გადაწყვეტილება №104073/1/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.11.2026
№ დოკუმენტი 104073/1/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

104073/1/2026

10 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,15.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 17.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №104073/1/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №28001 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2026 წლის №070-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.07.2026 წლის №16438 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 242 177,63 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 113 434

დღგ - 25 714

მოგების გადასახადი - 3 836

საშემოსავლო გადასახადი - 83 884

ჯარიმა - 74 488

საურავი - 54 255,63

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №070-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.03.2025 წლის №3870 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის 6.03.2025 წლის №3870 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2025 წლის დასკვნა და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 23.10.2025 წლის №070-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №28001 ბრძანებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სახელფასო განაცემად მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №28001 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2026 წლის დასკვნის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, კერძოდ, შემცირდა კომპანიისთვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები 288 608 ლარით (10 პირიდან 2 თანამშრომელია, 2 პირი არ არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე, ხოლო 2 მათგანი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირად რეგისტრირებულია მოგვიანებით. ჯამში 106 309 ლარი არ დაექვემდებარა შემცირებას). შემოწმებით დარიცხული გადასახადი დაკორექტირდა/შემცირდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 27.05.2025 წლის №070-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.07.2026 წლის №16438 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტორივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები, კერძოდ, შემცირდა კომპანიისთვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები 288 608 ლარით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, ოთხ კონკრეტულ მეწარმეზე გადახდილი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე, შემცირებას დაექვემდებარა მხოლოდ იმ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი თანხები, რომლებიც არ ფიქსირდებოდნენ აღნიშნულ კომპანიაში დაქირავებულ პირებად. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში ჩამოთვლილი ოთხი მეწარმიდან ორი პირი („--------“ და „--------“ ) კომპანიის დაქირავებული თანამშრომელი იყო, მათზე გადახდილი თანხები შემცირებას არ ექვემდებარება, ერთი პირი („--------“) არ წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს, შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე მასზე გადახდილი თანხები არ იქნა გათვალისწინებული, ხოლო რაც შეეხება მეოთხე პირს („--------“ ), აღნიშნული პირი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირად რეგისტრირებულია 2022 წლის პირველი მაისიდან, შესაბამისად, შემოწმებამ გაითვალისწინა მხოლოდ ამ თარიღის შემდეგ გაწეულ მომსახურებებზე გადახდილი თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია ახორციელებს სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოებს, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებული ტენდერებისა და კერძო დაკვეთების ფარგლებში. კომპანია თავისი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად სარგებლობდა როგორც საკუთარი თანამშრომლების, ასევე დამოუკიდებელი ინდივიდუალური მეწარმეების მომსახურებით. 25.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე კომპანიას თავდაპირველად დაერიცხა 185 582 ლარი გადასახადი და 111 026 ლარი ჯარიმა, სულ 296 608 ლარი. გასაჩივრებისა და საკითხის დამატებითი შესწავლის შედეგად აღნიშნული დარიცხვა 108 686 ლარით შემცირდა, მათ შორის გადასახადი 72 148 ლარით, ხოლო ჯარიმა 36 538 ლარით. აღნიშნული გარემოება თავისთავად ადასტურებს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი მომსახურების ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა მტკიცებულებების მნიშვნელოვან ნაწილს ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა თავდაპირველად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების სისწორის შეფასებისთვის. აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2026 წლის №070-9 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარჩენილი დარიცხვის ნაწილში კომპანიამ კვლავ გაასაჩივრა იმ ინდივიდუალურ მეწარმეებთან დაკავშირებული თანხები, რომელთა მიერ მომსახურების ფაქტობრივად გაწევა დასტურდება მომსახურების ხელშეკრულებებით, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებითა და საბანკო ანგარიშსწორებით.

20.07.2026 წლის №16438 ბრძანებით შემოსავლების სამსახურმა საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებაში, მათ შორის, მითითებულია, რომ „--------“ და „--------“ წარმოადგენდნენ კომპანიის დაქირავებულ თანამშრომლებს, „--------“ -ს არ ჰქონდა მცირე ბიზნესის სტატუსი, ხოლო „--------“ -ს მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა მხოლოდ 1.05.2022 წლიდან.

