ბრძანება N 24846
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24846
06 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ "-------"-ის (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის.: "------")
2023 წლის 5 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №100) განიხილა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") №114506/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6671 ბრძანებასა და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 მაისის №006-205 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის სავალდებულო თარიღის განსაზღვრას. აცხადებს, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, დაუსაბუთებელი და უკანონოა საგადასახადო შემოწმების აქტი, საგადასახადო მოთხოვნა, კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნისა და მასში ცვლილების შეტანის შესახებ ბრძანება და ითხოვს ზემოაღნიშნული აქტების ბათილად ცნობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6671 და 1 მაისის №9470 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 18 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 24 მაისის №11534 ბრძანება და №006-205 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 153 493 ლარი, მათ შორის, გადასახადი 108 134 ლარი, ჯარიმა 38 954 ლარი, საურავი 6 405 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
ი/მ "-------" გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2001 წლიდან. 2015 წლის 20 თებერვალს გააუქმა ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო ფორმა, ხოლო 2021 წლის 16 დეკემბერს მეორედ დარეგისტრირდა. გადასახადის გადამხდელის ახნა-განმარტებით, ეწევა სარემონტო-სამშენებლო მომსახურებას, პერიოდულად სამუშაო ძალასთან ერთად (4-5 კაციანი სამუშაო ჯგუფი). საკომპენსაციო თანხების მიღება კი ხშირ შემთხვევაში ხდება ბანკით. გადასახადის გადამხდელის ელექტრონული ზედნადებების, დოკუმენტებისა და წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის მეშვეობით დგინდება, რომ ბანკით მიღებული აქვს საკომპენსაციო თანხები, რომელიც დაბეგრილი და დეკლარირებული არ აქვს. გადამხდელმა სამშენებლო მასალები შეისყიდა ზედნადებებით. აღნიშნული მასალები ახსნაგანმარტებაში გაცხადებული ფასნამატით ჩაითვალა მომსახურების გაწევად. ი/მ "------" დღგის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის ივნისის თვეში (2020 და 2021 წლებში გათვალისწინებულია ზედნადებებით გაწეული მომსახურებების ღირებულება და 2021 წლის ბოლოდან ბანკში დაფიქსირებული შემოსავლები) წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და 2022 წლის ივნისის თვიდან გაიზარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გადასახადის გადამხდელს არ აქვს ასევე წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ასახვას. შემოწმებით დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6671 ბრძანებასა და მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2023 წლის 1 მაისის №9470 ბრძანებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად:
1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
2. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.
3. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.
საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6671 და 1 მაისის №9470 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება ჩატარდა საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით, აღნიშნული შემოწმების დროს არ არის პროცედურული და სამართლებრივი ნორმები დარღვეული. შესაბამისად გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 მაისის №006-205 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ი/მ "------" ეწევა სარემონტო-სამშენებლო მომსახურებას. საკომპენსაციო თანხების მიღება ხშირ შემთხვევაში ხდება ბანკით. გადასახადის გადამხდელის ელექტრონული ზედნადებების, დოკუმენტებისა და წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის მეშვეობით დგინდება, რომ ბანკით მიღებული აქვს საკომპენსაციო თანხები, რომელიც დაბეგრილი და დეკლარირებული არ აქვს. ი/მ "------" დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. გადასახადის გადამხდელს 2022 წლის ივნისის თვეში (2020 და 2021 წლებში გათვალისწინებულია ზედნადებებით გაწეული მომსახურებების ღირებულება და 2021 წლის ბოლოდან ბანკში დაფიქსირებული შემოსავლები) წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. შემოწმებით გათვალისწინებული იქნა ასევე დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული სამართლებლივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით ი/მ "------"-ის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის სავალდებულო თარიღის განსაზღვრას. ითხოვს აქტების ბათილად ცნობას .
ფაქტობრივი გარემოებები
მოჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. გადამხდელს 2022 წლის ივნისის თვეში წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და 2022 წლის ივნისის თვიდან გაიზარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელს დაერიცხა დღგ დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელს არ აქვს ასევე წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები.ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ასახვას. შემოწმებით დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
80,100,102,105,136,158,159,163,164,275,282.