გადაწყვეტილება №27614/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.08.2026
№ დოკუმენტი 27614/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27614/2/2026

06 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 19.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27614/2/2026).

 

დავის საგანი:

უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის წყაროსთან დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.03.2026 წლის №021-15 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.06.2026 წლის №11914 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 37 094.34 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 20 367.82

ჯარიმა - 10 147

საურავი - 6 579.52

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.02.2023 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 27.02.2026 წლის №AR021279 საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:

აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №5007 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული შემოწმების მასალების თანახმად, გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2023 წლის პირველ თებერვალს, სალაროში ნაშთად უფიქსირდებოდა 162 850 ლარი, რომლის არაგონივრული ნაწილი, 161 795 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. მომჩივანს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

მიმდინარე საგადასახადო შემოწმების (27.02.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი) შედეგად საწარმოს დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებელი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.03.2026 წლის №4782 ბრძანება და ამავე თარიღის №021-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.06.2026 წლის №11914 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ სესხზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანებით გაანგარიშებული პროცენტის თანხის ხელფასთან გათანაბრებულ სარგებლად განხილვა და 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს მიაჩნია, რომ აუდიტორების მიდგომა და გაანგარიშება არამართებულია, მათი ლოგიკა მოკლებულია გონივრულობას და არგუმენტაციას. შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება არასრულ ფაქტობრივ კვლევას, ეკონომიკური რეალობის არასწორ აღქმას და სამართლებრივი ნორმების ფორმალისტურ გამოყენებას, რაც საბოლოოდ იწვევს არასწორ დასკვნას კომპანიის საქმიანობის შესახებ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება - საგადასახადო ორგანოს არ ჩაუტარებია სალაროს ინვენტარიზაცია. არ განხორციელებულა არც ერთი ქმედება, რომელიც დაადასტურებდა სალაროში არსებული თანხის რეალურ არსებობას ან არარსებობას. მიუხედავად ამისა, მიღებულია დასკვნა, რომ აღნიშნული თანხა თითქოს გაცემულია დირექტორზე. ეს ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დასკვნა გააკეთა ფაქტობრივი შემოწმების გარეშე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, ისე ზოგად ადმინისტრაციულ პრინციპებს. ამასთანავე, კომპანიის მიერ წარდგენილია სალაროს ინვენტარიზაციის აქტები და შესაბამისი მასალა, რაც ადასტურებს თანხის არსებობას.

გარდა ამისა, სალაროს ნაშთი ყოველთვიურად აისახება როგორც საბუღალტრო ჩანაწერებში, ისე საგადასახადო დეკლარაციებში. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კომპანია მოქმედებდა გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად, არ მალავდა მონაცემებს და ასახავდა რეალურ მდგომარეობას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სალაროს ნაშთის დინამიკის საკითხი. საგადასახადო ორგანომ შეაფასა მხოლოდ ერთი კონკრეტული მომენტი და არ გაითვალისწინა ნაშთის ისტორიული ცვლილება. თუმცა, ეკონომიკური თვალსაზრისით, ნაღდი ფულის შეფასება შეუძლებელია სტატიკური მიდგომით. სალაროს ნაშთი წარმოადგენს დინამიკურ მაჩვენებელს, რომელიც იცვლება ოპერაციების შესაბამისად - იგი იზრდება და მცირდება შესყიდვებისა და რეალიზაციის მიხედვით. სწორედ ეს დინამიკა არის ის ფაქტორი, რომელიც აჩვენებს თანხის რეალურ დანიშნულებას.

