გადაწყვეტილება №22983/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.09.2024
№ დოკუმენტი 22983/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22983/2/2024

03 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 29.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22983/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოწმების შედეგად გამოვლენილი განკარგვადი (კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეტანილი) თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №006-718 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7790 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 959 331.73 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 550 365

დღგ - 144 737

მოგების გადასახადი - 92

საშემოსავლო გადასახადი - 405 536

ჯარიმა - 301 164

საურავი - 107 802.73

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2023 წლის №3426 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში,საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ: შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმების პროცესში გადამხდელი სათანადოდ არ თანამშრომლობდა, არ არის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაცია. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საწარმოს მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების, დოკუმენტაციის, ახსნა-განმარტებების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სხვა უწყებების მიერ მოწოდებული/პორტალზე განთავსებული ინფორმაციებით. ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის პროცესში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის სალაროს ნაშთი და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების ნაშთი მიჩნეულია 0 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის საფუძველზე, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით, შესამოწმებელი პერიოდის სასტარტო ნაშთების დასადგენად, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი ჩატარდა ასევე, საწარმოს დაფუძნებიდან მთლიან ხანდაზმულ პერიოდზე. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2017, 2018, 2019 წლებში შპს ---ს დანახარჯები აღემატებოდა შემოსავლებს 434 284 ლარით, აღნიშნულ ხანდაზმულ პერიოდებში საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული კაპიტალის შეტანა/გატანების გათვალისწინებით. შესაბამისად, შემოწმების შედეგად ჩაითვალა, რომ აღნიშნული თანხა შესაძლებელია წარმოადგენდეს დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანს. შესამოწმებელი პერიოდის ჭრილში შემოსავლების მეტობა ხარჯებზე შეადგენს 2 377 219 ლარს. საწარმოს 8.11.2019 წლის იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი აქვს აღებული „---გან“ 800 000 ევრო (ექვ. 2 624 640 ლარი) წლიურ 20%, რომლითაც დაიფარა „----ში“ იმ დროისთვის არსებული სასესხო ვალდებულება (460 000 ევრო) და დარჩენილი თანხის მიზნობრიობას წარმოადგენდა საბრუნავი საშუალებების შევსება. 10.01.2020 წელს „--- ბანკსა“ და რამდენიმე იურიდიულ პირს, მათ შორის შპს ---ს და ფ/პ ---ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების, მისი დანართისა და შესული ცვლილებების შესახებ დამატებითი ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად არ დგინდება კონკრეტულად რა თანხა გაიცა შპს ---ზე, რამდენ ტრანშად და დაფარვის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცაღა, საბანკო ამონაწერში ფიქსირდება ბიზნეს სესხის ძირის, პროცენტისა და სესხთან დაკავშირებული ჯარიმების გადარიცხვები შპს ---ის მიერ შესამოწმებელ პერიოდში.

კომპანიის დირექტორის მიერ წარდგენილი ერთ-ერთი განმარტების თანახმად, ერთობლივი ბიზნეს სესხის აღების შედეგად დაიფარა „---ში“ დარჩენილი სესხი, ასევე „---- ბანკის“ სესხით განხორციელდა ბინებისთვის შემოტანილი თანხების მყიდველებისთვის უკან დაბრუნება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლინდა, რომ ბანკში კაპიტალის დანიშნულებით შეტანილი თანხები ფაქტობრივად წარმოადგენს „---- ბანკში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხიდან მიღებულ სახსრებს და არა კაპიტალში დამფუძნებლის შენატანებს. შემოწმების პროცესში არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, გადამხდელის მიერ აღნიშნულ სესხთან დაკავშირებული ინფორმაცია (ხელშეკრულებები, წილობრივი მონაცემები, სესხის ჩარიცხვის დრო, ანგარიში და ოდენობა და სხვა.) მიწოდებული არ ყოფილა. გადამხდელის საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული თანხების შეტანა „კაპიტალის დანიშნულებით“, ცალსახად მოხმარდა „---ის“ სესხის ძირის და პროცენტის დაფარვას და ასევე, შეწყვეტილი შეთანხმებების ფარგლებში ბინის მყიდველებს თანხები დაუბრუნდათ უკან, რაც ჯამში შეადგენს 2 935 740 ლარს.

შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს განკარგვადი თანხა, რაზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობს შეადგენს 1 645 909.5 ლარს (აღნიშნულ თანხა უკვე მოცემულია ხანდაზმულ პერიოდში ხარჯების სრულად დაფარვისთვის დამატებით საჭირო ფულადი სახსრების ჯამში 434 284 ლარის გამოკლების გათვალისწინებით, რაც შემოწმების შედეგად მიჩნეულია 1.01.2020 წლისთვის კაპიტალის შესაძლო ნაშთად. ასევე, შესამოწმებელ პერიოდზე კაპიტალის ზრდად მიჩნეული თანხების 297 257 ლარის სრულად გატანის გათვალისწინებით).

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2023 წლის იანვრის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33184 ბრძანება და ამავე თარიღის №006-718 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 5.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.04.2024 წლის №7790 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 491 მუხლზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელი სათანადოდ არ თანამშრომლობდა, შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაცია. შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, დოკუმენტაციის, ახსნა-განმარტებების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სხვა უწყებების მიერ მოწოდებული/პორტალზე განთავსებული ინფორმაციებით.

შემოწმების მიერ, შესამოწმებელი პერიოდის სასტარტო ნაშთების დასადგენად, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი ჩატარდა ასევე საწარმოს დაფუძნებიდან მთლიან ხანდაზმულ პერიოდზე, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2017, 2018, 2019 წლებში შპს ---ის დანახარჯების გადამეტება შემოსავლებზე (434 284 ლარი) შესაძლებელია წარმოადგენდეს დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანს. ასევე დადგინდა, რომ 10.01.2020 წელს სს --- ბანკსა და რამდენიმე იურიდიულ პირსა, მათ შორის შპს ---ს და ფ/პ ---ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების, მისი დანართისა და შესული ცვლილებების შესახებ დამატებითი ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად არ ირკვევა, კონკრეტულად რა თანხა გაიცა შპს ---ზე, რამდენ ტრანშად და დაფარვის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცაღა, საბანკო ამონაწერში ფიქსირდება ბიზნეს სესხის ძირის, პროცენტისა და სესხთან დაკავშირებული ჯარიმების გადარიცხვები.

