ბრძანება N 11691
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11691
06 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 19 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 19 მაისის №95784/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის №081-89 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არასწორად არის შეფასებული ტერმინალის ბრუნვა და არ შეესაბამება რეალურ შემოსავალს.
2. გადამხდელი განმარტავს, რომ არ ჰქონია გადასახადებისგან თავის არიდების ან დამალვის მცდელობა და სამართალდარღვევა გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს ჯარიმის სრულად ან ნაწილობრივ გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5250 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 6 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 8 მაისის №9224 ბრძანება და ამავე თარიღის №081-89 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 35 993 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 375 ლარი, ჯარიმა 11 218 ლარი, საურავი 1 400 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
ი/მ ------- (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 3 ნოემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 9 დეკემბრიდან. გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს -------, სურსათის პროდუქტებით ვაჭრობა. პირს 2021 წლის პირველი დეკემბრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საკონტროლოსალარო აპარატზე ამობეჭდილი და ტერმინალზე მიღებული თანხების მიხედვით, გადამხდელს უფიქსირდება უწყვეტი 12 თვის განმავლობაში საქონლის რეალიზაციით მიღებული ბრუნვის 100 000 ლარისთვის გადაჭარბება 2022 წლის 13 ოქტომბერს. ასევე, გადამხდელს სრულად არ არის დეკლარირებული საკონტროლო-სალარო აპარატზე ამობეჭდილი და ტერმინალზე მიღებული თანხები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 165-ე მუხლების თანახმად, გადამხდელს დაერიცხა დღგ 23 375 ლარი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე და 282- ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას ვალდებულია აღრიცხოს ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი.
3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე მიიღოს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ამ კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად, თუ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საკონტროლო-სალარო აპარატზე ამობეჭდილი და ტერმინალზე მიღებული თანხების მიხედვით, გადამხდელს უფიქსირდება უწყვეტი 12 თვის განმავლობაში საქონლის რეალიზაციით მიღებული ბრუნვის 100 000 ლარისთვის გადაჭარბება 2022 წლის 13 ოქტომბერს. ასევე, გადამხდელის მიერ სრულად არ არის დეკლარირებული საკონტროლოსალარო აპარატზე ამობეჭდილი და ტერმინალზე მიღებული თანხები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2022 წლის 13 ოქტომბრიდან და დაერიცხა დღგ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს არ ჰქონია გადასახადებისგან თავის არიდების ან დამალვის მცდელობა და სამართალდარღვევა გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზის გამო.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად, ი/მ ------- (ს/ნ -------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის №081-89 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ი/მ ------- (ს/ნ -------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის №081-89 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები
1. გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადამხდელი ითხოვს ჯარიმის სრულად ან ნაწილობრივ გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
პირს 2021 წლის პირველი დეკემბრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საკონტროლოსალარო აპარატზე ამობეჭდილი და ტერმინალზე მიღებული თანხების მიხედვით, გადამხდელს უფიქსირდება უწყვეტი 12 თვის განმავლობაში საქონლის რეალიზაციით მიღებული ბრუნვის 100 000 ლარისთვის გადაჭარბება 2022 წლის 13 ოქტომბერს. ასევე, გადამხდელს სრულად არ არის დეკლარირებული საკონტროლო-სალარო აპარატზე ამობეჭდილი და ტერმინალზე მიღებული თანხები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 165-ე მუხლების თანახმად, გადამხდელს დაერიცხა დღგ 23 375 ლარი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე და 282- ე მუხლების შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი; ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის №081-89 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 165; 282; 269(7)