გადაწყვეტილება №21287/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.02.2024
№ დოკუმენტი 21287/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21287/2/2023

19 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------ი“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 9.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21287/2/2023).

 

დავის საგანი:

უარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო დავის განახლებაზე და გადახდილი თანხის დაბრუნება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26269 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა 2 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივნის მიერ დაირღვა საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობა. საბაჟო საწყობმა (WHS------) დროებით შენახვის დეკლარაციაში №----/--- 6.06.2023 წ, ასახული მონაცემების შეუსაბამობა დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს. განცხადება №-----/21-10-21 წარდგენილია 8.06.2023 წელს.

საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.08.2023 წლის №19722 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა 25.09.2023 წელს და 17.10.2023 წელს წარადგინა საჩივრები საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 და №EL215382 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების და საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №----/50 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე. საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215382 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და 4.07.2023 წლის №----/50 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია -----ს (პ/ნ -----) მიმართ. მომჩივანმა მიუთითა, რომ ითხოვს ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე დავის განახლებას, სადავო აქტების გაუქმებას და გადახდილი თანხის დაბრუნებას.

შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26269 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215382 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და 4.07.2023 წლის №----/50 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26269 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 308-ე მუხლზე და 299-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.

მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებს, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რაც საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მიხედვით დავის განახლების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

16.06.2023 წელს გაკეთებულია წინასწარი ზეპირი შეტყობინება შემოსავლების სამსახურში, ფაქტის სავარაუდო დადგომასთან დაკავშირებით (ტვირთის სატრანსპორტო საშუალებაში არყოფნასთან დაკავშირებით). 17.06.2023 წელს დაიცალა ტრაილერი და დადგინდა, რომ ნამდვილად არ იყო მსგავსი ტვირთი ტრაილერში დატვირთული. 18.06.2023 წელს ოფიციალური განცხადება წარდგენილია აღნიშნულთან დაკავშირებით. 19.06.2023 წლიდან 2.07.2023 წლამდე პერიოდში შემოსავლების სამსახური ეტაპობრივად ითხოვდა სხვადასხვა ტიპის წერილებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მიწოდებული იქნა და მათი ჩამონათვალი აღნიშნულია საჩივარში.

მიუხედავად კომპანიის მხრიდან ყველა შესაძლო წერილობითი დასტურისა და ამავდროულად ბულგარეთის საბაჟოს შეტყობინებების წარმოდგენისა, რაც მოთხოვნილი იყო შემოსავლების სამსახურის მიერ, 4.07.2023 წელს დაკისრებულია ჯარიმა.

13.07.2023 წელს და 21.07.2023 წელს წარდგენილია საჩივრები, სადაც აღწერილი იყო ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნილი იყო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება, ისევე როგორც გადახდილი თანხის დაბრუნება. საჩივარში ასევე განმარტებული იყო, რომ კომპანია ელოდებოდა ------ის საბაჟო პროცედურების გაუქმებას და საექსპორტო დეკლარაციის გაუქმებას, რის შემდეგადაც წარმოდგენილი იქნება გაუქმებული საექსპორტო დეკლარაცია (რაც ვერ მოესწრო საჩივრის განხილვის პერიოდში). 10.08.2023 წელს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული იქნა ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი. 4.09.2023 წელს მიღებულია -------ის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის, სააგენტო „საბაჟოების“ ქ.---ის საბაჟო ტერიტორიული დირექტორატის გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ საბაჟო დეკლარაცია - MRN ------- გაუქმდა, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმებსა და საგადასახადო მოთხოვნის შედგენას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ტვირთი (----ში რეგისტრირებული ნომრით MRN -------) საერთოდ არ იყო სატრანსპორტო საშუალებაზე.

შემოსავლების სამსახურის მიერ 25.10.2023 წელს მიღებული იქნა №26269 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კომპანიის 25.09.2023 წლის საჩივარი (№----/21), რომლითაც მოთხოვნილი იყო დავის განახლება, შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19722 ბრძანების გაუქმება, საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება, საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №----/50 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება, სამართალდარღვევის აქტის ფარგლებში კომპანიის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნება. აღნიშნულ საჩივარს გააჩნდა ხარვეზი, ამ მიზნით 17.10.2023 წელს წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული საჩივარი (--- ----ს სახელზე გაცემული აქტების შესახებ მითითების ამოღების მიზნით. რეგისტრაციის №----), რომელზეც შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია და არ მიუღია მხედველობაში (ამას ადასტურებს №26269 ბრძანებაც). დაზუსტებული საჩივრით მოთხოვნილი იყო დავის განახლება, შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19722 ბრძანების გაუქმება, საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება, სამართალდარღვევის აქტის ფარგლებში კომპანიის მიერ თანხის დაბრუნება.

№26269 ბრძანებით საჩივრები 4.07.2023 წლის №-----/50 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში და №EL215382 სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საჩივრების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა დავის განხილვის განახლება, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოკლებულია საფუძვლებს.

