გადაწყვეტილება №25102/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.05.2025
№ დოკუმენტი 25102/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25102/2/2025

14 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 22.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25102/2/2025).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის №085-30 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 აპრილის №6394 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 185 582.40 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 102 299

დღგ - 38 769

საშემოსავლო გადასახადი - 63 530

ჯარიმა - 50 138

საურავი - 33 145.40

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა იმპორტირებული ხახვის საცალო და საბითუმო რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 მარტის №5264, 4 ივნისის №13200 და 19 სექტემბრის №20593 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 მარტამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის - 2024 წლის 13 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 18 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 414 709 ლარს. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ინფო ბუღალტერია", ასევე საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები. წარდგენილი საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 16%- ს, ბუღალტრულ ჩანაწერებში საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდებოდა დღის/თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის შესაბამისად, თვეების ჭრილში, საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და მერყეობდა 10-20%-ის ფარგლებში. ვინაიდან შემოწმების ხელთ არსებული მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლის თვითღირებულება იყო არაარსებითი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საცალო რეალიზაციის ნაწილში შემოსავლის გაანგარიშება განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით და საცალო რეალიზაციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატი (2021 წელს - 95%, ხოლო 2022-2023-2024 წლებზე - 64%). შედეგად, გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 215 386 ლარით (დღგ-ის გარეშე). კომპანიას დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი შემოსავალი - 254 156 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) - ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის №26900 ბრძანება და №085-30 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 185 582.40 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 20 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 19 თებერვლის №2961 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 5.03.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 14.03.2025 წლის №24868/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №2961 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2025 წლის 3 აპრილის №6394 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საცალო რეალიზაციის ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოსავლის გაანგარიშება მართლზომიერია. ამასთან, საცალო რეალიზაციაზე ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი შემოსავალი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

როგორც შემოწმების აქტში აღინიშნა, საწარმოს საქმიანობაა იმპორტირებული ხახვის საცალო და საბითუმო რეალიზაცია. ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისთვის აღნიშნული პროდუქტი სპეციფიკური ხასიათისაა, მისი ფასი ცვალებადია და კომპანიაც მეტწილად ერგება ბაზარზე არსებულ სიტუაციას. სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტებისგან განსხვავებით ხახვზე დაწესებული ფასნამატი მერყეობს 10-20%- იან დიაპაზონში, იცვლება პერიოდების, სეზონების მიხედვით, ფასი ცვალებადია ხშირად თვეების ჭრილშიც.

არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები და მომჩივნის მიერ დადგენილი ფასნამატი შეესაბამება საბაზრო პირობებს. რაც შეეხება შემმოწმებლის მიერ დადგენილ ფასნამატს (2021 წელს - 95%, ხოლო 2022-2023-2024 წლებზე - 64%), აღნიშნული ფასნამატი არარეალურია. კომპანიას 64%-იანი ფასნამატი ხახვის პროდუქციაზე არასდროს ჰქონია და ბაზარზეც არ ფიქსირდება ამხელა ფასნამატი.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია 2024 წლის 13 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე. აღნიშნული ინვენტარიზაციის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ კორექტირებულ იქნა მომჩივნის მიერ დადგენილი ფასნამატი, თუმცა არც ერთი თვის ჭრილში კორექტირებული ფასნამატის ოდენობას 64%-ზე არ მიუღწევია, მეტიც, ბევრად ნაკლები იყო. ამდენად, თავად შემოსავლების სამსახურის მიერაც ჩაითვალა, რომ ხახვის პროდუქციაზე 15-20%-ზე მაღალი ფასნამატის დაწესება არარეალური იყო. ამდენად, ხახვის პროდუქციაზე 64%-იან და მით უფრო 95%-იანი ფასნამატის დაწესებას არ ეთანხმება, ფიქრობს, რომ არ შეესაბამება საბაზრო პირობებს და ითხოვს ამ ნაწილში თავიდან იქნას განხორციელებული ბაზრის კვლევა.

რაც შეეხება პროდუქციის ჩამოწერას, უმეტეს შემთხვევაში ხახვის რეალიზაცია ხორციელდება საცალოდ, ფიზიკურ პირებზე და ამდენად დღის განმავლობაში ფასის ცვლილება არ ხდება. ვინაიდან ერთი ოპერაციის შემდეგ მოხდება ჩამოწერა თუ დღის ბოლოს მოხდება მთელი დღის მანძილზე რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერა სხვაობას არ იწვევს, სიმარტივისთვის ახორციელებს საქონლის ჩამოწერას დღის ბოლოს. აღნიშნული დადგენილი პრაქტიკაა მსგავსი სპეციფიკის საქონლის რეალიზაციისას. გარდა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ინფო ბუღალტერიისა“, აღნიშნული ინფორმაცია აღრიცხულია საწარმოს ინტერესებისთვის ექსელის ფაილში და მოთხოვნის შემთხვევაში მზად არის წარმოადგინოს აღნიშნული მასალაც.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ ეთანხმება ფასნამატის დადგენის მიზნებისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე ამდენად მაღალი ფასნამატის გავრცელებას, რომლის შედეგადაც არარეალურად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულიდან გამომდინარე არ ეთანხმება ასევე გაზრდილი ბრუნვის ხელფასად კვალიფიკაციასაც.

ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენადაც მოხდა შემმოწმებლების მიერ დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და შესაბამისად ჯარიმებისა და საურავების დაწესება, ამდენი შემოსავალი მთელი მისი ფუნქციონირების პერიოდშიც არ უფიქსირდება კომპანიას და ამდენად, აღნიშნული რაოდენობის საგადასახადო ვალდებულება უბრალოდ უუნაროს ხდის საწარმოს, რომ გააგრძელოს ეკონომიკური საქმიანობა, რადგანაც კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლებელია ამხელა საგადასახადო ვალდებულების დაფარვა.

ყოველივე ზემოთხსენებულისა და იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს, რომელიც ყოველთვის თანამშრომლობს შემოსავლების სამსახურთან, ითხოვს გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა და განხორციელდეს საკითხის სათანადოდ შესწავლა, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ არ განხორციელებულა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ინფო ბუღალტერია“, ასევე საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები. წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 16%-ს. ბუღალტრულ ჩანაწერებში საცალო რეალიზაციის ნაწილში, საქონლის ჩამოწერა ხდებოდა დღის/თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის შესაბამისად, თვეების მიხედვით, საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და მერყეობდა 10-20%-ის ფარგლებში. ამასთან, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლის თვითღირებულება იყო არაარსებითი.

საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საცალო რეალიზაციის ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოსავლის გაანგარიშება მართლზომიერია. ამასთან, საცალო რეალიზაციაზე ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი შემოსავალი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, მართლზომიერად ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა დამატებით შეისწავლა/გამოიკვლია სადავო საკითხი, თუმცა არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ამასთან, საგადასახადო დავის არცერთ ეტაპზე მომჩივანს არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა და განხორციელდეს საკითხის სათანადოდ შესწავლა, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ არ განხორციელებულა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 414 709 ლარს.წარდგენილი საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 16%- ს, ბუღალტრულ ჩანაწერებში საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდებოდა დღის/თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის შესაბამისად, თვეების ჭრილში, საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და მერყეობდა 10-20%-ის ფარგლებში.

არაპირდაპირი მეთოდით და საცალო რეალიზაციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატი.შედეგად, გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.კომპანიას დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა.

შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი შემოსავალი - ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა სსკ-ის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის №26900 ბრძანება და №085-30 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 185 582.40 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,154,159,163.