თუ აღნიშნული თანხა რეალურად გაცემული იქნებოდა დირექტორზე, როგორც ამას საგადასახადო ორგანო ამტკიცებს, იგი აღარ იარსებებდა სალაროში და არ აისახებოდა შემდგომ პერიოდებში. ფაქტი, რომ ნაშთი პერიოდულად ფიქსირდება და იცვლება, გამორიცხავს მის სესხად კვალიფიკაციას. ამგვარად, ნაღდი ფული წარმოადგენს სამუშაო კაპიტალს, რომელიც გამოიყენება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საგადასახადო ორგანოს საერთოდ არ გაუკეთებია ფულადი ნაკადების ანალიზი. არ არის შესწავლილი, როგორ გადაადგილდება თანხა საბანკო ანგარიშებსა და სალაროს შორის, რა სიხშირით ტრიალებს იგი, როგორ უკავშირდება შესყიდვებსა და რეალიზაციას. ეს არის სწორედ ის ძირითადი ეკონომიკური საკითხი, რომლის გარეშე შეუძლებელია ნაღდი ფულის შეფასება. ფაქტობრივად, ორგანომ შეაფასა შედეგი, მაგრამ არ შეისწავლა პროცესი, რაც მეთოდოლოგიურად არასწორი მიდგომაა. ასევე არ არის გაანალიზებული ნაღდი და უნაღდო ოპერაციების ურთიერთმიმართება. ბიზნესში, განსაკუთრებით ჯართის სექტორში, ფულადი ნაკადები ხშირად გადადის საბანკო ანგარიშებიდან სალაროში და პირიქით. ამ პროცესის იგნორირება იწვევს მთლიანად მცდარ სურათს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

მნიშვნელოვანია ასევე ბაზრის სპეციფიკის საკითხი. კომპანია ოპერირებს ჯართის სექტორში, რომელიც თავისი ბუნებით არის cash-intensive. ამ სფეროში ოპერაციები არის ხშირი, მცირე მოცულობის და ძირითადად ხორციელდება ფიზიკურ პირებთან. ასეთ პირობებში გადახდა უმეტეს შემთხვევაში ხდება ადგილზე და ნაღდი ფულით. კონკურენციის პირობებში სწრაფი გადახდა არის გადამწყვეტი ფაქტორი. შესაბამისად, ნაღდი ფულის არსებობა სალაროში არ არის გამონაკლისი ან გადაჭარბებული მოვლენა - იგი არის ბიზნესის ფუნქციონირების აუცილებელი პირობა. საგადასახადო ორგანომ ეს გარემოება საერთოდ არ გაითვალისწინა. არ არის გაანალიზებული ბაზრის სტრუქტურა, ოპერაციების სიხშირე, მომწოდებლების ტიპი და კონკურენციის დონე. ამ ფაქტორების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება ვერ ასახავს რეალურ ეკონომიკურ მდგომარეობას. გარდა ამისა, კომპანიას აქვს სრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვა და დოკუმენტაცია. ოპერაციები არის დოკუმენტურად დადასტურებული, შესყიდვები იდენტიფიცირებადია, რეალიზაცია ასახულია და ფულადი ნაკადები არის გამჭვირვალე. სწორედ ამ ფაქტორების არარსებობა არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც საგადასახადო ორგანოები იყენებენ არაპირდაპირ მეთოდს. მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნული საფუძველი არ არსებობს, რაც ნიშნავს, რომ გამოყენებული მიდგომა არის უკანონო.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის საკითხი. საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება საგადასახადო ორგანოს. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში არ არის წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თანხის გაცემას დირექტორზე. არ არსებობს სესხის ხელშეკრულება, არ არსებობს გადაცემის დოკუმენტი და არ არსებობს რაიმე ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ამ დასკვნას დაადასტურებდა. ასეთ პირობებში თანხის სესხად კვალიფიკაცია არის სრულიად უსაფუძვლო. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგადასახადო ორგანომ არ შეისწავლა კომპანიის საქმიანობის სრული სურათი. არ არის გაანალიზებული ფინანსური ბრუნვა, ოპერაციების მოცულობა, შესყიდვების სტრუქტურა, ლოჯისტიკა და ბაზართან კავშირები. ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს ბიზნესის ეკონომიკურ რეალობას. მათი იგნორირება იწვევს არასწორ დასკვნებს.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს №21187/2/2023 გადაწყვეტილება, რომელიც ცხადყოფს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არასრული კვლევა წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არ არსებობს დოკუმენტაცია და აღრიცხვა. მოცემულ შემთხვევაში კი ორივე არსებობს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გამოყენებული მიდგომა არის არასწორი.

