გადაწყვეტილება №18422/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18422/2/2022
9.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი::შპს „----------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,------“-ის 9.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18422/2/2022).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.09.2022 წლის №081-152 საგადსახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29210 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 221 679,3 ლარი
მათ შორის:
გადასახადი - 135 398
დღგ - 52 521
საშემოსავლო გადასახადი - 82 877
ჯარიმა - 67 799
საურავი - 18 482,3
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ძირითადად სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით. ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს --------ის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქონლის შეძენა ხორციელდება სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით. აღნიშნული პროდუქტების ძალიან მცირე ნაწილი (სულ 5 486 ლარის ღირებულების საქონელი) გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით.
აუდიტის დეპარტამენტის 30.08.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 01.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ კომპანიის დირექტორის განცხადებით, კომპანიის საშუალო ფასნამატი წლების მიხედვით შეადგენს: 2019 წელს - 4%, 2020 წელს - 3.5%, ხოლო 2021 წელს 4.1%, რაც ეწინააღმდეგება დოკუმენტების შესწავლის შედეგად გაანგარიშებულ ფასნამატს. საბუღალტრო პროგრამა "ორისში", საწარმო 7210 ანგარიშზე ახდენს რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერას თანხობრივად. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის და საბოლოო ნაშთებში, საქონელი არ არის აღრიცხული სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში.
შემოწმების პროცესში მოხდა საქონლის კატეგორიების (28 კატეგორია) მიხედვით დაყოფა და თითოეულ კატეგორიაზე გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი. საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი და შესაბამის ჯგუფებზე გავრცელდა დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი, რამაც გამოიწვია შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, გამოვლენილი თანხის ოდენობა, რომლის არსებობა საწარმოში რაიმე დოკუმენტით ან ჩანაწერით არ დასტურდება, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაჯარიმდა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.09.2022 წლის №081-152 საგადსახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29210 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49- ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებამ გამოავლინა ფასნამატი 6%, რასაც მომჩივანი კატეგორიულად არ ეთანხმება. წარმოდგენილია ექსელის ფაილით ცხრილი, სადაც თვალსაჩინოდ ჩანს ერთი და იგივე პროდუქციაზე ფასნამატის მარჟა, რომელიც მკვეთრად განსხვავებულია რეალიზაციის ფასთან მიმართებაში. ბუღალტრულად გამიჯნულად აქვს, როგორც მომსახურეობით მიღებული, ასევე პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას.
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს.
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა.
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საბჭო მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის და საბოლოო ნაშთებში საქონელი არ არის აღრიცხული სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში. ხშირ შემთხვევაში ვერ იდენტიფიცირდება ვისგან იქნა შეძენილი საქონელი, რა რაოდენობის და სახეობის. ასევე, გადასახადის გადამხდელი ჩამოწერებს ახორციელებს მხოლოდ რაოდენობრივად და არ იშიფრება დასახელებები. შემოწმების მიმდინარეობისას, დაიდენტიფიცირდა საქონელი კატეგორიების მიხედვით და ფასნამატი განისაზღვრა თითოეული კატეგორიისთვის ცალ-ცალკე. შემოწმების მიერ გამოიყო 28 კატეგორია და თითოეულისთვის ცალ-ცალკე იქნა გამოყვანილი დოკუმენტური ფასნამატი, შესაბამისად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაც განსაზღვრულია კატეგორიების მიხედვით სასაქონლო ზედნადებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით.
საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, პანდემიის პერიოდში ტექნიკური შეცდომებია დაშვებული დოკუმენტების გამოწერისას, რაც ფასნამატის ოდენობაზე მოქმედებს.
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, არ არის წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.