ბრძანება N 10581
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10581
23 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ის“ (ს/ნ -----------)
(მის.: -----------------------------)
2025 წლის პირველი მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №39) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ -----------) 2025 წლის პირველი მაისის №-----/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 აპრილის №036-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ შემოწმების პერიოდში დირექტორის მიერ მიცემულია განმარტება, რომ კომპანია სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე არ საჭიროებდა დამატებით მუშა ხელის დასაქმებას, ვინაიდან თვითონ დირექტორი, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი უწევდა მომსახურებას საკუთარ საწარმოს. აცხადებს, რომ გაწეულ მომსახურებაზე შესაბამისი დოკუმენტაცია მიწოდებულია შემმოწმებელზე, რაც არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ. აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციასაც. ითხოვს, სადავო საკითხის შესწავლას და მათ მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის გათვალისწინებას, რათა მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის №2033 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ის“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 3 აპრილის №6400 ბრძანება და ამავე თარიღის №036-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 139 276 ლარი, მათ შორის, გადასახადი 90 059 ლარი, ჯარიმა 45 029 ლარი, საურავი 4 187 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელი მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში. კომპანიის სახელზე საკონტროლო-სალარო აპარატი არ არის რეგისტრირებული, ასევე, არ აქვს განხორციელებული საბაჟო პროცედურები. 2025 წლის 06 თებერვლის N1808 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის შემოსავალი (18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა) დაანგარიშდა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების მიხედვით. აღნიშნულის შესაბამისად, დაანგარიშდა ფულის მოძრაობა, სადაც ხარჯად გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდები და სხვა დადასტურებული განაცემები. დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 360 273 ლარი, რისი საწარმოში არსებობაც ვერ დასტურდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე, 154-ე მუხლების და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, ჩაითვალა დირექტორზე ------------------ზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, შემოწმების მიერ განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი, სადაც გადასახადის გადამხდელის შემოსავალი (დღგ-ის 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა) გაანგარიშდა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების მიხედვით. ხოლო ხარჯად გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდები და სხვა დადასტურებული განაცემები. შედეგად, დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 360 273 ლარის ოდენობით, რისი საწარმოში არსებობაც ვერ დასტურდება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 6 თებერვლის N1808 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში და საქმის ზეპირ განხილვაზე არ წარმოუდგენია ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------ის“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.ითხოვს, სადავო საკითხის შესწავლას და მათ მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის გათვალისწინებას, რათა მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №2033 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №6400 ბრძანება და №036-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 139 276 ლარი, მათ შორის, გადასახადი 90 059 ლარი, ჯარიმა 45 029 ლარი, საურავი 4 187 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ შემოწმების მიერ განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი, სადაც გადასახადის გადამხდელის შემოსავალი (დღგ-ის 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა) გაანგარიშდა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების მიხედვით. ხოლო ხარჯად გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდები და სხვა დადასტურებული განაცემები. შედეგად, დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 360 273 ლარის ოდენობით, რისი საწარმოში არსებობაც ვერ დასტურდება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 6 თებერვლის N1808 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე, 154-ე მუხლების და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“);