გადაწყვეტილება №25429/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.08.2025
№ დოკუმენტი 25429/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25429/2/2025

12 აგვისტო 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 8.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25429/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24263 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2.05.2025 წლის №007-54 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14607 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 3 518.45 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 3 096

დღგ - 472

იმპორტის გადასახადი - 2 624

საურავი - 422.45

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა რძის პროდუქტებით, კვერცხით, საკვები ზეთებით და ცხიმებით. საბაჟო დეპარტამენტის 6.12.2022 წლის №30753 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა №--- (27.10.2020 წლის) საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 7.12.2022 წლის №ა218-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა №--- (27.10.2020წ.) საბაჟო დეკლარაციით უკრაინიდან შემოიტანა სეს ესნ-ის 2009 და 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელი, რომელიც შეძენილია უკრაინული კომპანია „---“-საგან ხუთი ინვოისით - №46294 (13.10.2020წ.), №46532 (13.10.2020წ.), №46534 (15.10.2020წ.), №46745 (16.10.2020წ.), №46914 (16.10.2020წ.), ჯამური ღირებულებით - 66 029.08 აშშ დოლარი და ნეტო წონით - 122 482.58 კგ. აქედან, 65 177.08 აშშ დოლარის ღირებულების - 121 238.78 კგ. საქონელზე გამოყენებული იყო უკრაინის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერთიფიკატები (CT-1) №GE----(13.10.2020წ.), №GE----(13.10.2020წ.), №GE--- (15.10.2020წ.), №GE0--- (16.10.2020წ.); №GE---(16.10.2020წ.), რომელთა საფუძველზე იმპორტის გადასახადის ნაწილში გავრცელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები.

საქონლის საბაჟო დეკლარაციაში დეკლარირებულია სეს ესნ-ის შემდეგი კოდებით იდენტიფიცირებული საქონელი: - 20091200000 - ფორთოხლის წვენი, საბაჟო ღირებულებით - 17 730.21 ლარი, წონა - 5 680.44 კგ., საიდანაც იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით დაიბეგრა მხოლოდ - 2 977.19 ლარის საბაჟო ღირებულების - 1 243.8 კგ. წვენი, რომელიც არ იყო ასახული წარმოშობის სერტიფიკატებში; - 20097119000 - ვაშლის წვენი, საბაჟო ღირებულებით - 7 115.48 ლარი, წონა - 3 452.66 კგ; - 22021000000 - ცივი ჩაი - საბაჟო ღირებულებით - 45 715.80 ლარი (კორექტ. მედიანით - 1.21), წონა - 24 521.70 კგ; - 22029010000 - ნექტარი ასორტიმენტში, საბაჟო ღირებულებით - 172 759.62 ლარი, წონა - 88 827.79 კგ. სულ საქონლის საბაჟო დეკლარაციით შემოტანილია - 243 321.11 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი: - 2009 კოდით - 24 845.70 ლარის საბაჟო ღირებულების წვენი, წონით - 9 133.1 კგ; - 2202 კოდით - 218 475.48 ლარის საბაჟო ღირებულების ნექტარი და ცივი ჩაი, წონით - 113 349.48 კგ.

ზემოაღნიშნული CT-1-ებიდან ოთხ სერთიფიკატში ერთდროულად წარმოდგენილია, როგორც სეს ესნ-ის 2009, ასევე 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელი, გარდა GE0--- სერთიფიკატისა, სადაც ფიგურირებს მხოლოდ 2202 ჯგუფის პროდუქცია. სულ საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის ოდენობამ ჯამში შეადგინა: იმპორტის გადასახადი (12%) - 357.0 ლარი, დღგ - 600.15 ლარი.

უკრაინიდან მიღებული წერილებიდან (№234987/21, 15.11.2021წ. და №88521/21-10, 23.05.2022წ.) გაირკვა, რომ სერთიფიკატებით მოცული საქონლის უკრაინული წარმოშობა დასტურდება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ 30.11.2000 წელს მიღებული წესებით, მასში 7.09.2001 წელს და 20.12.2002 წელს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ხოლო ცვლილებების გარეშე ფორმულირებული ძირითადი წესებით - უკრაინული წარმოშობა დასტურდება მხოლოდ სეს ესნ-ის 2202 სასაქონლო ჯგუფის პროდუქციისთვის.