დაზუსტებულ საჩივარშიც მითითებული იყო, რომ შემოსავლების სამსახურის №19722 ბრძანებაში გამოკვეთილია გადაწყვეტილება, კერძოდ არ დაკმაყოფილდა საჩივრები. ბრძანების გასაჩივრებისთვის განსაზღვრულია ვადა - ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღე. ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ მოთხოვნილი მთავარი დამადასტურებელი დოკუმენტის - ბულგარეთის მიერ გაცემული დეკლარაციის გაუქმების დამადასტურებელი გადაწყვეტილების მიღება მოხდა 4.09.2023 წელს, გასაჩივრების განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ (და ვინაიდან ბრძანებაში შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მიჩნეული იქნა, რომ არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი), ვერ მოხდა ბრძანების დროული გასაჩივრება.

კომპანიას მიმართული ჰქონდა ქ. ----ის საბაჟო ტერიტორიული დირექტორატისთვის იმ მიზნით, რომ მოეხდინათ შესაბამისი ოფიციალური გადაწყვეტილების მიღება და კომპანიისთვის მოწოდება. ამდენად, აღნიშნული გარემოება არსებობდა უშუალოდ დავის განხილვის პერიოდისთვის, კომპანიას ინფორმაცია არ ჰქონდა თუ როდის მოხდება გადაწყვეტილების მიღება და საერთოდ მოაწოდებდნენ თუ არა (და ოფიციალურ დოკუმენტში რა ფაქტობრივი გარემოებების მითითება მოხდებოდა) გადაწყვეტილებას ან დაადასტურებდა თუ არა ბულგარეთის სახელმწიფო იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მითითებულია გადაწყვეტილებაში და ფაქტია, აღნიშნული გადაწყვეტილების დავის განხილვის მომენტისთვის წარმოდგენის შემთხვევაში, საფუძველი შეიქმნებოდა კომპანიის სასარგებლოდ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მიღებისთვის (ვინაიდან სწორედ შემოსავლების სამსახურის მითითებისამებრ საჭირო იყო სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების წარმოდგენა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სამართალდარღვევის აქტის ბათილად ცნობა და გადახდილი თანხის უკან დაბრუნება).

იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ახლად გამოვლენილი გარემოება, კერძოდ კომპანიას მიღებული აქვს ----ის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის, სააგენტო „საბაჟოების“ ქ. ----ის საბაჟოს ტერიტორიული დირექტორატის გადაწყვეტილება, ადგილი აქვს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლით განსაზღვრულ დავის განახლების წინაპირობას. საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი, მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე. ახლად გამოვლენილ გარემოებას კი, წარმოადგენს ----ის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის, სააგენტო „საბაჟოების“ ქ. -----ის საბაჟოს ტერიტორიული დირექტორატის გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა დავის განახლების გარემოება/საფუძველი და ვინაიდან დავის განმხილველ ბოლო ორგანოს წარმოადგენდა შემოსავლების სამსახური, კომპანიამ მიმართა შესაბამისი საჩივრით, რაც არ დაკმაყოფილდა.

-----ის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის, სააგენტო „საბაჟოების“ ქ. ----ის საბაჟოს ტერიტორიული დირექტორატის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოხდა საქონლის დუბლირება და ზემოაღნიშნული ინვოისი MRN ------ თარიღი 12.05.2023 წ, ექსპორტის ქვეშ მყოფი საქონლის ნაწილთან, ე.ი. საქონელი შეცდომით არის დეკლარირებული ერთზე მეტ საბაჟო დეკლარაციაში. დეტალური ინფორმაცია მითითებულია დანართად წარმოდგენილ გადაწყვეტილებაში. ამდენად, შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძვლიანად შესწავლის და ყოველგვარი პირობების/ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევის პირობებში, -----ის გადაწყვეტილების წარმოდგენის შემთხვევაში, კომპანიის სასარგებლოდ იქნებოდა მიღებული შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება (ხელსაყრელი გადაწყვეტილება). ამდენად, არსებობს ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ -----ის გადაწყვეტილება ჩაითვალოს ახლად გამოვლენილ გარემოებად.

რაც შეეხება პოზიციას გასაჩივრებულ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, იგი არ შეცვლილა, კერძოდ, აღნიშნულ ჯარიმებზე არ დათანხმების საფუძველი იყო და არის, რომ როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა კომპანიის საბაჟო საწყობში, კომპანიის მხრიდან მოხდა წინასწარი შეტყობინება, რომ აღნიშნულ მანქანას სავარაუდოდ შეცდომით მოყვებოდა დოკუმენტები შპს ----ის კუთვნილი ტვირთის, ვინაიდან აღნიშნული ტვირთი უკვე ჩამოსული და განბაჟებული იყო წინა პერიოდში. ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი. შესაბამისად, ოფიციალური განცხადებით მიმართვამდე, დაწყობილი იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებული ტვირთები განზე და დაიწყო ავტოსატრანსპორტო საშუალების დაცლა და დადგინდა, რომ შპს ---ის კუთვნილი ტვირთი ნამდვილად არ იყო დატვირთული, წარდგენილი იქნა ოფიციალური ფორმით განცხადება. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაცლასა და ტვირთვების სათითაოდ გადამოწმებას დაჭირდა სულ 1 დღე, შესაბამისად მეორე დღეს წარდგენილია ოფიციალური განცხადება, რომ ეს ტვირთი არ იყო დატვირთული და დოკუმენტები იყო შეცდომით გაფორმებული. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, ზუსტდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბოლოო დაცლა (17 ივნისი) განხორციელდა არასამუშაო საათებში. ამდენად, განცხადების წარდგენა ტვირთის არარსებობის თაობაზე აღნიშნულ დღეს ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა, ამიტომ აღნიშნული განცხადება წარდგენილია მომდევნო სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში, პირველივე შესაძლებლობისთანავე. კომპანიის სახელზე შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში საფუძვლად მითითებულია საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილების „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ მე-8 მუხლის „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტები, რომლებიც ითვალისწინებენ შემდგომს: „უ“ ქვეპუნქტი - იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილია/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ. „ქ“ ქვეპუნქტი - უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“. ზემოთ განმარტებულ მიზეზთა გამო ცხადია, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და კომპანიამ განცხადება წარადგინა სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში.

