ბრძანება N 23074
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23074
29 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „------“-ს(ს/ნ ------)
(მის.:------)
2024 წლის 14 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №110) განიხილა ი/მ -------- (ს/ნ ---------) 2024 წლის 14 სექტემბრის №91943/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 1 ივლისის №044-6 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი აუდირებული ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული შემოწმებით, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მისი საქმიანობის იდენტური, ასევე ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია. აცხადებს, რომ არ ეწევა საცალო რეალიზაციას, აქვს საქონლის საბითუმო რეალიზაცია. აღნიშნავს, რომ --------- ახორციელებს ძირითადად „ჩუსტების“ იმპორტს. განმარტავს, რომ რეალიზებული საქონლის ფასნამატი 2021 წელს შეადგენდა დაახლოებით 5-7%-ს, თუმცა ვინაიდან ხშირ შემთხვევაში საქონლის იმპორტისას საბაჟო ორგანოების მხრიდან ხდებოდა საქონლის ე.წ. ,,აფასება“, იყო შემთხვევები, როდესაც უწევდა საქონლის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია, რადგან მყიდველთან წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული საქონლის სარეალიზაციო ფასი. აცხადებს, რომ ვინდაინ არ ჰქონდა საცალო რეალიზაცია, არ ჰქონდა სტაციონალური ობიექტი, ასევე ვინაიდან არ ჰქონდა საბრუნავი საშუალებები, საქონელს ყიდულობდა საბოლოო მყიდველების თანხმობით, ანუ საქონლის შემოტანის მომენტში უკვე იცოდა ვისზე მოახდენდა საქონლის რეალიზაციას და რა ფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰქონდა დაბალი ფასნამატი. შესაბამისად, არასდროს ჰქონდა საქონლის ნაშთი და არც საწყობი გააჩნდა. აცხადებს, რომ საქონელი მყიდველებზე ნაწილდებოდა პირდაპირ გადამზიდი სატრანსპორტო კომპანიის შპს „----------“ (ს/ნ --------) კუთვნილი მანქანიდან. აღნიშნულს დაადასტურებს შპს „-----------“ (ს/ნ -----------) მძღოლი, ---------- (პ/ნ -----------), რომლის თვალწინ ხდებოდა მანქანიდან საქონლის დაცლა და გადაცემა მყიდველებზე. გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელოს ანალოგიური პროფილის საწარმოების მიერ დადგენილი საბითუმო ფასნამატით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8654 და 28 მაისის №12317 ბრძანებების საფუძველზე ი/მ ---------- (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 17 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 21 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 1 ივლისის №15418 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №044-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 631 234 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 307 838 ლარი, ჯარიმა 153 919 ლარი და საურავი 169 477 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, ი/მ ----------- 2020 წლის 23 ოქტომბერს რეგისტრირებული აქვს საკონტროლოსალარო აპარატი --------. გადასახადის გადამხდელს იმპორტის გზით შეძენილი აქვს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელი და თეთრეული. ინვოისების მიხედვით, შეძენილი საქონლის თვითღირებულებამ შეადგინა 1 497 675 ლარი. ასევე, პირს 2020 წელს იმპორტირებული აქვს 700 ერთეული მანეკენი. ამასთან, პირის მიერ წარდგენილი 2020 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის თანახმად, საბოლოო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 7 797 ლარს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8520 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარების აღრიცხვა). პირის მიერ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისათვის წარდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, 2024 წლის 17 აპრილის მდგომარეობით, მეწარმეს ეკონომიკური საქმიანობის ობიექტი ან სასაწყობე მეურნეობა არ გააჩნია, ასევე არ აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, ი/მ-ს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. ამასთან, არ ფიქსირდება საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ამონაწერების მიხედვით. მეწარმის მიერ 2021 წელს წარმოდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციების თანახმად, 2021 წლის დღგით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 509 912 ლარი, რაც ასევე ასახულია 2021 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში და აღნიშნული დეკლარაციის თანახმად, პირი იმყოფებოდა ზარალზე. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა მოწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი, რამაც ქალის ტანსაცმელზე შეადგინა საშუალოდ 47%, მამაკაცის ტანსაცმელზე - 54%, ბავშვის ტანსაცმელზე - 64%. ი/მ-ს საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა საშუალოდ 54%, რაც გამოყენებულ იქნა არაიდენტიფიცირებად ტანსაცმელსა და თეთრეულზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგინდა არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი პერიოდების მიხედვით, რაც შეადგენს სულ 2 318 957 (დღგ-ის გარეშე) ლარს. შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-100, 102-ე, 105-ე, 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. ამასთან, არ ფიქსირდება საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ამონაწერების მიხედვით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი აუდირებული ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული შემოწმებით, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მისი საქმიანობის იდენტური, ასევე ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია. გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელოს ანალოგიური პროფილის საწარმოების მიერ დადგენილი საბითუმო ფასნამატით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. ამასთან, არ ფიქსირდება საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ამონაწერების მიხედვით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);80(1);100(3);102(1);105(1);159(1);163(1,2);164(1);