შესაბამისად, ძირითადი ტექსტის დებულებებიდან გამომდინარე, 2009 ჯგუფს მიკუთვნებული საქონელი - წვენები არ წარმოადგენს უკრაინული წარმოშობის საქონელს, რადგან უკრაინასთან მიმართებით საქართველოსთვის ძალაშია მხოლოდ 30.11.2000 წლის ძირითადი წესები. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული დირექტიული წერილიდან (№183633/21, 9.09.2019წ.) გამომდინარე, 30.11.2000 წლის წესებში შეტანილი ზემოხსენებული ცვლილებები საქართველოსათვის ძალაში არაა. შესაბამისად, №--- საქონლის საბაჟო დეკლარაციის სერთიფიკატებში ჩამოთვლილი 2009 სასაქონლო ჯგუფის საქონლის დაუბეგრავი ნაწილი დაექვემდებარა დაბეგვრას იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით, თუმცა გათვალისწინებული იქნა, რომ ოთხ სერთიფიკატში (№G----) უკრაინული წარმოშობის 2202 ჯგუფის პროდუქციასთან ერთად შეწყვილებულად არის წარმოდგენილი არაუკრაინული წარმოშობის 2009 ჯგუფის საქონელიც. აღნიშნული მიზეზით, CT-1-ებმა შეიძინა არასწორად გაცემული დოკუმენტის სტატუსი და დაკარგა ავთენტურობა.

შესაბამისად, 12%-იანი განაკვეთით დაბეგვრას დაექვემდებარა CT-1-ებში შეწყვილებულად წარმოდგენილი 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელიც. ავთენტურობა შეინარჩუნა მხოლოდ წარმოშობის სერტიფიკატმა №----, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ 2202 ჯგუფის საქონელი, რომელმაც ასევე შეინარჩუნა უკრაინული წარმოშობა საქონლის საბაჟო დეკლარაციის შესაბამის - მე-3 პოზიციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს №--- (27.10.2020წ.) საქონლის საბაჟო დეკლარაციაზე დამატებით დაერიცხა იმპორტის გადასახდელი - 27 559.0 ლარის ოდენობით, მათ შორის იმპორტის გადასახადი - 23 355 ლარი და დღგ - 4 204 ლარი.

ამასთან, სანქცია ჯარიმის სახით, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად - 27 559 ლარი. სულ გადასახდელი თანხის ოდენობამ შეადგინა - 55 118 ლარი. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 20.12.2022 წლის №32004 ბრძანება და ამავე თარიღის №007-352 საგადასახადო მოთხოვნა. ამასთან, შემოწმების მასალები ქვემდებარეობის მიხედვით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

ზემოთ ხსენებული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 28.06.2023 წლის №19687/2/2023 (რეგ. 7.08.2023წ. 03/63525) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №დ1-21-10 დასკვნა, რომლის თანახმად, შემოწმების აქტის თანახმად დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა, დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2.05.2024 წლის №10560 ბრძანება და ამავე თარიღის №007-86 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14319 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 27.09.2024 წლის №23330/2/2024 (რეგ. 16.10.2024წ. 03/77242) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14319 ბრძანება და საჩივარი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 15.11.2024 წლის №24263 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება) და შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24263 ბრძანებით განსაზღვრული დავალების შესრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილია 25.04.2025 წლის №დ 2-21-10 4 დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტით დარიცხული იმპორტის გადასახდელის ოდენობა დაექვემდებარა შემცირებას 24 463 ლარით (მათ შორის იმპორტის გადასახადი - 20 731 ლარით, დღგ - 3 732 ლარით) და საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია - 27 559 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა 2.05.2025 წლის №8398 ბრძანება და ამავე თარიღის №007-54 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14607 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველ ნაწილზე. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 22 ოქტომბრის №22649 ბრძანებით „საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, 235 პუნქტით დამტკიცებულ №27 დანართს დაემატა №2704 სიტუაციური სახელმძღვანელო, რითაც დაზუსტდა საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გადამოწმების შედეგებთან დაკავშირებული მიდგომები. კერძოდ, ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან გაცემული სერტიფიკატის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, როდესაც ვერ დასტურდება მასში მოცემული საქონლის (ან მისი ნაწილის) ექსპორტიორ ქვეყანაში წარმოშობა:

ა) ძალაში რჩება საქონლის გაფორმების დროს განხორციელებული კონტროლის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება იმპორტის გადასახადის დარიცხვის თაობაზე;

