროს არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხული მონაცემები (საწყისი ნაშთები შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის), კერძოდ: მიღებული ავანსები 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაც 8 664 0000 ლარს შეადგენდა დღგის გათვალისწინებით (ამონაწერი საბუღალტრო პროგრამიდან მიღებული ავანსების შესახებ 1.01.2022 წლის მდგომარეობით), რაც ნიშნავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგრილი და დეკლარირებულია მიღებული ავანსები, თუმცა დღგ-ის დეკლარაციებში (გვ. 16, გრაფა 4.1) არ არის დაფიქსირებული ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ საქონლის მიწოდებაზე/მომსახურების გაწევაზე წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხაზე/თანხის ნაწილზე, რომელიც წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაექვემდებარა დაბეგვრას.

შემმოწმებლებისათვის აღნიშნული ინფორმაციის მიღება თავისუფლად იყო შესაძლებელი საბუღალტრო პროგრამიდან. წინა საგადასახადო პერიოდში დაბეგრილი ავანსების გაუთვალისწინებლად შეუძლებელია არათუ საგადასახადო ვალდებულებების შემოწმება და საგადასახადო აქტის შედგენა, არამედ კომპანიის მიერ საერთოდ საქმიანობის განხორციელება.

მეტი თვალსაჩინოებისათვის წარმოდგენილია მაგალითი არასწორად დარიცხულ თანხებზე შემმოწმებლების მიერ მოწოდებული დამატებით დარიცხული თანხების გაანგარიშების ცხრილიდან: 1. „-------“-ს (ს/ნ „-------“) 2023 წლის დეკემბრის თვეში რეგისტრირებული აქვს საკუთრების უფლებით 79,4 კვ.მ საცხოვრებელი ფართი (მე-6 სართული, ბინა 141). უძრავი ქონების წინასწარი უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული და ხელმოწერილია მხარეების მიერ 2019 წელს 31 760 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე (გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად). ერთი კვ.მ საცხოვრებელი ფართის ფასი - 400 აშშ დოლარი. წარმოდგენილია ასევე განვადებით თანხის გადახდის გრაფიკი და უნაღდო ანგარიშსწორებით ავანსად ჩარიცხვების დოკუმენტები. „-------“-საგან მიღებული ავანსები (31 760 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 94 340,58 ლარი) აღრიცხულია კომპანიის მიერ წარმოებულ საბუღალტრო პროგრამაში, დაბეგრილია დღგ-ით (1.01.2022 წლამდე: 24 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 73 257,45 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 2022 წელს). გამომდინარე აქედან, 2023 წლის დეკემბრის თვეში, როდესაც „-------“-ზე დარეგისტრირებული იქნა ბინა საკუთრების უფლებით და ჩათვლილი იქნა რეალიზებულად, საწარმოს დღგ-ის ვალდებულება არ წარმოეშობოდა. მიუხედავად ამისა, შემოწმებით „-------“-ზე დარეგისტრირებული 79,4 კვ.მ საცხოვრებელი ფართი ჩაითვალა რეალიზებულად 65 108 (79,4X820) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში - 175 271 ლარად და დაიბეგრა დღგ-ით (27 000 ლარი) და საშემოსავლო გადასახადით (33 000 ლარი).

მოცემულ შემთხვევაში, 2019 წელს 400 აშშ დოლარად რეალიზებული ერთი კვ.მ საცხოვრებელი ფართი, რაზედაც არსებობდა წინარე ხელშეკრულება, განვადება, თანხის გადახდის გრაფიკი, საბანკო გადარიცხვები და მიღებული ავანსები დაბეგრილი იყო კომპანიის მიერ, შემმოწმებლების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად ერთი კვ.მ ფართი 820 აშშ დოლარად 2023 წლის დეკემბრის თვეში და დაიბეგრა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით, რაც არასწორია.

შემმოწმებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა შემსყიდველისაგან ინფორმაციის გამოთხოვის, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მოცემულ შემთხვევაში ურთიერთდამოკიდებულება არ იკვეთება, გაფორმებული ხელშეკრულება, მასში დაფიქსირებული ფასები, განვადება, გრაფიკი და გადახდები რეალურია (განვადება გაკეთებულია რეალურად გადასახდელ თანხაზე, რასაც ხელს აწერს და ადასტურებს ორივე მხარე).

