გადაწყვეტილება №24924/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24924/2/2025
16 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.04.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 17.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24924/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.12.2024 წლის №24357/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 18.02.2025 წლის №024-2 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 309 958,55 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 167 788
დღგ - 94 925
საშემოსავლო გადასახადი - 67 958
ქონების გადასახადი - 4 905
ჯარიმა - 76 206
საურავი - 65 964,55
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ვაჭრობა ---ს ტერიტორიაზე, საქონელი შემოაქვს, როგორც იმპორტით ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ასევე შეძენები უფიქსირდება ადგილობრივ ბაზარზე. აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 2.04.2024 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 24.04.2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რის შედეგადაც დადგინდა სმფ-ების ნაშთი. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში სახეობრივად, კოდებით არ იდენტიფიცირდებოდა შეძენილი და რეალიზებული საქონელი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმების მიერ გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. საგადასახადო კოდექსის 156-ე, 159-ე, მე-100 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით გაიზარდა მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და 2021, 2022, 2023 წლების ერთობლივი შემოსავალი.
ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სმფ-ის ნაშთის თვითღირებულებაც განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთიდან ფასნამატის ამოღებით. ასევე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში საწყისი და საბოლოო სმფ-ის ნაშთები რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დაკორექტირების გამო. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობამ გადააჭარბა 100 000 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემების შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს და მის ოჯახის წევრს საკუთრებაში უფიქსირდებათ, როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონება. საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის №024-64 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24118 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.12.2024 წლის №24357/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. - პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ფასნამატის გაანგარიშების ნაწილში ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები; - აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს 12.12.2024 წლის №24357/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2025 წლის დასკვნა. დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.02.2025 წლის №024-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადამხდელის მხრიდან შედგა სიტყვიერი კომუნიკაცია აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ვიზიტის შეთანხმებისა და საკითხის ერთად გავლის დასაგეგმად, რა დროსაც გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი იქნებოდა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაციის დოკუმენტური მტკიცებულებები. აუდიტორებმა დააფიქსირეს, რომ გარკვეული დროით მიემგზავრებოდნენ მივლინებაში და კომუნიკაცია შედგებოდა დაბრუნებისთანავე. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გარკვეული დროის შემდგომ მოხდა შეხმიანება და ჩანიშნულ იქნა შეხვედრის თარიღი, რა დროსაც უნდა მომხდარიყო დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენა მომჩივნის მხრიდან და საკითხის ერთად გავლა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმ დღეს ვერ მოხდა შეხვედრა აუდიტის დეპარტამენტში. ჩანიშნული შეხვედრიდან მეორე სამუშაო დღეს აუდიტის დეპარტამენტმა ატვირთა დასკვნა არ გადაანგარიშების შესახებ, იმის მიუხედავად რომ რამდენჯერმე შემდგარი კომუნიკაციისას დაფიქსირებული იყო მტკიცებულებების, დოკუმენტური ფასნამატის ცხრილისა და არაპირდაპირი მეთოდით გადანაწილებული საწყისი და საბოლოო ნაშთის შესახებ. მეწარმე რეალიზაციას ახორციელებს როგორც დოკუმენტით, ასევე საცალოდ ადგილობრივ ბაზარზე. დოკუმენტური რეალიზაციის ხვედრითი წილი მთლიან ბრუნვაში დაახლოებით 15-20 %-ია დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით. მომჩივანი ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას უშუალო მონაწილეობით, დაიყოს კატეგორიებად დოკუმენტური რეალიზაცია და თითოეულის ხვედრითი წილის გათვალისწინებით მოხდეს კატეგორიიდან მიღებული შემოსავლის დადგენა და მხოლოდ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით მოხდეს ერთობლივი შემოსავლისა და დასაბეგრი ბრუნვის გადაანგარიშება. არსებობს პრეცედენტული გადაწყვეტილებები როგორც შემოსავლების სამსახურის, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსი, კერძოდ შემოსავლების სამსახურს აქვს გამოცემული 6.03.2024 წლის №4951 ბრძანება, რომლის მიხედვითაც აუდიტის დეპარტამენტს „დაევალა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტობრივი ნაშთიდან გამომდინარე შემოწმების მიერ გაანგარიშებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთსა და ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობა რეალიზებულად ჩაითვალოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).“
თავის მხრივ ფინანსთა სამინისტროს აქვს მიღებული 21.10.2024 წლის №23784/2/2024 გადაწყვეტილება, რომლითაც „საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებულ ინვენტარიზაციასთან მიმართებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, კერძოდ, ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა განიხილოს დანაკლისად ინვენტარიზაციის ჩატარების და დანაკლისის აღმოჩენის მომენტში (ივლისის თვეში); მომჩივანი ითხოვს ინვენტარიზაციის თარიღისთვის დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით მოხდეს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, კერძოდ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობა საბუღალტრო ნაშთსა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ნაშთს შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნეს დანაკლისად ინვენტარიზაციის ჩატარების და დანაკლისის აღმოჩენის მომენტში.