ბ) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის ფარგლებში მიიღება გადაწყვეტილება იმპორტის გადასახადის შესაბამისი ნაწილის დარიცხვის თაობაზე.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი ადგენს გარკვეულ სატარიფო უპირატესობებს, რაც გულისხმობს შემცირებულ ან ნულოვან განაკვეთს საქონლისათვის, რომელიც ვაჭრობის საგანს წარმოადგენს პრეფერენციული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის. აქედან გამომდინარე, პრეფერენციული წარმოშობის წესები უფრო მკაცრია და პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესები, პრეფერენციული წარმოშობის კრიტერიუმები განსაზღვრულია შესაბამისი სართაშორისო ხელშეკრულებებით. დადგენილია, რომ უკრაინიდან მიღებული წერილების (№234987/21, 15.11.21წ. და №88521/21-10, 23.05.22წ.) შესაბამისად, სერტიფიკატებით მოცული საქონლის უკრაინული წარმოშობა დასტურდება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ 30.11.2000 წელს მიღებული წესებით, მასში 7.09.2001 წელს და 20.12.2002 წელს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით. შესაბამისად, ძირითადი ტექსტის დებულებებიდან გამომდინარე, 2009 ჯგუფს მიკუთვნებული წვენები არ წარმოადგენს უკრაინული წარმოშობის საქონელს. დადგენილია ასევე, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული წერილიდან (№183633/21, 9.09.19წ) გამომდინარე, 30.11.2000 წლის წესებში შეტანილი ზემოხსენებული ცვლილებები საქართველოსათვის ძალაში არ არის.

შესაბამისად, №--- სსდ-ის სერტიფიკატებში ჩამოთვლილი 2009 სასაქონლო ჯგუფის საქონლის დაუბეგრავი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელს შეუმცირდა იმპორტის გადასახადის ოდენობა - 20 731 ლარით, დღგ - 3 732 ლარით და სსკ-ის 167-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია - 27 559 ლარით.

ხოლო გადასახადის გადამხდელს კვლავ ერიცხება გადასახდელად იმპორტის გადასახადი - 2 624 ლარი და დღგ - 472.0 ლარი. საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის №24263 (15.11.2024წ.) ბრძანების აღსრულების მიზნით საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგები შესაბამისობაშია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, ამდენად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გამოკვლეულად უნდა ჩაითვალოს.

სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24263 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ სადავო აქტებში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია რეგისტრირებულია 2008 წლიდან და იგი წარმოადგენს მსოფლიოში საკვებისა და უალკოჰოლო სასმელების ლიდერი მწარმოებლის - საერთაშორისო კორპორაცია „---ოს“ ჰოლდინგის ჯგუფის წევრ კომპანიას. კომპანიის საქმიანობა მოიცავს „---ოს“ ჯგუფის კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას, როგორებიც არის უალკოჰოლო სასმელები „---“, „---“ და ა.შ., ასევე „---სა“ და „---ის“ ბრენდებით ცნობილი კარტოფილის ჩიფსები და სხვა. კომპანია ასევე ახდენს სხვადასხვა სახის რძის პროდუქტის წარმოებას და მიწოდებას, მათ შორის: რძის, კეფირის, მაწონის, არაჟნის, ხაჭოს, მოჭიქული ხაჭოს, იოგურტის და ა.შ. კომპანია ზოგადად საქმიანობს საერთაშორისო ბიზნეს ეთიკისა და ფინანსური გამჭირვალობის პრინციპით. ამავდროულად, კომპანიის პოლიტიკაა, რომ გაზარდოს საქართველოში წარმოება საწარმოო პროცესების საქართველოში გადმოტანითა და ინვესტიციების განხორციელებით.

კომპანიას საქართველოში განხორციელებული აქვს მნიშვნელოვანი ინვესტიციები მათ შორის განვლილი პანდემიის ფონზე, რითაც წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საბოლოო გადაწყვეტილებით, საბაჟო დეპარტამენტმა შეცვალა მიდგომა CT-1-ებში შეწყვილებულად წარმოდგენილ საქონელთან დაკავშირებით, რომლის წარმოშობაც შინაარსობრივი თვალსაზრისით თავიდანვე არ იყო სადავო და დარიცხვა გამოწვეული იყო CT-1-ების სრულდა ანულირების საფუძვლით. კერძოდ, საბოლოო დასკვნით აღნიშნულ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა დაექვემდებარა შემცირებას, თუმცა დარიცხვა ძალაში დარჩა სეს ესნ-ის 2009 ჯგუფის საქონელთან დაკავშირებით. კომპანია ასაჩივრებს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს იმ ნაწილში, რომლითაც დარიცხვა დარჩა ძალაში. კომპანიის პოზიციაა, რომ ზემოთ გაცემული იმპორტის დოკუმენტაცია სერტიფიკატების ჩათვლით გაცემულია უკრაინის სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ, მათ სისწორესა და ავთენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი კომპანიას არ ჰქონია.

