გადაწყვეტიელბა № 26504/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.02.2026
№ დოკუმენტი 26504/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 26504/2/2026

17 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:ფ/პ „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ფ/პ ------ის 16.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26504/2/2026).

 

დავის საგანი:

1. რეექსპორტის ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების

სისწორე;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ნოემბრის №024-90 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 31 დეკემბრის №29001 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 5 509,61 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 3 801,54

ჯარიმა - 1 586,20

საურავი - 121,87

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი სექტემბრის №19293 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 20 მაისიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდში რეექსპორტის ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით.

შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 31 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ნოემბრის №24265 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №024-90 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.12.2025 წლის №29001 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. რეექსპორტის ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორე

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა ავტომანქანების შეძენა-რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და შემდეგ რეალიზებული ჰქონდა ავტომანქანები, რომლებიც გაყვანილი იქნა რეექსპორტის საბაჟო ოპერაციით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, მომჩივანს 2022 წლის 20 მაისიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდებში რეექსპორტის ოპერაციების შედეგად უფიქსირდებოდა 49 (მათ შორის 6 - 2024 წელს, ხოლო 43 - 2025 წელს) მსუბუქი ავტომობილის რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელი არ ახდენდა მიღებული შემოსავლების დეკლარირებას და გადახდას.

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. აუდიტის დეპარტამენტის ხელთ არსებული, მსგავსი ოპერაციების მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანებზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რაც დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 5%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 273-ე მუხლების მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-100 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 81-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე,შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებელმა სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია დამტკიცებულად ის ფაქტი, რომ თითქოსდა: - გადამხდელის საქმიანობის სფეროა ავტომანქანების შეძენა-რეალიზაცია;

გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულია ავტომანქანების შეძენა და შემდეგ რეალიზაცია, რომლებიც გაყვანილი იქნა რეექსპორტის საბაჟო ოპერაციით;

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიან ელექტრონულ ბაზაში 2022 წლის 20 მაისიდან 2025 წლის 01 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებში რეექსპორტის ოპერაციების შედეგად ფიქსირდება 49 (მათ შორის 6 - 2024 წელს, ხოლო 43 - 2025 წელს) მსუბუქი ავტომობილის თითქოსდა რეალიზაცია;

გადასახადის გადამხდელი არ ახდენს მიღებული შემოსავლების დეკლარირებასა და გადახდას. შემმოწმებელმა აღნიშნული სადაო ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასების გზით, სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის დებულებათა შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება მოახდინა არაპირდაპირი მეთოდით.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემმოწმებლის აღიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებებს და უთითებს შემდეგ გარემოებებზე:

არ აწარმოებს ავტომანქანების შეძენა რეალიზაციას და შესაბამისად მისი საქმიანობის სფერო არ არის ავტომანქანების შეძენა რეალიზაცია.

კონკრეტულ პირებს უწევდა საშუამავლო საქმიანობას და კონკრეტულ ოპერაციაზე ანუ კონკრეტული ავტომობილის მის სახელზე განბაჟების პროცესთან დაკავშირებით ღებულობდა გასამრჯელოს რომელიც ხელფასის სახით ირიცხებოდა მის საბანკო ანგარიშზე; მას სხვა რაიმე ხეირი ან და მოგება შესაფასებელი ოპერაციებიდან არ მიუღია.

თავად გადმომრიცხავი პირები იყვნენ ვალდებულნი ადგილზე მოეხდინათ კუთვნილი საშემოსავლო გადასახადების დაკავება. ამდენად------ არ უნდა დაეკისროს რაიმე თანხების გადახდა.

თავად ფიქრობდა რომ მას არ უნდა მოეხდინა ავტომობილის შეძენა-რეალიზაციის აღრიცხვა რადგანაც დე-ფაქტოდ ეს ავტომობილები მას არ შეუძენია და ეს ავტომობილები არ ყოფილა მისი საკუთრება.

მოცემულ საქმეზე არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობები. ზოგადად გადასახადის გადამხდელმა კი არ უნდა დაამტკიცოს რომ შემოწმების აქტის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვა არასწორია, საგადასახადო ორგანომ უნდა ამტკიცოს სარწმუნოდ, რომ მის მიერ განხორციელებული დარიცხვა სწორია ანუ განსახილველ შემთხვევაში - რომ სახეზე იყო არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლის წინაპირობა და რომ შერჩეული არაპირდაპირი მეთოდი გონივრული, სამართლიანი და რეალობასთან ახლოს მდგომია (ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი თანხები ყოველთვის არაზუსტი, სავარაუდო და რეალურ ვალდებულებაზე გაცილებით მეტია).

საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით გამოთვლა სამბიჯიანი პროცედურაა - პირველ რიგში საგადასახადო ორგანომ უნდა დაასაბუთოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სავალდებულო წინაპირობების არსებობა და არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლის აუცილებლობა; შემდეგ უნდა აღწეროს მის მიერ გამოსაყენებელი მეთოდი მისი სიზუსტის და ცდომილების დონის დასადგენად; ბოლოს კი ამ მეთოდის გამოყენებით გამოითვალოს დამატებით დასარიცხი/გადასახდელი გადასახადის თანხა.

