ბრძანება N 14643

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.07.2025
№ დოკუმენტი 14643
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14643

02 ივლისი 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(მის.:„-------“)

2025 წლის 5 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა შპს „------ -ის “ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 5 მაისის №68294/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აპრილის №021-23 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ და კამერალური საგადასახადო შემოწმების თაობაზე გამოცემულ 2025 წლის 30 იანვრის №965 ბრძანებასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1.გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 იანვრის №965 ბრძანებით დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის მოთხოვნები. აცხადებს, რომ აღნიშნული ბრძანება არ შეესაბამება კანონმდებლობას, მიუთითებს „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ, მე-2, მე-5 პუნქტებზე, ასევე ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტზე და აცხადებს, რომ მოსამართლის ბრძანების გარეშე საწარმოს საქმიანობის შემოწმების განხორციელება წარმოადგენს კანონის დარღვევას.

2.გადამხდელი არ ეთანხმება ფაქტიურად გადახდილი ხარჯის 75%-ის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად დაკვალიფიცირებას. განმარტავს, რომ შემოწმებამ დაადასტურა ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება სადავო არ არის. აგრეთვე, შემოწმებამ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გახარჯული თანხის ოდენობა საბანკო დოკუმენტებით დაადგინა. ამდენად, არსებობს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ვინ, ვის, როდის, რისთვის და რა რაოდენობის თანხა გადაუხადა საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ამდენად, შემმოწმებლები ამ ფაქტის დადასტურებით აღიარებენ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობას. გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ გამოვლენილი შეძენილი საქონლის ღირებულების მომწოდებლისათვის საბანკო დაწესებულების მეშვეობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტია და იგი ხარჯებში აუცილებლად სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

ასევე, გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო გაწეული ხარჯის დადგენის მიზნით გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი. საგადასახადო ორგანო მიმართავს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის არაპირდაპირ მეთოდს იმ შემთხვევაში თუკი საქონლის შეძენა ფაქტობრივად დადასტურებულად ჩაითვლება. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, საწარმოს მიერ შეძენილი მასალების ღირებულებით ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირების ნაწილში, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის შემცირების საკითხთან დაკავშირებით განიმარტა, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს შეძენას, მაგრამ შეძენის დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს ან არ არსებობს შეძენის დოკუმენტები, მაგრამ ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო უნდა მოხდეს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და ამ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება. საქართველოს საგადასხადო კოდექსის 73-ე მუხლის გამეყენების აუცილებლობაზე მიუთითებს საქართველოს უზენასი სასამართლო 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-1210(2კ-21).

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 იანვრის №965 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „------ -ის “ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 27 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 აპრილის №6586 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2025 წლის 8 აპრილის №021-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 84 405 ლარი, მათ შორის, გადასახადი 49 121 ლარი, ჯარიმა 25 478 ლარი და საურავი 9 805 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს საბანკო გადარიცხვებით ანაზღაურებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილი მომსახურებები სულ 10 040 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესამაბისად, აღნიშნული გადახდები დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, გადამხდელს უფიქსირდება ისეთი ხარჯები (საბანკო გადარიცხვები), რომელთა გადარიცხვის დანიშნულებიდან ირკვევა, რომ დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან, მაგრამ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, სულ 890 793 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუმცა აღწერილ გარემოებაში, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრისას გასათვალისწინებელია, რომ ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად დაკვალიფიცირდა გადამხდელის მიერ გაცხადებული (ფაქტიურად გადახდილი) ხარჯის 75%. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად:

2. პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლის განხორციელება.

4. საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება.

5. საგადასახადო კონტროლი ხორციელდება მოსამართლის ბრძანების გარეშე, გარდა ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:

1. სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება გააკონტროლოს მხოლოდ მაკონტროლებელმა ორგანომ. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მეწარმის სამეწარმეო საქმიანობის შემოწმების წინადადებით სხვა სახელმწიფო ორგანომ შეიძლება მიმართოს მაკონტროლებელ ორგანოს ან სასამართლოს.

2. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა (მათ შორის, შევიდეს საწარმოში, მოითხოვოს დოკუმენტები, შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა, დალუქოს მეწარმის კუთვნილი ქონება, დაათვალიეროს საწარმო, შეამოწმოს მეწარმის მიერ გამოშვებული ნაწარმის ხარისხი) მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, რომლითაც გადამხდელი აცხადებს, რომ მოსამართლის ბრძანების გარეშე საქმიანობის შემოწმების განხორციელება წარმოადგენს კანონის დარღვევას, შემოსავლების სამსახური „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებზე. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო კონტროლი ხორციელდება მოსამართლის ბრძანების გარეშე, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო კონტროლის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საგადასახადო შემოწმება.

ამდენად, შემოსავლების სამსახური საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

გ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდებისას/შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები/საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადამხდელს უფიქსირდება ისეთი ხარჯები, რომელთა საბანკო გადარიცხვის დანიშნულებიდან ირკვევა, რომ დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან, თუმცა გადამხდელს შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია. შემოწმებით მოცემულ შემთხვევაში ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად დაკვალიფიცირდა გადამხდელის მიერ ფაქტიურად გადახდილი ხარჯის 75%.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი გამოთქვამს მზაობას აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 იანვრის №965 ბრძანებით დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის მოთხოვნები. აცხადებს, რომ აღნიშნული ბრძანება არ შეესაბამება კანონმდებლობას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ფაქტიურად გადახდილი ხარჯის 75%-ის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად დაკვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს საბანკო გადარიცხვებით ანაზღაურებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილი მომსახურებები სულ 10 040 ლარი, სსკ-ის 982 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესამაბისად, აღნიშნული გადახდები დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, გადამხდელს უფიქსირდება ისეთი ხარჯები,რომელთა გადარიცხვის დანიშნულებიდან ირკვევა, რომ დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან, მაგრამ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია.

აღწერილ გარემოებაში, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრისას გასათვალისწინებელია, რომ ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად დაკვალიფიცირდა გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახური საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),982,