დირექტორის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ერთ-ერთი განმარტების თანახმად, ერთობლივი ბიზნეს სესხის აღების შედეგად დაიფარა „---ში“ დარჩენილი სესხი, ასევე „--- ბანკის“ სესხით განხორციელდა ბინებისთვის შემოტანილი თანხების მყიდველებისთვის უკან დაბრუნება.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლინდა, რომ ბანკში კაპიტალის დანიშნულებით შეტანილი თანხები ფაქტობრივად წარმოადგენს „--- ბანკში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხიდან მიღებულ სახსრებს და არა კაპიტალში დამფუძნებლის შენატანებს. შედეგად, შემოწმების მიერ გამოვლენილი საწარმოს განკარგვადი თანხა 1 645 909.5 ლარი, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ საკითხის 7.03.2024 წლის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილვისას გადასახადის გადამხდელს მიეცა დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა, საკითხის განხილვა გადაიდო 2 კვირის ვადით, თუმცა დღეის მდგომარეობით, მათ შორის, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საშემოსავლო გადასახადში დამატებით ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დარიცხვა განპირობებულია იმ მოტივით რომ შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების დირექტორის მიერ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხები ჯამში 2 935 740 ლარი შემმოწმებლების მხრიდან „არ ჩაითვალა“ კაპიტალად, თუმცა არც რაიმე კვალიფიკაცია მინიჭებია. აღნიშნული ქმედება შემოწმების აქტის მიხედვით დასაბუთებულია შემდეგი მოტივით: 10.01.2020 წელს სს ---ს, რამდენიმე იურიდიულ პირს და ფ/პ ---ს (კომპანიის დირექტორი) გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, შესაბამისად ამ ხელშეკრულების არსებობის პირობებში რადგან შპს --- თავდებობის ფარგლებში ფარავდა ხელშეკრულების მონაწილე სხვა იურიდიული პირის, კერძოდ შპს ---ს (ს/ნ ---) სასესხო ვალდებულებებს, რამეთუ სესხის სრული თანხა გაიცა შპს ---ზე ანუ შპს ---ს პირდაპირი ვალდებულება არ აქვს სს --- ბანკის წინაშე, აღნიშნული საწესდებო კაპიტალში შენატანები „არ ჩაითვალა“ საწესდებო კაპიტალად, თუმცა ვერც ვერანაირი კვალიფიკაცია მიანიჭეს. რადგან 10.01.2020 წლის ხელშეკრულების ფარგლებში სს --- ბანკის მიერ შპს ---ზე სესხი არ გაცემულა, შესაბამისად ერთობლივი სასესხო ვალდებულების ფარგლებში შპს ---ის მიერ სს ----- ბანკის წინაშე გადახდილი სესხის ძირის, პროცენტისა და ჯარიმის ნაწილში გადახდილი თანხების ფარგლებში შპს ----ს შპს ----ის წინაშე წარმოეშვა მოთხოვნა და ფ/პ ---ის მიერ შპს ---ში შეტანილ კაპიტალთან აღნიშნულ მოთხოვნას არანაირი კავშირი არ გააჩნია, მეტიც აღნიშნულის დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია შემოწმების პროცესში მიწოდებულია შემმოწმებლებისათვის თუმცა შემოწმების აქტში მითითებულია, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია მათ არ ჰქონიათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში აღნიშნული დარიცხვა შესამცირებელია სრულად როგორც უსაფუძვლო რამეთუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 10.01.2020 წელს სს ---სა შპს ----ს, რამდენიმე იურიდიულ პირს და ფ/პ ----ს (კომპანიის დირექტორი) გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების არსებობის პირობებში შპს --- თავდებობის ფარგლებში ფარავდა ხელშეკრულების მონაწილე სხვა იურიდიული პირის, კერძოდ შპს ---ის სასესხო ვალდებულებას (ვინაიდან, შპს ---ის სესხის უზრუნველყოფის საგანი იყო კომპანიის ქონება და ბანკის მიერ გადასახდელი სესხის თანხა ჩამოიჭრა კომპანიის ანგარიშიდან და არა მხოლოდ ამ კომპანიიდან, სხვა კომპანიებიდანაც), რამეთუ სესხის სრული თანხა გაიცა შპს ----ზე ანუ შპს ----ს პირდაპირი ვალდებულება არ ჰქონდა სს ---- ბანკის მიმართ და რადგან 10.01.2020 წლის ხელშეკრულების ფარგლებში შპს ---ის მიერ სს ---- ბანკისთვის გადახდილი თანხების (სესხის ძირის, პროცენტისა და ჯარიმის) ფარგლებში შპს ----ს შპს---ს წინაშე წარმოეშვა მოთხოვნა და ფ/პ ---ის მიერ შპს ----ში შეტანილ კაპიტალთან აღნიშნულ მოთხოვნას არანაირი კავშირი არ აქვს და დამფუძნებლის მიერ კომპანიაში შეტანილია თანხები კაპიტალის დანიშნულებით, რომლის მიზანიც იყო ბანკის მოთხოვნის გამო კომპანიის მიერ მანამდე აღებული სესხის დაფარვა ახალი სესხის მისაღებად. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2024 წლის №44447-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოწმების პროცესში გადამხდელი სათანადოდ არ თანამშრომლობდა. შემოწმება დაიწყო 23.02.2023 წელს და დასრულდა 25.12.2023 წელს. აღნიშნული დროის მანძილზე, გადამხდელის მოთხოვნისამებრ, არაერთხელ მიეცა დამატებითი დრო ინფორმაციის წარდგენისთვის, განხორციელდა არაერთი შეხვედრა, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილად არ წარუდგენია.

24.04.2023 და 31.10.2023 წელს გადამხდელი დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობისთვის საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციებით. გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რომელიც დღემდე არასრულია, შემოწმების მხრიდან დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა მოპოვებული. კომპანიის დირექტორი ბუღალტერთან ერთად რამდენჯერმე დაბარებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში სავარაუდო დასარიცხ თემებთან დაკავშირებით და მიეცათ საკმარისზე მეტი დრო პოზიციის და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შემოწმების მხრიდან მუდმივად მიმდინარეობდა აქტიური სატელეფონო და საფოსტო კომუნიკაციაც. შემოწმების ეტაპზე შემდგარი ყველანაირი გაანგარიშება ცნობილია გადამხდელისთვის, როგორც შემოწმების მხრიდან დეტალური ახსნით, ასევე გაგზავნილია ელ-ფოსტაზეც. რაც შეეხება, სადავო საკითხს შემოწმების მიმდინარეობისას მთავრი იყო მომხდარიყო კაპიტალის დანიშნულებით შეტანილი თანხის ანალიზი, რაზეც წერილობითი ახსნა-განმარტება აქვს წარდგენილი დირექტორს. როგორც აღინიშნა არაერთხელ შედგა კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან შემოწმების მიმდინარეობისას და შეეძლო წარმოედგინა მტკიცებულებები, ხსენებულ ბიზნეს სესხში მონაწილე მხარეების ბუღალტრულ ბარათებზე განსახილველი ოპერაციის შესახებ ასახული ინფორმაცია, დოკუმენტები, რომლითაც გამოჩნდებოდა ამ ურთიერთდამოკიდებული პირებისგან აღნიშნული სესხის განკარგვის ფაქტები. საბანკო ამონაწერში ფიქსირდება ბიზნეს სესხის ძირის, პროცენტისა და სესხთან დაკავშირებული ჯარიმების გადარიცხვები შპს ---ის მიერ შესამოწმებელ პერიოდში. კომპანიის დირექტორის მიერ წარდგენილი ერთ-ერთი განმარტების თანახმად, ერთობლივი ბიზნეს სესხის აღების შედეგად დაიფარა „----ში“ დარჩენილი სესხი, ასევე „---- ბანკის“ სესხით განხორციელდა ბინებისთვის შემოტანილი თანხების მყიდველებისთვის უკან დაბრუნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლინდა, რომ ბანკში კაპიტალის დანიშნულებით შეტანილი თანხები ფაქტობრივად წარმოადგენს „----ი ბანკში“ აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხიდან მიღებულ სახსრებს და არა კაპიტალში დამფუძნებლის შენატანებს.

გადამხდელის საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული თანხების შეტანა „კაპიტალის დანიშნულებით“, ცალსახად მოხმარდა „---ის“ სესხის ძირის და პროცენტის დაფარვას და ასევე, შეწყვეტილი შეთანხმებების ფარგლებში ბინის მყიდველებს თანხები დაუბრუნდათ უკან, რაც ჯამში შეადგენს 2 935 740 ლარს. შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს განკარგვადი თანხა, რაზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობს შეადგენს 1 645 909.5 ლარს (აღნიშნულ თანხა უკვე მოცემულია ხანდაზმულ პერიოდში ხარჯების სრულად დაფარვისთვის დამატებით საჭირო ფულადი სახსრების ჯამში 434 284 ლარის გამოკლების გათვალისწინებით, რაც შემოწმების შედეგად მიჩნეულია 1.01.2020 წლისთვის კაპიტალის შესაძლო ნაშთად. ასევე, შესამოწმებელ პერიოდზე კაპიტალის ზრდად მიჩნეული თანხების 297 257 ლარის სრულად გატანის გათვალისწინებით).

საბჭოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას (კვალიფიკაციის შესცვლის საფუძველი და დასაბუთება) მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7790 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით); 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოწმების შედეგად გამოვლენილი განკარგვადი (კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეტანილი) თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით გამოვლინდა, რომ ბანკში კაპიტალის დანიშნულებით შეტანილი თანხები ფაქტობრივად წარმოადგენს ბანკში აღებული ერთობლივი ბიზნეს სესხიდან მიღებულ სახსრებს და არა კაპიტალში დამფუძნებლის შენატანებს. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს განკარგვადი თანხა, რაზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობს შეადგენს 1 645 909.5 ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154.