გადაწყვეტილება №23392/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.09.2024
№ დოკუმენტი 23392/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23392/2/2024

19 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 28.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23392/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 აპრილის №005-44 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 ივნისის №13631 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 54 656 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 33 763

დღგ - 28 937

საშემოსავლო გადასახადი - 4 764

ქონების გადასახადი - 62

ჯარიმა - 16 599

საურავი - 4 294

 

ფაქტების აღწერა

საწარმო დაფუძნებულია 2022 წლის 4 ოქტომბერს. ახორციელებს სარესტორნო მომსახურებას ---------- მდებარე იჯარით აღებულ ფართში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28639 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის 4 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 304 723 ლარს, ხოლო ბუღალტრულად აღრიცხული შემოსავალი შეადგენს 297 810 ლარს. მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, ვერ ხდება საქონლის მოძრაობისა და მზა პროდუქციის წარმოების პროცესის კონტროლი. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტება რესტორნის ყველაზე გაყიდვადი კერძების შესახებ და თითოეული კერძის შემთხვევაში პროცენტული წილი გაყიდვების მთლიან სიხშირეში (ქალაქური ხინკალი - 17%, მთიულური ხინკალი - 12%, მწვადი - 16%, ქაბაბი - 16%, იმერული ხაჭაპური - 14%, სუპხარჩო - 13%, ოსტრი - 12%). ამასთან, მომჩივნის მიერ წარდგენილი იქნა ზემოაღნიშნული კერძების კალკულაციები და რესტორნის მენიუ. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად, გაანგარიშებული იქნა ფასნამატები თითოეული ხშირად გაყიდვადი კერძების შემთხვევაში, რაც შეწონილი იქნა მომჩივნის მიერ წარდგენილი პროცენტულობის მიხედვით გაყიდვების სიხშირეში. შედეგად, რესტორნის მიერ დამზადებული კერძების საშუალო ფასნამატმა შეადგინა 96%. შემოწმების მიერ კერძებისთვის საჭირო ნედლეულსა და ინგრედიენტებზე (გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულად დაფიქსირებული ნედლეულის საბოლოო ნაშთის გათვალისწინებით) გავრცელებული იქნა სარესტორნო კერძებზე გაანგარიშებული საშუალო ფასნამატი, ხოლო რესტორანში რეალიზებულ სასმელებთან მიმართებაში, სასმელების ტიპის მიხედვით (გამაგრილებელი სასმელები, წყალი, ლუდი, არაყი, ღვინო) გაანგარიშებული იქნა ფასნამატები და გავრცელებული იქნა შესაბამისი სახეობისა და კატეგორიის სასმელზე. შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები მომსახურების 10%-ის დამატებით (426 337 ლარი) განაწილებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დამატებით გამოვლენილი შემოსავლები, საწარმოს მხრიდან დამფუძნებლების წინაშე არსებული ვალდებულების თანხის (136 000 ლარი) გამოკლებით, განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 აპრილის №8134 ბრძანება და №005-44 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 54 656 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 12 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 10 ივნისის №13631 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმებით რესტორნის მიერ დამზადებული კერძების საშუალო ფასნამატის გაანგარიშების მიზნით, თითოეული ხშირად გაყიდვადი კერძის შემთხვევაში ფასნამატის გაანგარიშება, რაც შეწონილი იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი პროცენტულობის მიხედვით გაყიდვების სიხშირეში.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა, აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში რამდენჯერმე წარადგინა კერძების დაზუსტებული კალკულაციები და ახსნა-განმარტებები რესტორნის ყველაზე გაყიდვადი კერძებისა და ასევე, თითოეული კერძის შემთხვევაში პროცენტული წილის შესახებ გაყიდვების მთლიან სიხშირეში. დამატებით წარდგენილი დაზუსტებული ინფორმაცია ყველა ჯერზე შესწავლილი იქნა შემოწმების მიერ, შედარებულ იქნა მსგავსი საქმიანობის და კატეგორიის აუდირებული კომპანიების მონაცემებთან. შემოწმების შედეგებში გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ის მონაცემები, რაც შინაარსობრივად ლოგიკური და მსგავსი იყო აუდირებული კომპანიების მონაცემებთან.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2023 წლის მარტიდან რესტორანი იწყებს მუშაობას და შესაბამისად ხორციელდება რეალიზებული პროდუქციის დღგ-ის დარიცხვა. 