ბრძანება N 19264
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19264
23 აგვისტო 2024
ბრძანება
ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------")
(მის.:"-------")
2023 წლის 17 ივლისის და პირველი აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 ივლისის და 8 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები №80 და №86) განიხილა ი/მ "-------" (ს/ნ "-------") 2023 წლის 17 ივლისის №90756/1/2024 და პირველი აგვისტოს №129356/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 ივნისის №007-126 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით. აცხადებს, რომ შემოწმების აქტის გამოცემამდე შემმოწმებელს მიღებული აქვს სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/მოწესრიგებული ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა, შესაბამისად, არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაუქმებას, მხარეთა კომუნიკაციის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლას და რეალური ფაქტების ამსახველი აქტის გამოცემას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 თებერვლის №3447 და 16 მაისის №11297 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის განსაზღვრის მიზნებისთვის 2024 წლის 8 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 31 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 12 ივნისის №13845 ბრძანება და 13 ივნისის №007-126 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 595 370 ლარი, მათ შორის, გადასახადი 339 838 ლარი, ჯარიმა 170 656 ლარი და საურავი 84 876 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის სახეა იმპორტირებული ავტონაწილებით ვაჭრობა. შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა სრულად წარმოდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, წარმოდგენილია მხოლოდ ცნობები ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან (სს "-------"-ს ბანკიდან და სს "-------" ბანკიდან). შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 2 და 3 აპრილის №7203 და №7406 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ "-------"-ის სმფ-ების ფაქტობრივი აღწერა, რომლის მიხედვით, 2024 წლის 8 აპრილის მდგომარეობით, სმფ-ის ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 312 685 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე და 73-ე მუხლებით და მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ი/მ "-------"-ის მიერ განხორციელებული იმპორტის და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი სმფ-ის ნაშთების გათვალისწინებით რპთ მთელ შესამოწმებელ პერიოდზე შეადგენს 1 427 342 ლარს, ხოლო ამავე პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა - 606 142 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მასალების გათვალისწინებით შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები წლების მიხედვით, რამაც შეადგინა 2021 წელს -175 072 ლარი (დღგ-ის გარეშე), 2022 წელს - 686 843 ლარი და 2023 წელს - 532 317 ლარი, ხოლო 2024 წლის იანვარში 33 111 ლარი. ასევე, ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრულ იქნა სმფ-ის ნაშთები შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა შემოწმებით დადგენილი აუდირებული ფასნამატი 62%. დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების წილის პროპორციულად გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2021-2022- 2023-01-2024 წლების პერიოდზე, ამასთან, შემოწმებით გათვალისწინებულია 2021-2022-2023-01-2024 წლებში განხორციელებული იმპორტისას გადახდილი საბაჟოს დღგ-ის თანხები სულ 162 284 ლარი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ი/მ "-------"-ს დაერიცხა დღგ, ასევე დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები წლების მიხედვით, რამაც შეადგინა 2021 წელს - 175 072 ლარი, 2022 წელს - 686 843 ლარი. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა შემოწმებით დადგენილი აუდირებული ფასნამატი 62%. ამასთან, 2021-2022 წელს გათვალისწინებულია 8 ერთეული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა მხოლოდ ცნობები ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან. წლიურ დეკლარაციებში გამოსაქვით ხარჯებში შემოწმების მიერ გათვალისწინებულია ელ.დოკუმენტების შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლით გამოსაქვითი ხარჯები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამასთან, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრებოდა გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ დავის წარმოების ეტაპზე საჩივარზე თანდართული საქონლის იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტები სრულად შესწავლილი, დამუშავებული და გათვალისწინებულია შემოწმების მიერ შემოწმების მიმდინარეობისას. გარდა ზემოხსენებულისა, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა ორისის ანალიზით დგინდება, რომ 2024 წლის 1 თებერვლისთვის სმფ-ების ნაშთი შეადგენს 476 879.08 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი ამავე პერიოდის სმფ-ის ნაშთი შეადგენს 142 423 ლარს (თვითღირებულებით), შესაბამისად, დგინდება რომ ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული სმფ-ის ნაშთები არ შეესაბამება ფაქტობრივად არსებულ ნაშთებს. სხვაობა ფაქტობრივად აღრიცხულ ნაშთების ღირებულებასა და ბუღალტრულად აღრიცხულის ღირებულებას შორის შეადგენს 334 456 ლარს. ასევე, შემოწმების მიერ განხორციელდა სმფ-ის ნაშთის განსაზღვრა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რომლის ოდენობა შეადგენდეს 161 018 ლარს, ნაცვლად ბუღალტრულ პროგრამაში გათვალისწინებული 27 858 ლარისა. ამასთან, მეწარმის მიერ განხორციელებული იმპორტის და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი სმფ-ის ნაშთების გათვალისწინებით რპთ მთელ შესამოწმებელ პერიოდზე შეადგენს 1 427 342 ლარს, ხოლო ამავე პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა - 606 142 ლარს. ბუღალტრულ პროგრამაში არსებული შემოსავლების ოდენობა არ შეესაბამება მის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის საწყისი სმფის ნაშთის (27 858 ლარი) და შემოწმებით დადგენილი საბოლოო სმფ-ის ნაშთის (2024 წლის 1 თებერვლისთვის შეადგენს 142 423 ლარს, ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი ნაშთი) და ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ,,ორისის“ მიხედვით მიღებული შემოსავლის გათვალისწინების შემთხვევაშიც (1 190 230 შემოსავალი დღგ-ის გარეშე ფასნამატით) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება მნიშვნელოვნად აჭარბებს მის მიერ ორისის პროგრამაში დაფიქსირებულ შემოსავლებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმება მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის 2024 წლის 1 აგვისტოს წარმოდგენილი კორესპოდენციით (თანდართული მასალებით) არ არსებობს შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით.ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაუქმებას, მხარეთა კომუნიკაციის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლას და რეალური ფაქტების ამსახველი აქტის გამოცემას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 თებერვლის №3447 და 16 მაისის №11297 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის განსაზღვრის მიზნებისთვის 2024 წლის 8 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 31 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 12 ივნისის №13845 ბრძანება და 13 ივნისის №007-126 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 595 370 ლარი, მათ შორის, გადასახადი 339 838 ლარი, ჯარიმა 170 656 ლარი და საურავი 84 876 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),100,102,159,163.