საბოლოო შეჯამებით, მოცემულ საქმეში სახეზეა რამდენიმე ძირითადი პრობლემა: არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ არის გაანალიზებული ფულადი ნაკადები, არ არის გათვალისწინებული ბაზრის სპეციფიკა და არ არსებობს მტკიცებულება თანხის სესხად გაცემის შესახებ. ამ პირობებში მიღებული გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება კანონიერად და დასაბუთებულად. შესაბამისად, მიაჩნია, რომ დარიცხული გადასახადი არის უსაფუძვლო და უნდა გაუქმდეს სრულად, ვინაიდან იგი ეფუძნება მცდარ ეკონომიკურ ინტერპრეტაციას და არასრულ ფაქტობრივ კვლევას.

მომჩივანი საჩივარში წარმოადგენს ცხრილის სახით ინფორმაციას თუ რა არ გააკეთა შემოსავლების სამსახურმა და რა უნდა გაეკეთებინა.

ამდენად, არ ეთანხმება დარიცხვას და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორების პოზიციას, რადგან აღნიშნული თანხა განთავსებულია საწარმოს ოფისში, აუდიტორები არ დაინტერესდნენ სალაროში არსებული თანხის ოდენობით, არ ჩაატარეს შესაბამისი პროცედურა (სალაროს ინვენტარიზაცია). საწარმო ყოველთვიურად აფიქსირებდა სალაროს ნაშთს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში რაც გახდა კიდეც ბოლო საგადასახადო შემოწმებისა და დარიცხვის საფუძველი. მიაჩნია რომ საწარმოს ქმედება მართლზომიერია და შეესაბამება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, რადგან ყოველთვიურად აფიქსირებდა იმ სალაროს ნაშთს, რომელიც რეალურად დევს სალაროში და ღებულობს მონაწილეობას ეკონომიკურ საქმიანობაში. სხვანაირად საწარმოს ადმინისტრაცია ვერც მოიქცეოდა, რადგან რეალური თანხა (ქეში) ბიზნესის თავისებურებიდან გამომდინარე აუცილებელია ნაღდი თანხის არსებობა სალაროში.

სალაროში თანხის რეალურად არსებობის დადასტურებისათვის წარმოადგენს სალაროს ინვენტარიზაციის აქტს და ფოტო მასალას, რაც უდავოდ ამტკიცებს თანხის არსებობას სალაროში. ასევე გასათვალისწინებელია თანხის ნაშთის ოდენობის ცვალებადობა, რაც იმას მიანიშნებს, რომ თანხა არ არარის მუდმივი კონსტანტა და იგი იცვლება თვიდან თვემდე. აღნიშნული ვიდეო მასალა ატვირთულია yutube პლატფორმაზე. ასევე თანხა ყოველთვიურად ფიქსირდება საბუღალტრო ჩანაწერებში და დეკლარაციებში.

აღნიშნული თანხის გარეშე საწარმო ვერ იარსებებდა და აწარმოებდა თავის ბიზნეს რადგან ეს თანხა გამოიყენება საწარმოს მიერ შავი ლითონების (ჯართის) შესყიდვისას, აფსურდია ამ თანხის არარსებობა, რადგან ეს თანხა ბრუნავს და კვლავწარმოების რეჟიმში გადაყავს საწარმო, აუდიტორებმა არ შეამოწმეს საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები არ გამოკითხეს ბუღალტერი და ადმინისტრაცია, ელემენტარულად რომ მოეთხოვათ საბუღალტრო ჩანაწერები (პროგრამა „ორისი“) თვალნათლივ დაინახავდნენ თანხის არსებობის მტკიცებულებებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად საგადასახადო ვალდებულების დადგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრება საგადასახადო ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ თანხა არ იყო სალაროში, არ არსებობს მტკიცებულება, რომ თანხა გადაეცა დირექტორს.