პირველ საკითხში დადგენილი არასწორი გაანგარიშების შედეგად, მოხდა ერთობლივი შემოსავლის დაუსაბუთებელი ზრდა. პირველ საკითხში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით ითხოვს მოხდეს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ხელახალი დადგენა, მეწარმის ხელახლა განსაზღვრული ერთობლივი შემოსავლის გათვალისწინებით მოხდეს ქონების გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის შესაბამისი საპროცენტო განაკვეთის გამოყენება. ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24392 ბრძანების დანართი №10-ის მე-3 პუნქტის და მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით:
3. ფასნამატები გამოიყენება შემდეგი რიგითობით: ა) პირველი - „დოკუმენტური ფასნამატი“; ბ) მეორე - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“; გ) მესამე - „სხვა შემოწმების ფასნამატი“; დ) მეოთხე - „მესამე პირების ფასნამატი“; ე) მეხუთე - „სხვა ფასნამატი“. 4. ყოველი მომდევნო ფასნამატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ფასნამატის თაობაზე არ მოიპოვება სათანადო ინფორმაცია ან/და ვერ კმაყოფილდება შესაბამისი ფასნამატის დადგენილად მიჩნევის პირობა. ამასთან: ა) თუ კონკრეტულ წელზე და ჯგუფზე ვერ დგინდება დოკუმენტური ფასნამატი, გამოიყენება ამავე სახეობის ჯგუფზე დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველი წლის უახლოესი სამი წლიდან ერთ-ერთ უახლოეს წელს; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დოკუმენტური ფასნამატი დადგინდა, როგორც განსახილველი წლის წინა წელს, ისე მის მომდევნო წელს, გამოიყენება ამ მომიჯნავე წლების ფასნამატების საშუალო მონაცემი.
საბჭოს 12.12.2024 წლის №24357/2/2024 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ფასნამატის გაანგარიშების ნაწილში ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საბჭოს 12.12.2024 წლის №24357/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2025 წლის დასკვნა, საიდანაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს დადგენილ ვადაში არ წარმოუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა აუდიტის დეპარტამენტში მისვლა და აუდიტორთან ერთად საკითხების გავლა. ამასთან, მის მიერ ელექტრონული ფოსტით გადაგზავნილი ინფორმაცია ვერ გაიგზავნა აუდიტორთან და უკან დაუბრუნდა. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე საბჭოს 12.12.2024 წლის №24357/2/2024 გადაწყვეტილებით დავალებული მტკიცებულებების წარდგენა აუდიტის დეპარტამენტში ვერ მოხერხდა. აღნიშნული დოკუმენტური მტკიცებულებების მიწოდება აუდიტორისთვის მოხდა საბჭოში საჩივრის განხილვამდე. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივნის მიერ წარდგენილია დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რაც აღსრულების ეტაპზე შეფასებული და გამოყენებული არ არის. მომჩივნის განმარტებით, გაშიფრულია დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის საკმაოდ დიდი წილი და გამოყვანილია დოკუმენტური ფასნამატი. შესაბამისად, ითხოვს დოკუმენტური ფასნამატის გავრცელებას, ნაცვლად აუდირებული ფასნამატისა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, მეწარმის მიერ დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებაზე, რომელიც წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ფასნამატის გაანგარიშების/განსაზღვრის მიზნით, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 18.02.2025 წლის №024-2 საგადასახადო მოთხოვნა;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.12.2024 წლის №24357/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასასადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში სახეობრივად, კოდებით არ იდენტიფიცირდებოდა შეძენილი და რეალიზებული საქონელი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმების მიერ გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობამ გადააჭარბა 100 000 ლარს. გადასახადის გადამხდელს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაერიცხა გადასახადი.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, მეწარმის მიერ დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებაზე, რომელიც წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ფასნამატის გაანგარიშების/განსაზღვრის მიზნით, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 304 ( 21; 1, ბ).