გადაწყვეტილება №18606/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18606/2/2023
9.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------- ----------ა“ (ს/ნ -------------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,9.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------- ----------ა“-ს 9.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18606/2/2023).
დავის საგანი:
ნაღდი ფულის უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა და მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2022 წლის №006-133 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.12.2022 წლის №31950 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
198 104, 29 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 56 955
დღგ - 7 483
მოგების გადასახადი - 4 663
საშემოსავლო გადასახადი - 43 547
ქონების გადასახადი - 1 262
ჯარიმა - 56 424, 8
საურავი - 84 724, 49
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.05.2020 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 11.04.2022 წლის №006-133 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24268 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 20.10.2022 წლის №17874/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 20.12.2022 წლის №31950 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, კერძოდ, საწარმოს მიერ გაწეული საწვავის ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები;
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწვავის შეძენაზე გახარჯული თანხები განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით,არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში შპს „---------- ----------ა“ ახორციელებს სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში საჯარო სკოლების (-------ის საჯარო სკოლა, სოფელ ------ოს საჯარო სკოლა) სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე, ფიქსირდება წინა საგადასახადო პერიოდში შპს „---------- ----------ა“-ს მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში არსებული რამდენიმე ავტოფარეხის რეალიზაცია.
საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამაში „ორისი.“ შემოწმებით საწარმოს პროგრამაში სალაროში ნაღდი ფულის ანგარიშის მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა შემდეგი: 1.05.2020 წელს მდგომარეობით სააღრიცხვო მონაცემებით სალაროს ნაღდი ფულის საწყისი ნაშთი შეადგენს 25 292 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ყოველი თვის ბოლოს ძირითადად უფიქსირდება სალაროს უძრავი ნაშთები, კერძოდ, 2020 და 2021 წლების განმავლობაში სრულ პერიოდზე (ყოველი თვის ბოლოს საშუალოდ 1 000 000 ლარი), შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში სალაროში ფულადი სახსრები შემოსვლა ფიქსირდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებული იურიდიული პირების მიერ სესხების დაბრუნებით, ხოლო ფულის გასვლისას ფიქსირდება როგორც საკასო ხარჯის გაწევა, ასევე თანხების საბანკო ანგარიშზე შეტანა. ამასთან, შპს „---------- ----------ა“-ს 30.06.2021 წელს გაცემული აქვს დივიდენდი 950 000 ლარის ოდენობით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 1.07.2021 წლის მდგომარეობით, სალაროს ნაშთი შეადგენს 48 ლარს.
შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების (08/07/2019, ბრძანება №22708) შესაბამისად განისაზღვრა ყოველი თვის ბოლოს ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი, რომელიც წარმოადგენს შესაბამის თვეში გაწეული საკასო ხარჯების და საკასო შემოსავლის ჯამის 10%-ს, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად. შესაბამისად, გაანგარიშებულ ნაშთსა და სააღრიცხვო პროგრამაში მითითებულ უძრავ ნაშთს შორის სხვაობა განხილულ იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დირექტორზე ----- ---------ზე (პ/ნ --------------) გაცემულ უპროცენტო სესხად.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საწარმოს გაეზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. რიგ შემთხვევაში ფიქსირდება აღნიშნული ფულადი ნაკადების ცვლილება/შემცირება, რაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების პროცესში. კერძოდ, გაცემული სესხის ფარგლებში დაბრუნებულ თანხებზე გადამხდელს მიეცა ჩათვლა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით. ასევე გაანგარიშდა სესხის სარგებლის ოდენობა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის (20%) გათვალისწინებით, რომელიც დაექვემდებარა ამავე კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, 154-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღნიშნული ფულის ნაშთი განხილულ უნდა იქნას შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №3) შესაბამისად პროცენტიან სესხად და დაიბეგროს მხოლოდ მოგების გადასახადით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ყოველი თვის ბოლოს ძირითადად უფიქსირდება სალაროს უძრავი ნაშთები. ფულადი სახსრების შემოსვლა ურთიერთდამოკიდებული იურიდიული პირების მიერ სესხების დაბრუნებით, ხოლო ფულის გასვლისას ფიქსირდება, როგორც საკასო ხარჯის გაწევა, ასევე თანხების საბანკო ანგარიშზე შეტანა. აგრეთვე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთი შეადგენს 48 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განისაზღვრა ყოველი თვის ბოლოს ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად. შესაბამისად, სხვაობა გაანგარიშებულ ნაშთსა და სააღრიცხვო პროგრამაში მითითებულ უძრავ ნაშთს შორის განხილულ იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
საბჭოს 20.10.2022 წლის №17874/2/2022 გადაწყვეტილებაში მომჩივანი უთითებს, რომ ეთანხმება სალაროს ნაშთის სესხად განხილვას, თუმცა ითხოვს პროცენტიან სესხად დაკვალიფიცირებას, რაზეც შესაძლებელია სესხის ხელშეკრულების წარდგენა. შემოსავლების სამსახური 20.12.2022 წლის №31950 ბრძანებაში მიუთითებს, რომ საკითხის ხელახალი განხილვის ეტაპზეც არ წარუდგენია მომჩივანს მითითებული ხელშეკრულება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.