ბრძანება N 8673
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8673
21.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,-------“-ს (ს/ნ -------)
(მის: -------, -------)
2023 წლის 25 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 აპრილის სხდომაზე (ოქმი N39) განიხილა შპს ,,-------“-ს (ს/ნ -------) N79917/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 თებერვლის №CB1444969 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 28 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა მათ ობიექტზე განახორციელეს დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა. ვინაიდან რეესტრში არ ჰყავდათ ასახული მხოლო ერთი პიროვნება ------- (პ/ნ -------), გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ------- გაფორმებული აქვთ სტაჟირების ხელშეკრულება ანაზღაურების გარეშე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რა დროსაც გამოვლინდა, რომ შპს ,,-------“-ს (ს/ნ -------) მიერ დარღვეული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მოთხოვნები (დაქირავებულ პირთა რეესტრში არ იყო შეყვანილი დაქირავებით მომუშავე 1 პირი ------- (პ/ნ -------). აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი იქნა NCB1444969 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 100 ლარის ოდენობით.
ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ სტომატოლოგიურ კაბინეტში გადამოწმებისას ექიმი სტომატოლოგი მომსახურებას უწევდა პაციენტს და ობიექტზე მყოფი პირი ------- (პ/ნ -------) დამოუკიდებლად ახორციელებდა ექთნის ფუნქციას. ------- (პ/ნ -------) განმარტებით იგი ორი თვეა რაც მუშაობს აღნიშნულ ობიექტში. ასევე ოფიცრების მიერ შპს-ს დირექტორთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია რათა გაერკვიათ ------- (პ/ნ -------) რა სტატუსით იყო დასაქმებული, მისი განმარტებით აღნიშნული პიროვნება ჰყავდა მიღებული გამოსაცდელი ვადით, რომელთანაც გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება. თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება ადგილზე არ ყოფილა წარდგენილი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება:
ა) ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით;
ბ) ფიზიკური პირის მიერ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან;
გ) ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად. მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 112 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანების 3719 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა; ამ მუხლის მიზნებისათვის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა გულისხმობს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა და სხვა) შესახებ ინფორმაციის ანალიზს; „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარების გზით ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით; „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ 2022 წლის 1 დეკემბრის სტაჟირების ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, შპს ,,-------“-ს (ს/ნ -------) მიერ ------- (პ/ნ -------) გაფორმებულია სტაჟირების ხელშეკრულება ანაზღაურების გარეშე, ხოლო სტაჟირების ვადა შეადგენს 4 თვეს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ოქმში აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და უნდა გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 თებერვლის №CB1444969 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,-------“-ს (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 თებერვლის №CB1444969 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა;
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
ფაქტობრივი გარემოებები
როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რა დროსაც გამოვლინდა, რომ შპს-ს მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში არ იყო შეყვანილი დაქირავებით მომუშავე 1 პირი. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 100 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ოქმში აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და უნდა გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 12,491; 291;
ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანება, მუხლი 112(2)
ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანება, მუხლი 3719(1-2-3, 5)