გადაწყვეტილება №24633/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24633/2/2025
12 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 20.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24633/2/2025).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა, ფასნამატის ოდენობა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა;
2. ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.11.2024 წლის №043-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.12.2024 წლის №26776 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 359 981.32 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 228 547
დღგ - 119 051
მოგების გადასახადი - 88 379
საშემოსავლო გადასახადი - 21 117
ჯარიმა - 114 274
საურავი - 17 160.32
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანია საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით ---------- ტერიტორიაზე. შესამოწმებელ პერიოდში საქმიანობას წარმოადგენს მამაკაცის, ქალის და ბავშვის ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და ჩანთებით ვაჭრობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 30.10.2023 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდის, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.11.2024 წლის №23620 ბრძანება და №043-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.12.2024 წლის №26776 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2025 წლის 17 იანვარს (რეგ. №----------) შემოსავლების სამსახურში წარდგენილი გადასახადის გადამხდელის საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 20.12.2024 წლის №26776 ბრძანების გასაჩივრების თაობაზე, დავების დეპარტამენტის 20.01.2025 წლის №---------- წერილით, საგადასახადო კოდექსის 305- ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა, ფასნამატის ოდენობა და დღგით დასაბეგრი ბრუნვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი შესყიდვებს ახორციელებს ----------, ძირითადად იმპორტის გზით, რომლის ღირებულებამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 808 978 ლარი. მომწოდებლის ვალდებულება დაფარულია საბანკო გადარიცხვით - 1 309 143 ლარის ოდენობით. საბუღალტრო ელექტრონული პროგრამა არასრულყოფილი და არასაიმედოა, პროგრამაში არ ფიქსირდება საქონლის შეძენა, რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა და საბოლოო ნაშთი. დებიტორული დავალიანების ნაშთი შეადგენს 714 000 ლარს, რომელზეც გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მიწოდებაზე ამორტყმულია ჩეკი, მაგრამ თანხა არ აქვთ მიღებული. საბუღალტრო პროგრამაში არ ფიქსირდება პირები, რომელთა მიმართაც გადასახადის გადამხდელს მოთხოვნა აქვს დაფიქსირებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესწავლილი იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, თუმცა დოკუმენტით მიწოდებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში 4%-ია. შეძენილი საქონელი დაყოფილი იქნა ერთგვაროვანი საქონლის ჯგუფებად. შედგა ერთგვაროვანი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 5 ჯგუფი. ვინაიდან, დოკუმენტური ფასნამატის კოეფიციენტის დადგენა ვერ მოხერხდა, გამოყენებული იქნა მსგავსი საქონლის აუდირებული საცალო ფასნამატები. ფასნამატის კოეფიციენტმა საშუალოდ შეადგინა 60%. თითოეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი ფასნამატი. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილმა შემოსავალმა შეადგინა 1 304 321 ლარი, რაც 661 604 ლარით აღემატება დეკლარირებულს. გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიის არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული მიღებული/მისაღები შემოსავალი შეადგენს 642 915 ლარს, მაშინ როდესაც ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, კომპანიას უფიქსირდება დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში 1 304 321 ლარის ოდენობით.
საგადასახადო ორგანოს პოზიციას არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნებზე მითითებით აღნიშნავს, რომ:
- კომპანიას გაწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები, სადაც ფიქსირდება ფასი და თანხა. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით დარიცხვის გათვალისწინებით, უნდა წარდგენოდათ სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის პრინციპი შემოწმების მიერ. არსებული ზემოაღნიშნული დოკუმენტაციით კი სავსებით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
- ადგილი არ აქვს აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას და აღნიშნული არ ფიქსირდება არც საბუღალტრო და არც სხვა რაიმე წყაროდან მიღებული მონაცემებით;
