გადაწყვეტილება №20212/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.09.2023
№ დოკუმენტი 20212/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20212/2/2023

20 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 9.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20212/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა;

2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და განსაზღვრული ფასნამატი;

3. შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №056-14 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14354 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 047 420.27 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 653 206

დღგ - 405 289

მოგების გადასახადი - 129 959

საშემოსავლო გადასახადი - 117 958

ჯარიმა - 326 078

საურავი - 68 136.27

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლით/კოსმეტიკით და სხვა შერეული საქონლით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2020 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 7 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე 20 სექტემბერი 2023 N 03/74418 გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 მარტის №5546 ბრძანება და 22 მარტის №056-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14354 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა

ფაქტების აღწერა

2022 წლის 2 ივნისს გადამხდელთან ჩატარებულია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა სმფ-ების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 868 997.04 ლარი. გადამხდელის მიერ აღნიშნული დანაკლისი დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგრილი არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 983 და 160-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა დადგენილი დანაკლისის მოგების გადასახადით და დღგით დაბეგვრა.

შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 983 მუხლის მე2 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მათ შორის ფასნამატს. მიუთითებს, რომ გასაჩივრებულია საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნული ინვენტარიზაციის შედეგები, რომელიც შეიცავს მრავალ უზუსტობას, კერძოდ არის, როგორც ტექნიკური, ასევე მნიშვნელოვანი მეთოდური ხარვეზი, რის მიხედვითაც მოხდა ფასნამატის და დანაკლისის გაანგარიშება, შესაბამისად, ინვენტარიზაციის ფარგლებში შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე გამოცემული ნებისმიერი აქტი ექვემდებარება გაუქმებას. ითხოვს აუდიტის მიერ მოხდეს ფასნამატის დამოუკიდებლად შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.

მომჩივანი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვის საფუძველზე დღგ-სა და მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ინვენტარიზაციის შედეგები შეიცავს მრავალ უზუსტობას და ხარვეზებს. ამრიგად, ვინაიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის თანხა საწარმოს მიერ არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში, საგადასახადო ორგანომ აღნიშნული დანაკლისი ჩათვალა მიწოდებად და დაბეგრა შესაბამისი გადასახადებით. მომჩივანი ვალდებული იყო ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი ჩაეთვალა გამოვლენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და აესახა შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში, რაც მას არ მოუხდენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვის შედეგად განხორციელებული დარიცხვები მართებულია.

 

2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და განსაზღვრული ფასნამატი ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა განსხვავდება შემოწმებით დადგენილი ბრუნვისაგან, კერძოდ:

გადამხდელს არ აქვს საბუღალტრო პროგრამა, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ინვენტარიზაციით დადგენილ იქნა 72.33% - იანი ფასნამატი და ფაქტობრივი საბოლოო ნაშთი. შემოწმების მიერ დადგენილ საბოლოო ნაშთსა და გადამხდელის მიერ მოწოდებულ სმფ-ების საბოლოო ნაშთს შორის სხვაობაზე (1 454 231 რპთ) გავრცელდა 72.33%-იანი ფასნამატი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

 

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია იხილეთ პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა მიუთითა, რომ წარადგინა ცხრილები ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ფასნამატის დადგენა არა ინვენტარიზაციის მიხედვით, არამედ დოკუმენტურად რეალიზებული ფასების მიხედვით უნდა მოხდეს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმების მიერ გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობა (შემოწმებით დადგენილ ბრუნვას გამოაკლდა შეძენილი საქონლის, მომსახურების ხარჯები, ხელფასის ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ბანკის ხარჯი) დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია იხილეთ პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივანი არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და მისი მონაწილეობით შემოწმების აქტით დარიცხული თანხების წარმოშობის საფუძვლების და სადავო საკითხის დამატებით შესწავლის მიზეზი გახდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა;

2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და განსაზღვრული ფასნამატი;

3. შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2020 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 7 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე 20 სექტემბერი 2023 N 03/74418 გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 მარტის №5546 ბრძანება და 22 მარტის №056-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14354 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9); 97; 983; 158; 159; 160; 163; 136; 49; 61; 73 ( 4, 5, 9); 43; 101; 154.