2023 წლის მარტიდან 2023 წლის სექტემბრის თვემდე კომპანიის რეალიზაცია შეადგენს 304 722,72 ლარს (დღგ - 54 850,09 ლარი). შემოწმების შედეგად, ამავე პერიოდში ირიცხება 122 324 ლარი (დღგ - 22 018 ლარი). თუ დარიცხვას გავითვალისწინებთ, კომპანიის ჯამური რეალიზაცია შეადგენს 427 046 ლარს, ხოლო ამ პერიოდში საწარმოს მიღებული აქვს 199 927 ლარის საქონელი (141 586.6 ლარის სასაქონლო ზედნადებით, ხოლო 58 340,4 ლარის ბაზარში შეძენილი საქონელი, რომელიც წარმოდგენილი არის შესყიდვის აქტებით). შემოწმების შედეგად დარიცხული თანხით სრულად რომ მომხდარიყო მიღებული საქონლის გაყიდვა, გაყიდული საქონლის და მიღებულ საქონლის ფასნამატი გამოდის 213%-ით მეტი, რაც არ შეესაბამება რეალურ გაყიდვებს. წარმოადგენს კვების ობიექტის გაყიდვად პროდუქციას, ფასნამატით გაყიდვის სიხშირე: ხაშლამა - 7% - 40%; ყალია - 5% - 57%; ჩაშუშული - 7% - 47%; აჭარული - 8% - 44%; ქაბაბი ქუთაისური - 9% - 60%; ჩაქაფული - 10% - 47%; თათარიახნი - 6% - 41%; ხინკალი - ქალაქური - 7% - 79%; ხინკალი მთიულური - 6% - 82%; მწვადი - 8% - 83%; ქაბაბი - 7% - 162%; ხაჭაპური იმერული - 6% - 113%; სუპხარჩო - 5% - 78%; ოსტრი - 9% - 64%. ვინაიდან არცერთ პროდუქციის ფასნამატი არ შეადგენს 162%-ზე მეტს, რესტორნის რეალიზაცია მიღებული საქონლიდან ვერ იქნება 213%-ით მეტი. აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს შეუმცირდეს დარიცხული დღგ და შესაბამისი ჯარიმა-საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 13.09.2024 წლის №------------ წერილი, სადაც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს სარესტორნო მომსახურებას (სახინკლის ტიპის რესტორანი). შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 304 723 ლარს, ხოლო ბუღალტრულად აღრიცხული შემოსავალი - 297 810 ლარს. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, ვერ ხდება საქონლის მოძრაობისა და მზა პროდუქციის წარმოების პროცესის კონტროლი. მომჩივნის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტება რესტორნის ყველაზე გაყიდვადი კერძების შესახებ და ასევე თითოეული კერძის შემთხვევაში პროცენტული წილი გაყიდვების მთლიან სიხშირეში (ქალაქური ხინკალი 17%, მთიულური ხინკალი 12%, მწვადი 16%, ქაბაბი 16%, იმერული ხაჭაპური 14%, სუპხარჩო 13%, ოსტრი 12%). ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ზემოთ აღნიშნული კერძების კალკულაციები და რესტორნის მენიუ. საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ბაზების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენატაციის დამუშავების შედეგად, გაანგარიშდა ფასნამატები თითოეული ხშირად გაყიდვადი კერძების შემთხვევაში, რაც შეწონილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პროცენტულობის მიხედვით გაყიდვების სიხშირეში. შედეგად, რესტორნის მიერ დამზადებული კერძების საშუალო ფასნამატმა შეადგინა 96%. შემოწმების მიერ კერძებისთვის საჭირო ნედლეულსა და ინგრედიენტებზე (მომჩივნის მიერ ბუღალტრულად დაფიქსირებული ნედლეულის საბოლოო ნაშთის გათვალისწინებით) გავრცელდა სარესტორნო კერძებზე გაანგარიშებული საშუალო ფასნამატი, ხოლო რესტორანში რეალიზებულ სასმელებთან მიმართებაში სასმელების ტიპის მიხედვით (გამაგრილებელი სასმელები, წყალი, ლუდი, არაყი, ღვინო) გაანგარიშდა ფასნამატები და გავრცელდა შესაბამისი სახეობისა და კატეგორიის სასმელზე. შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები მომსახურების 10%-ის დამატებით (426 337 ლარი) განაწილდა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დამატებით გამოვლენილი შემოსავლები კომპანიის მხრიდან დამფუძნებლების წინაშე არსებული ვალდებულების თანხის (136 000 ლარი) გამოკლებით განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში რამდენჯერმე წარადგინა კერძების დაზუსტებული კალკულაციები და ახსნა-განმარტებები რესტორნის ყველაზე გაყიდვადი კერძებისა და ასევე თითოეული კერძის შემთხვევაში პროცენტული წილი გაყიდვების მთლიან სიხშირეში. დამატებით წარდგენილი დაზუსტებული ინფორმაცია შესწავლილ იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ და მათი არარეალურობიდან გამომდინარე არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების შედეგებში.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სადავოდ არ ხდის დარიცხვის მართლზომიერებას და განმარტა, რომ დარღვევები გამოწვეულია გამოუცდელობით/უყურადღებობით და ითხოვა დარიცხული დღგ-ის და შესაბამისი ჯარიმა-საურავის შემცირება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, ვერ ხდება საქონლის მოძრაობისა და მზა პროდუქციის წარმოების პროცესის კონტროლი. გაანგარიშდა ფასნამატები თითოეული ხშირად გაყიდვადი კერძების შემთხვევაში, რაც შეწონილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პროცენტულობის მიხედვით გაყიდვების სიხშირეში. შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები მომსახურების 10%-ის დამატებით განაწილდა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ. საწარმოში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დამატებით გამოვლენილი შემოსავლები კომპანიის მხრიდან დამფუძნებლების წინაშე არსებული ვალდებულების თანხის გამოკლებით განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5,9); 101(1);154(1)