ბრძანება N 2409

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2026
№ დოკუმენტი 2409
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2409

06 თებერვალი 2026

ბრძანება

ი/მ "-------" -ის (ს/ნ "-------" )

(მის.: "-------" )

2025 წლის 24 დეკემბრის და 2026 წლის 28 იანვრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 და 29 იანვარს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №6, №8) განიხილა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") 2025 წლის 24 დეკემბრის №99590/1/2025 და 2026 წლის 28 იანვრის №100414/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 დეკემბრის №007-337 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ შეძენილი პროდუქცია დაყოფილ იქნა 27 კატეგორიად, თუმცა სრული შეძენების უმეტესი ნაწილი ასახულია „სხვა“ კატეგორიაში, რაც წარმოადგენს ზედაპირულ მიდგომას და შეძენები უნდა გადანაწილდეს შესაბამის კატეგორიებში. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ შედგენილი ფასნამატის ცხრილში დაშვებულია უხეში და მექანიკური შეცდომები, არასწორად არის შეპირისპირებული საქონლის თვითღირებულებები და სარეალიზაციო ფასები და არ არის გათვალისწინებული საქონლის ფაქტობრივი ნაშთები, რასაც დიდი გავლენა აქვს კატეგორიის ფასნამატის განსაზღვრაში. მომჩივანი დანართის სახით წარმოადგენს ფასნამატის გაანგარიშებს ცხრილს საქონლის სახეობების მიხედვით და მიუთითებს, რომ აღნიშნული გაანგარიშებით მნიშვნელოვნად მცირდება ფასნამატის პროცენტი. მომჩივანი ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების შესაბამისად მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის №12627, 25 აგვისტოს №18874 და 11 ნოემბრის №24787 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. ხოლო, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 18 ივნისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 2 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 5 დეკემბრის №26824 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-337 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 580 105 ლარი, მათ შორის გადასახადი 372 903 ლარი, ჯარიმა 162 868 ლარი და საურავი 44 333 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა საბითუმო ვაჭრობა სპორტული საქონლით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არ ყოფილა წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაცია-დოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. მეწარმის მიერ შეძენილი პროდუქცია შედგებოდა, როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლისაგან, რომლის რეალიზაციასაც პირი ახორციელებდა მოლში. მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 1 524 167 ლარს, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში შეადგენდა 0 ლარს. გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №12947 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის შედეგად გამოვლინდა სმფ-ების ნაშთი 1 056 697 ლარის საბაზრო ღირებულებით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საქონლის თვითღირებულების დადგენის მიზნით შესწავლილ იქნა პროდუქციის შეძენის დამადასტურებელი სასაქონლო ინვოისები. პროდუქციის იმ ნაწილზე, სადაც შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგებში დაფიქსირებული საქონლის ნაშთის შეძენილ საქონელთან დაკავშირება, თვითღირებულებად განისაზღვრა შეძენის ფასი (ტრანსპორტირების ღირებულების ჩათვლით), ხოლო იმ ნაწილზე, რომელთა დაკავშირებაც ვერ მოხდა გამოყენებულ იქნა კონკრეტული კატეგორიისთვის გაანგარიშებული ფასნამატი, დარჩენილი ნაწილის თვითღირებულება კი განისაზღვრა საშუალო შეწონილი ფასნამატით, რამაც შეადგინა 58%. შემოწმებით განხორციელდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, საწყისი, შეძენილი და საბოლოო სმფ-ების ნაშთების გათვალისწინებით და დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. აღნიშნულ თვითღირებულებაზე შესაბამისი კატეგორიის ფასნამატის გავრცელებით გაანგარიშებულ იქნა შემოსავალი, რაც განსხვავდებოდა გადამხდელის მიერ დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემებისაგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 164-ე, მე-80 და მე-100 მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