აღნიშნული გარემოებები არ არის საკმარისი სადავო მომსახურების ანაზღაურების დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ ხელფასად ან კომპანიის მიერ გადახდის წყაროსთან დასაბეგრ განაცემად კვალიფიკაციისათვის. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია და მცირე ბიზნესის სტატუსი სხვადასხვა სამართლებრივი კატეგორიაა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში „--------“ -ს შემთხვევაში დარიცხვის დატოვების საფუძვლად მითითებულია გარემოება, რომ იგი არ წარმოადგენდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს, ხოლო „--------“-ის შემთხვევაში ფიქსირდება, რომ მცირე ბიზნესის სტატუსი მას მხოლოდ 1.05.2022 წლიდან ჰქონდა. აღნიშნული მსჯელობისას ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ფიზიკური პირის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია და მისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება. მცირე ბიზნესის სტატუსი წარმოადგენს მეწარმე ფიზიკური პირის დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმს. შესაბამისად, მხოლოდ მცირე ბიზნესის სტატუსის არქონა თავისთავად ვერ გახდება საფუძველი დამოუკიდებელი ინდივიდუალური მეწარმის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურების დამკვეთი კომპანიის მიერ დაქირავებულის ხელფასად განხილვისათვის. ამიტომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მცირე ბიზნესის სტატუსის არსებობა/არარსებობა, არამედ პირველ რიგში: ვისთან ჰქონდა კომპანიას სამართლებრივი ურთიერთობა დაქირავებულ ფიზიკურ პირთან თუ რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმესთან და რა იყო ამ ურთიერთობის რეალური ეკონომიკური შინაარსი.

„--------“ ინდივიდუალურ მეწარმედ ოფიციალურად რეგისტრირებულია 28.04.2023 წლიდან, საიდენტიფიკაციო ნომრით „--------“ . აღნიშნული გარემოება დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით. მის მიერ კომპანიისთვის სადავო მომსახურებები განხორციელდა სწორედ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში. კომპანიასა და ი/მ „--------“ -ს შორის არსებობდა მომსახურების ხელშეკრულება. შესრულებული სამშენებლო სამუშაოები დადასტურებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით, რომლებშიც მითითებულია შესრულებული სამუშაოს სახეობა, მოცულობა და შესაბამისი ანაზღაურება. გარდა ამისა, საბანკო დოკუმენტაციაში თანხის მიმღებად მითითებულია ინდივიდუალური მეწარმე „--------“ , ხოლო გადახდის დანიშნულებად მომსახურების საფასური.

შესაბამისად, ერთობლიობაში წარმოდგენილია: მეწარმედ რეგისტრაციის ოფიციალური დოკუმენტი, მომსახურების ხელშეკრულება, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, ფაქტობრივი საბანკო ანგარიშსწორება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობას არ უპირისპირებს დასაბუთებას, თუ რატომ უნდა წარმოშობდეს მცირე ბიზნესის სტატუსის არქონა მომსახურების მიმღები საწარმოსათვის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავების ვალდებულებას, როდესაც მომსახურების გამწევი სადავო პერიოდში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე იყო. ამიტომ უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის სამართლებრივ შეფასება სწორედ ამ თვალსაზრისით.

