ბრძანება N 29353

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.11.2023
№ დოკუმენტი 29353
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 29353

27 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის: --------)

2023 წლის 16 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) №194585/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №002-244 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და აცხადებს, რომ შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს საფუძვლად დაედო გარემოება, რომ თითქოს საწარმომ მიზანმიმართულად არ ასახა დეკლარაციებში გარკვეული თანხები, რაც რეალობას არ შეესაბამება. ასევე არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრულ ჯარიმას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ მომხდარა გარემოებების სათანადო და სრულყოფილი კვლევა. მომჩივანი ითხოვს შემოწმების შედეგებზე გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივნისის №15149 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 ოქტომბრის №25449 ბრძანება და 13 ოქტომბრის №002-244 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 59 223 ლარი, მათ შორის გადასახადი 33 991 ლარი, ჯარიმა 16 996 ლარი და საურავი 8 236 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს ,,------ს“ (ს/ნ -----) საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლოსამონტაჟო სამუშაოების წარმოება, კერძოდ, სადარბაზოებში განათებების დაყენება, როგორც სახელმწიფო ტენდერებით, ასევე კერძო დაკვეთების საფუძველზე. შემოწმებით ირკვევა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემების შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს ქ. ------ს ------ს რაიონის გამგეობის; ქ. ------ს -----ს რაიონის გამგეობის; ქ. -----ს -----ს რაიონის გამგეობისა და ქ. -----ს -----ს რაიონის გამგეობისათვის სახელმწიფო ტენდერების საფუძველზე შესრულებული აქვს სამშენებლო ელექტროსამონტაჟო სამუშაოები. ამავე ვებგვერდის მიხედვით, კომპანიასთან გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები და ასევე კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულია შესაბამისი თანხები. მოცემული ოპერაციები გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულად არის ასახული წარდგენილ დღგ-ის შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. შემოწმებით ასევე დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულია სხვადასხვა სახის საქონლის მიწოდება, რაზედაც კომპანიის მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, თუმცა აღნიშნული მიწოდებები ასევე არ არის ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14008 ბრძანების საფუძველზე მოხდა შპს ,,------ს“ ((ს/ნ -----), ქ. -----, -----ს გამზ. № ---) სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის დადგენა. აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ვერ განხორციელდა იურიდიული პირის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება, შესაბამისად, ვერ მოხდა აღნიშნული გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურების ჩატარება. 2022 წლის 5 აპრილის №8450 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ პროცედურული სახელმძღვანელოს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნული ლარით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების (მათ შორის გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები) შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ განხორციელებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით, 2023 წლის პირველი ივნისისათვის სალაროს ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 53 399 ლარს. შემოწმების მიერ ასევე განხორციელდა კრედიტორული დავალიანების გადამოწმება (შერჩევით - არსებით თანხებთან მიმართებაში) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მესამე პირებიდან. მიღებული ინფორმაციის შედეგად, შპს „------ის“ (ს/ნ -----) მიმართებაში იკვეთება 3096.6 ლარის კრედიტორული დავალიანების არსებობა, რომელიც გათვალისწინებული იქნა ფულადი სახსრების ნაშთის განსაზღვრისას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით განსაზღვრული სალაროს ბუღალტრული ნაშთი (აგროსილი 66 748 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე (ფ/პ -----, პ/ნ -----) გაცემულ სახელფასო განაცემად, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს გამგეობებისათვის სახელმწიფო ტენდერების საფუძველზე შესრულებული აქვს სამშენებლო, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, რაზედაც გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები და კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულია შესაბამისი თანხები. პირის მიერ, მოცემული ოპერაციებიდან და ასევე სხვადასხვა სახის საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლები არასრულად არის ასახული შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმების მიერ ვერ განხორციელდა იურიდიული პირის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება, რის გამოც ვერ განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურების ჩატარება, 2022 წლის 5 აპრილის №8450 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ პროცედურული სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნული ლარით. შემოწმების მიერ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა სალაროს ბუღალტრული ნაშთი, რომელიც კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ კომპანიის მიმართ საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადების ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მარლთზომიერია. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და შეფარდებული სანქცია შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და აცხადებს, რომ შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს საფუძვლად დაედო გარემოება, რომ თითქოს საწარმომ მიზანმიმართულად არ ასახა დეკლარაციებში გარკვეული თანხები, რაც რეალობას არ შეესაბამება. ასევე არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრულ ჯარიმას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ მომხდარა გარემოებების სათანადო და სრულყოფილი კვლევა. მომჩივანი ითხოვს შემოწმების შედეგებზე გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოება, კერძოდ, სადარბაზოებში განათებების დაყენება, როგორც სახელმწიფო ტენდერებით, ასევე კერძო დაკვეთების საფუძველზე. შემოწმებით ირკვევა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ტენდერების საფუძველზე შესრულებული აქვს სამშენებლო ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები. კომპანიასთან გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები და ასევე კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულია შესაბამისი თანხები. მოცემული ოპერაციები გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულად არის ასახული წარდგენილ დღგ-ის შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. შემოწმებით ასევე დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულია სხვადასხვა სახის საქონლის მიწოდება, რაზედაც კომპანიის მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, თუმცა აღნიშნული მიწოდებები ასევე არ არის ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14008 ბრძანების საფუძველზე მოხდა მომჩივნის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის დადგენა. აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ვერ განხორციელდა იურიდიული პირის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნული ლარით. შემოწმების მიერ განხორციელებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით, 2023 წლის პირველი ივნისისათვის სალაროს ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 53 399 ლარს. შემოწმების მიერ ასევე განხორციელდა კრედიტორული დავალიანების გადამოწმება (შერჩევით - არსებით თანხებთან მიმართებაში), რომელიც გათვალისწინებული იქნა ფულადი სახსრების ნაშთის განსაზღვრისას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით განსაზღვრული სალაროს ბუღალტრული ნაშთი (აგროსილი 66 748 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სახელფასო განაცემად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და შეფარდებული სანქცია შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 159(1), 163(1)(2), 164(1), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ")(3"ა").

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა").