გადაწყვეტილება №22976/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22976/2/2024
18 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: : ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -----------29.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22976/2/2024).
დავის საგანი:
1. ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 ივლისის №007-270 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №007-350 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 მარტის №6427 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 ივლისის №007-270 საგადასახადო მოთხოვნით - 499 339 ლარი
მათ შორის:
გადასახადი - 300 534
დღგ - 147 645
მიწა - არასასოფლო - 48
საშემოსავლო გადასახადი - 152 781
ქონების გადასახადი - 60
ჯარიმა - 139 583
საურავი - 59 222
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №007-350 საგადასახადო მოთხოვნით - 686 767 ლარი
მათ შორის:
გადასახადი - 358 481
დღგ - 147 645
მიწა - არასასოფლო - 48
საშემოსავლო გადასახადი - 210 728
ქონების გადასახადი - 60
ჯარიმა - 138 559
საურავი - 189 727
სადავო საკითხები:
1. ტექნიკური უზუსტობის გასწორება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 18 მაისის №15054 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 18 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2021 წლის 30 ივნისის №21404 ბრძანება და 2021 წლის 2 ივლისის №007-270 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 499 339 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 27 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 15.11.2021 წლის №35444 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ხარჯების ნაწილში დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.11.2021 წლის №35444 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 მარტის დასკვნა, 30 მარტის №6412 ბრძანება და №007-68 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 3 071 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 542 790 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 19.06.2023 წლის №13760 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 10.07.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.09.2023 წლის №20219/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 6 დეკემბერს გამოსცა დასკვნა, რომლის საფუძველზე შედგა 7.12.2023 წლის №30706 ბრძანება და №007-350 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად გასწორდა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის 30 მარტის №007-68 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული/შემცირებული თანხების ნაწილში დაშვებული უზუსტობა. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა 686 767 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №007-350 საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 13 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 25 მარტის №6427 ბრძანებით ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტზე და საქმის მასალებზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 ნოემბრის №35444 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ 2023 წლის 20 მარტის დასკვნაში დაშვებულ იქნა ტექნიკური სახის ხარვეზი. აღნიშნული ხარვეზი გასწორებულია 2023 წლის 6 დეკემბრის დასკვნით, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №30706 ბრძანება და ამავე თარიღის №007-350 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს გაუსწორდა პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის 30 მარტის №007-68 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული/შემცირებული თანხების ნაწილში დაშვებული უზუსტობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №007-350 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების შემდგომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა ახალი საგადასახადო მოთხოვნა №007-350 (7.12.2023 წელი), რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება გაეზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ მეწარმე არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც არ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის პოზიციით საგადასახადო მოთხოვნა შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. თუმცა, სადავოა რამდენად კანონიერია საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც შედგენილია გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის გარეშე. არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის №6427 (25.03.2024 წელი) ბრძანებას და ითხოვს მის ბათილობას.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ არც შემოწმების, არც საგადასახადო დავის და არც გადაანგარიშების პერიოდში არ ყოფილა მეწარმე ჩართული, გადასახადის გადამხდელის პოზიციები არ ყოფილა სრულად შესწავლილი. მომჩივანი არაქართულენოვანია და ვერ წერს და ვერ ლაპარაკობს ქართულად. ყველა გადაწყვეტილება, ყველა ეტაპზე მიღებული იქნა მეწარმესთან კომუნიკაციის გარეშე. ითხოვს დავაში დაბრუნებას, რათა უფლება მიეცეს დაიცვას საკუთარი ინტერესები და წარმოადგინოს მისი გამამართლებელი პოზიციები და მტკიცებულებები.
ითხოვს აუდიტორისგან დოკუმენტურ დასაბუთებას, თუ რა სახის ანალოგიების გამოყენება მოხდა, რა ჩაითვალა იმ „უცნობ ანალოგიად“, რომლის მიხედვითაც გადამხდელის ფასნამატი 125.25%-მდე გაიზარდა?? ეს არსებითად მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ამ უცნობ ანალოგიებზე დაყრდნობით მოხდა მეწარმის დაჯარიმება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც მეწარმისთვის უცნობია.
1. არის იმპორტიორი, მისი სავაჭრო ობიექტია ლილოს ტერიტორია, სადაც ჰქონდა იჯარით აღებული ორი და მეტი მაღაზია, შემომაქვს ---------- საქონელი და ყიდის როგორც საცალოდ ისე საბითუმოდ. საბითუმო გაყიდვების დროს გადის დიდი პარტია საქონელი, შედარებით დაბალი ფასნამატით, ხოლო საცალო გაყიდვის დროს იყიდება შედარებით მაღალი ფასნამატით. ფასნამატის პროცენტები აქვს ყველა რეალიზაციაზე, როგორც საცალო გაყიდვისას ისე საბითუმო გაყიდვის დროს. გამართულია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა სუპერფინი, სადაც სრულყოფილად აღირიცხება საქონლის შესყიდვები, მისი თვითღირებულებები, რეალიზაციები, საიდანაც ავტომატურად ითვლება სასაქონლო ნაშთები და ფასნამატები.
შემოწმება ჩატარებულია ზედაპირულად, შემმოწმებელმა არ გამოიკვლია და არ შეისწავლა დეტალურად მეწარმის დოკუმენტაცია და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა.
მეწარმის მიერ 2018 წელს შეძენილია 199 884 ლარის საქონელი, 2019 წელს - 101 702 ლარის, 2020 წელს - 124 903 ლარის. საქონლის შეძენები და შესაბამისად ნაშთები შეესაბამება მომჩივნის მიერ დეკლარირებულ მაჩვენებლებს.
დეკლარაციებში სწორად არის ასახული 2018 წლის საწყისი ნაშთი - 169 234 ლარი. 3 წლის განმავლობაში საბაჟო დეკლარაციებით შეძენილი აქვს 425 588 ლარის საქონელი, ხოლო რეალიზებული აქვს 495 121 ლარის საქონელი. საბოლოო მარაგები 2020 წლისთვის არის 181 327 ლარის ოდენობით. აღნიშნული ეწინააღმდეგება შემმოწმებლის შეფასებას. აქტის მიხედვით, „საწარმოს მიერ წარდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით დაფიქსირებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთები თითქმის უტოლდება ან აჭარბებს წლის განმავლობაში შეძენილი სმფ-ების ოდენობას“.
შემმოწმებლის შეფასებით იკვეთება, რომ აუდიტორს არ შეუსწავლია გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული (პროგრამული) მონაცემები, როგორც სმფ-ების შეძენის კუთხით, ისე ხარჯის ნაწილში და შეფასება გააკეთა ზედაპირულად.
დეკლარირებული მაჩვენებლებით 2020 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი ტოლი იყო 181 327 ლარის, ხოლო შემოწმებამ შეუცვალა საბოლოო სმფ-ის ნაშთი და გახადა 40 403 ლარი, სხვაობის თანხა - 140 924 ლარი (181 327 - 40 403) 125.25%-იანი აუდირებული ფასნამატით გაუყიდა და გაუზარდა ერთობლივი შემოსავალი 307 739 ლარით. ნაშთის ცვლილება ეწინააღმდეგება მანუალის მოთხოვნებს. ისმევა კითხვა, რის საფუძველზე ჩათვალა შემმოწმებელმა საბოლოო ნაშთად 40 403 ლარი, ნაცვლად 181 327 ლარისა, მაშინ როდესაც არ ჩაუტარებია ინვენტარიზაცია და არც მოუთხოვია მომჩივნის მიერ შედგენილი შიდა ინვენტარიზაციის აქტი, რომლის საფუძველზეც მოხდა დეკლარირება 2020 წლის მაჩვენებლების.
უნდა აღინიშნოს, რომ მეწარმე არასოდეს ყოფილა დაჯარიმებული სალარო აპარატში თანხის ამოურტყმელობაზე.
ფაქტობრივად 2020 წლის 31 დეკემბრისთვის მომჩივანს დეკლარირებული ნაშთი გააჩნდა ადგილზე, რასაც ადასტურებს შიდა ინვენტარიზაციის აქტი. (იხ. დანართი №5, შიდა ინვენტარიზაციის აქტი №001, თარიღი 31/12/2020).
ითხოვს მისი დოკუმენტაციის შესწავლას სიღრმისეულად და ხელახალ გადაანგარიშებას.
საქონლის რეალიზაციები ხდება საბითუმოდ და საცალო ვაჭრობით, ორივე შემთხვევაში გაყიდულია ფასნამატით, ბუღალტრული პროგრამა გამართულია, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს საქონლის ზუსტი იდენტიფიცირება და მათი შეპირისპირება თვითღირებულებასთან. არსებული რეალობა წინააღმდეგობაში მოდის შემმოწმებლის პოზიციასთან, რადგან აქტის თანახმად: „მეწარმის დოკუმენტური რეალიზაციის (არ აღემატება 5%-ს) მიხედვით, არ ხერხდება საქონლის ზუსტი იდენტიფიცირება და მათი შეპირისპირება თვითღირებულებასთან, ამიტომ შემოწმებით გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელების აუდირებული ფასნამატი (საქონლის სახეობების მიხედვით)“.
2. რაც შეეხება სასაწყობე ფართის იჯარის ხელშეკრულებას, შპს „-----------“ 2012 წლიდან გაფორმებული აქვს კონტრაქტი, რომელიც შემდგომ განახლდა 2016 წელს და 2021 წლის ჩათვლით არის მოქმედი. აღნიშნულთან დაკავშირებით აქვს კონტრაქტი და ყოველწლიურად საერთო ჯამში გადახდილი აქვს იჯარები (იხ. დანართი №6, №514/1-24 13/02/2024 წ. და ხელშეკრულება შპს „---------”). აღნიშნული ეწინააღმდეგება შემმოწმებლის შეფასებას აქტის მიხედვით: „შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია საკუთარი სასაწყობე ფართის არსებობის შესახებ და/ან საწყობის იჯარის ხელშეკრულება“.
დგინდება, რომ აღნიშნული შეფასება აუდიტორს მიღებული აქვს არასაკმარისი კომუნიკაციიდან გამომდინარე, ვინაიდან ბუღალტერი და თავად მეწარმეც არის არაქართულენოვანი, რამაც გამოიწვია შემმოწმებელსა და მეწარმეს შორის არასაკმარისი ინფორმაციის გაცვლა. აღნიშნული არ არის გათვალისწინებული შემოწმების მიერ და ითხოვს მოხდეს ხარჯების კორექტირება და იჯარის ხარჯის გათვალისწინება (იხ. დანართი №6 - შპს „-----------“ ცნობა №514/1- 24 13/02/2024 წ. და შპს „------------“-თან გაფორმებული კომერციული ფართის იჯარის ხელშეკრულება).
3. შემმოწმებელმა, როგორც თავის პოზიციაში განმარტა, თვითნებურად ჩათვალა, რომ 2020 წლის ბოლო შესყიდვის პერიოდამდე მეწარმის საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირებული სმფ-ის ნაშთები იყო გაყიდული და აღნიშნული ნაშთები დაბეგრა აუდირებული ფასნამატით - 125.25%-ით და შესაბამისად გაზარდა ერთობლივი შემოსავალი. მომჩივნის საქმიანობაა ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობა, აღნიშნულ ბიზნესს აქვს თავისი სპეციფიკა, კერძოდ, კლიენტს უნდა სიახლე და ხარისხი. შედეგად, წლიდან წლამდე მოდის ცვლილებიდან გამომდინარე, ხშირად ყიდულობს ახალ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს მიუხედავად სასაქონლო ნაშთის ოდენობისა, რათა არ დაკარგოს კლიენტი და იყოს კონკურენტუნარიანი. რაც შეეხება ნაშთებს, ნაშთის დაგროვების არაერთი მიზეზი აქვს. კერძოდ, პირველი და ყველა მნიშვნელოვანი მიზეზია სტილისა და მოდის ცვლილება, ასევე სამწუხაროდ ----------- იმპორტირებული საქონლის ნაწილი ჩამოდის დეფექტური და აღნიშნული დეფექტური ტანსაცმელი უგროვდება ნაშთად (საჭიროების შემთხვევაში შეუძლია წარმოადგინოს), დეფექტურ ტანსაცმელს ან/და მოდიდან გასულს ყიდის შედარებით დაბალ ფასებში, თუმცა მიუხედავად ამისა ნაშთი მაინც უგროვდება, ვინაიდან დეფექტურზე და მოდიდან გასულზე დიდი მოთხოვნა არ არის, განსაკუთრებით მაშინ როცა კლიენტებს აქვთ ალტერნატივები ხელმისაწვდომ ფასად იყიდონ უდეფექტო ახალი ტანსაცმელი.
შემმოწმებელმა 2020 წლის ბოლო პერიოდის შესყიდვა თვითნებურად დატოვა პერიოდის ბოლო ნაშთად და სხვაობა დააფიქსირა გაყიდულად და მიუყენა ისეთი ფასნამატი, როგორიც არასოდეს ჰქონია ახალთახალ საქონელზეც კი, 125.25% აუდირებული ფასნამატი. უხეშად არის დარღვეული მომჩივნის უფლებები და შემმოწმებლის მხრიდან ფიქსირდება უხეში ჩარევა მეწარმის საქმიანობაში, ნაშთად არსებული სმფ-ების რეალიზაციის კუთხით. ითხოვს უცვლელი დარჩეს 2020 წლის 31 დეკემბრის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს სმფ-ების შიდა ინვენტარიზაციის აქტს, სადაც დგინდება 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფაქტიურად არსებული ნაშთი კონკრეტული დასახელებებით, რაოდენობებით და თვითღირებულებებით. (იხ. დანართი №5, შიდა ინვენტარიზაციის აქტი).
მარაგები საჭიროებდა წლის ბოლოს ჩამოფასებას, გამომდინარე დეფექტურობიდან და მოდიდან გადასული მარაგების რაოდენობიდან, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, საბოლოო მარაგების შეპირისპირება შესყიდვებთან არ წარმოადგენს ლოგიკურ მტკიცებულებას, ისეთ ცვალებად ბიზნესში როგორიცაა ტანისამოსი და ფეხსაცმელი.
არის იმპორტიორი, შემოაქვს ----------- საქონელი და ყიდის როგორც საცალოდ ისე საბითუმოდ. საბითუმო გაყიდვების დროს გადის დიდი პარტია საქონელი, შედარებით დაბალი ფასნამატით, ხოლო საცალო გაყიდვის დროს იყიდება შედარებით მაღალი ფასნამატით, ასევე რიგ შემთხვევებში დაბალი ფასნამატით გაყიდულია დეფექტური საქონელი, აქვს გამართული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, რაც შეეხება ფასნამატს, ფასნამატის საშუალო შეწონილი პროგრამული მაჩვენებლებიდან გამომდინარე დგინდება:
2018 წელს ფასნამატი შეადგენს 17%-ს
2019-2020 წლებში კი - 26-27%-ს.
შემმოწმებლის მხრიდან არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხელოვნურად არის გაზრდილი დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. როგორც შემოწმების აქტში იკითხება, შემმოწმებელმა მიუყენა 125.25%-იანი ფასნამატი, რითაც გაუზარდა დასაბეგრი ბრუნვები და შესაბამისად დაარიცხა გადასახადები. აუდირებული ფასნამატი დაფუძნებული იქნა მსგავსი საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი კომპანიების აუდირებულ ფასნამატზე, რასაც არ ეთანხმება და რაც არ შეესაბამება რეალობას. შემოწმების პროცესში არ მომხდარა საქონლის კატეგორიზება და ფასნამატის გამოყვანა კატეგორიების მიხედვით. მომჩივნის მიერ წარდგენილ პროგრამულ მაჩვენებლებში, დგინდება დეკლარირებული ფასნამატების სისწორე.