„--------“ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 3.12.2021 წლიდან, საიდენტიფიკაციო ნომრით „--------“. შესაბამისად, 2022 წლის იანვარ–აპრილში სადავო მომსახურებების განხორციელების პერიოდში იგი უკვე წარმოადგენდა რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეს. წარდგენილია მომსახურების ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღებაჩაბარების აქტები. მიღება-ჩაბარების აქტებში მოცემულია არა ზოგადი მითითება „მომსახურებაზე“, არამედ კონკრეტული შესრულებული სამშენებლო სამუშაოები, მათი მოცულობები და ღირებულებები. ასევე საბანკო დოკუმენტაციით დასტურდება თანხების უშუალოდ ი/მ „--------“ -ის ანგარიშზე გადარიცხვა „მომსახურების ღირებულების“ დანიშნულებით. შემოსავლების სამსახური დარიცხვის ძალაში დატოვებას უკავშირებს გარემოებას, რომ მცირე ბიზნესის სტატუსი მას მხოლოდ 1.05.2022 წლიდან ჰქონდა, თუმცა გადაწყვეტილებაში არ არის სათანადოდ დასაბუთებული, რატომ ცვლის მცირე ბიზნესის სპეციალური სტატუსის არქონა პირის უკვე არსებულ ინდივიდუალური მეწარმის სამართლებრივ სტატუსს ან რატომ წარმოშობს აღნიშნული გარემოება მომსახურების მიმღები საწარმოსთვის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულებას. სწორედ აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლის შეფასება უნდა მოხდეს საბჭოს მიერ.

„--------“ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია ჯერ კიდევ 19.02.1999 წლიდან. სადავო არ არის, რომ წარსულ პერიოდში მას საწარმოსთან ჰქონდა დაქირავებით მუშაობასთან დაკავშირებული ურთიერთობაც, თუმცა წარსულში პირის დაქირავებულად მუშაობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მომავალ პერიოდში იმავე პირის მიერ ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით გაწეული ნებისმიერი მომსახურებაც ხელფასად უნდა დაკვალიფიცირდეს. საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დაქირავებით მუშაობა უკავშირდება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულებას შრომის კანონმდებლობით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული საზღაური ან სარგებელი. შესაბამისად, სადავო თანხის ხელფასად მიჩნევისთვის უნდა დადგინდეს არა მხოლოდ ის, რომ „--------“ წარსულში მუშაობდა კომპანიაში, არამედ ის, რომ კონკრეტული სადავო მომსახურებები შესრულებული იყო დაქირავებით მუშაობის ფარგლებში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი საპირისპიროზე მიუთითებს: არსებობს მომსახურების ხელშეკრულებები და კონკრეტული შესრულებული სამუშაოების მიღებაჩაბარების აქტები, „--------“ დიდი ხნით ადრე იყო რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ, ხოლო სადავო მომსახურების ანგარიშსწორებისას საბანკო გადარიცხვაში მიმღებად მითითებულია ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო დანიშნულებად „მომსახურების ღირებულება“. ამ მტკიცებულებათა საწინააღმდეგოდ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის კონკრეტულად დასაბუთებული, რა ფაქტობრივი ნიშნებით მიიჩნია საგადასახადო ორგანომ სწორედ სადავო პერიოდში შესრულებული სამუშაო დაქირავებით მუშაობად.

„--------“ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 28.03.2013 წლიდან. სადავო არ არის, რომ წარსულში არსებობდა კომპანიიდან ხელფასის დანიშნულებით განხორციელებული გადარიცხვები, თუმცა სადავო მომსახურებების შეფასებისას გადამწყვეტი უნდა იყოს კონკრეტული ოპერაციების რეალური ეკონომიკური და სამართლებრივი შინაარსი და არა მხოლოდ წარსულში არსებული ურთიერთობა. საბანკო დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ 2022 წელს ნამდვილად არსებობს „ხელფასის“ დანიშნულების გადარიცხვები, მაშინ როდესაც 2023 წლიდან განხორციელებულ შესაბამის ოპერაციებში გადახდის დანიშნულება უკვე არის „მომსახურების ღირებულება“. ამასთან, წარმოდგენილია მომსახურების ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებშიც კონკრეტულად არის აღწერილი შესრულებული სამუშაო. აქაც საგადასახადო კოდექსის მე-12 და 101-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს უნდა დაედგინა, კონკრეტულად სადავო მომსახურების შესრულებისას არსებობდა თუ არა შრომის კანონმდებლობით რეგულირებული დაქირავებით მუშაობის ურთიერთობა. მხოლოდ ზოგადი მითითება, რომ პირი „იყო კომპანიის დაქირავებული თანამშრომელი“, არ პასუხობს კითხვას, რატომ უნდა ჩაითვალოს დამოუკიდებელი ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარების აქტით და მომსახურების დანიშნულების საბანკო ანგარიშსწორებით დადასტურებული კონკრეტული ოპერაცია ხელფასად.

მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში, წარმოდგენილი პოზიცია არ ეფუძნება მხოლოდ საბანკო გადარიცხვის დანიშნულებას და არც მხოლოდ ხელშეკრულების სათაურს. წარდგენილია ერთმანეთთან დაკავშირებული მტკიცებულებების ერთობლიობა: ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია, მომსახურების ხელშეკრულება, კონკრეტული შესრულებული სამუშაო, მიღება-ჩაბარების აქტი, საბანკო ანგარიშსწორება. შესაბამისად, ურთიერთობის შრომით ურთიერთობად გადაკვალიფიცირება საჭიროებს კონკრეტულ ფაქტობრივ დასაბუთებას. განსაკუთრებით „--------“ და „--------“ -ის შემთხვევაში უნდა დადგინდეს, კონკრეტულად რა ნიშნებით მიიჩნია საგადასახადო ორგანომ სადავო მომსახურებები დაქირავებით მუშაობად. პირის წარსულში თანამშრომლად ყოფნა არ უნდა იქნეს გამოყენებული უდავო პრეზუმფციად, რომლის მიხედვითაც ამავე პირის მიერ მომავალში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით განხორციელებული ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა ავტომატურად ხელფასად ჩაითვლება. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შემოსავლების სამსახური ერთი მხრივ მიუთითებს წინა გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე, ხოლო მეორე მხრივ თვითონვე აფასებს ოთხი ინდივიდუალური მეწარმის კონკრეტულ გარემოებებს. დავის საგანი არ არის უკვე გადაწყვეტილი საკითხის ფორმალურად ხელახლა განხილვა. დავის საგანია: სწორად განხორციელდა თუ არა წინა გადაწყვეტილების აღსრულებისას კონკრეტული პირებისა და კონკრეტული ოპერაციების სამართლებრივი კვალიფიკაცია და არსებობს თუ არა კანონით გათვალისწინებული საფუძველი კომპანიისთვის სადავო მომსახურების ანაზღაურებებზე გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის დაკისრებისათვის. მით უმეტეს, წინა დავის შედეგად თავდაპირველი დარიცხვა უკვე 108 686 ლარით შემცირდა. ინდივიდუალური მეწარმეების „--------“ -ის, „--------“ , „--------“ -სა და „--------“ -ს მიერ რეალურად გაწეული და წარმოდგენილი ხელშეკრულებებით, მიღება-ჩაბარების აქტებით, მეწარმეთა რეესტრის ამონაწერებით და საბანკო დოკუმენტაციით დადასტურებული მომსახურებების გათვალისწინებით, უნდა დაკორექტირდეს №16438 ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება. უნდა შემცირდეს/გაუქმდეს შესაბამისი გადასახადი და მისგან გამომდინარე ჯარიმისა და საურავის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №28001 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2026 წლის დასკვნის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, კერძოდ, შემცირდა კომპანიისთვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები 288 608 ლარით (10 პირიდან 2 თანამშრომელია, 2 პირი არ არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე, ხოლო 2 მათგანი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირად რეგისტრირებულია მოგვიანებით. ჯამში 106 309 ლარი არ დაექვემდებარა შემცირებას).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებიდან რომელი არ წარმოადგენდა იმავდროულად საწარმოში დაქირავებულ პირს და აღნიშნულის გათვალისწინებით შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2026 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №28001 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №28001 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნული გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №28001 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ უნდა დაკორექტირდეს №16438 ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება. ასევე,უნდა შემცირდეს/გაუქმდეს შესაბამისი გადასახადი და მისგან გამომდინარე ჯარიმისა და საურავის თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სახელფასო განაცემად მიჩნევის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №28001 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2026 წლის დასკვნის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

შემცირდა კომპანიისთვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები.შემოწმებით დარიცხული გადასახადი დაკორექტირდა/შემცირდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №28001 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნული გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №28001 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154.