- შესამოწმებელ პერიოდში, არ ფიქსირდება არცერთი სამართალდარღვევა, რაც შეიძლება ინახოს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებგვერდზე;
- შემოწმების აქტის შედგენის პერიოდისათვის საერთოდ არ არის გამოვლენილი სხვაობები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება კომპანიის შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, რადგან საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ამასთან, შემოტანილი საქონელი არის 1 067 317 ლარის (ორი განბაჟების დროს მოხდა აფასება და საკმაო თანხით გაზარდა თვითღირებულება), რომელიც შემდგომ გაყიდულია 1 248 700 ლარად, ფაქტიურად 15-18%-იანი ფასნამატით. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ არ ქონდა ნაქირავები ფართი და რეალიზაცია ხდებოდა საბითუმოთ, ასევე ვაჭრობს ისეთი საქონლით, რომლის ფასი ყოველდღიურად იცვლება, რადგან იგი დაკავშირებულია სხვადასხვა გარემოებებთან, შეკვეთა იგვიანებდა და ამის გამო სეზონური თვალსაზრისით იყო აცდენა და რადგან კომპანიას არ გააჩნია იჯარით აღებული ფართი, ცდილობს დაბალი საპროცენტო განაკვეთით იმუშაოს. ასევე, საქონელს არ აქვს მაღალი ღირებულება და მერე შეიძლება დაიკარგოს გათვლილ ღირებულებად რეალიზაცია, სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ის დაბალი ფასნამატი, რაც აქტშია ნახსენები და ამ მიზეზით შეწყვიტა ფუნქციონირება. ასევე, შემოტანილია დაბალ ფასიანი საქონელი, რომელიც შესაბამისად, დაბალი ხარისხის არის და გათვლილია დაბალი ბიუჯეტის მქონე მოსახლეობისათვის. მაღალი ფასნამატის და ასევე, ყველა საქონელზე ერთდაიგივე ფასნამატის მიყენება, თან ყველა პერიოდზე, არასწორად მიიჩნევს. პროგრამაში ასახულია კომპანიის მიერ გადაცემული ციფრები, მართალია დეტალურად არ არის ჩაშლილი 1410 ანგარიში, მაგრამ შეძლებისდაგვარად ახორციელებდა პროგრამაში ასახვას, ამავდროულად იყო კეთილსინდისიერი გადამხდელი, არსებული ზედმეტობა არ დაუბრუნებია და არ უსარგებლია ბიუჯეტის თანხებით.
ამასთან, არ ქონდა იმდენი გამოცდილებაც, რომ უფრო მეტად ჩაეშალა პროგრამაში გაყიდვები, აღნიშნულში ხელს უშლიდა ისიც, რომ საველე პირობებში ახორციელებდა რეალიზაციას და არ ქონდა ფუფუნება იმისა, რომ პარალელურად, მყიდველის იდენტიფიცირებით აესახა პროგრამაში. რეალიზაციას ახორციელებდა გადახდის ქვითრებით.
2. ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის პროგრამის გამოყენებით, შესწავლილი იქნა კომპანიის ფულის ნაშთი. კერძოდ, შემოწმების პროცესში ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლისას, მიღებულ ფულში გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ხოლო ფულის გასავლად ჩაითვალა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდაც, რის შედეგადაც დადგინდა ფულის ნაშთი. ამასთან, საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული დებიტორული დავალიანების ნაშთი ჩაითვალა ნულის ტოლად, ვინაიდან, ფიზიკურ პირებზე საცალოდ გაყიდულ საქონელზე, რაზეც ჩეკი იყო ამობეჭდილი, პროგრამაში ფიქსირდებოდა მოთხოვნა, რომლის იდენტიფიცირებაც მოთხოვნილი იქნა შემოწმების მიერ და რომელიც გადასახადის გადამხდელმა ვერ გაშიფრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი ნაშთი, ჯამში 105 587 ლარი, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხვას არ ეთანხმება, რადგან არათუ სარგებელი მიიღო, არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. ზედმეტად დარიცხული შემოსავალი, რომელიც გამოიწვია არაპირდაპირმა მეთოდმა და რის გამოც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, არარეალურია და ამიტომ, ითხოვს შემოწმება დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს და არა საეჭვო რიცხვებს და მოხდეს სადავო დარიცხვის ბათილობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი შესყიდვებს ახორციელებს ძირითადად იმპორტის გზით, შემოწმებისთვის საბუღალტრო ელექტრონული პროგრამა მიწოდებულია, თუმცა არასრულყოფილი და არასაიმედოა, პროგრამაში არ ფიქსირდება საქონლის შეძენა, რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა და საბოლოო ნაშთი. შესაბამისად, ვინაიდან, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შესწავლილი იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, თუმცა დოკუმენტით მიწოდებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში 4%-ია. შეძენილი საქონელი დაიყო ერთგვაროვანი საქონლის ჯგუფებად, რომელზეც გამოყენებული იქნა მსგავსი საქონლის აუდირებული საცალო ფასნამატები (საშუალოდ 60%), ხოლო თითოეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი ფასნამატი. შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ასევე, შესწავლილი იქნა კომპანიის ფულის ნაშთი, შემოწმებით დადგენილი ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, შემოწმებით გამოყენებულ ფასნამატს და აღნიშნავს, რომ შემოტანილი საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა ფაქტობრივად 15-18%-იანი ფასნამატით, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ არ აქვს ფართი ნაქირავები, რეალიზაცია ხდება საბითუმოდ, ცდილობს დაბალი საპროცენტო განაკვეთით იმუშაოს, შემოტანილია დაბალ ფასიანი საქონელი, რომელიც, შესაბამისად დაბალი ხარისხის არის და გათვლილია დაბალი ბიუჯეტის მქონე მოსახლეობისათვის. მაღალი ფასნამატის და ასევე, ყველა საქონელზე ერთდაიგივე ფასნამატის მიყენება, თან ყველა პერიოდზე, არასწორად მიაჩნია. პროგრამაში ასახულია კომპანიის მიერ გადაცემული ციფრები, დეტალურად არ არის ჩაშლილი, მაგრამ შეძლებისდაგვარად ახორციელებდა პროგრამაში ასახვას, არ ქონდა იმდენი გამოცდილებაც, რომ უფრო მეტად ჩაეშალა პროგრამაში გაყიდვები, აღნიშნულში ხელს უშლიდა ისიც, რომ საველე პირობებში ახორციელებდა რეალიზაციას და არ ქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ პარალელურად, მყიდველის იდენტიფიცირებით აესახა პროგრამაში. რეალიზაციას ახორციელებდა გადახდის ქვითრებით. ამასთან, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვასთან მიმართებით, აღნიშნავს, რომ არა თუ სარგებელი მიიღო, არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით.
ამგვარად, მომჩივანი წამოადგენს შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურ გარემოებებს/არგუმენტებს, რაც გახდა კიდეც მისი საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საბუღალტრო პროგრამა იყო არასრულყოფილი, არასაიმედო, პროგრამაში არ ფიქსირდებოდა საქონლის შეძენა, რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა და საბოლოო ნაშთი, შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საკმარისი საფუძველი არსებობდა, გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების და კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გამოყენებულიყო არაპირდაპირი მეთოდი.
საქმესთან არსებულის მასალების და ფაქტობრივ გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით მართებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა, ფასნამატის ოდენობა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა;
2. ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი შესყიდვებს ახორციელებს ძირითადად იმპორტის გზით, შემოწმებისთვის საბუღალტრო ელექტრონული პროგრამა მიწოდებულია, თუმცა არასრულყოფილი და არასაიმედოა, პროგრამაში არ ფიქსირდება საქონლის შეძენა, რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა და საბოლოო ნაშთი. შესაბამისად, ვინაიდან, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შესწავლილი იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, თუმცა დოკუმენტით მიწოდებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში 4%-ია. შეძენილი საქონელი დაიყო ერთგვაროვანი საქონლის ჯგუფებად, რომელზეც გამოყენებული იქნა მსგავსი საქონლის აუდირებული საცალო ფასნამატები (საშუალოდ 60%), ხოლო თითოეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჯგუფის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი ფასნამატი. შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ასევე, შესწავლილი იქნა კომპანიის ფულის ნაშთი, შემოწმებით დადგენილი ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, შემოწმებით გამოყენებულ ფასნამატს და აღნიშნავს, რომ შემოტანილი საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა ფაქტობრივად 15-18%-იანი ფასნამატით, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ არ აქვს ფართი ნაქირავები, რეალიზაცია ხდება საბითუმოდ, ცდილობს დაბალი საპროცენტო განაკვეთით იმუშაოს, შემოტანილია დაბალ ფასიანი საქონელი, რომელიც, შესაბამისად დაბალი ხარისხის არის და გათვლილია დაბალი ბიუჯეტის მქონე მოსახლეობისათვის. მაღალი ფასნამატის და ასევე, ყველა საქონელზე ერთდაიგივე ფასნამატის მიყენება, თან ყველა პერიოდზე, არასწორად მიაჩნია. პროგრამაში ასახულია კომპანიის მიერ გადაცემული ციფრები, დეტალურად არ არის ჩაშლილი, მაგრამ შეძლებისდაგვარად ახორციელებდა პროგრამაში ასახვას, არ ქონდა იმდენი გამოცდილებაც, რომ უფრო მეტად ჩაეშალა პროგრამაში გაყიდვები, აღნიშნულში ხელს უშლიდა ისიც, რომ საველე პირობებში ახორციელებდა რეალიზაციას და არ ქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ პარალელურად, მყიდველის იდენტიფიცირებით აესახა პროგრამაში. რეალიზაციას ახორციელებდა გადახდის ქვითრებით. ამასთან, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვასთან მიმართებით, აღნიშნავს, რომ არა თუ სარგებელი მიიღო, არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.