„-------“-ს (ს/ნ „-------“) 2023 წლის დეკემბრის თვეში რეგისტრირებული აქვს საკუთრების უფლებით 41,7 კვ.მ საცხოვრებელი ფართი (22-ე სართული, ბინა 430). უძრავი ქონების წინასწარი უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული და ხელმოწერილია მხარეების მიერ 2019 წლის 5 თებერვალს 15 012 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე (გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად). ერთი კვ.მ საცხოვრებელი ფართის ფასი - 360 აშშ დოლარი. წარმოდგენილია ასევე განვადებით თანხის გადახდის გრაფიკი და უნაღდო ანგარიშსწორებით ავანსად ჩარიცხვების დოკუმენტები. „-------“-საგან მიღებული ავანსები (15 012 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 43 393,85 ლარი) აღრიცხულია საბუღალტრო პროგრამაში, დაბეგრილია დღგ-ით (1.01.2022 წლამდე: 9 617,53 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 28 246,46 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 2022 წელს). გამომდინარე აქედან, 2023 წლის დეკემბრის თვეში, როდესაც „-------“-ზე დარეგისტრირებული იქნა ბინა საკუთრების უფლებით და ჩათვლილი იქნა რეალიზებულად, საწარმოს დღგ-ის ვალდებულება არ წარმოეშობოდა. მიუხედავად ამისა, შემოწმებით „-------“-ზე დარეგისტრირებული 41,7 კვ.მ საცხოვრებელი ფართი ჩაითვალა რეალიზებულად 34 194 (41,7X820) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში - 92 050 ლარად და დაიბეგრა დღგ-ით (14 000 ლარი) და საშემოსავლო გადასახადით (23 000 ლარი).

წარმოდგენილი არგუმენტები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში შემმოწმებლების მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არარეალურია, საბაზრო ფასების არასწორად განსაზღვრისა და 2022 წლის 1 იანვრამდე დაბეგრილი მიღებული ავანსების გაუთვალისწინებლობის გამო, დამატებით დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას საფუძველი არ გააჩნია და წარმოადგენს საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ცვლილების საფუძველს.

საჩივარი განხილული უნდა იქნას მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და შემცირდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებეათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საქონლისთვის საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.

საგადასახადო შემოწმების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებების, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციების საფუძველზე მოკვლეული და შესწავლილი იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები, რომლის ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება.

საბჭოს 14.05.2026 წლის №26952/2/2026 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უძრავი ქონების რეალიზაციის საბაზრო ფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული აუდირებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 11.08.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების პროცესში შესწავლილ იქნა საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები, ასევე დამატებით მოკვლეული და შესწავლილი იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული აუდირებული მონაცემების ანალიზი. შესწავლისა და ანალიზის შედეგად სათანადო საფუძვლები არ გამოვლენილა, რათა მომხდარიყო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

მომჩივანი მიუთითებს, რომ შემმოწმებლების მიერ არ იქნა გაანალიზებული და შესწავლილი მშენებლობის დაწყების პერიოდში ბაზარზე არსებული ერთი კვადრატული მეტრი სამშენებლო ფართის აშენების ღირებულება (ნარდობის ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც ერთი კვადრატული მეტრი სამშენებლო ფართის თვითღირებულება (170 აშშ დოლარი) გაცილებით ნაკლებია შესაბამის პერიოდში გაფორმებულ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ფასებზე (ხელშეკრულებების უმეტესი ნაწილი გაფორმებულია 2019-2021 წლებში და გადახდები ძირითადად ხორციელდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით). არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ კომპანიას მშენებლობის განსახორციელებლად ესაჭიროებოდა სახსრების სწრაფად მოზიდვა და პრაქტიკულად იყიდებოდა ჰაერი, რაც წარმოადგენს ფასწარმოქმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. შემმოწმებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა შემსყიდველისაგან ინფორმაციის გამოთხოვის, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ურთიერთდამოკიდებულება არ იკვეთება, გაფორმებული ხელშეკრულება, მასში დაფიქსირებული ფასები, განვადება, გრაფიკი და გადახდები რეალურია (განვადება გაკეთებულია რეალურად გადასახდელ თანხაზე, რასაც ხელს აწერს და ადასტურებს ორივე მხარე).

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უძრავი ქონების რეალიზაციის საბაზრო ფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული აუდირებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 13.08.2026 წლის №081-169 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს უძრავი ქონების რეალიზაციის საბაზრო ფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული აუდირებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ საჩივარი განხილული უნდა იქნას მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და შემცირდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. დადგინდა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება. სსკ-ის მე-18, 49-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.ამასთან,დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილს შორის სხვაობის თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უძრავი ქონების რეალიზაციის საბაზრო ფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული აუდირებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

18,136,157.