4. არ ეთანხმება ქონების გადასახადს. მომჩივნის შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს. შემოსავალი შემოწმებამ გაუზარდა ფასნამატით და დაავალდებულა ქონების გადასახადის გადახდა.
5. საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრულ ჯარიმასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ დღგ-ის დეკლარაციები არის წარდგენილი დროულად და ასევე მიბმულია შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დეკლარაციაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ გადასახადის გადამხდელი არასოდეს ყოფილა დაჯარიმებული სალარო აპარატში თანხის ამოურტყმელობაზე, მეწარმე არის არაქართულენოვანი, ვერ ჰქონდა კომუნიკაცია შემოწმებასთან, ასევე მის ბუღალტერს არ ესმოდა ქართული სრულყოფილად და კარგად ვერ გაიგო რას სთხოვდა საგადასახადო ორგანო.
მომჩივანი არის პატიოსანი გადამხდელი და წლების განმავლობაში ბიუჯეტში უფიქსირდება კუთვნილი გადასახადების გადახდა.
ითხოვს საშუალება მიეცეს წარმოადგინოს და დაიცვას საკუთარი პოზიციები, მოიხსნას არაპირდაპირი მეთოდი და შესაბამისად მოიხსნას აუდირებული ფასნამატი (125.25%), მოხდეს საქონლის კატეგორიზება და დადგინდეს ფასნამატის პროცენტი კატეგორიების მიხედვით. იმ შემთხვევაში მოხდეს გონივრული ფასნამატის გავრცელება, თუ გაყიდვები იქნება თვითღირებულებაზე დაბლა ღირებულებით. უცვლელი დარჩეს 2020 წლის 31 დეკემბრის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ოდენობა. გათვალისწინებული იქნეს ხარჯები სრულად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად:
1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.
2. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
3. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისათვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ბარათზე აღურიცხავი ან/და არასწორად აღრიცხული მონაცემების გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო/საბაჟო ორგანო ახორციელებს ბარათზე ადრე დაფიქსირებული მონაცემების კორექტირებას შესაბამისი საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 ნოემბრის №35444 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემულ 2023 წლის 20 მარტის დასკვნაში დაშვებულია ტექნიკური სახის ხარვეზი. აღნიშნული ხარვეზი გასწორებულია 2023 წლის 6 დეკემბრის დასკვნით, რომლის საფუძველზე გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №30706 ბრძანება და №007-350 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად გადასახადის გადამხდელს გაუსწორდა პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის 30 მარტის №007-68 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული/შემცირებული თანხების ნაწილში დაშვებული უზუსტობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივის გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 ივლისის №007-270 საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 27 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 15.11.2021 წლის №35444 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 ივლისის №007-270 საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 13 თებერვალს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 25 მარტის №6427 ბრძანებით ამ ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 მარტის №6427 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ი/მ ----------- მიერ 2021 წლის 2 ივლისის №007-270 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 27 ივლისს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 ნოემბრის №35444 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ი/მ ------------ 2024 წლის 13 თებერვლის №87689/1/2024 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 ივლისის №007-270 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია,რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 ივლისის №007-270 საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 27 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 15.11.2021 წლის №35444 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 ივლისის №007-270 საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 13 თებერვალს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 25 მარტის №6427 ბრძანებით ამ ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივის გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 ნოემბრის №35444 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემულ 2023 წლის 20 მარტის დასკვნაში დაშვებულია ტექნიკური სახის ხარვეზი. აღნიშნული ხარვეზი გასწორებულია 2023 წლის 6 დეკემბრის დასკვნით, რომლის საფუძველზე გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №30706 ბრძანება და №007-350 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად გადასახადის გადამხდელს გაუსწორდა პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის 30 მარტის №007-68 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული/შემცირებული თანხების ნაწილში დაშვებული უზუსტობა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 301(ზ)