საგადასახადო ორგანომ არ ჩაატარა ინვენტარიზაცია და არ დაადგინა თანხის რეალური არსებობა/არარსებობა, ეს ნიშნავს, რომ დასკვნა ეფუძნება ვარაუდს და არა ფაქტს, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული წარმოების ძირითად პრინციპებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დასაბუთებული. ამ საქმეში დასაბუთება ძირითადად ეფუძნება შეფასებით კატეგორიას - „არაგონივრული სალაროს ნაშთი“, რაც დამოუკიდებლად არ ადასტურებს სესხის არსებობას.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება დააფუძნოს სრულყოფილ და ობიექტურ გარემოებებზე, მოცემულ შემთხვევაში: არ არსებობს თანხის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი; არ არსებობს სესხის ხელშეკრულება; არ არსებობს ფაქტობრივი დადასტურება; შესაბამისად, გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამ შემთხვევაში: არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია; არ გამოკითხულან პასუხისმგებელი პირები; არ იქნა გამოკვლეული სალაროს მოძრაობის დინამიკა; არ იქნა მოძიებული თანხის ფაქტობრივი გადაცემის მტკიცებულება. გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს: ობიექტურობას; სრულ კვლევას; ფაქტობრივ გარემოებებს; ამ შემთხვევაში კი გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტების დადგენის გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის უარი განპირობებულია, რომ თითქოს მომჩივანი ვერ ასაბუთებს მუხლობრივად და სამართლებრივად თუ რატომ ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხული თანხის გაუქმებას, შესაბამისად კიდევ ერთხელ ასაბუთებს რომ: არ არსებობს თანხის გაცემის მტკიცებულება; არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია; არ დადასტურებულა სარგებლის მიღება; თანხა გამოიყენება სამეურნეო ოპერაციებში. შესაბამისად დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლები. შესაბამისად, დარიცხული საშემოსავლო გადასახადი არის უსაფუძვლო და არაკანონიერი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცდა 20 პროცენტის ოდენობით.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თანხა, რომელიც საგადასახადო შემოწმების შედეგად განხილულია დირექტორზე გაცემულ სესხად, შესამოწმებელ პერიოდში სრულად დაბრუნებულია და კომპანიაში არსებობს სამეურნეო ოპერაციების განსახორციელებლად, რისი დადასტურებაც შესაძლებელია. აღსანიშნია, რომ კომპანია არ დაეთანხმა წინა საგადასახადო შემოწმების შედეგებს და გასაჩივრებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში.

მომჩივნის არგუმენტებზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ წინა საგადასახადო შემოწმებისას, რომლის შედეგებსაც დაეყრდნო განსახილველი საგადასახადო შემოწმება, სალაროს არაგონივრული ნაშთი, დაიბეგრა სესხად. აღსანიშნია, რომ წინა საგადასახადო შემოწმებისას ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის ფაქტობრივი ინვენტარიზაცია და ვინაიდან სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ დაფიქსირდა, განხილულ იქნა სესხად. ამასთან, წინა საგადასახადო შემოწმების შედეგები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში (საჩივრები არ დაკმაყოფილდა) და სასამართლოში, სადაც დავა დღეის მდგომარეობით არ არის დასრულებული. ამდენად, წინა საგადასახადო შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, განსახილველი შემოწმების ფარგლებში არ შეცვლილა კვალიფიკაცია და საწარმოს მიერ დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებელი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №5007 ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარებულია კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად, სალაროს ნაშთის არაგონივრული ნაწილის, 161 795 ლარის (რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად), კომპანიის მიერ სესხად აღიარების და კომპანიისთვის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 1.06.2026 წლის №11914 ბრძანება;

3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №5007 ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად, სალაროს ნაშთის არაგონივრული ნაწილის, 161 795 ლარის (რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად), კომპანიის მიერ სესხად აღიარების და კომპანიისთვის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის წყაროსთან დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №5007 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული შემოწმების მასალების თანახმად, გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2023 წლის პირველ თებერვალს, სალაროში ნაშთად უფიქსირდებოდა 162 850 ლარი, რომლის არაგონივრული ნაწილი, 161 795 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. მომჩივანს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

მიმდინარე საგადასახადო შემოწმების შედეგად საწარმოს დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებელი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №4782 ბრძანება და №021-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №11914 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, აუდიტის დეპარტამენტის №5007 ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარებულია კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად, სალაროს ნაშთის არაგონივრული ნაწილის, 161 795 ლარის (რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად), კომპანიის მიერ სესხად აღიარების და კომპანიისთვის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4.9. „ბ“); 101(1.2 „ბ“); 154(1 „ა“);