აგრეთვე, შემოწმებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წელს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი, როგორც შეძენილი საქონლის, ისე სხვა ხარჯების ღირებულება განსხვავდებოდა დეკლარირებულისგან. შემოწმებისთვის არ ყოფილა წარმოდგენილი აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ მოხდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სხვა ხარჯების კორექტირება და გაიზარდა დასაბეგრი შემოსავალი. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა საბითუმო ვაჭრობა სპორტული საქონლით. მეწარმის მიერ შეძენილი პროდუქცია შედგებოდა, როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლისაგან, რომლის რეალიზაციასაც პირი ახორციელებდა მოლში. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არ ყოფილა წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციადოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 1 524 167 ლარს, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში შეადგენდა 0 ლარს. გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის შედეგად გამოვლინდა სმფ-ების ნაშთი 1 056 697 ლარის საბაზრო ღირებულებით. ამდენად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საქონლის თვითღირებულების დადგენის მიზნით შესწავლილ იქნა პროდუქციის შეძენის დამადასტურებელი სასაქონლო ინვოისები. პროდუქციის იმ ნაწილზე, სადაც შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგებში დაფიქსირებული საქონლის ნაშთის შეძენილ საქონელთან დაკავშირება, თვითღირებულებად განისაზღვრა შეძენის ფასი (ტრანსპორტირების ღირებულების ჩათვლით), ხოლო იმ ნაწილზე, რომელთა დაკავშირებაც ვერ მოხდა გამოყენებულ იქნა კონკრეტული კატეგორიისთვის გაანგარიშებული ფასნამატი, დარჩენილი ნაწილის თვითღირებულება კი განისაზღვრა საშუალო შეწონილი ფასნამატით, რამაც შეადგინა 58%. შემოწმებით განხორციელდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, საწყისი, შეძენილი და საბოლოო სმფ-ების ნაშთების გათვალისწინებით და დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. აღნიშნულ თვითღირებულებაზე შესაბამისი კატეგორიის ფასნამატის გავრცელებით გაანგარიშებულ იქნა შემოსავალი, რაც განსხვავდებოდა გადამხდელის მიერ დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემებისაგან.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ ყველაზე მაღალი სარეალიზაციო ფასის მქონე საქონელი დაუკავშირა ყველაზე მაღალი თვითღირებულების მქონეს, შედარებით უფრო დაბალი სარეალიზაციო ფასი შედარებით უფრო დაბალი თვითღირებულების მქონეს და ა.შ. აგრეთვე, შემოწმების მიერ, გამოიყო 26 ძირითადი კატეგორია და ერთი „სხვა“ კატეგორია, რომელშიც აკუმულირებულ იქნა ის საქონელი, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ მოხდა და ამ უკანასკნელზე გავრცელდა საშუალო შეწონილი ფასნამატი 58%. გარკვეული კატეგორიის საქონლი, რომელთაც ჰქონდათ სხვადასხვა სარეალიზაციო ღირებულებები, დაკავშირდა ერთი და იგივე თვითღირებულებასთან, ვინაიდან პროდუქციის შეძენის დამადასტურებელ არცერთ სასაქონლო ინვოისში ამ პროდუქციის სხვა ღირებულებით შეძენა არ ფიქსირდებოდა, ან კიდევ შეძენის ფასი აღემატებოდა სარეალიზაციო ღირებულებას. გადამხდელმა დავის ეტაპზე წარმოადგინა გაანგარიშების საკუთარი ვერსია, სადაც გამოყო ახალი ორი კატეგორია, გააერთიანა შემოწმებით უკვე გამოყოფილი კატეგორიები და ასევე გარკვეული ცვლილებები შეიტანა შემოწმების მიერ უკვე დაიდენტიფიცირებულ ღირებულებებში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის წარმოდგენილი გაანგარიშება, თუმცა აღნიშნული გაანგარიშებით, გადასახადის გადამხდელი 2023-2024 წლებში აჩვენებს უფრო ნაკლებს შემოსავალს, ვიდრე კომპანიას ამავე წლებში აქვს დეკლარირებული. ასევე, გადამხდელის მიერ დაკავშირებულ ფასნამატებში მონაწილეობა აქვს მიღებული ე.წ „მინუსიან ფასნამატებს“, რაც იძლევა არასწორ შედეგებს. ამასთან, კონკრეტული საქონლის თვითღირებულებად მიუთითა ისეთი ფასი, რომლის საფუძველზეც შესაბამის სასაქონლო ინვოისებში ასახული შესყიდული პროდუქციის რაოდენობა ნაკლებია ნაშთში არსებული საქონლის რაოდენობაზე, რაც მიუთითებს თვითღირებულების არასწორად განსაზღვრაზე. დამატებით, აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელმა უკვე გამოყოფილი და იდენტიფიცირებული პროდუქციის რამდენიმე დამოუკიდებელი კატეგორია გააერთიანა ერთ კატეგორიად, რის შედეგადაც შემცირდა აღნიშნულ კატეგორიებში არსებული პროდუქციის საშუალო შეწონილი ფასნამატი და შეცვალა ფასნამატის რეალური მაჩვენებელი. ასევე, რიგ შემთხვევებში გადამხდელმა თვითღირებულების განსაზღვრისას გამოიყენა 2024 წელს შეძენილი პროდუქციის თვითღირებულება ან ამ კატეგორიის პროდუქციის სრული შესყიდვების საშუალო ფასი, მაშინ როდესაც 2025 წელსაც ფიქსირდებოდა აღნიშნული პროდუქციის შეძენა შესაბამის სასაქონლო ინვოისებში, რაც არ შეესაბამება პერიოდულობისა და შესაბამისობის პრინციპებს. ამდენად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი შეიცავდა არსებით ხარვეზებს, შემოწმების მიერ აღნიშნული ვერ იქნა მხედველობაში მიღებული.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის 2026 წლის 23 იანვრის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილვისას გადასახადის გადამხდელს მიეცა დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა, საკითხის განხილვა გადაიდო ერთი კვირის ვადით, თუმცა საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "-------" (ს/ნ "-------" ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა საბითუმო ვაჭრობა სპორტული საქონლით.მეწარმის მიერ შეძენილი პროდუქცია შედგებოდა, როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლისაგან.მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 1 524 167 ლარს, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში შეადგენდა 0 ლარს.სსკ-ის 159-ე, 164-ე, მე-80 და მე-100 მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.შემოწმებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წელს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი, როგორც შეძენილი საქონლის, ისე სხვა ხარჯების ღირებულება განსხვავდებოდა დეკლარირებულისგან. შემოწმებისთვის არ ყოფილა წარმოდგენილი აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ მოხდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სხვა ხარჯების კორექტირება და გაიზარდა დასაბეგრი შემოსავალი. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),100,102,105,163.