ბრძანება N 26749

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.10.2023
№ დოკუმენტი 26749
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26749

30 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „---------“ (პ/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 9 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №109) განიხილა ფ/პ ------------ (პ/ნ ------------) №169604/21 საჩივარი, რომელიც ეხება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 31 ივლისის №21-17/61738 გადაწყვეტილებას.

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი განმარტავს, რომ 2023 წლის 13 ივლისს მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით და მოითხოვა კონკრეტულ უძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმება, რადგან დავალიანება მას არ ეკუთვნის. ქონება, რომელზეც მას დავალიანება უფიქსირდება, დროებით, თაღლითური გზით აღმოჩნდა შპს ------------- ხელში, რომლის დირექტორი სისხლის სამართლის დანაშაულების გამო იხდის სასჯელს, ხოლო შპს ---------- ახალმა დირექტორმა უკან დაუბრუნა ქონება სასამართლოში სარჩელის ცნობით.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით პირი მხოლოდ იმ გადასახადის გადახდაზეა ვალდებული, რომელთა მიმართაც ეს პირი გადასახადის გადამხდელია, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დაუშვებელია ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების სხვისთვის დაკისრება.

გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. დაზარალებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია და არაერთ მოქალაქეს დაუბრუნდა ქონება, ზოგს სამართლებრივი გზით და ზოგს თბილისის მერიის მხრიდან ინვესტორების მოზიდვისა და ალტერნატიული ფართების გამოყოფით. ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად დგინდება რომ შპს ----------- (ს/ნ -----------) 2020 წლის 8 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს ---------- (ს/ნ -----------) მთელ ქონებაზე 2020 წლის 8 იანვრის №006-286 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2023 წლის 3 მაისს მომზადებული ამონაწერის თანახმად უძრავი ქონების (ს/კ -----------) ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება ფ/პ---------- (პ/ნ ----------), საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2023 წლის 3 მაისი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის №----------- ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 2023 წლის 28 აპრილი) და გადაწყვეტილება №--------(დამოწმების თარიღი 2022 წლის 9 მარტი). აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ახალი მფლობელის ქონებაზე კვლავ გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) წარმომადგენლის მიერ ვალის მართვის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა 2023 წლის 13 ივლისის №----------- განცხადება, რომლითაც გადამხდელი ითხოვდა მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ს/კ ---------) გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

გადამხდელის მოთხოვნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელს პასუხი ეცნობა ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 31 ივლისის №---------- წერილით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით შპს ---------- (ს/ნ---------) (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) ერიცხება საგადასახადო დავალიანება 345040.25 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------------ (პ/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი განმარტავს, რომ 2023 წლის 13 ივლისს მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით და მოითხოვა კონკრეტულ უძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმება, რადგან დავალიანება მას არ ეკუთვნის.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად დგინდება რომ შპს-ს 2020 წლის 8 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2023 წლის 3 მაისს მომზადებული ამონაწერის თანახმად უძრავი ქონების ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება მომჩივანი (ფ/პ). აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ახალი მფლობელის ქონებაზე კვლავ გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:238(1,2,7);239(1);265;