შემოწმებული იმპორტის დეკლარაციები საქართველოში დაბეჭდილია საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მომსახურების სააგენტოს მიერ და მათ შესაბამისი ანაზღაურებაც მიღებული აქვთ აღნიშნულ მომსახურებაში ანუ თუ ეჭვის საფუძველი არსებობდა, რატომ დაბეჭდეს მათ არასწორი დეკლარაციები? ორგანომ რომელიც უწევს მომსახურებას და ასევე ამოწმებს კიდეც დაუშვა ასეთი შეცდომა, რომ საქონლის დეკლარირება და განბაჟება არასწორად განახორციელებინა? კომპანიამ კი არ მიაყენა სახელმწიფოს ზიანი, თავად სახელმწიფო უწყებები აყენებენ ამ შემთხვევაში ზიანს. მიაჩნია, რომ საკითხზე გამოტანილია ნაჩქარევი გადაწყვეტილება და საკითხი უფრო სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს, სადაც არანაირად არ იკვეთება კომპანიის ბრალეული ქმედება ან გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება. ასევე, საინტერესოა საერთაშორისო წესებისა და სამართლის გამოყენებით რატომ მოქმედებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო კონკრეტული წლის საერთაშორისო შეთანხმებისა და წესების საფუძველზე, ხოლო მეორე ხელშემკვრელი მხარე აბსოლუტურად განსხვავებული წესებითა და რედაქციით. ამ სიტუაციაში და ბუნდოვანებაში კერძო სექტორი არ უნდა ზარალდებოდეს და მითუმეტეს არ უნდა ჯარიმდებოდეს კანონის უმკაცრესი ზომების გამოყენებით. ამ შეუთანხმებელი და ბუნდოვანი სახელმწიფოებრივი ურთიერთობების გამო ადგება სერიოზული ფინანსური ზარალი, თუ გავითვალისწინებთ დარიცხულ გადასახდელს და რაც კიდევ უფრო დაუჯერებელია ჯარიმისა და საურავის ნაწილს. კომპანია ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. კომპანიის პოზიციაა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა შემოსავლების სამსახურის ბრძანების სათანადო აღსრულება. კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტს საკითხის განმეორებითი შესწავლის შედეგად განხორციელებული დარიცხვა სრულად უნდა შეემცირებინა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24263 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს ევალებოდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა სადავო ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24263 ბრძანების აღსრულების შედეგებზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილია 25.04.2025 წლის №დ 2-21-10 დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ: „საბაჟო დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა სადავო ადმინისტრაციული აქტებით განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გარემოება. აღსანიშნია, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 22 ოქტომბრის №22649 ბრძანებით „საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, 235 პუნქტით დამტკიცებულ №27 დანართს დაემატა №2704 სიტუაციური სახელმძღვანელო, რითაც დაზუსტდა საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გადამოწმების შედეგებთან დაკავშირებული მიდგომები.

კერძოდ, ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან გაცემული სერტიფიკატის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, როდესაც ვერ დასტურდება მასში მოცემული საქონლის (ან მისი ნაწილის) ექსპორტიორ ქვეყანაში წარმოშობა:

ა) ძალაში რჩება საქონლის გაფორმების დროს განხორციელებული კონტროლის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება იმპორტის გადასახადის დარიცხვის თაობაზე;

ბ) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის ფარგლებში მიიღება გადაწყვეტილება იმპორტის გადასახადის შესაბამისი ნაწილის დარიცხვის თაობაზე;

გ) პირს დაეკისრება ჯარიმა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით და იმავდროულად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენებით, პირი თავისუფლდება საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციისაგან.

შესაბამისად, ჯარიმის ნაწილში მიეთითება ნულოვანი თანხა, გარდა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრული შემთხვევისა, როდესაც საქმის მასალები, მათ შორის გადამოწმების შედეგები რეაგირებისათვის ეგზავნება საგამოძიებო სამსახურს. ამასთან, საგამოძიებო ორგანოდან საქმისა მასალების საბაჟო ორგანოში შესაბამისი რეაგირებისათვის დაბრუნების შემთხვევაში, პირს დაეკისრება ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლით და იმავდროულად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენებით, პირი თავისუფლდება საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციისაგან.

საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტით დარიცხული იმპორტის გადასახდელის ოდენობა და საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა დაექვემდებარა შემცირებას“.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნული დასკვნით წარმოდგენილ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც საბაჟო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24263 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24263 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №24263 ბრძანებით განსაზღვრული დავალების შესრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილია დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტით დარიცხული იმპორტის გადასახდელის ოდენობა დაექვემდებარა შემცირებას 24 463 ლარით (მათ შორის იმპორტის გადასახადი - 20 731 ლარით, დღგ - 3 732 ლარით) და საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია - 27 559 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.07.2025 წლის №14607 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24263 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 304 21.