ბრძანება N 3339

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.02.2025
№ დოკუმენტი 3339
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3339

25 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2025 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2025 წლის 26 იანვრის №93925/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №002-235 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება ---------- შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვას. განმარტავს, რომ არ შეუძენია საქონელი შპს „----------“-სგან ----------. აცხადებს, რომ კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება პროდუქტზე, თუმცა მისი შესყიდვა არ განხორციელებულა, კერძოდ, კომპანიის მხრიდან არ განხორციელებულა აღნიშნულ საქონელზე თანხის გადახდა შპს „----------“-სთვის ----------. ამდენად, კომპანიას არ შემოუტანია საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნავს, რომ კომპანია „----------“-მ აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინა ----------. აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საშემოსავლო გადასახადის სრულად გაუქმებას. მიუთითებს, რომ არასდროს ჰქონია საქმე საქონელთან, საქმიანობდა მხოლოდ ექსპედიციის განხრით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის №23625 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 25 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №27344 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №002-235 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 51 722 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 29 710 ლარი, ჯარიმა 14 855 ლარი და საურავი 7 157 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს ინფორმაციით ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების II ოქმის მე-4 მუხლის გათვალისწინებით, 2023 წელს ---------- საქართველოს დანიშნულებით გამოგზავნილ იქნა 06 ჯგუფის საქონელი (ყვავილები, ბალახი, ფესვები, ფესურები და სხვა მცენარეები), ტვირთების დანიშნულების ადგილი და მისამართი არის საქართველო, მაგრამ საქართველოს საბაჟო მონაცემთა ბაზაში არ მოიძებნა არც ერთი საბაჟო ოპერაცია აღნიშნული საქონლის იმპორტთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულით, გადამხდელს ---------- შეძენილი აქვს 194 150 კგ საქონელი 394 962 ლარის ღირებულების. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების პროგრამა ორისი, საბანკო ანგარიშის ამონაწერები და ---------- შეძენილი საქონლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის რეალიზაცია ფიქსირდება როგორც ორისში, ასევე საბანკო ანგარიშის ამონაწერში. საქართველოს ტერიტორიაზე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავებით, რაიმე საქონლის/მომსახურების შეძენა/რეალიზაცია არ ფიქსირდება. საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ---------- შეძენილი საქონლის მიწოდებაში ჩართვა შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, განხორციელდა ---------- შეძენილი საქონლის სარეალიზაციო ფასნამატით (20%). ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად, განკარგვადი თანხა მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 154-ე და 101-ე მუხლების თანახმად, აღნიშნული განაცემი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით:

1. შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.

2. საგადასახადო სამართალდარღვევით მიღებული შემოსავალი ან განხორციელებული სხვა ოპერაცია იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 2023 წელს ---------- საქართველოს დანიშნულებით გამოგზავნილი იქნა 06 ჯგუფის საქონელი. კერძოდ, გადამხდელს ---------- შეძენილი აქვს 394 962 ლარის ღირებულების 194 150 კგ საქონელი. აღნიშნული საქონლის რეალიზაცია ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ პროგრამაში და ასევე საბანკო ანგარიშის ამონაწერში.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ---------- შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვა და მის შესაბამისად გაანგარიშებული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საზღვარგარეთ შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წელს საზღვარგარეთიდან საქართველოს დანიშნულებით გამოგზავნილი იქნა 06 ჯგუფის საქონელი. კერძოდ, გადამხდელს საზღვარგარეთ შეძენილი აქვს 394 962 ლარის ღირებულების 194 150 კგ საქონელი. აღნიშნული საქონლის რეალიზაცია ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ პროგრამაში და ასევე საბანკო ანგარიშის ამონაწერში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საზღვარგარეთ შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვა და მის შესაბამისად გაანგარიშებული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275.