სწორედ ამ საფუძვლით არ ეთანხმება კომპანია №EL215386 სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებულ ჯარიმას (საჩივარში აღწერილია დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც წარმოების პროცესის განმავლობაში უკვე წარმოდგენილია და მოეპოვება შემოსავლების სამსახურს).

მითითებული დოკუმენტების ორიგინალების ჩაბარება ხდებოდა უშუალოდ გეზ-ში, რის გამოც კომპანიას არ აქვს წვდომა აღნიშნულ დოკუმენტებზე, მაგრამ 25 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურს კომპანიამ მიმართა წერილობითი განცხადებით აღნიშნული დოკუმენტების გამოთხოვის მიზნით. ადმინისტრაციული ორგანო - შემოსავლების სამსახური ვალდებულია წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტები 10 სამუშაო დღის განმავლობაში, რაც დღემდე არ განხორციელებულა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია დოკუმენტების მიწოდებისათვის კანონით განსაზღვრული ვადები. წინამდებარე საჩივრის წარმოდგენაც შეჩერებული იყო აღნიშნული დოკუმენტების მიღების მიზნით, მაგრამ ვინაიდან დღემდე არ მიღებულა გამოთხოვილი დოკუმენტები, იმისათვის, რომ არ გავიდეს გასაჩივრების ვადა, წარმოდგენილია საჩივარი აღნიშნული მოცემულობით და იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტებს, დამატებით იქნება წარმოდგენილი განცხადებით, თუმცა ვინაიდან შემოსავლების სამსახურის წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს სსიპ-ს საბჭოსაც გააჩნია უფლებამოსილება და შესაძლებლობა ჰქონდეს წვდომა აღნიშნულ დოკუმენტებზე.

ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც წინამდებარე საჩივრის დანართად, აგრეთვე წარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მასალა (წერილები) სრულფასოვნად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ პირნათლად დაცულია საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ დაცული იყო საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები. კომპანიის მიერ აგრეთვე დაცულია (და დაცული იყო) და შესაბამისად არ დარღვეულა საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილების „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ მე-8 მუხლის მოთხოვნები სრულყოფილად (კერძოდ, მე-8 მუხლის „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები). ამავე დადგენილების მე17 მუხლის თანხმად, „საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ვინაიდან კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობას (ან არაჯეროვნად შესრულებას), სახეზე გვაქვს საბაჟო სამართალდარღვევის აქტის ბათილად ცნობისა და გადახდილი თანხის დაბრუნების საფუძველი.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმის მასალებით დგინდება, რომ საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე მომჩივანის მიერ შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია 13.07.2023 წელს, რაც შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19722 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე 17.10.2023 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე.

მომჩივანი მიუთითებს, რომ 4.09.2023 წელს მიღებული აქვს -----ის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის, სააგენტო „საბაჟოების“ ქ. ---ის საბაჟო ტერიტორიული დირექტორატის გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ მოხდა საქონლის დუბლირება და საქონელი შეცდომით არის დეკლარირებული ერთზე მეტ საბაჟო დეკლარაციაში. აღნიშნული იძლევა საფუძველს, რომ სადავო საკითხზე მიღებული იყოს განსხვავებული გადაწყვეტილება.

მითითებული სამართლებრივი ნორმების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება უნდა ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ (გამოვლენილ) გარემოებად და საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განიხილოს საჩივარი და ახლად აღმოჩენილი გარემოებების შეფასების შედეგად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26269 ბრძანება;

3. საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

უარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო დავის განახლებაზე და გადახდილი თანხის დაბრუნება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე მომჩივანის მიერ შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია 13.07.2023 წელს, რაც შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19722 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე 17.10.2023 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

მითითებული სამართლებრივი ნორმების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება უნდა ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ (გამოვლენილ) გარემოებად და საბაჟო დეპარტამენტის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განიხილოს საჩივარი და ახლად აღმოჩენილი გარემოებების შეფასების შედეგად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(6,7);

ასევე, საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 33(1);