არც შემოწმების აქტში და არც მის მერე გამოცემულ აქტებში არსად ასეთი მსჯელობა/დასაბუთება არ არის, სხვანაირად კი როგორ უნდა შემოწმდეს დარიცხვის სისწორე გაუგებარია. შემოწმების აქტში, არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლის საფუძვლად მითითებულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

ცალკე უნდა აღინიშნოს, არაპირდაპირი მეთოდით გამოთვლილი გადასახადის გამო სანქციის დაკისრების საკითხი. არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი თანხები ყოველთვის არაზუსტი, სავარაუდო და რეალურ ვალდებულებაზე გაცილებით მეტია. შესაბამისად, არასწორად მიაჩნია ამ სავარაუდო თანხებზე ეკისრებოდეს საურავი და სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გადასახადი შეიძლება გაიანგარიშო სავარაუდო ოდენობით (არაპირდაპირი მეთოდით), მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება სანქციის დაკისრება სავარაუდო ოდენობით. ანუ თუ არ ვიცით გადამხდელს ზუსტად რამდენი უნდა დაედეკლარირებინა და გადაეხადა გადასახადი, როგორ შეიძლება ამ სავარაუდო თანხის მიხედვით სანქციის გამოთვლა და დაკისრება....

თუ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს სხვაგვარად შეაფასებს საბჭო, ითხოვს სკ 269.7-ე მუხლის გამოყენებას. ამ მუხლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება აწ უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მხოლოდ ეჭვი პირის მიერ კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე არ შეიძლება გახდეს მისთვის საგადასახადო ტვირთის დამძიმების საფუძველი. ეჭვი უნდა იყოს გონივრული შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებით გამყარებული.

შემოსავლების სამსახურმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საჩივარი, რითაც დაარღვია საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილი მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ არ აწარმოებს ავტომანქანების შეძენა-რეალიზაციას და შესაბამისად მისი საქმიანობის სფერო არ არის ავტომანქანების შეძენა-რეალიზაცია.

კონკრეტულ პირებს უწევდა საშუამავლო საქმიანობას და კონკრეტულ ოპერაციაზე ანუ კონკრეტული ავტომობილის მის სახელზე განბაჟების პროცესთან დაკავშირებით ღებულობდა გასამრჯელოს რომელიც ხელფასის სახით ირიცხებოდა მის საბანკო ანგარიშზე; მას სხვა რაიმე ხეირი ან და მოგება შესაფასებელი ოპერაციებიდან არ მიუღია. თავად გადმომრიცხავი პირები იყვნენ ვალდებულნი ადგილზე მოეხდინათ კუთვნილი საშემოსავლო გადასახადების დაკავება. ამდენად მას არ უნდა დაეკისროს რაიმე თანხების გადახდა. ფიქრობდა რომ მას არ უნდა მოეხდინა ავტომობილის შეძენა-რეალიზაციის აღრიცხვა რადგანაც დე-ფაქტოდ ეს ავტომობილები მას არ შეუძენია და ეს ავტომობილები არ ყოფილა მისი საკუთრება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ განხორციელებული რეექსპორტის ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორე დადგინდა არაპირდაპირი მეთოდით, მსგავსი ოპერაციების მონაცემების ანალიზის საფუძველზე.

მომჩივანი არ ეთანხმება აღნიშნულ ოპერაციებზე საგადასახადო ორგანოს ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებებს და რომ არ აწარმოებს ავტომანქანების შეძენა რეალიზაციას, კონკრეტულ პირებს უწევდა საშუამავლო საქმიანობას და კონკრეტულ ოპერაციაზე ანუ კონკრეტული ავტომობილის მის სახელზე განბაჟების პროცესთან დაკავშირებით ღებულობდა გასამრჯელოს რომელიც ხელფასის სახით ირიცხებოდა მის საბანკო ანგარიშზე. მას სხვა რაიმე ხეირი ან და მოგება შესაფასებელი ოპერაციებიდან არ მიუღია. მიაჩნია, რომ თავად გადმომრიცხავი პირები იყვნენ ვალდებულნი ადგილზე მოეხდინათ კუთვნილი საშემოსავლო გადასახადების დაკავება. ამდენად არ უნდა დაეკისროს რაიმე თანხების გადახდა.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ მომჩივანს 2022 წლის 20 მაისიდან 2025 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდში რეექსპორტის რეჟიმში მოქცეული ჰყავდა ჯამურად 49 მანქანა, ყველა მანქანის ფოთის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემომყვანად ფიქსირდებოდა მომჩივანი, ხოლო რეექსპორტზე გამყვანად რუსთავის საბაჟო პუნქტში ფიქსირდებოდა არა მომჩივანი, არამედ სხვა ფიზიკური პირი. აღნიშნულის გათვალისწინებით ჩაითვალა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა აღნიშნული ავტომობილების რეალიზაციას.

2024 წლის საანგარიშო პერიოდში მოქცეულ 6 მანქანაზე განისაზღვრა მოგების მარჟა და ნამეტი შემოსავალი დაექვემდებარა 5% განაკვეთით დაბეგვრას, ხოლო დარჩენილ 43 მანქანაზე გაცემული იქნა რეკომენდაცია აისახოს 2026 წლის 1 აპრილს წარსადგენ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო ორგანოს ხელთ ელექტრონულად არსებული დოკუმენტაციის მიხედვით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტებს/დოკუმენტებს, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ნოემბრის №024-90 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა 1 586,20 ლარის ოდენობით და დაეკისრა საურავი - 121,87 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 273-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. რეექსპორტის ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორე;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა ავტომანქანების შეძენა-რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და შემდეგ რეალიზებული ჰქონდა ავტომანქანები, რომლებიც გაყვანილი იქნა რეექსპორტის საბაჟო ოპერაციით. გადასახადის გადამხდელი არ ახდენდა მიღებული შემოსავლების დეკლარირებას და გადახდას. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

73(5);275(2);